ავტორი:

მარსი - აშშ-სა და ჩინეთის კონკურენციის ახალი ასპარეზი - რით დასრულდება ბრძოლა კოსმოსში პირველობისთვის?

მარსი - აშშ-სა და ჩინეთის კონკურენციის ახალი ასპარეზი - რით დასრულდება ბრძოლა კოსმოსში პირველობისთვის?

როგორ მიმდინარეობს სახელმწიფოებს შორის ბრძოლა კოსმოსში პირველობის მოსაპოვებლად? - ამაზე CNN-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომელშიც ლაპარაკი ჩინეთის მიერ მარსის მიმართულებით ხომალდის გაგზავნაზეა.

მას შემდეგ, რაც ბოლოს ადამიანებმა მარსზე რაკეტა გაუშვეს, 2 წელიწადი გავიდა. მიმდინარე თვეში, ორივე ქვეყანა - როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ჩინეთი, წითელ პლანეტაზე მისიებს აგზავნიან, რითაც ისინი ერთმანეთთან მზარდი მეტოქეობის ახალ ასპარეზს ქმნიან.

ჩინური Tianwen-1 ხუთშაბათს, დაახლოებით შუადღეს ხაინანის კუნძულიდან გაეშვა, მაშინ, როდესაც NASA-ს Perseverance-ის მარსის მიმართულებით გაფრენა 30 ივლისსაა დაგეგმილი. წესით, ორივე რაკეტამ პლანეტამდე 2021 წლის თებერვალში უნდა მიაღწიოს.

როგორც CNN-ზე ვკითხულობთ, ამერიკული Perseverance-ის (რაც ქართულად "შეუპოვრობას“ ნიშნავს) მიზანი მარსზე სიცოცხლის პოტენციალის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაა, მათ შორის, რაც პლანეტის უძველეს წარსულში საცხოვრებლად ვარგისი ნიშნებისა და მიკრობული სიცოცხლის მტკიცებულებების ძიებას შეეხება. რაკეტას აქვს ბურღი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ქანებიდან ძირითადი ნიმუშების აღებისა და ხელახალი შემოწმების მიზნით, მათი გამოცალკევებისთვის.

წარმატების შემთხვევაში, Perseverance მეშვიდე ზონდი იქნება, რომლის მარსზე დაშვებასაც NASA მოახერხებს, და მეოთხე მავალი. Curiosity ("ცნობისმოყვარეობა"), რომელმაც პლანეტამდე 2012 წელს მიაღწია, დღესაც გზავნის მონაცემებს მარსის ზედაპირის შესახებ.

ხოლო ჩინური Tianwen-1, რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც "ზეციური ჭეშმარიტების ძიება", ქვეყნის პირველი მისიაა მარსზე. ზონდი მარსის გარშემო იმოძრავებს მანამ, სანამ მავალი ზედაპირზე გადავა, იმ იმედით, რომ ის მოახერხებს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეაგროვოს მარსიანული ნიადაგის, გეოლოგიური სტრუქტურის, გარემოს, ატმოსფეროს შესახებ და ასევე, მოიძიებს წყლის არსებობის ნიშნებს.

გასულ კვირაში, Tianwen-1-ის უკან მდგარმა სამეცნიერო ჯგუფმა სამეცნიერო ნაშრომში დაწერა, რომ რაკეტა "ორბიტაზე გაემგზავრება, ზედაპირზე დაეშვება და მავალს პირველივე ცდაზე გაათავისუფლებს, ასევე, კოორდინაციას გაუწევს ორბიტულ მფრინავ აპარატზე დაკვირვებებს. აქამდე არცერთი კოსმოსური მისია ამ ფორმით არ განხორციელებულა".

ამის საპირისპიროდ, NASA-მ მარსზე რამდენიმე კოსმოსური სატელიტი გაგზავნა მანამ, სანამ ხომალდის დაშვების მცდელობა ექნებოდა, - რადგან ზედაპირზე გადასვლა ბევრად რთული ამოცანაა.

"წარმატების შემთხვევაში, ეს უდიდესი ტექნიკური მიღწევა იქნება", - დაწერა ჟურნალ Nature-ში ჩინეთის სამეცნიერო ჯგუფმა.

  • კოსმოსური რბოლა

თავიანთ ნაშრომში Tianwen-1-ის მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის შანსს, რომ: "ჩვენმა ცოდნამ მარსის შესახებ უპრეცედენტო დონეს მიაღწიოს". მომავალ წელს მარსზე არა მარტო მათმა და NASA-ს რაკეტებმა უნდა მიაღწიონ, არამედ, არაბეთის გაერთიანებული საემიროების Hope Probe-მაც ("იმედი"), რომელიც კვირას გაეშვა. Hope Probe არაბული სამყაროს პირველი ინტერპლანეტარული მისიაა.

NASA-სა და ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებს წარსულში ერთმანეთთან კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი თანამშრომლობდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ერთმანეთს წარმატებული მისიების განხორციელებას ულოცავდნენ, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ჩინეთის მიერ მთვარის შორეულ მხარეზე რაკეტის დაშვება - სწორედ ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო.

თუმცა, გარდაუვალია, კოსმოსურ რბოლას პოლიტიკური ელფერი არ დაჰკრავდეს. NASA-ს ადრეული მისიები, განსაკუთრებით, 1969 წელს ადამიანების ისტორიული დაშვება მთვარეზე, სწორედ ცივი ომის დაპირისპირებამ გაამწვავა ვაშინგტონსა და საბჭოთა კავშირს შორის.

თავის მხრივ, პეკინმა კარგად იცის, თუ პოტენციურად, რა პრესტიჟის მოპოვება შეუძლია კოსმოსში აშშ-ს დაჯაბნით. თუ Tianwen-1 წარმატებული იქნება, ჩინეთი საბოლოოდ, მარსზე ადამიანებით დაკომპლექტებული მისიის გაგზავნას გეგმავს.

სი ძინპინის პრეზიდენტობის პირობებში, ჩინეთმა კოსმოსური პროგრამის შექმნის მიზნით მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოახდინა, იმის გარდა, რომ საკუთარი გავლენის უფრო აგრესიულად დამტკიცებას დედამიწაზეც შეუდგა.

კოსმოსი ჩინეთის მთავრობამ თავის მეცამეტე "ხუთწლიანი გეგმის" დროს გამოჰყო, როგორც საკვლევი პრიორიტეტი, განსაკუთრებით, ღრმა კოსმოსური აღმოჩენები და შიდა ორბიტული კოსმოსური ხომალდი. მარსის მისიის გარდა, პეკინი ასევე გეგმავს, 2022 წელს მუდმივი კოსმოსური სადგური აამუშავოს. ამასთან, ჩინეთი მთვარეზე ადამიანებით დაკომპლექტებული მისიის გაგზავნას სავარაუდოდ, 2030 წლისთვის აპირებს.

ეს პროგრამა მთვარეზე ჩინეთის ბოლოდროინდელი მისიების აღმოჩენებზე იქნება დამყარებული, განსაკუთრებით, Yutu ორბიტერებზე. მათგან პირველმა მისია შუა გზაში, ავარიის გამო მიატოვა. Yutu-2-მა, რომელმაც გასულ წელს მთვარის შორეულ მხარეზე დაშვება მოახერხა, დიდ წარმატებას მიაღწია.

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაახლოებით 2030 წლისთვის, ჩინეთი მსოფლიოს მთავარ კოსმოსურ ძალებში შედიოდეს", - აღნიშნა 2016 წელს ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვუ იანჰუამ.

  • მისია მარსზე

ჩინეთი კოსმოსურ რბოლაში გვიან ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ მან უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაუჯერებელი ნაბიჯები გადადგა, NASA-ს ჩამოტოვებისთვის რაიმე განსაკუთრებით შთამბეჭდავის დემონსტრირება იქნება საჭირო, მაგალითად ისეთის, როგორიც მარსზე ადამიანის ფეხის დადგმაა.

თუმცა ამის მიზეზი ის არის, რომ 1972 წლის შემდეგ, ყველანაირი კოსმოსური კვლევა რობოტების მეშვეობით ხორციელდებოდა. ისინი არამარტო შედარებით იაფია, არამედ, ბევრად ხანგრძლივი და გამძლეა: არც ერთ ქვეყანას არ აქვს სურვილი, იყოს პირველი, რომლის მიერ გაგზავნილი ასტრონავტიც სხვა პლანეტაზე გარდაიცვლება.

პლანეტის ატმოსფერული პირობების გათვალისწინებით, რობოტული ზონდების მარსზე გაშვება ისედაც საკმარისად რთულია. სავარაუდოა, რომ იქ ადამიანის უსაფრთხოდ დაშვება თითქმის შეუძლებელი იქნება.

CNN-ის თანახმად, ამ ყველაფერმა პოლიტიკოსები მაინც არ შეაჩერა, რომ წითელ პლანეტაზე ადამიანებით დაკომპლექტებული მისიების შესახებ არ მოეხდინათ სპეკულირება. საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, დონალდ ტრამპმა NASA-ს უფლება მისცა: "უხელმძღვანელოს ინოვაციური კოსმოსური კვლევის პროგრამას და დააბრუნოს ამერიკელი ასტრონავტები ჯერ მთვარეზე, საბოლოოდ კი, გაგზავნოს ისინი მარსზე".

ტრამპმა შექმნა Space Force-ც, შეიარაღებული სერვისების ახალი შტოც. მიმდინარე წლის დასაწყისში, ორგანიზაციის დროშის აღმართვის ცერემონიაზე, აშშ-ს ლიდერმა თქვა: "კოსმოსი მომავალი იქნება, ორივე - როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის და უამრავი სხვა თვალსაზრისით".

ასე რომ, როგორც ჩანს, კოსმოსში საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მიზნით ბრძოლაში ჩართული არც ერთი ქვეყანა აპირებს დანებებას, თავად აშშ-ჩინეთის ბოლო პერიოდში გამწვავებული კონკურენცია კი მხოლოდ დედამიწით აღარ შემოიფარგლება.

ეკა აბაშიძე

"უახლოეს მეზობლებთან, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია" - პუტინი

17 წლის გოგონას უშიშარი ქმედება - როგორ გადაარჩინა მან ძაღლები დათვის თავდასხმისგან

ჯანმომ "სინოვაკს" საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა