ვის გარეშე ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე ალანა გაგლოევას?

ვის გარეშე ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე ალანა გაგლოევას?

ალანა გაგლოევა მიიჩნევს, რომ მხიარული და მეგობრული ადამიანია, საკუთარი თავის დახასიათებისას მაინც მეგობრებისკენ გადაგვამისამართა, თუმცა მაინც იმდენი ვალაპარაკეთ, რომ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა.

- როგორი ადამიანი ხარ, ვის ან რას შეადარებდი საკუთარ თავს?

- ჩემი აზრით, მხიარული, იმავდროულად მშვიდი, მეგობრული და ერთგული ვარ, საერთოდ რთულია საკუთარი თავის დახასიათება და ალბათ ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს უფრო კარგად ეცოდინებათ, როგორი ვარ (იღიმება). თავს შევადარებდი მზესუმზირას ყვავილს, არ ვიცი რატომ, უბრალოდ, მხიარული და ხალისიანია.

- მეგობრები რამე მეტსახელით ხომ არ მოგმართავენ?

- ჩემი მეტსახელი გაგლო და ბუსიკაა, რომელსაც უახლოესი დაქალი მეძახის, მასთან 23 წელია ვმეგობრობ.

- როგორ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები: პესიმისტების, ოპტიმისტების, რომანტიკოსების თუ რეალისტების?

- მე ვიტყოდი, რომ ოპტიმისტიც ვარ, რეალისტიც, რომანტიკოსიც, ხანდახან პესიმიზმიც მეპარება ხოლმე, მაგრამ მალევე "გარბის" (იღიმება).

- დაუფიქრებლად დაასახელე სამი ნივთი, რის გარეშეც ვერ გაძლებ და სამი ადამიანი, რომელთა გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია?

- მობილური ტელეფონი, საათი და ფოტოაპარტი. რაც შეეხება ადამიანებს, გეტყვით, ჩემთვის სამი ცოტაა, რადგან ჩემს ცხოვრებაში უფრო მეტი ადამიანია, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. პირველ რიგში, დედაჩემი, რომელიც არა მარტო დედა, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა.

- სიტყვები "კომფორტი" და "დისკომფორტი" რასთან ასოცირდება?

- ჩემი სახლი არის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, ანუ ესაა გარემო, სადაც ჩემთან ყველაფერი ახლოსაა. დისკომფორტი კი ჩემთვის ისაა, როდესაც დილით ადრე მაღვიძებს ტელეფონის ზარი და როცა მანქანა მიფუჭდება, რადგანაც ჩემი მანქანა ჩემი სხეულის ნაწილია. თუ რამე ნაწილი უფუჭდება, იმ დღეს მეც ცუდად ვარ (იღიმება)

- როგორი ბავშვი იყავი? ბავშვობიდან დღემდე რა თვისებები შემოგრჩა?

- დედაჩემს თუ დავუჯერებთ, მშვიდი ვიყავი, ძალიან მიყვარდა ხატვა და ზღაპრების კითხვა, მაგრამ საშინლად არ მიყვარდა, როცა რამეს ისეთს მაცმევდნენ, რაც მე არ მომწონდა. ამის გამო ხშირად მიტირია, რის შემდეგაც უკვე იმას მაცმევდნენ, რაც მე მინდოდა. სხვათა შორის, არც ახლა და არც ბავშვობაში არ მიყვარდა მოკლე კაბები. არც მაშინ შემეძლო და არც ახლა შემიძლია მარტო - მეგობრების გარეშე ყოფნა.

- გულღია ხარ თუ გულჩათხრობილი?

- ზოგჯერ ზედმეტად გულღია ვარ, რის გამოც მერე მინანია.

- რამდენად ცვალებადი ხასიათი გაქვს?

- ცვალებადი ხასიათი ნამდვილად არ მაქვს, უმიზეზოდ ხასიათის ცვალებადობა არ მახასიათებს.

- ვინ არის ან არიან ის ადამიანები, ვისაც პრობლემებსა და გასაჭირზე ესაუბრები?

- დედაჩემი, ჩემი ორი უახლოესი დაქალი და ჩემი დეიდაშვილი, ესენი არიან ჩემი მესაიდუმლეები.

- შეგიძლია თუ არა ნუგეშის ცემა ნებისმიერ დროს?

- კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შემიძლია, რადგანაც ნუგეში და მხარდაჭერა არის ის, რაც ადამიანსა და მეგობარს ყველაზე ძალიან სჭირდება. ზოგჯერ უბრალოდ მოსმენაც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ბევრად კარგად იგრძნოს.

- გულწრფელად გვიპასუხე, პასუხისმგებლიანი ხარ?

- პასუხისმგებლობის გრძნობა ნამდვილად მაქვს და ყოველთვის ვცდილობ, დაწყებული და დავალებული საქმე ბოლომდე მივიყვანო, თუმცა მახსენდება ისეთი შემთხვევაც, როცა დაღლილობის გამო ნახევარ გზაზე გავჩერებულვარ.

- შეგიძლია გრძნობებისა და ემოციების კონტროლი, თუ ყველაფერი სახეზე "გაწერია"?

- ხშირ შემთხვევაში ყველაფერი სახეზე მაწერია და გრძნობებს ვერ ვმალავ.

- რამდენად კრიტიკული ხარ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ? რა გაღიზიანებს ადამიანებში?

- საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ, თან საკმაოდ, სხვების განსჯის უფლება კი ნამდვილად არ მაქვს და არასდროს გამიკრიტიკებია სხვები.

- რამდენად მტირალა ხარ? ბოლოს რის გამო მოგადგა თვალზე ცრემლი?

- ამ ბოლო დროს მტირალა გავხდი და შემიძლია რამე ფილმზეც კი ავტირდე, ბოლოს კი ახალი სიმღერის კლიპზე ვიტირე, რომელიც ნინო სურგულაძემ, სოფო ნიჟარაძემ და გიორგი უშიკიშვილმა გადაიღეს.

- შეგიძლია გვითხრა, რა მოაქვს და მიაქვს წლებს?

- მოაქვს გამოცდილება და... ნაოჭები (იღიმება) და მიაქვს ახალგაზრდობა, თუმცა ადამიანი ახალგაზრდა მანამდე იქნება, სანამდეც მოინდომებს, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

- რა მიგაჩნია შენი ცხოვრების მთავარ შეცდომად?

- ასეთი შეცდომა არ დამიშვია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ ჩავიდენ ისეთ შეცდომას, რაც მერე სანანებელი გამიხდება.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები