ავტორი:

"კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება... ის მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია" - ამირან გამყრელიძე

"კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება... ის მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებით, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბაზრობების ტერიტორია მომატებული რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების კუთხით, ამიტომ ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს.

„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ იქ 3 დღეა დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება. სულ ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულია 1415 ადამიანი, აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებითი შემთხვევა, შემდეგ ერთი. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა განმეორებით და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ეს ორი წერტილი - ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იყოს ბაზრობებზე. გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია.

მისივე თქმით, კოვიდ ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ დამშვიდების საფუძველი არ არის.

„არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ის ციფრები, რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1-ის წყარო კი გაჩიანია.

„დაგვემატა 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ ეტაპზე ქვეყანაში 1137 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და გვყავს 922 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 237 პაციენტი“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი - სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.

"ეს არის სერგეენკოს და გარკვეულწილად "ავერსი ფარმას" ბრალი" - რატომ დაუპირისპირდა თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს?

პოლიცია დედოფლისწყაროში მცხოვრებ ორ მოზარდს ეძებს

"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს