ავტორი:

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი

სოციალურ ქსელში ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის ვიდეო ლექციიდან ფრაგმენტი ვრცელდება, სადაც ის ვაჟა ფაშაველას "ალუდა ქეთელაურს“ მიმოიხილავს. ბერძენიშვილის თქმით, ვაჟას გმირი მიხვდა, რომ მტრობა არ არსებობს, რომ ქისტი მტერი არ არის, რომ მუცალი მტერი არ არის და მივიდა იმ აღიარებამდე, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ უნდა იყოს. ის ამბობს, რომ მუსლიმის ცხონება ქრისტესთვის გასაგები იქნებოდა, ხოლო ქრისტიანობისთვის - გაუგებარი.

“ალუდა ქეთელაური რაზეა?! ალუდა ქეთელაური სხვათა შორის იმაზეა, რაზეც არავინ არასდროს ლაპარაკობს, იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება. ამაზეა, წარმოგიდგენიათ?! არავის არ უნდა ამის დანახვა, ზოგჯერ რაღაც უნდა დავინახოთ.

ვაჟას გმირი მივიდა ბოლოს იმ დასკნამდე, რომ მუცალს უნდა შესწიროს შავი კურატი, ეუბნებიან, რომ არ შეიძლება, იმიტომ, რომ მუცალი არის მუსლიმი, მუსლიმის ცხონება არ არსებობს.

სხვათა შორის, კითხვა მაქვს, მართლა დარწმუნებული ხართ, რომ არ არსებობს მუსლიმის ცხონება?! საიდან იცით?!

იცით, რას გეტყვით? სახარებაში წერია, რომ ქრისტემ უთხრა მარჯვენა ავაზაკს, მე რომ იქ მოვალ, შენ იქ დამხვდებიო. ავაზაკი ცხონდა. ახლა არ მითხრათ, რომ ავაზაკი ქრისტიანი იყო, ეკლესიაში დადიოდა და ბავშვობაში პატრიარქმა მონათლა. არა, ავაზაკი იყო, კაცებს კლავდა. ჯვარზე დაინახა ქრისტე და იქ აღიარა და ის აღიარება საკმარისი აღმოჩნდა.

მუსლიმიც ცხონდება, თუ საჭიროა, მამათმავალიც ცხონდება და ლეონარდო და ვინჩიც შეიძლება სამოთხეში დაგხვდეთ. ასე რომ, არ არის ეს ასე მარტივად როგორც ჩვენი გაუნათლებელი სამღვდელოება გვაწვდის. მათ შორის არის ხალხი, რომლებსაც სახარება არ აქვთ წაკითხული, ან ვერ ხვდებიან იქ რა წერია.

ვაჟა ფშაველამ კი თქვა, აი, ბატონო კურატი, აი, შევწირე. თემში, მოგეხსენებათ, რელიგიური და სათემო ხელისუფალი ერთი კაცია და ხევისბერი ჰქვია. ხევისბერი გაფითრდა (გულისხმობს "ალუდა ქეთელაურიდან“ იმ მონაკვეთს, სადაც ალუდა ხევისბერთან მუცალისადმი შესაწირი კურატით მიდის) იმიტომ, რომ, რასაც ალუდა ქეთელაური სთავაზობს, წარმოუდგენელია იმ მოძღვრებისთვის, რომელსაც იგი წარმოადგენს.

ქრისტესთვის ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ ქრისტიანობისთვის გაუგებარია მუსლიმის ცხონება. ეუბნება ხევისბერი ალუდას, შენ თვითონ ურჯულოვდები იმით, რასაც ახლა აკეთებო. მაშინ ალუდამ თქვა, თქვენ არ გცოდნიათო და ყურადღება მიაქციეთ მის სიტყვებს - "ღვთისშვილთ უკეთეს იციან“. ღვთის შვილები ვინ არიან? ეს არის ჩვენი წარმართული ქართული რელიგია, რომელიც გვქონდა ქრისტიანობამდე, აი, იმათ თურმე უკეთესად სცოდნიათ ეს საკითხი, ცხონების საკითხი.

ალუდამ თვითონ დაკლა კურატი. ვაჟა ფშაველას გმირი მიხვდა, რომ მტრობა არ არსებობს, რომ ქისტი მტერი არ არის, რომ მუცალი მტერი არ არის და მივიდა იმ აღიარებამდე, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ უნდა იყოს. ჩვენ რას გვასწავლის მოძღვრება - მგელი იყავიო. შუშანიკი პირდაპირ ამ სიტყვით ამბობს ვარსქენზე "მგელი იგი მოვიდა“. რა იყო სინამდვილეში? - ერთი იყო ქრისტიანი, მეორე იყო მაზდეანი, ერთი იყო ახალი ქართული სარწმუნოება და მეორე იყო ძველი ქართული სარწმუნოება.

სხვათა შორის, ძველი, ძირძველი, ეროვნული და მამაპაპისეული სარწმუნოება სწორედ მაზდეანობა იყო და არა ქრისტიანობა, ისე, როგორც ახლა ძველი და მამაპაპისეული არის ქრისტიანობა და კარებზე რომ გიკაკუნებს იაღოველი და გეუბნება, ჭეშმარიტ ღმერთზე ვილაპარაკოთო, თავაზიანი კაცი თუ ხარ, თავაზიანად ეუბნები, დამანებე თავი, თუ შეიძლება, კარგად ბრძანდებოდეთ, თუ არ ხარ თავაზიანი, შემოიყვან სახლში ან სცემ, ან რამეს უზამ. ამის ბევრი შემთხვევა გვაქვს საქართველოში.

ვაჟა-ფშაველამ გვითხრა, რომ თქვენ არ გესმითო. ძალიან ხშირადაა ლაპარაკი, რომ შეჯახება არის პიროვნებასა და თემს შორის თავისუფლების გამო და ეს არ არის მართალი. არანაირი შეჯახება არ არის. თემს ეზიზღება ალუდა, ალუდას არ ეზიზღება თემი, ამაშია მისი ძალა და განსხვავება“, - ამბობს ბერძენიშვილი.