ავტორი:

ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

თურქეთი ტურისტებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. ქვეყანა სავსეა უნიკალური ისტორიული შენობა-ნაგებობებით, რომლებიც ძველი ცივილიზაციების შესახებ გვიყვება, ადგილებით, სადაც კვალის წაშლის მცდელობის მიუხედავად, ფასადებს მიღმა მაინც იკითხება სხვადასხვა ქვეყნის უძველესი კულტურის სიდიადე.

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ისტორიას ინახავს და ამბობენ, რომ თუ გინდა ნამდვილად შეიგრძნო უძველესი ადამიანების ცხოვრების რიტმი და გაუგო ძველ ეპოქას, ეს ადგილები უნდა მოინახულო. აქ ნახავთ, თუ როგორ ერწყმის აღმოსავლური და დასავლური კულტურა ერთმანეთს.

ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ადგილი ტრაპიზონში, IV-V საუკუნეებით დათარიღებული, კლდეში ნაკვეთი სუმელას მართლმადიდებლური მონასტერია, რომელსაც პანდემიამდელ პერიოდში, ყოველწლიურად, ასიათასობით ადამიანი სტუმრობდა.

  • სუმელას ისტორია

სუმელას სამონასტრო კომპლექსი შავი ზღვის რეგიონში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩკას ოლქში მდებარეობს. მონასტერს ვრცელი და საინტერესო ისტორია აქვს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მის დამაარსებლად ათენელი მღვდელი, ბარნაბე ითვლება, რომელიც 375-395 წლებში ცხოვრობდა.

არაბების თავდასხმის შემდეგ, მონასტერი განადგურებულა, მეექვსე საუკუნეში კი, წმინდა სოფრონს აღუდგენია. ტრაპიზონის იმპერიის პერიოდში, მონასტერი მდიდარი ადგილი ყოფილა, ხოლო იქაური სასულიერო პირები გავლენიანი ადამიანები. როდესაც XV საუკუნეში ოსმალებმა ტრაპიზონის იმპერია დაიპყრეს, სუმელას მონასტერიც სულთნების ხელში გადავიდა და ტაძრიდან ბერძნები წავიდნენ, სამონასტრო ცხოვრებაც შეწყდა.

სამონასტრო კომპლექსი მოიცავს რამდენიმე სამლოცველოს, მოსასვენებელ ოთახს, ბერების საცხოვრებელს, ბიბლიოთეკას და კლდეში ნაკვეთ, უნიკალურ მონასტერს

მონასტერში დაცული საგანძური, რელიქვიები, მათ შორის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, პონტოელმა ბერძნებმა დაკარგვას გადაარჩინეს. ამჟამად კი, ის საბერძნეთში, ვერმიონის მთებში აგებულ ტაძარში ინახება.

სუმელას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

ტაძარი საბერძნეთში, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. ამ ადგილს ყოველ წელს, 15 აგვისტოს ათასობით მომლოცველი სტუმრობს, ხატს პატივს მიაგებს და შემწეობას სთხოვს

სუმელას მონასტერი დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს ადგილად ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ოსმალების ხელში აღმოჩნდა, თავისი მნიშვნელობა დაკარგა. მოგვიანებით, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს იქ მსახურების შესრულების ნება დართეს, თუმცა1923 წელს, როდესაც ოტომანთა იმპერია დაეცა, სუმელას მონასტერი დაცარიელდა, რადგანაც ლოზანის ხელშეკრულების მიხედვით, თურქებსა და ბერძნებს შორის მოსახლეობის გაცვლა მოითხოვეს და ბერძენმა ღვთისმსახურებმა ტაძარი კვლავ დატოვეს.

გარდა ამ ყველაფრისა, მონასტერი განძზე მონადირეების თავდასხმის ობიექტიც გახდა. 1930 წელს მათ მონასტრის ხის ნაგებობები დაწვეს და ფაქტობრივად, გაანადგურეს.

მონასტრის მოლოცვა მართლმადიდებელთათვის, ხანგრძლივი დროის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომე I-ის თხოვნის საფუძველზე, ნება დართო აღედგინათ მართლმადიდებლური მსახურება, რომელიც ბოლოს 1922 წელს შესრულდა.

ტაძარში შესრულებული მხატვრობის უმეტესი ნაწილი მე-13 საუკუნეს ეკუთვნის

მონასტერი ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე, კლდეშია გამოკვეთილი და მას უნიკალური მდებარეობა აქვს. სუმელას მონასტერს ვარძიასაც ადარებენ.

  • ლეგენდები სუმელას მონასტრის აგების შესახებ

მონასტერს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელსაც მონასტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, იმპერატორ თეოდოსიუს პირველის მმართველობის დროს, ორმა ათენელმა მღვდელმა, ბარნაბუსმა და სოფრონიუსმა, ათენიდან ტრაპიზონში მოგზაურობისას, გამოქვაბულში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი იპოვა. მღვდლებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ხატისთვის ტაძარი აეშენებინათ. ეს გამოქვაბული კი დღეს მონასტრის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.

კიდევ ერთი ლეგენდა გვიყვება, რომ ხატი იესო ქირსტეს მოწაფემ, ლუკამ შექმნა. ლუკას გარდაცვალების შემდეგ კი, ის ათენში გაგზავნეს. თეოდოსიუს პირველის მმართველობის დროს, ხატს სურდა ათენის დატოვება, ის ანგელოზებმა ათენიდან ტრაპიზონში წაიღეს და გამოქვაბულში დააბრძანეს. ხატი კი შემდეგ მღვდელმა სოფრონიუსმა იპოვა.

სჯერათ, რომ ხატს სასწაულმოქმედი, ადამიანთა მაკურნებელი ძალა აქვს.

სუმელას მონასტერი ზამთარში

მონასტრის შუაგულში მდებარეობს წყლის საცავი და ამბობენ, რომ მასში წმინდა წყალია. საცავში წყალი 30, ან 40 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვანი კედლიდან წვეთებად ჩაედინება.

  • მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სალოცავი

არა მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროში, არამედ მუსლიმურ რელიგიაშიც სჯერათ, რომ დედა მარიამი ადამიანების შემწეა და ჯანმრთელობა მოაქვს. სწორედ ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში ამ მონასტერში მუსლიმები და ქრისტიანები ხშირად ერთად ლოცულობდნენ და ღვთისმშობელს ჯანმრთელობას ევედრებოდნენ, იქ არსებულ წმინდა წყალს კი, საკურნებლად იყენებდნენ.

დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ძველად, ქრისტიანები და მუსლიმები ამ ტაძარში ერთად ლოცულობდნენ და დედა მარიამს ჯანმრთელობას ევედრებოდნენ

რაც შეეხება მონასტრის სახელს, სუმელა ბერძნული სიტყვაა. "მელა“ ნიშნავს მუქს, შავს. შესაძლოა, ეს მიუთითებდეს იმ მუქ და დაბურულ ტყეზე, რომელიც ტაძარს აკრავს გარს.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, სუმელა ლაზური სიტყვაა და სამებას ნიშნავს.

მონასტერი განთქმულია უნიკალური ფრესკებით. მისი მხატვრობის უმეტესი ნაწილი მე-13 საუკუნითაა დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ ბევრი ფრესკა დაზიანებული იყო. ამბობენ, რომ ყოველივე ოსმალებმა განგებ დააზიანეს.

ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და ის ახლახანს, 28 ივლისს გახსნეს. სუმელას მართლმადიდებლური ტაძრის გახსნის ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ვიდეოჩართვის საშუალებით დაესწრო და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა. ერდოღანი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ განსხვავებული კულტურების მიმართ თურქეთს უპატივცემულობა არ აქვს და ამის დასტურია სუმელას ტაძრის შენარჩუნება და მისი აღდგენა.

"15 აგვისტოს ჩვენი მართლმადიდებელი მოქალაქეები შეძლებენ, შეასრულონ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი რელიგიური მსახურება, რომელიც აღდგენის პროცესში შეწყვეტილი იყო“, – აღნიშნა ერდოღანმა.