ავტორი:

ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო

ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო

უცხოურ მედიაში ხშირად შეხვდებით სტატიებს შინაარსით, სადაც მრავალჯერ დაქორწინებულ წყვილებზე წერენ. ასეთი სტატიები ქართულ მედიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ამჯერად გადავწყვიტეთ იმ ვარსკვლავურ წყვილებზე გიამბოთ, რომელთა ურთიერთობამაც წლებსა და მრავალ ჭორ-მართალს გაუძლო და დღემდე ერთად ცხოვრობენ.

ზურა ყიფშიძე და ლელა გოცირიძე

ლეგენდარული მსახიობის მეუღლე საზოგადოებაში არასოდეს ჩნდება. არადა, წყვილმა ოჯახი ზურას პოპულარობის პიკზე შექმნა. ათკაციანი ქორწილის გადახდის შემდეგ, რომელსაც, როგორც ამბობენ, სიძე - ზურა ყიფშიძე გოგა ფიფიასგან ნათხოვარი კოსტიუმით ესწრებოდა, რამდენიმე ათეული წელი გავიდა. წყვილს ქალ-ვაჟი, ლენუკა და გიორგი ყიფშიძეები ჰყავს და ოთხ შვილიშვილს ზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ ზურა ყიფშიძეზე მისი თაობის უამრავი ქალი იყო შეყვარებული, წყვილის სასიყვარულო ურთიერთობამ და ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო.

თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე

ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის თბილისის ერთ-ერთი გლამურული წყვილის თანაცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა თავის სფეროში არცერთს აკლდა, ამ ხნის განმავლობაში ჭორებისა და სკანდალების ობიექტი ნაკლებად ხდებოდნენ. არველაძეების პირველი რძალი, თავადაც ცნობილი ოჯახიდან არის და ელიტური წვეულებების სასურველი სტუმარია. დიზაინერი თეონა თავართქილაძე ყოფილ ფეხბურთელ ქმარზე დღემდე შეყვარებულია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.

ნინო ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი

კალათბურთელისა და მოდელის ერთი შეხედვით სტანდარტულმა წყვილმა ოჯახი წლების წინ შექმნეს. ნინო ცქიტიშვილი, ოთხი შვილის გაჩენის შემდეგაც შესანიშნავ ფორმაშია და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საყვარელ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ ნინომ საკუთარი სამოდელო სტუდია გახსნა და მისი მოდელები, მათ შორის შვილი - თაკო ნაცვლიშვილი, ხშირად იპყრობენ უცხოურ პოდიუმებს.

თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე

თავისი თაობის მოდელებიდან თაკო ჩხეიძე ერთ-ერთია, რომელმაც მყარი ოჯახი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი მეუღლე დიდ დროს უცხოეთში ატარებდა და თაკო ამ დროს საქართველოში იყო, წყვილის დაშორების შესახებ ჭორიც კი არასოდეს გავრცელებულა. ამჟამად ჩხეიძის ქმარი საქართველოშია და საჯარო სამსახურში აგრძელებს საქმიანობას. წყვილი სამ ვაჟს ზრდის.

ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე

მსახიობების გამორჩეული წყვილის თანაცხოვრება თითქმის სამი ათეული წელია გრძელდება. თუმცა მათ ცხოვრებაში იყო პატარა წყვეტა, როდესაც ნიკა და ნატა ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ. ამაზე ნატას არაერთ ინტერვიუში უსაუბრია. უფროს შვილს - დათა თავაძეს, მშობლებივით, თეატრისკენ გაუწია გულმა - მსახიობობაც სცადა და რეჟისურაშიც მოსინჯა ბედი. დღეს ის უკვე წარმატებული ახალგაზრდა რეჟისორია. წყვილის ქალიშვილი მანუ თავაძე მოცეკვავეა.

ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია

მათი წყვილი საზოგადოებისთვის საინტერესო წლების წინ გახდა, ან რა გასაკვირია, ორივე საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახიდანაა - ცნობილი მწერლისა და აფხაზეთის ომის გმირის შვილებმა ცხოვრება ერთმანეთს წლების წინ დაუკავშირეს. მათ მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად გამძაფრდა, რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ირაკლი ალასანია ოპოზიციაში წავიდა. ამერიკიდან დაბრუნებული ახალგაზრდა დიპლომატი, ფსიქოლოგი ცოლით, დიდხანს ჟურნალების გარეკანიდან არ ჩამოდიოდა. თავიდან ნათია ფანჯიკიძეს ნაკლებად უგებდნენ. მისი მხიარული ხასიათი, ქართველი პოლიტიკოსების ცოლებისგან განსხვავებული იმიჯი მალე უფრო მისაღები გახდა და დღეს ერთ-ერთია სოციალურ ქსელში, ვის სტატუსებსაც უამრავი გამოხმაურება, გაზიარება და "განიუსება" აქვს. ნათიასა და ირაკლის ოჯახური კონფლიქტის შესახებ არასოდეს უსაუბრიათ, თუმცა ირაკლი ალასანია რამდენიმეჯერ მაინც მოექცა ყვითელი მედიის ყურადღების ცენტრში. საბოლოოდ ყველა ჭორი ფსიქოლოგმა ცოლმა გაფანტა, რომელიც ქმარზე დღემდე დიდი სიყვარულით ლაპარაკობს. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს.

ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია

მათი სიყვარულის ისტორია ყველასგან განსხვავებულია - მიუხდავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა იყო და ხათუნას პირველი ქორწინების არცთუ კარგი გამოცდილება ჰქონდა, არ შეუშინდნენ საზოგადოების რეაქციას და საჯაროდ გაამხილეს სიყვარული და დაქორწინდნენ კიდეც. ზურას და ხათუნას ქორწინება წლების განმავლობაში არ ჩამოდიოდა ჟურნალების გარეკანიდან და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მათი ოჯახური ცხოვრება მალე დასრულდებოდა. ავისმოსურნეებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - ისინი წლებია ერთად არიან. როდესაც ხათუნას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ქმარი პირველი იყო, რომელიც მხარში დაუდგა და ურთულესი დღეები გადაატანინა, რაზეც ხათუნა ხშირად ლაპარაკობს საჯაროდ. წყვილს ერთი საერთო გოგონა ჰყავს. ხათუნას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე.

ლევან წულაძე და მანანა კაზაკოვა

რეჟისორისა და მსახიობის ტანმდემმა როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაშიც წლებს გაუძლო. მანანა კაზაკოვა ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობს მეუღლეზე. თეატრალური წრიდან მათი წყვილი ერთ-ერთია, რომლებზეც შეიძლება ითქვას, - ერთმანეთს შეაბერდნენო... კაზაკოვა-წულაძეს ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც ერთი წლის წინ დაოჯახდა და ანსამბლ "სუხიშვილების" წამყვანი სოლისტია.

ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი

ერთი შეხედვით ეპატაჟური წყვილი წლებია მედიის ყურადღებას იმსახურებს. მათი დაშორების შესახებ არაერთხელ გავრცელებულა ჭორი, თუმცა მათი ეკრანზე გამოჩენა, ყოველთვის ყველანაირ ეჭვს აქარწყლებდა. ამბობენ, რომ გუგა კუზანოვი დღემდე ისეა შეყვარებული ცოლზე, რომ მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ კუზანოვი-ნადირაძის უფროსი შვილი უკვე დაოჯხდა და მალე ბებია და ბაბუა გახდებიან. წყვილს ვაჟიც ჰყავს.

ლელა და მამულიჩა

მათ ყველაზე ხშირად გვარების გარეშე და ერთად ახსენებენ, რადგან მომღერლისა და პროდიუსერის ოჯახური იდილია თითქმის ორ ათეულ წელს ითვლის. წყვილს ოჯახური ურთიერთობის გარდა, საქმე აკავშირებს, თუმცა საზოგადოებაში ყოველი გამოჩენისას გრძნობებს არ მალავენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი ოჯახია, რომელის დანგრევაც, თაყვანისმცემლებს ვერაფრით წარმოუდგენიათ. ლელას და მამულიჩას ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავთ.

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)