ავტორი:

"ირაკლი, გთხოვ, გამოჩნდი... მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო" - ოჯახი 6 თვეა 32 წლის ბიჭს ეძებს

"ირაკლი, გთხოვ, გამოჩნდი... მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო" - ოჯახი 6 თვეა 32 წლის ბიჭს ეძებს

6 თვეა უშედეგოდ ეძებენ ფოთში დაკარგულ 32 წლის ირაკლი ჯაბუას. იგი გადამზიდავი ავტომობილის მძღოლად მუშაობდა. 31 იანვარს, მორიგი რეისის შესასრულებლად სახლიდან დილით ადრე გავიდა, თუმცა მანქანებით დატვირთული ავტომობილი ქალაქის გასასვლელში, მდინარე რიონის ხიდთან, მიტოვებული იპოვეს. მას მერე საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში თითქმის 2 თვე მიმდინარეობდა, ჩართული იყვნენ მყვინთავები, სპეცტექნიკა, ასევე კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებიც ჩაიყვანეს, მაგრამ ვერსად მიაგდეს კვალს. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 6 თვის თავზეც არ არის ცნობილი, სად გაუჩინარდა ირაკლი ჯაბუა. ოჯახი ისევ იმედს ებღაუჭება. განადგურებული დედა და ნათესავები ფიქრობენ, რომ ის ცოცხალია და სამართალდამცავებს დაკარგულის პოვნაში დახმარებას ისევ თხოვენ.

ირაკლი ჯაბუას და, სოფო ჯაბუა:

"ირაკლი 31 იანვარს, დილით, 7-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან. ის გადამზიდი მანქანის მძღოლად მუშაობდა. იმ დილითაც თბილისში მანქანები ჰყავდა გადასაყვანი. ჩვენ სამსახურში გვეგონა, დედამ საღამოს 9 საათზე დაურეკა და ტელეფონს რომ არ პასუხობდა, შეშინდა, მერე მანქანის პატრონმა მოიძია მისი მანქანა და ფოთის გასასვლელთან, რიონის ხიდთან, სათვალთვალო კამერების წინ დაყენებული იპოვეს მანქანებით დატვირთული ევაკუატორი. ირაკლი კი არსად ჩანდა. თავიდან არ შეგვშინებია, ვიფიქრეთ გამოჩნდებოდა, ამ ფაქტამდე ორჯერ მოიქცა ასე, ერთხელ ერთი დღით დაიკარგა, მეორედ - 3 დღის შემდეგ გამოჩნდა. ძალიან მორიდებული ადამიანია, საკუთარი დედის და დედ-მამიშვილებისაც კი ერიდება. ვიფიქრეთ გამოჩნდებოდა, მაგრამ მეორე დღესაც რომ არ გამოჩნდა, შევშინდით, ტელეფონზე ზარი მეორე დღესაც შუადღემდე გადიოდა. ტელეფონით წყალში რომ შესულიყო, ხომ გაითიშებოდა.

პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიით მიდის, მაგრამ 6 თვეა ვერც მკვდარი ვიპოვეთ და ვერც ცოცხალი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი დაიკარგა, მათ შორის წყალში ბევრი დაიხრჩო, მაგრამ ყველას ცხედარი იპოვეს, ჩემი ძმის კვალს კი ვერ ვაგნებთ. პოლიცია ახლაც გვეუბნება ვეძებთო, ზეგ ვართ ისევ დაბარებულები, მაგრამ არც ერთ მისვლაზე სიახლე არ გვხვდება. სრულ გაურკვევლობაში ვართ, თუ გარდაცვლილია, სადმე გამორიყავდა ცხედარს, ამიტომ ვფიქრობთ, იქნებ სადმე არის, ცოცხალია და იმალება. იმდენად მორიდებული ადამიანია, შეიძლება რცხვენია ახლა უკვე გამოჩენის, რადგან პოლიცია ჩაერთო და ამხელა ამბავი ატყდა.

- რა პრობლემები ჰქონდა მას?

- ირაკლის მტერი არ ჰყავდა, მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო. დიდი მოთამაშე არ იყო, მაგრამ 100 და 200 ლარს რომ წააგებდა, ეს მისთვის დიდი ტრაგედია იყო. მერე ძალიან განიცდიდა, რცხვენოდა ოჯახის წევრების, მშობლების, იმ დღეს მანქანაში დიზელის საწვავის ჩასასხმელი ფული 200 ლარი ჰქონდა ჯიბეში და თავისი 50 ლარი. ირკვევა, ვიდრე რეისზე წავიდოდა იმ ღამით ეს თანხა წააგო, მერე მანქანაში რომ ჩაესხა საწვავი, ეტყობა ამის ფული არ ჰქონდა. მას შეეძლო ნისიადაც ჩაესხა საწვავი, მაგრამ ეს რატომ არ გააკეთა. ან მოერიდა დედაჩემის, ან მანქანის მეპატრონის. მას შემდეგ სად გაუჩინარდა, არ ვიცით. ამიტომ პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, ამიტომ ეძებდნენ წყალში. ირაკლი 32 წლის არის, ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი, მშრომელი ბიჭი იყო. ადრე თურქეთშიც იყო წასული სამუშაოდ, მაგრამ ახლა არც საზღვარი აქვს გადაკვეთილი.

ბოლო ერთი თვე ყოველ დილით გამთენიას გადიოდა სახლიდან. მის ტელეფონს ინტერნეტი არ ჰქონდა, იმ ღამით დედაჩემის ტელეფონით აქვს ნათამაშევი 250 ლარი. სხვა თანხა არ აქვს წაგებული. იქნებ ერიდება ახლა გამოჩენა და სადმე იმალება. ვთხოვთ ყველას, თუ ვინმემ სადმე ნახა ჩემი ძმა, მის პოვნაში დაგვეხმაროს. ძალიან დააკვირდით მის ფოტოს, იქნებ სადმე შეგხვდათ.

მივმართავ ირაკლის, - თუ სადმე ხარ, გამოჩნდი. ჩვენ მოუთმენლად გელოდებით და ყველაფერი კარგად იქნება. მისი ძებნა წყალში მიატოვეს, პოლიციაში ამბობენ, მაინც ვეძებთო, მაგრამ არამგონია ეძებდნენ, ისიც არ ვიცი კამერების ჩანაწერები ყველგან ამოიღეს თუ არა, არაფერია სიახლე, ყოველი ახალი თვის დასაწყისში ვაახლებთ საქმესო. არასოდეს უთქვამს თავს რომ მოიკლავდა. დიდი თანხები არასოდეს უთამაშია. 20 ლარს თუ ითამაშებდა, ყველაზე დიდი 200 ლარი აქვს წაგებული. ამბობდა, მე მოვერევი ამ პრობლემასო, მაგრამ თამაში მოერია ჩემს ძმას". იხილეთ სრულად

"ლაწირაკი, პატარა ბავშვი, ეს" - ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პროკურორის შეურაცხყოფის გამო დარბაზი დაატოვებინეს

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში? - მხოლოდ წელს, 6 თვეში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20-ს დღემდე უშედეგოდ ეძებენ

თბილისში მორიგ ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა - ბიჭი სკუტერით გადაადგილდებოდა