ავტორი:

"ვიტანჯებოდი, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა, ელექტროშოკი რომ მივუტანე, თითქოს დაწყნარდა" - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის მამასთან

"ვიტანჯებოდი, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა, ელექტროშოკი რომ მივუტანე, თითქოს დაწყნარდა" - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის მამასთან

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან სამართალდამცველებმა ელექტროშოკი ამოიღეს. როგორც თამუნას დედამ, თეონა თამაზაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, თვეების წინ გოგონამ ელექტროშოკის შეძენა მამას სთხოვა.

AMBEBI.GE გარდაცვლილი გოგონას მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ფაქტი დაადასტურა:

- რამდენიმე თვის წინ თამუნამ მკითხა, მამა, ელექტროშოკი სადმე იყიდებაო? ვუთხარი, კი, შვილო, ნავთლუღში მაქვს ნანახი-მეთქი. წავედი, მოხუც ქალს 4 ცალი ელექტროშოკი ჰქონდა, ფასი ვკითხე, 12 ლარი ღირს და 10 ლარში მოგცემო, - მიპასუხა. მეც ვიყიდე და მივეცი ბავშვს.

- არ გამოჰკითხეთ თამუნას, რისთვის სჭირდებოდა ელექტროშოკი, ვინმე ემუქრებოდა, რაიმე საფრთხეს გრძნობდა?

- როგორ არ ვკითხე, ბავშვი შიშის ქვეშ იყო, დიდი ხანია საფრთხეს გრძნობდა. მას არ დაუკონკრეტებია არაფერი. ჩემი დიდი გულისტკივილი დღესდღეობით ის არის, რომ ვერ დავეხმარე, ჩემთვის დროზე რომ ეთქვა, რა უჭირდა, შეიძლება დავხმარებოდი, გადამერჩინა ჩემი შვილი.

ძალიან ვნანობ, ძალიან! ერთხელ გავბრაზდი კიდეც და ტირილი დაიწყო, მამა, არაფერი მკითხო, გეხვეწები, არავითარი პრობლემა არ მაქვს. თუ რამე, თვითონ მივხედავ თავსო. ოჯახიდან, ჩვენი მხრიდან ბავშვს არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, მის სურვილებს ვაკმაყოფილებდით, არც სიყვარული და გაგება აკლდა. საღამოობით, უცებ დავინახავდი - ტიროდა, მერე მეორე ოთახში გადავიდოდა და ცრემლიანი თვალებით ვხედავდი.

ერთი წელი ვიტანჯებოდი, მას მერე, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა. ერთი სიტყვით მაინც რომ ეთქვა, რაღაცას ვიზამდი, ვუშველიდი. არ ვიცი, გაფრთხილებული იყო, შეშინებული, თუ რა. აბა, წარმოიდგინეთ, ბავშვი ამხელა გზაზე მიდიოდა და ვის ეძებდა? ათასი ვერსიაა. ეს ელექტროშოკი თამუნას თან დაჰქონდა. რომ მივუტანე, ბავშვს ესიამოვნა და თითქოს გული დაუწყნარდა.

- მაისურზე რას იტყვით? ითქვა, რომ გარდაცვლილს თეთრი ფერის ეცვა, თვითმხილველები კი ამბობენ, მუქი ფერის ზედატანით ვნახეთო...

- როცა ადგილზე გარდაცვლილი თამუნა დავინახე, თვალთ დამიბნელდა, გავითიშე და იქიდან გამომიყვანეს. მე ესე ვიცი და დავინახე, რომ შავი კოფთა ეცვა, ასე დავინახე. თეთრი რომ ყოფილიყო, თეთრს და შავს ვერ გავარჩევდი? ისეთი ბუნდოვანი საქმეა, ყველგან რაღაცები ქრება, ყველგან კვალი იშლება და წარმოიდგინეთ, რა ცუდ დღეში ვარ. ვიცოცხლებ იქამდე, ვიდრე ეს საქმე გაიხსნება.

- მართლა მიიღო უწყებამ სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები? არაფერი აცნობეს ოჯახს და ადვოკატს?

- არ ვიცი, წესით, უნდა მიეღოთ უკვე, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს. არც ტელეფონზე და კომპიუტერზე ამბობენ რამეს. ამასთანავე, ის პოლიციელი აფციაურიც გაქრა, შვებულებაშიაო, სხვა პოლიციელებიც შვებულებაში არიან... ერთი სიტყვით და ჩემი აზრით, ვიღაცას დიდი ინტერესი აქვს, დადის და კვალს შლის. სიცოცხლით სავსე ბავშვი მომიკლეს და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, საქმეში რომ ჩაეთვალოთ. ვიდრე ცოცხალი ვარ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, თავს არ დავანებებ.

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი

"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება