ავტორი:

"ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ" - რას წერს "ფეისბუქზე" კობა დავითაშვილი

"ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ" - რას წერს "ფეისბუქზე" კობა დავითაშვილი

ცნობილი პოლიტიკოსი, აქტიური ოპოზიციონერი კობა დავითშვილი, რომელიც მძიმე ავადმყოფობას ებრძვის, ძველ სამსახურში აღადგინეს. დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმდა.

ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსი სოციალურ ქსელშიც წერს:

"ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!" - წერს კობა დავითაშვილი.

ცნობისთვის, პოლიტიკოსს ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს, მაშინ, როცა სიმპტომებმა თავი იჩინა. დავითაშილი დარწმუნებულია, რომ ის იმ ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

როგორც ჩანს პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა. ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომლითაც სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც ის ამბობს, დაავადების შესაჩერებლად საჭიროა კონკრეტული პრეპარატის გადასხმა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

"ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი. ეს იმიტომ მოხდა რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო. მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის. საქმე ისაა რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ "რემიკეიდის" ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას. ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული. მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი. ერთი გადასხმის ფული მერიამ ჩამირიცხა, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა (დიდი მადლობა მათ) ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს. მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით) განა სამართლიანი არ იქნება რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით). მესმის რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია. ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა?ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს" - წერდა დავითაშვილი.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" -უმრავლესობის პოზიცია; თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედია; FBI ბაჩალიაშვილის საქმეში?!

LIVE - დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"უწმინდესმა გამძლეობა მისურვა" - ვანო მერაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა