ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ფინეთის ლიდერმა (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი  დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ფინეთის ლიდერმა (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი დაქორწინდა. 34 წლის სანა მარინი ფინეთის პრემიერია, მისი რჩეული კი მარკუს რაიკუნენია, რომელთანაც 16-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს და წყვილს ერთი შვილიც ჰყავს.

ქორწილს 40-მდე ადამიანი დაესწრო და სტუმართა სია წყვილის უახლოესი ადამიანებისგან შედგებოდა.

"ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებას ვუზიარებ კაცს, რომელიც მიყვარს. ჩვენ ერთად ბევრი გვინახავს და ბევრი გამოგვიცდია. ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ყველას მადლობას გიხდით ჩვენ გვერდით ყოფნისთვის“, - წერს სანა მარინი "ინსტაგრამზე“ და ქორწილის ამსახველ რომანტიკულ ფოტოსაც აქვეყნებს.

პატარძალს მინიმალისტური სტილის თეთრი საქორწინო კაბა ეცვა. მას არც ტრადიციული თაიგული დავიწყებია, რომელიც ულამაზესი თეთრი ყვავილებისგან იყო შეკრული.

სანამ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. საზოგადოების დიდ ნაწილს საქორწინო კაბა მოეწონა და მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსი, შესაძლოა, იმ ქალებს შეუერთდეს, რომლებიც მოდას ამკვიდრებენ და ეს კაბა ისევე იქცეს ტრენდულად, როგორც თავის დროზე მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის საქორწინო კაბები გახდა მთავარი ტენდენცია და პატარძლების დიდი ნაწილის არჩევანი.

სანა მარინმა ფინეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა. მანამდე ის ფინეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრად მუშაობდა. პოლიტიკური მოღვაწეობა 27 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მშობლიურ ქალაქ ტამპერეს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი გახდა.

„არასოდეს მიფიქრია ჩემს სქესსა და ასაკზე, ვფიქრობდი იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც პოლიტიკაში მოვედი და იმ საკითხებზე, რომლითაც ამომრჩევლის ნდობა მოვიპოვეთ“, - ამბობს სანა მარინი. ფინური გამოცემის, YLE. Fi-ს ცნობით, სანე მარინი მარტოხელა დედამ და მისმა მეგობარმა ქალმა გაზარდეს. ის ერთნაირსქესიანთა ოჯახში გაიზარდა, მამის შესახებ კი არაფერი იცის.

მარინი ღიად საუბრობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, მათ უფლებებზე და ამბობს, რომ საზოგადოებაში ერთნაირსქესიანთა სიყვარულის შესახებ არსებული სტიგმის გამო ბავშვობაში თავს შეუმჩნეველ ადამიანად გრძნობდა.

"ჩვენ არ ვიყავით აღიარებული როგორც ნამდვილი ოჯახი. გაჩუმება ძალიან რთული იყო. როდესაც საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ვგრძნობდი, რომ პოლიტიკოსები სრულიად განსხვავდებოდნენ და ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ისტორია ჰქონდათ. იმ დროს ვერ ვიფიქრებდი, თუ მეც ჩავებმებოდი პოლიტიკაში".