ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დავით სოკოლოვმა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. განაწილებით მარჯანიშვილის თეატრში მოხვდა, შეიძლებოდა, ის ამ თეატრის მსახიობი გამხდარიყო, თუმცა, ასე არ მოხდა - მოღვაწეობა რადიოსა და ტელევიზიაში განაგრძო. მაშინდელი კანონმდებლობით ორ ადგილას მუშაობა არ შეიძლებოდა და ამ შემთხვევაში უპირატესობა რადიოს მიანიჭა.
1976 წლიდან უმაღლესი კატეგორიის დიქტორებს შორის სახელდებოდა. მოგვიანებით ტელე-რადიოკომიტეტსა და კინოსტუდიაში, დუბლიაჟის სტუდიაში მუშაობდა. იმ დროს ქართულად წელიწადში 65 ფილმი ხმოვანდებდა და აქედან 60-ში მთავარი გმირები სოკოლოვის ხმით ლაპარაკობდნენ...
მამა რომ გარდაეცვალა, ოთხი წლის იყო. დედა და ბებია ზრდიდნენ. კონფლიქტური ბავშვი არ ყოფილა, თუმცა ცელქობა უყვარდა.
პირველ სკოლაში მისი კლასი ერთ-ერთ მოუთოკავ, თუმცა უბოროტო ბავშვებად ითვლებოდნენ. 1943 წელს გოგონები და ბიჭები გაყვეს და ცალ-ცალკე სწავლობდნენ, მაგრამ სიმღერის საერთო მასწავლებელი ჰყავდათ. ოპერებსაც ერთად დგამდნენ, ერთ-ერთი იყო "რწყილი და ჭიანჭველა", სადაც დავით სოკოლოვს ჭიანჭველის როლი ერგო. ძალიან მოსწონდათ, როცა წყლიდან ამოსასვლელად ძირს ვფორთხავდიო, - ღიმილით გაიხსენა. შემდეგშიც მღეროდა, თუმცა ვიწრო წრეში. გიტარაზე დაკვრა იმ პერიოდში მოდაში იყო, სწავლა დაიწყო, მაგრამ ნერვები არ ეყო და თავი მიანება.
ამბობს, რომ ადრე ახალგაზრდებს სულ სხვანაირი მენტალიტეტი ჰქონდათ. დღევანდელ ყოფაში ბევრი რამ წამხედურობად მიაჩნია - გაუაზრებლად გადმოღება კარგისაც და ცუდისაც დასავლეთიდან. არ მოსწონს, დახეული შარვლებით რომ დადიან, მისი აზრით, ეს ძალად "ჰიპობაა"...
- ჰიპობა იყო ახალგაზრდობის ერთი ნაწილის პროტესტი, რომლებმაც თავინთი მდიდარი ოჯახები მიატოვეს და ქუჩაში დაიწყეს ცხოვრება. რამდენიმე წელი ამგვარ ყოფას გაუძლეს, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ და მწყობრში ჩადგნენ. ჩვენთან ახლა დაიწყო ამგვარი სისულელე. ზოგი ჩემზე იტყვის, დაბერდა და უჟუილებსო (იღიმის), მაგრამ რა სასიამოვნო საყურებელია, სპეციალურად დაგლეჯილი შარვლით სიარული.
- კიდევ რა არ მოგწონთ, ქუჩაში რომ დადიხართ, ბატონო დავით?
- ბევრი რამ... თუნდაც წყვილის ერთმანეთთან დამოკიდებულება ხალხის დასანახად. ბევრჯერ ამაზრზენი საყურებელია, რომ დადგებიან ქუჩაში ჩახვეულ-ჩასკვნილები და არაფერს აქცევენ ყურადღებას! იცით, ესეც თამაშია, მტკიცება იმისა, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვრები აქვს. გულდასაწყვეტია, რომ ყველაფერი თავის სახეს კარგავს, ის, რითაც ჩვენ შეგვეძლო გვეამაყა.
- თქვენ როგორ გიყვარდათ?
- მოწიწებით და ჩარჩოს ფარგლებში. სხვის დასანახად რომ მეკოცნა?! რას ლაპარაკობთ!..
- ბატონო დავით, თეატრალური დაამთავრეთ, მერე რადიოში მუშაობდით, შემდეგ ტელევიზიაში. ფიქრობთ, რომ თქვენი ხმა თქვენს კარიერაში გადამწყვეტი იყო?
- ეტყობა, კი. ჩემი ხმა რომ მიკროფონს არ გამოსდგომოდა, რასაკვირველია, რადიოში არ მიმიღებდნენ. რადიოში 1965 წელს მივედი, კონკურსი გავიარე და დავიწყე მუშაობა. რამდენიმე თვეში ტელევიზიაშიც მიმიწვიეს. იქ საშინლად არ მინდოდა, რადგან რადიოში მეტი გამოხატვის საშუალებაა. ხმის ინტონაციით უნდა გამოხატო ყველაფერი და დაამყარო კავშირი მსმენელთან, ტელევიზიაში კი ეს რთულია, ეკრანზე ჩანხარ, დატვირთვა უფრო მეტად ვიზუალზეა. რამდენიმე წლის განმავლობაში, დილის 6 საათიდან 12-მდე ვმუშაობდი რადიოში, მერე ტელევიზიაში მივდიოდი. ან პირიქით, დღისით ტელევიზია და მერე რადიო. ბოლოს უპირატესობა ტელევიზიას მივანიჭე და რადიოდან წავედი.
- შეიძლებოდა, მსახიობი ყოფილიყავით, ალბათ მაინც გაინტერესებთ ეს სფერო. დადიხართ სპექტაკლებზე?
- იშვიათად... თეატრზე ჩვენს დროს და მის წინა პერიოდში ცოტა სხვა წარმოდგენა გვქონდა. იყო თეატრები თავთავიანთი დასით, უნიკალური მსახიობებით. ჩემთვის რთულია, დღეს მივიდე სპექტაკლზე და შევაფასო. მსახიობებიც სხვანაირად თამაშობენ.
- გოძიაშვილიდან თანამედროვე მსახიობებზე გადართვა გიჭირთ, გასაგებია.
- დიახ, რადგან მე ეს ეტაპები არ გამივლია, ცოტა მბოჭავს.
- მრავალი წელი გაატარეთ რადიოსა და ტელევიზიაში...
- იყო დრო, როცა სახელმწიფო დადგენილებებს 4-5 საათი შეუჩერებლად ვკითხულობდით. განსაკუთრებული სიხშირით ხრუშჩოვი გამოირჩეოდა, ყოველ მესამე დღეს ჰქონდა მოხსენებები, გადაბრუნებული ჰქონდა "შარიკი". ტელევიზიაშიც ეს "ჟანრი" მომეწება და თუ კი რამ ნეგატიური იყო, მე უნდა წამეკითხა. აი, მაგალითად, იყო ასეთი გადაცემა "გზები და გზაჯვარედინები", რომელშიც ქუჩაში მოძრაობის წესებზე იყო საუბარი, ვინ არღვევდა მას და ა.შ. კანონდამრღვევი მძღოლების სახელებსა და გვარებს ვაცხადებდით. კორესპონდენტი ამზადებდა მასალას, რედაქტორი ასწორებდა და ისე მოდიოდა ჩვენამდე.
საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ტელევიზიამ ნელ-ნელა შეიძინა ანგარიშგასაწევი ავტორიტეტი. თავიდან მას უყურებდნენ, როგორც გასართობ საშუალებას, მაგრამ შემდეგში ნელ-ნელა "დასერიოზულდა" და ხელისუფლებაც კი დიდ ანგარიშს უწევდა იმას, რაც ეთერით გადაიცემოდა. რადიოს დღესდღეობით თითქმის დაკარგული აქვს ფუნქცია. ეს ძალიან საწყენია. ადრე დასახელებაც ასეთი იყო, რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტი, შემდეგში პირიქით, ახლა კი საზოგადოებრივი მაუწყებელია.
- გაიხსენეთ ქვეყანა, რომელმაც თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა...
- ასეთი ბევრი იყო, მაგალითად მაროკო. იქ ისეთი ნაგებობებია, გაოცდები, თუმცა ხალხის მასა ძალიან დაბალი დონისაა. ეს ცალკე საუბრის თემაა და შორს წაგვიყვანს, მაგრამ მინდა, პარალელი გავავლო დღევანდელობასთან და ჩვენს განათლების სისტემაზე ვისაუბრო. საბჭოთა სისტემაში განათლების დონე სხვაგვარი იყო, ადამიანი სკოლას რომ ამთავრებდა, ძალიან ღრმა თუ არა, ფართო ჰორიზონტი ჰქონდა და ყველა საგანში მეტ-ნაკლებად კარგად ერკვეოდა. ეს პროფესიის არჩევაშიც ეხმარებოდა. დღეს კი გამოჩნდა, რომ განათლების ის სისტემა სჯობდა. საგამოცდო რესურსცენტრი აცხადებს, რომ წელს აბიტურიენტთა ძალიან დაბალი დონე აღინიშნა.
- თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ზოგადი განათლება არ ამართლებს...
- დამტკიცდა, რომ ზოგადი განათლება უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა, ვიდრე დღევანდელი "ვინეგრეტი". გარდა ამისა, ჩემი აზრით, ახალგაზრდობის გამოთაყვანება უნდათ. კომპიუტერიზაცია დიდი შეცდომაა. ახლა გაკვეთილზე კალკულატორებით სხედან, სექტემბერში თუ კომპიუტერები დაურიგდათ და იმით დაიწყეს სწავლება, ხომ საერთოდ დამთავრებულია!
- ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ. რომელიმეში დარჩენის სურვილი თუ გაგჩენიათ?
- არასოდეს! საშუალება კი არა, მე იძულებულიც კი ვიყავი, ქვეყანა დამეტოვებინა, დაახლოებით ოცი წლის წინ. მე, როგორც ზვიადის მომხრეს, დამდევდნენ კიდეც და მზღუდავდნენ, ბევრი იძულებული გახდა, წასულიყო, სხვა გზა არ ჰქონდათ, მაგრამ მე ამას ვერაფრით ვერ ავიტანდი. ახლაც ფეხით დავდივარ. თუ სადმე არ მაგვიანდება, არავითარ შემთხვევაში ტრანსპორტს არ წავყვები. თვალს უხარია, რადგან ეს ჩემი თბილისია. შეიძლება ვინმემ ჩამორჩენილად, ჩამოწერილად ჩამთვალოს, მაგრამ მე მახარებს ეს ყველაფერი. აქედან წასვლაზე ფიქრი ღმერთმა მაშოროს. შეიძლება, სათქმელად არ ღირდეს, მაგრამ ვფიქრობ ხოლმე, იქნებ, როცა გარდავიცვლები, დამწვან და ჩემი ფერფლი მთაწმინდიდან გადმოყარონ. სამწუხაროდ, ჩვენთან ამის საშუალება არ არის, თორემ...
- რას ბრძანებთ, სიკვდილი ღმერთმა გაშოროთ! მოდით, დღევანდელ ტელესივრცეზეც ვისაუბროთ. ჟურნალისტების მეტყველება მუდმვი განხილვის თემაა...
- ენას ძალიან აგდებულად ექცევიან. ჩვენს დროს ლიტერატურული ენით საუბარს დიდი ყურადღება ექცეოდა. დღეს მიკროფონიდან სლენგი და მახინჯი ქართული ისმის, გაურკვეველი ინტონაციებით ლაპარაკობენ, ინგლისური გავლენით, დაუმთავრებელი წინადადებებით. არადა, ამისთანა ენა გაქვს, სირცხვილი არ არის, ამ ენას არ მოუარო და სხვას შეჰყურებდე თვალებში. ამისთანა სასწაულს ვამახინჯებთ, ეს ენა კი არა, სიმღერაა!..
- ბატონო დავით - მე ასე მოგმართავთ, მაგრამ თქვენ როგორ გირჩევნიათ?
- ოფიციალურად დავითს მეძახიან, მაგრამ როცა სახელს მეკითხებიან, მე ყოველთვის დათოს ვამბობ.
- ბატონო დათო, ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი როდის ყოფილხართ?
- (ფიქრობს) პროფესიული თვალსაზრისით ეს მაშინ იყო, როცა პირველად შევედი რადიოსტუდიაში, ჭკუაზე არ ვიყავი. ვღელავდი, სახლში რომ მომისმენდნენ და რამე თუ არ მოეწონებოდათ, ქოქოლას დამაყრიდნენ. თან პირველად გავდიოდი ეთერში, 22 წლის ვიყავი მაშინ... კიდევ, არასდროს დამავიწყდება 1991 წლის გაზაფხულის პერიოდი, როცა უკვე ჩატარებული იყო არჩევნები და ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ასევე არ დამავიწყდება 1993 წელი, როდესაც ზუგდიდში ბატონი ზვიადის მოთხოვნით ჩავედი და იქიდან ჩავერთეთ თბილისს...
ისე, რა თქმა უნდა, ჩემს პირად ცხოვრებაშიც იყო ბედნიერი დღეები, მაგრამ არ მინდა, ახლა იმას ხომ არ მოგიყვებით, სიდედრი რომ რედიკიულით დამდევდა, დაანებე ჩემს გოგოს თავიო (იცინის)?!
- სასიდედრო ანუ, ჯერ ცოლი არ გყავდათ, მოგვიყევით...
- დიახ, სასიდედრო რედიკიულით დამდევდა. ტელე-რადიოკომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარე ანტონ კელენჯერიძესთან შევიდა - მომაშორეთ ეს კაციო, მაგრამ მერე ისე შევუყვარდი, იქით ეჩხუბებოდა თავის ქალიშვილს და სულ ჩემს მხარეზე იყო. ჩემი მეუღლე დალი ფიცხელაურია, 50 წელია ერთად ვართ. აბა, ასეა საქმე (იღიმის). ორი შვილი გვყავს - ნინო და გიორგი, უკვე 2 შვილთაშვილიც. ახლა ქუჩაში რომ მეტყვიან, რა კარგად გამოიყურებიო, მიკვირს, კაცო, რა გინდა, კუბოში ხომ არ ვიწვები-მეთქი (იცინის). ისე, ჯანმრთელობას არ ვუჩივი.
- ფეხით სიარულითაც უწყობთ ხელს...
- ეტყობა, თან მე მთელი ცხოვრება ვნადირობდი და ვთევზაობდი. კვირაში ორი დღე საამისოდ მქონდა გამოყოფილი. ბევრგან მითევზავია, სენეგალშიც.
- იქ რა თევზი მოდის?
- იქ ოქტომბერში ვიყავი, როცა ქაშაყი ქვირითის დასადებად ემზადება. სასწაულია, როცა ქაშაყის მიგრაცია იწყება, თევზის ისეთი ტალღა მოდის, რომ გემებს პორტში შესვლა ეკრძალებათ. იმდენი თევზი მოდიოდა, იქაურობას 24 საათის განმავლობაში ვერ მოვწყდი. გასაკვირი კიდევ ისაა, რომ იქ დღე საშინელი სიცხეა - 50-55 გრადუსი, მაგრამ ღამით დაახლოებით 10 საათიდან აგრილება იწყება და შუაღამისას უკვე საკმაოდ ცივა. ახლოა საჰარის უდაბნო. სათევზაოდ ღამითაც დავრჩი და შემცივდა. საშინელი აზარტია, ავადმყოფობა... ღამით უდაბნოდან სროლის მაგვარი ხმა მესმოდა. როგორც მეორე დღეს გავიგე, ტემპერატურის ასეთი ცვალებადობა ქვების დასკდომას იწვევდა. იმ ღამის მერე იცოცხლე, სიცხემ 39 გრადუსამდე ამიწია და მესამე დღეს თბილისში გამომაფრინეს.
- რაც შეეხება ნადირობას. მონადირეებმა ხშირად იციან ტყუილები, სამი დათვი ერთად მოვკალიო და ა.შ...
- ჰო, თუ არ მოიტყუე, აბა, ნადირობას რა აზრი აქვს (იცინის)?
- თქვენ ნუ მომატყუებთ, რაზე ნადირობდით?
- რა თქმა უნდა, ძირითადად ფრინველზე. თოფების შესანიშნავი კოლექცია მქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, ბინასთან ერთად დამეწვა. ერთხელ სვანეთში ვიყავით სანადიროდ. იქით მაღალი ჟოლოს ბუჩქებია, რომელზეც მსხვილი ნაყოფი იზრდება. დავიწყე ჭამა და ნელ-ნელა სიღრმეში შევყევი. ამ დროს ერთმა იქაურმა მონადირემ აფასი გუჯეჯიანმა მომაძახა, დათო, ტყეში ღრმად არ შეხვიდე, თორემ გამაძღარმა დათვმა იცის მანდ ძილიო (იცინის). საკმაოდ ღრმად ვიყავი შესული, ადრე კი არ გამაფრთხილა.
- თოფების კოლექცია თქვენ შეაგროვეთ?..
- კი, ჩემი შეგროვებული იყო. მხოლოდ ერთი მისახსოვრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვარლამ შადურმა. იცოდა, ნადირობა რომ მიყვარდა და "კარაბინი" მაჩუქა. ისიც დაიწვა, მაშინ შევჩენკოზე ვცხოვრობდით, პირველი სკოლის უკან.
- ბატონო დათო, ყველაზე მეტად გული რაზე გწყდებათ?
- წლებზე.
- რამდენი წლის ხართ?
- უფ, მაგას ვერ გეტყვით (იღიმის)... 74-ის ვხდები ნოემბერში. კი, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ნებიმიერ ასაკში ძალიან დიდ როლს თამაშობს ეკონომიკური მდგომარეობა. ნურავინ იტყვის, მთავარი იდეალებიაო, რა თქმა უნდა, იდეალების გარეშე ადამიანი ფუტუროა, მაგრამ როცა ამ იდეალებისთვის ვერ იცლი, იმიტომ რომ ეკონომიკური მდგომარეობა ხელს არ გიწყობს, ძნელია, მაღალ მატერიებზე იფიქრო. თუმცა მეც და სხვაც, ვინც მიცნობს, იტყვის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის გამო ჩემი იდეალებისთვის ზურგი არ შემიქცევია. სულსაც ისე დავლევ, რა გზაც ზვიადმა მე და ჩემს თანამოაზრეებს გვიჩვენა.
- შეგიძლიათ თქმა, რომ იღბლიანი ხართ?
- კი, იმიტომ რომ ისეთ რამეებს მოვესწარი, თუნდაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თამამად შემიძლია თქმა, რომ იღბლიანი ვარ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)