ავტორი:

ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ -  "ელენის შოუ" შესაძლოა დაიხუროს

ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ -  "ელენის შოუ" შესაძლოა დაიხუროს

ელენ დეჯენერესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეწამყვანია, რომელსაც გლობალური მასშტაბით, მილიონობით მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. ადამიანებს ელენი იმიტომ უყვართ, რომ ის გამოირჩევა გულწრფელობით, მხიარულებით, კარგი დამოკიდებულებით, ეკრანიდან ჩანს, რომ უყვარს ადამიანები და კეთილგანწყობილია გარშემო მყოფთა მიმართ.

თუმცა, როგორ მისი ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლები ამბობენ, ეს მხოლოდ ნიღაბია და როდესაც კამერა გამორთულია, ელენ დეჯენერესი სულ სხვანაირი ხდება. ის გამოირჩევა ხელქვეითებისადმი უხეში, დამამცირებელი და დისკრიმინაციული დამოკიდებულებით.

აღნიშნულის შესახებ უკვე ხმამაღლა საუბრობენ, დაწყებულია გამოძიებაც და სკანდალში გახვეული ტელეწამყვანის კარიერა საფრთხეშია. დასავლურ მედიაში უკვე არაერთი სტატია დაიწერა იმის შესახებ, რომ "ელენის შოუს“ დახურვა ემუქრება.

ყველაფერი 2020 წლის მარტში დაიწყო, როდესაც კომიკოსმა კევინ თი პორტერმაTwitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მიმდევრებს სთხოვდა, დაეწერათ ელენთან დაკავშირებული ის ისტორიები, რომლებიც ტელეწამყვანის რეალურ ხასიათს გაუსვამდა ხაზს.

კევინის პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. კომენტარებში ელენის შოუს ყოფილი თანამშრომლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც შოუს ერთხელ მაინც მაყურებლის რანგში დასწრებიან, ელენთან დაკავშირებულ არაერთ უსიამოვნო ფაქტს იხსენებდნენ.

კომენტარებს ამჟამინდელი თანამშრომლებიც წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე მათ არ იცოდნენ რა ელოდათ, მიიღებდნენ თუ არა ანაზღაურებას, გააგრძელებდნენ თუ არა მუშაობას. მათი თქმით, აღნიშნულის შესახებ არავინ ესაუბრებოდა და სრულ გაურკვევლობაში იყვნენ.

ასევე, ყოფილი თანამშრომლები წერდნენ, რომ მათ საშინელ გარემოში უწევდათ მუშაობა. ხელმძღვანელი პირები შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლებს ცუდად ექცეოდნენ. ყოფილი თანაშმრომლები ელენს დისკრიმინაციულ ქმედებებში ამხელენ.

გარდა თანამშრომლებისა და ყოფილი თანამშრომლებისა, ელენს მაყურებლებიც აუჯანყდნენ. პანდემიის დროს, როდესაც მან სახლიდან წაიყვანა გადაცემა, სახლში ყოფნა ციხეში ყოფნას შეადარა, რის გამოც მაყურებელთა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა და ელენის ამგვარი განცხადება შეუფერებელ ხუმრობად მიიჩნიეს, რადგანაც, რეალურად ის მდიდრულ ვილაში ცხოვრობდა, ციხეში კი ადამიანები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.

ელენის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას რასისტული დამოკიდებულებები ჰქონდა, ხოლო მაყურებელთა აზრით, მისი შოუები სავსე იყო დისკრიმინაციული ხუმრობებით სხვადასხვა უმცირესობების მიმართ.

  • ზარი სტივ ჯობსთან

ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ელენი ყოველთვის ცდილობს თავისი პრივილეგიების გამოყენებას და ამის მაგალითად მოჰყავთ ამბავი, რომლის მიხედვითაც, ერთხელ მან სტივ ჯობსს დაურეკა და უსაყვედურა "აიფონის“ გამო.

Insider.com-ის მიხედვით, ელენის შოუს ყოფილი პროდიუსერი იხსენებს, რომ ერთხელ ელენმა სტივ ჯობსს დაურეკა იმის გამო, რომ თავის "აიფონზე" შესულ შეტყობინებებს ვერ კითხულობდა. სტივს კი საყვედურის სათქმელად დაურეკა.

"მან შეწყვიტა ყველანაირი საქმე და სტივს დაურეკა საყვედურის სათქმელად“, -იხსენებს პროდიუსერი, თუმცა არ იცის, რა რეაქცია ჰქონდა თავად სტივს ამაზე.

ის ასეთია, თავის პრივილეგირებულ ჩარჩოებში ცხოვრობს და არ იცის რეალური სამყარო როგორია - ამბობს პროდიუსერი.

"გგონიათ, ის ისეთივე სასიამოვნო ადამიანია, როგორც ეკრანზე? - არა. მაღიზიანებს, რომ საზოგადოება მას ტკბილ, მხიარულ ადამიანად ხედავს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა“, - ამბობს ელენის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი.

ასევე, ელენს ადანაშაულებენ, რომ ის უხეშია ხელქვეითებთან ურთიერთობის დროს. ელენის დაცვის ყოფილი წევრი, ტომ მაჯერჩაკი კი იხსენებს, რომ მას ტელეწამყვანი გამარჯობასაც კი არასდროს ეუბნებოდა. "მე მას ვიცავდი, ყველგან თან დავყვებოდი, ვზრუნავდი მის ოჯახზე, თუმცა არასდროს უთქვამს ჩემთვის გამარჯობაც კი“, - ამბობს ტომი.

მსგავსი სკანდალური განცხადებების შემდეგ, ელენ დეჯენერესმა ბოდიში მოიხადა და განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარს "სამწუხარო“ უწოდა და განმარტა, რომ მას თანამშრომლებისთვის სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნა სურდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი უწყება შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ელენს დისკრიმინაციული დამოკიდებულება ხელქვეითებთან.

ორი დღის წინ "ელენის შოუსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა The Sun-ის ცნობით, ელენი აღარ იქნება შოუს წამყვანი და მას არანაკლებ წარმატებული და პოპულარული ტელეწამყვანი, ჯეიმს გორდონი ჩაანაცვლებს, თუმცა ინფორმაცია კატეგორიულად უარყო შოუს პროდიუსერმა, რომელიც ასევე უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ ელენის შოუს დახურვა იგეგმება.

ნეთანიაჰუს გაფრთხილება: "ვთქვი, რომ "ჰამასსა" და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით, ეს ჯერ არ მორჩენილა"

პანდემიის მეორე წელს უფრო მაღალი იქნება კორონავირუსით სიკვდილიანობა, ვიდრე პირველ წელს იყო - ჯანმო-ს შემაშფოთებელი პროგნოზი

ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა