თინა კანდელაკმა ილია ჭავჭავაძეს შვილი "აღმოუჩინა"?!

თინა კანდელაკმა ილია ჭავჭავაძეს შვილი "აღმოუჩინა"?!

ამ პაპანაქება ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ დღეს ცნობილმა ტელეწამყვანმა დასიცხულ მოსკოველებს სპეციალური ლანჩი შესთავაზა, რომელიც მისი პირველი სარესტორნო პროექტის - "თინათინის" გახსნას მიეძღვნა.

ოფიციალური საზეიმო გახსნა ოქტომბერში შედგება, ჯერ რესტორანი მხოლოდ საცდელ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ მისი კარი ყოველთვის ღია იქნება მშიერი სტუმრებისთვის. "ეს ოჯახური რესტორანია, - თქვა თინამ, - აქ აუცილებელი არ იქნება საზეიმო კოსტიუმებსა და ძვირფას ბრილიანტებში მოსვლა, აქ უბრალოდ უნდა მოხვიდე, გემრიელად მიირთვა და სასიამოვნოდ გაატარო დრო ნათესავებთან ან მეგობრებთან".

საზაფხულო ბაღის მყუდრო ადგილებში მაგიდები გემრიელი კერძებით იყო სავსე. თინა პირადად უკეთებდა კომენტარს ქართული სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შეფმზარეულმა დედამისის რეცეპტების მიხედვით დაამზადა.

"ქართული სამზარეულო საშიშია კალორიულობის მხრივ, - გააფრთხილა თინამ სტუმრები პრეზენტაციის დასაწყისშივე, - მაგრამ ძალიან გემრიელი და მრავალფეროვანია. მასში არის მაღალკალორიული ხაჭაპურიც, სხვათა შორის, ჩემი საყვარელი - იმერული. და არის მსუბუქი ბოსტნეულის კერძებიც. ქართულ მენიუში ასევე იხილავთ როგორც თევზის, ისე ხორცისგან დამზადებული კერძებს... საცივი ალბათ ყველაზე პოპულარული ქათმის კერძია, მაგრამ მე ვეგეტარიანელი ვარ და ჩემს ოჯახში მას თევზისგან ამზადებენ. თუ დესერტებზე ვილაპარაკებთ, ეს ალბათ ჩემთვის ბავშვობიდან საყვარელი კაკლისა და საზამთროს მურაბაა. ყოველთვის, როცა დედა საზამთროს ჭრის, ამბობს, რომ მას კარგი ქერქი აქვს და მისგან კარგი მურაბა გამოვა".

თინამ აღიარა, რომ გარკვეული კერძების მომზადება თვითონაც იცის. "მიყვარს მზადება და მასპინძლობა, მაგრამ ჩემთან სამზარეულოში ჩემი ქალიშვილი დიასახლისობს. მე ამის დრო არ მრჩება. სამაგიეროდ, ახლა საკუთარი რესტორანი მაქვს, სადაც ყველას გამასპინძლებას შევძლებ". და ბოლოს დასძინა: "ახლა ისეთი სიცხეა, რომ ყველაფერი თავისთავად იწვის, ამიტომ ნუ იფიქრებთ კალორიებზე და გემრიელად მიირთვით".

თინა თვითონაც მიუჯდა სუფრას სტუმრებთან ერთად და ძირითადად ბოსტნეულის კერძები დააგემოვნა - ნიგვზიანი ბადრიჯანი და მხალეული.

სხვათა შორის, მისი ვეგეტარიანელობის შესახებ რუსეთში ხუმრობდნენ, რომ თინა ხორცს კბილში ჩასმული ბრილიანტის გამო არ ჭამდა - ღეჭვისას არ ამომვარდესო. ამ ბრილიანტზეც ბევრი მითქმა-მოთქმა გაჩაღდა, მერე კი თინამ თვითონ აღიარა, რომ მართლაც აქვს ერთ კბილში ბრილიანტის იმპლანტანტი. ერთკარატიანი ბრილიანტი მისი ყოფილი ქმრის ანდრეი კონდრახინის საქორწილო საჩუქარია - კონდრახინს, რომელიც თავად არის მოსკოვის ერთ-ერთი ელიტური სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელი, ცოლის კბილში ჩასმული ბრილიანტი 30 ათასი დოლარი დაუჯდა.

თინა, როგორც ჩანს, ძალიან კარგად ერკვევა ქართულ სამზარეულოში და რესტორნის ბიზნესიც სავარაუდოდ კარგად წაუვა, თუმცა ამასვე ვერ ვიტყვით მის განსწავლულობაზე საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაში. ამას წინათ ფეისბუქზე გავრცელდა მისი გამონათქვამი, სადაც თინა ამბობს, რომ ნინა გრიბოედოვა ილია ჭავჭავაძის შვილია. თანაც, ამას ისეთი დარწმუნებით აცხადებს, რომ შეიძლება, პირველი წაკითხვისას ადამიანს ეჭვიც კი შეეპაროს, ხომ არ "აღმოუჩინა" თინა კანდელაკმა შემთხვევით შვილი ილია ჭავჭავაძეს. მთელ საქართველოს, იმედია, მოეხსენება, რომ მას და ოლღა გურამიშვილს შვილი არ ჰყავდათ.

როგორც ამბობენ, თინა კანდელაკს დიდი სურვილი აქვს, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. სამზარეულოში ტრიალი ყველა ქალს უნდა ეხერხებოდეს და რესტორანიც, სადაც ქართული კერძებია, კარგია, მაგრამ თუკი პოლიტიკურ ცხოვრებას გეგმავს, ცნობილმა ტელეწამყვანმა ალბათ უფრო მეტად უნდა ჩაიხედოს წიგნებში და იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია და ის ადამიანები, რომლებმაც ეს ისტორია შექმნეს.

.  .  .

... но если спросить Джорджа Буша, кто такой Илья Чавчавадзе, он ни сном, ни духом этого не знает – и я его в этом не упрекаю, потому что это другой мир. Другая планета.

А если я спрошу вас, кто такой Чавчавадзе, вы отлично это знаете, Илья Чавчавадзе – отец Нины Грибоедовой, а Нина Грибоедова – жена Александра Грибоедова...

Тина Канделаки

მოამზადა ლელა ზურებიანმა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები