ავტორი:

"ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა ისე, როგორც პაციენტმა იცოდა" - რას ამბობენ საავადმყოფოს იურისტები

"ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა ისე, როგორც პაციენტმა იცოდა" - რას ამბობენ საავადმყოფოს იურისტები

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტის, ნუცა ბურდულაძის განცხადებით, კლინიკის დირექტორისა და ორი ექიმის მიმართ წარდგენილ ბრალს დაცვის მხარე არ ეთანხმება. როგორც ბურდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია საგამოძიებო უწყების მიერ ინტერპრეტირებული სახით გავრცელდა და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამწუხაროდ, ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია.

„თბილისის ცენტრალურ სავადმყოფოში" დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა და მათ არაერთი ოპერაცია ჩაატარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობდნენ ოპერაციაში ისევე, როგორც ეს ცნობილი იყო პაციენტისთვის და მისი კანონიერი წარმომადგენლებისთვის. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბურდულაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდათ თუ არა ქართველ ექიმებს შესაბამისი ლიცენზია ოპერაციის ჩასატარებლად, აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკის იურისტი აცხადებს, რომ „შესაბამისი ორგანოები მოიკვლევენ ინფორმაციას და დადებენ დასკვნას“.

დაკავებული ექიმების ადვოკატის სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, ოპერაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაატარეს, ოღონდ იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით, რაც პაციენტმა იცოდა.

როგორც სალომე ჯანუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ და პროკურატურის განცხადებას არ ეთანხმებიან.

„მათ აქვთ სიმართლე, რომ იტალიელი ექიმები არაერთხელ იყვნენ ჩამოსულები საქართველოში და არაერთი წარმატებული პროექტი ჩაატარეს მათ ერთად. იმ სამედიცინო პროცედურებს, რა თქმა უნდა, თვითონაც ესწრებოდნენ. მე არ გადმომცემია საქმის მასალები და ის, რაც ბრიფინგზე გაჟღერდა, მარტივად რომ ვთქვათ, არასწორია. ეს ყველაფერი გაკეთდა იტალიელი ექიმების ჩართულობით, თანდასწრებით, მეთვალყურეობით, როგორც ეს იყო განსაზღვრული და როგორც პაციენტი იყო ინფორმირებული.

პროკურატურამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სხვა მოლოდინი გაუჩინეს პაციენტს და იყო სხვა, ეს არის არასწორი. პაციენტს რა პროცედურის მოლოდინიც ჰქონდა და ვის მიერაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩატარდებოდა, ზუსტად ისე წარიმართა პროცედურა, ანუ მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა, ისე როგორც პაციენტმა იცოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაკავებულ ექიმებს ლიცენზია აქვთ.

„საქმის მასალებში დევს, რომ იტალიელი ექიმები იყვნენ ჩამოსულები, ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკაში იყვნენ მივლინებული, ესწრებოდნენ და კონსულტაციებს უტარებდნენ ექიმებს და ესწრებოდნენ პროცედურებს. ეს უკვე დადასტურებულია და დევს საქმის მასალებში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

"ოჯახს მინდა ბოდიში მოვუხადო... მთავარი ჩემთვის რაც იყო, ბავშვი გადარჩა" - რა განაცხადა სასამართლოზე მისულმა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ?

"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია" - ადვოკატი

პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა