ავტორი:

ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვე კომაშია - ექიმების სკანდალური დაკავების ახალი დეტალები

ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვე კომაშია - ექიმების სკანდალური დაკავების ახალი დეტალები

AMBEBI.GE -ს ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს და 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია, 25 წლის ნათია ცირეკიძეა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონა ხერხემლის პრობლემებს უჩიოდა, რის გამოც 2018 წელს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა. მას ერთი თვის შუალედით ორი ოპერაცია ჩაუტარდა. განმეორებითი ქირურგიული ჩარევისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი AMBEBI.GE -სთან საუბარში აცხადებს, რომ პაციენტს უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა.

"უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ე.წ კუნთის მოდუნების ოპერაცია ჩატარდა. არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ რომ აცხადებს ზოგიერთი უდანაშაულოები არიანო, რეგულირების სააგენტოს დოკუმენტზე რას იტყვიან?!

ხომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლება. თქვენ რომ ჟურნალისტმა ჩაატაროთ ოპერაცია, არ დაისჯებით?! 20 თვეა ანგელოზივით გოგო კომატოზურ მდგომარეობაშია. წევს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. საოცარი გოგონაა. წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული ყველაფერი.

ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. ხერხემალმა შეაწუხა და მიმართა ამ სამედიცინო დაწესებულებას. ფაქტია, რომ არასწორად ჩაუტარეს ოპერაცია, რადგან ეს გოგონა კომაშია ახლაც. ნუ გადაიყვანენ ოჯახს ჭკუიდან, ყველაფერს აქვს ზღავრი. ისედაც 20 თვეა ასეთ მდგომარეობაში უყურებენ ამ გოგონას" - გვეუბნება ადვოკატი.

იმას, რომ ბრალდებულ პირებს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლება არ გააჩნდათ, AMBEBI.GE -სთან ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი ინგა პაიჭაძე.

"საკითხის შესწავლა დავიწყეთ პაციენტის მშობლის მომრთვის საფუძველზე, 2018 წლის აპრილში, საქმის მიმდინარეობის პროცესში ასევე შემოვიდა მომართვა პროკურატურისგან. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება ორჯერ. ორივე შემთხვევაში პაციენტს ქირურგიული დახმარება გაეწია უცხოეთის მოქალაქე პირის მიერ, რომელიც არ ფლობს შესაბამის სერთიფიკატს ქირურგიულ საქმიანობაში.

სააგენტოს მიერ კომპატენციის ფარგლებში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საერთო სანებართვო პირობების დარღვევის თაობაზე და ოქმი გაიგზავნა სასამრთლოში. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლომ სამედიცინო დაწესებულებას დაუწესა ჯარიმა. რაც შეეხება საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, მათ არ ჰქონდათ სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში "ორთოპედია-ტრავმატოლოგია", რის გამოც სააგენტოს მიერ დაისვა ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი" - განუცხადა ინგა პაიჭაძემ AMBEBI.GE

როგორც ნათია ცირეკიძის მეგობარი ნინუცა ბრაჭული ამბობს, გოგონას ოპერაციამდე ხერხემლის ტკივილები აწუხებდა.

"ნათია ჩემი თანამშრომელი იყო, ერთად ვმუშაობდით ბანკში. უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე მუშაობდა. უნიჭიერესი გოგოა. უნივერსიტეტიდან ერთად მოვდივართ და შემდეგ სამსახურშიც ერთად აღმოვჩნდით.

ხერხემალზე ჰქონდა ტკივილები და ლაზერით უნდა მოეწვათ, რაც სექტემბერში უკვე გაუკეთეს და განმეორებითი მოწვა უნდა გაეკეთებინათ დეკემბერში, რის შემდეგაც კომაში ჩააგდეს. ჩვეულებრივი შოკი მქონდა, რომ დამირეკეს და შემატყობინეს კომაში ჩაუვარდათო, როცა ოპერაცია მაქსიმუმ 1 საათს უნდა გაგრძელებულიყო და ველოდებოდი ზარს მისგან, რომ დამირეკავდა და მეტყოდა ყველაფერმა კარგად ჩაიარაო“ - ამბობს პაციენტის მეგობარი ჩვენთან საუბარში.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ლაგოდეხის პოლიციამ დააკავა პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიმალვა სცადა

ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?