ავტორი:

"ყველა კანდიდატი მომწონს. უმრავლესობასთან მაკავშირებს ახლო ურთიერთობები" - მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი ქალი და ისიც ზარდიაშვილის  რჩევით?

"ყველა კანდიდატი მომწონს. უმრავლესობასთან მაკავშირებს ახლო ურთიერთობები" - მაჟორიტარობის ერთადერთი კანდიდატი ქალი და ისიც ზარდიაშვილის  რჩევით?

მიუხედავად იმისა, რომ ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა პარლამენტიც და თითქოს პოლიტიკაც, ამბობენ, რომ ის ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემას შორის ურთიერთობაში კვლავაც მთავარი რგოლია. მოგეხსენებათ, სასამართლო სისტემასთან მის კავშირებზე დიდი ხანია ლაპარაკობენ.

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2016 წელს გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილად დღემდე მოიხსენიებს. მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია კი ამტკიცებდა, რომ ის უვადოდ დასანიშნი მოსამართლეთა პირველი ათკაციანი სიის გატანას ცდილობდა პარლამენტში.

როცა ბესელიამ მოსამართლეთა სიის გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ ზარდიაშვილის გადადგომას ელოდებოდა, რადგან არ სურდა მისთვის თანამდებობის დატოვება. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებებმა და დაპირისპირებამ იმატა. ზარდიაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტიდან წავიდოდა, თუ ბესელიაც იტყოდა უარს მანდატზე.

2019 წლის სექტემებრში პარლამენტში, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობას" ანგარიშში ვკითხულობთ:

"2015 წელს ლევან მურუსიძის ბრძანებით, მაშინდელი გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. თავად ზარდიაშვილი სასამართლოს ყოფილი მოხელე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2012 - 2013); თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010 - 2012)) იყო და მას კლანის წევრებთან ახლო ნათესაურ-მეგობრული კავშირები აქვს. კერძოდ, ზარდიაშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან".

2017 წელს იუსტიციის საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა, მისი მეუღლეც კვლავინდებურად ინარჩუნებს თანამდებობას იუსტიციის საბჭოში, შესაბამისად, ზარდიაშვილის გავლენა სასამართლო სისტემაზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გაიზარდა და არა შემცირდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზარდიაშვილი იკავებს სახელმწიფო კომპანია "ენერგოტრანსის" დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ის კვლავაც აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატების ლობირებაში, მეტიც, ამ სიაში გარკვეული კვოტაც კი მისცეს. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვინც ზარდიაშვილის კადრად მიიჩნევა, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ერთადერთი ქალი - ნინო ლაცაბიძეა.

ნინო ლაცაბიძე დაბადებულია 1985 წელს. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებებს (ბაკალავრი), ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც საბანკო საქმის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - საჯარო მმართველობისა და ბიზნესინჟინერიის მიმართულებით.

ჰყავს მეუღლე ვაჟა ბრაგვაძე და 4 შვილი.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ის, ზარდიაშვილის ლობირებით, ჯერ თბილისის საკრებულოში მოხვდა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ახლა კი "ოცნებამ" უკვე რუსთავში წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატად. მას რუსთავში, ფაქტობრივად, არ იცნობენ, მეტიც, ოლქში, სადაც "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძე აპირებს კენჭის ყრას, მმართველი პარტიის პარტიული აქტივი ფრიად შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა ამ ოლქის დათმობა მოუწიოთ. ამისგან თავის დაზღვევად, ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სიაში ჩასვას რუსთავში ცნობილი და გავლენიანი ადამიანი, ვინც ლაცაბიძეს წინასაარჩევნოდ "ჩაიბამს".

არის თუ არა ლაცაბიძე ზარდიაშვილის პროტეჟე?

AMBEBI.GE ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ვანო ზარადიაშვილს დაუკავშირდა. "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მას ახლო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებთან. კონკრეტულად ნინო ლაცაბიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"მე პოლიტიკაში არ ვარ და კომენტარებს საერთოდ არ ვაკეთებ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი ძალიან მომწონს. მათ უმრავლესობასთან მაკავშირებს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობები. მეტ კომენტარს არ ვაკეთებ", - გვითხრა ვანო ზარდიაშვილმა.

ანა გიორგაძე

მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან  - შეიძლება პუტინმა ლუკაშენკოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც მოსთხოვოს?

არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

LIVE - Newsroom-ის სტუმარები არიან ლევან კობერიძე და ანა დოლიძე