ავტორი:

მოქალაქეებზე ზრუნვა თუ საარჩევნო მოსყიდვა? - რა შეიძლება დავინახოთ თუ პრემიერ გახარიას "თვალებში ჩავხედავთ"?

მოქალაქეებზე ზრუნვა თუ საარჩევნო მოსყიდვა? - რა შეიძლება დავინახოთ თუ პრემიერ გახარიას "თვალებში ჩავხედავთ"?

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო პანდემიის პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით დაწყებული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილი წარადგინა. გახარიას თქმით, ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300 - ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ამ დახმარებას უპირობოდ მიიღებს. ასევე ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში და თებერვალში 200 კილოვატსაათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ კომპენსირებული იქნება.

ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, 150 000 ქულამდე კატეგორიაში კი მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ. შეღავათებით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.

17 წლის ჩათვლით თითოეულ მოზარდს, სოციალური სტატუსისა და რაოდენობის მიუხედავად, ერთჯერადად 200 ლარი დაერიცხება. არასრულწლოვნები დახმარებას 15 სექტემბრამდე მიიღებენ. პრემიერის თქმით, სოციალური დახმარების ბიუჯეტი არის 410 მილიონი ლარი

სოციალური გეგმის წარდგენამ პოლიტიკურ ასპარეზზე არაერთგვაროვანი რეაქცია უკვე გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" სოციალურ პროექტებს "შირმად" იყენებს, სინამდვილეში კი, არჩევნებამდე სამი თვით ადრე ასეთი საყოველთაო ფულადი დახმარება სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ამომრჩევლების მოსყიდვას.

"ქართულმა ოცნებამ" თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველო და მისი მოქალაქეები. ამ ფონზე, გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი", - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილი.

"დამანახეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტი სოციალური დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, განათლება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში სოციალური გეგმის კრიტიკა რთულია, თუმცა, ამ ეტაპზე რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, ყველა ნაბიჯი წინასაარჩევნო პიარსვლად ჩაითვალება.

"ნებისმიერი სვლა დღეს, მთავრობას შესაძლოა ისე ჩაეთვალოს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯი. ამ შეფასებაში რეალობის რაღაც პროცენტი ნამდვილად არის, მაგრამ, აბა, ახლა სხვაგვარად შევხედოთ. დენთან და გაზთან დაკავშირებით დაწესებული შეღავათების გაგრძელებას მთელი ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება მოითხოვდა და ეს გაიზიარა მმართველმა ძალამ".

ძაბირაძე აღნიშნავს, რომ სოციალური შეღავათები ამომრჩევლებზე გავლენას ნამდვილად მოახდენს, მაგრამ არ არის 200 ლარი ის თანხა, რომლითაც შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველი იმდენად იყიდოს, რომ მხოლოდ ამან განაპირობოს მისი გამარჯვება. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მთელი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, არც ლიდერი ჰყავს და არც ერთიანი პირი აქვს, ჩემი აზრით, სწორედ ეს გახდება იმის მიზეზი, რომ 30 ოლქიდან 26-27 ოლქში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი გაიმარჯვებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, პრემიერის მიერ წარდგენილი ყველანაირი დახმარება დიდწილად საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადებისგან ფინანსდება, ისედაც გაღარიბებულ ქვეყანას კი საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მძიმედ დააწვება და შესაძლოა, ეკონომიკური კოლაფსის მომსწრეებიც გავხდეთ.

"ეს არ არის ეკონომიკური გეგმა, ეს არის სოციალური დახმარების პროგრამა, რისი კრიტიკაც ძალიან რთულია. კი ბატონო, რომ იყოს პოლიტიკური მოტივით და მოსყიდვის ნიშნებსაც რომ შეიცავდეს, არც ერთ მოქალაქეს არ გვაქვს მორალური უფლება იმისა, რომ ხელისუფლება ამის გამო ვაკრიტიკოთ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ასეთი ტოტალური გაჭირვებაა.

სხვა კითხვები მიჩნდება, საიდან მოაქვთ ეს ფული? ეკონომიკა ისედაც იკლებს. ხელისუფლება გარკვეულწილად ჩვენი გადახდილი გადასახადების მენეჯმენტს ახორციელებს. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ შემოსავლები რომ იკლებს ქვეყანაში და ესენი ხარჯებს რომ ზრდიან, რას აპირებენ?

ჯობს მუდმივად თევზის გადაგდებას, ერთხელ ანკესი მიაწოდონ ქართულ ეკონომიკას რომ თვითკმარნი გავხდეთ, ქვეყანამ შეძლოს ყველა სოციალური ვალდებულების შესრულება და არა ეკონომიკიდან ბოლო კაპიკების გამოშიგვნით ძალაუფლების შენარჩუნება."- აცხადებს გია ხუხაშვილი AMBEBI.GE- სთან საუბარში.

17 წლამდე მოზარდების ერთჯერადად 200 ლარით დახმარებას ექსპერტი არ მიესალმება.

"წინააღმდეგი ვარ ასეთი ტოტალური დახმარებების, უნდა არსებობდეს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება სეგრეგირება. უნდა დაეხმარო იმას, ვისაც სჭირდება და არა იმას, ვინც სხვას უნდა ეხმარებოდეს. ტექნიკურად შეიძლება რთული იყოს ამის გაკეთება, მაგრამ როდესაც ხელს ჰკიდებ ასეთ სოციალურ პროგრამას, ჯობია დახმარება მიზანმიმართული იყოს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

თეონა რამაზაშვილი