ავტორი:

"მამაჩემი მოიშორეს  და საქმე შეკერეს" - რას ყვება სანდრო სანაია მამაზე, საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაზე?

"მამაჩემი მოიშორეს  და საქმე შეკერეს" - რას ყვება სანდრო სანაია მამაზე, საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაზე?

26 ივლისი ყველასთვის საყვარელი ჟურნალისტის გიორგი სანაიას გარდაცვალების დღეა... უკვე 19 წელი გავიდა, მაგრამ ეს დღე მაინც ტკივილიანია. გიორგის შვილი - სანდრო უკვე 24 წლის არის და ისიც "რუსთავი 2"-ში მუშაობს, მაგრამ ის აქტიურ ჟურნალისტიკას არ მიჰყვება, რასაც მისი მამა გიორგი ემსახურებოდა. სანდრო დილის გადაცემის წამყვანია, ასევე მიჰყავს სხვადასხვა ტელეპროექტი. მამაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველაფერი ბუნდოვნად და შეწებებული მოგონებებივით ახსოვს, რომ კადრებადაა დაშლილი მამასთან დაკავშირებული ეპიზოდები.

"ძალიან პატარა ვიყავი... მერე ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, ჩემები არაფერს მაკლებდნენ. დავდიოდი სკოლაში, მერე - უნივერსიტეტი. ალბათ ყველაფერი ისე იყო, როგორც რიგითი ბავშვისა და სტუდენტის ცხოვრებაში", - გვიყვება სანდრო სანაია.

- მამა რომ არ იყო შენ გვერდით, ეს რა ემოციას იწვევდა?

- სევდიანი მომენტი იყო, თუმცა ჩემამდე ეს ისე მოიტანეს და ისე ამიხსნეს, რომ ტრავმა არ მოუყენებიათ. ყველაფერი რაღაცნაირად შეგუებულად იყო, არც არავისზე ვბრაზობდი და არც არავისზე ვიბოღმებოდი. ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ დედაჩემი ჩემ გვერდით იყო, ბიძები და სხვებიც არაფერს მაკლებდნენ...

- როდესაც უკვე გაიზარდე, რას მიხვდი?

- მივხვდი, რომ მამაჩემი მოიშორეს, როგორც ამ ქვეყანაში არაერთი მოუშორებიათ და საქმე შეკერეს, - მიჭრეს, მოჭრეს ისე, როგორც აწყობდათ...

- ქართულ ჟურნალისტიკაში გიორგი სანაიას მსგავსი პროფესიონალი მეცოტავება. როდესაც მის ჩანაწერებს უყურებ, შენ რას ფიქრობ?

- პროფესიონალი იყო, რასაც სჭირდება - ნიჭი, შრომა, მონდომება, - ყველაფერი ერთად, ასევე საქმის მიმართ სიყვარული, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, სჭირდება ის, არ გაიყიდო!..

- თსუ-ში ზუსტად ის ფაკულტეტი დაამთავრე, რაც გიორგიმ?

- კი, იგივე ფაკულტეტი დავამთავრე, რაც მან დაამთავრა - ჟურნალისტიკა, თსუ, მეექვსე კორპუსი - აქ მიიღო მანაც ჩემსავით განათლება...

- ალბათ ამიტომაც მიიღე ეს გადაწყვეტილება?

- მოვიტყუები, რომ ვთქვა, ამან გავლენა არ იქონია-მეთქი. ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და ცხადია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო.

- ისე, ვახო სანაიამაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო წლების წინ, როცა ზუსტად იქ სწავლობდა, სადაც გიორგი...

- ვახო სადაც ახლა არის და რასაც აკეთებს, ზუსტად აქედან გამომდინარეა...

- როგორ ფიქრობ, სწორი არჩევანი გააკეთე?

- ნებისმიერ დროს შემეძლო გადამეფიქრებინა, მაგრამ არ გადავიფიქრე და უკმაყოფილო არ ვარ, არ ვნანობ... საერთოდ არ მიყვარს, რომ გიორგისთან მაკავშირებენ. დღესდღეობით ჟურნალისტური საქმიანობით არ ვარ დაკავებული, უბრალოდ, დილის გადაცემაში ვმუშაობ და კიდევ რაღაც პროექტებში ვმონაწილეობ. რასაც ჟურნალისტიკა ჰქვია, ამასთან შეხება არ მაქვს - არ ვარ ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში.

- არ გინდოდა აქტიური პოლიტიკური ჟურნალისტი ყოფილიყავი?

- რომ მდომოდა, ვიქნებოდი, მე საკუთარი გზა ვიპოვე და საკუთარ ინტერესებს მივეცი გასაქანი.

- ამ ყველაფრის სიმბოლური ნიშანი ისაა, რომ შენც „რუსთავი 2“-ში მუშაობ. რა თქმა უნდა, ეს არხი დღეს მაშინდელისგან განსხვავდება, მაგრამ სახელი ისევ ის აქვს და სიმბოლურობაში ამას ვგულისხმობ.

- კი, რა თქმა უნდა... ხოლო თუ რატომ „რუსთავი 2“, ალბათ თუნდაც მაგიტომ და თუნდაც იმიტომ, რომ თუ გადავხედავთ ბოლო ოცწლეულს, ეს არხი იყო და არის დიდი ისტორიის და ტრადიციის მქონე. თუმცა ახლა გარდამავალი პერიოდია, მაგრამ მაინც "რუსთავი 2"“-ია. მისი სახელი ბევრ რამეზე მეტყველებს, თუნდაც იმ ისტორიაზე, რაც გამოიარა.

- ვახო სანაია ვახსენეთ, როგორია მისი როლი შენს ცხოვრებაში, როგორც ბიძის და პროფესიონალის?

- ვახო ჩემი მთავარი მრჩეველი იყო და დღემდე ასეა. როდესაც რაიმე სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ, პირველს ვახოს მივმართავ. როცა რაღაც იდეა მაქვს, მას ვეუბნები, ბავშვობიდან გვერდში მიდგას და ყოველთვის ინტერესდება ჩემი ცხოვრებით. ხანდახან მენტორული მომენტიც აქვს.

- გიორგი პროფესიონალიზმთან ერთად, საოცარი თვისებების ადამიანი იყო, მას საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში სიამოვნებით იღებდნენ. ამ მხრივ გრძნობ მასთან მსგავსებას?

- მე ცოტა ეპატაჟური ვარ, მთლად ეგეთი კარგი ვერ ვარ, არც ხასიათი გვიგავს, მგონი და არც ვაპირებ, დავემსგავსო ან შევედარო. სხვადასხვა ადამიანები ვართ. მე უკვე მე ვარ...

- რა არის ყოველი 26 ივლისი თქვენი ოჯახისთვის?

- ჩვენთვის მოუშუშებელი ჭრილობაა და რა დროც არ უნდა გავიდეს, ასე იქნება. ეს სიმბოლური თარიღია, თორემ ჩვენთვის ყოველი დღე ეგეთია. რეალურად კი არის ყველაზე მძიმე დღე, რომლის გახსენებაც არ გვიყვარს...

- დაუვიწყარია მისი გასვენების დღე სიონის ტაძრიდან. მერე ხალხით გადაჭედილი ქუჩა...

- მგონი, ასეთი რამ ამ ქვეყანაში იშვიათად მომხდარა, მით უფრო, 26 წლის ბიჭზე, რომელმაც მოახერხა და ადამიანებში ასეთი სიყვარული დატოვა... არ თამაშობდა, ნიღბებს არ ირგებდა და თავს არავის აწონებდა. იყო ისეთი, როგორიც იყო!..

- და ერთხელაც, ეს ყველასთვის საყვარელი ადამიანი ტელეეკრანიდან გაქრა...

- გაქრა, მაგრამ სტანდარტი შექმნა, ისეთი, რომ მაგ სტანდარტს ჯერ ვერავინ შეწვდა...

- შენთვის რა არის ცხოვრებაში, პროფესიაში მთავარი?

- პროფესიული პატიოსნება, კეთილსინდისიერება, პრინციპულობა, ობიექტურობა, არც საკუთარი თავი მოვატყუო და არც ის ადამიანები, ვისთან შეხება მაქვს, ვიყო მართალი.

- სანდრო, მგონი, საკმაოდ სერიოზული იმიჯი გაქვს...

- ხან ჩვეულებრივი ვარ, ხან - არაჩვეულებრივი... ჩემი თავი ამ ამხრივ ვიპოვე. ისეთი ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი და ისეთი ადამიანების ხელში გამოვიარე, ყველა დამეხმარა, საკუთარი თავი და ინტერესები აღმომეჩინა.

- რა გატაცებები გაქვს?

- ხელოვნება ჩემი ამოსავალი წერტილია, ოღონდ, თვითონ არ ვარ შემოქმედი. სხვების ხელოვნების დამფასებელი ვარ. მიყვარს მხატვრობა, მუსიკა, თუმცა სპორტიც მიტაცებს...

- მეორე სეზონია, მეგაპროექტის "დიდი სცენა" ერთ-ერთი წამყვანი ხარ და ნინი კუპრაძესთან ერთად, ეს ამპლუა მშვენივრად მოირგე...

- კი, ეს პროექტი უკვე მეორე სეზონია გადის, კარგად დაიქოქა. ნიჭიერი კონკურსანტები არიან, კარგი ჟიურია, რომელიც ქვეყნის საუკეთესო მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული და საერთოდ, ძალიან მაგარი ადამიანები ქმნიან პროექტს, რეჟისორიდან დაწყებული, ხმის რეჟისორით დამთავრებული... რაც შეეხება ნინის პარტნიორობას სტუდიაში და სცენაზე, ჩვენი სატელევიზო წყვილი, ვიტყოდი, იდეალურია, კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ამაში ძალიან გვეხმარება ის, რომ პროექტის და საქმის მიღმაც მეგობრები ვართ...

დილის გადაცემაში ყოველკვირეულად დიდ გამოცდილებას ვიღებთ, ბევრ რამეს ვსწავლობ, ბევრ საინტერესო ადამიანთან მაქვს შეხვედრა. გასაქანი მაქვს და ერთ ადგილას არ ვარ გაჩერებული. პირველი დღიდან, ანუ ამ არხზე, დილის გადაცემა რაც ამ ფორმით დაიწყო, მასში ვარ ჩართული, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა იქმნებოდა, მონაწილეობას ვიღებდი და უკვე ორწელიწად-ნახევარიც გავიდა.

- ჩვენს მკითხველს, ვინც შენს ამ ინტერვიუს წაიკითხავს, რას ეტყოდი?

- მკაცრად ნუ განმსჯიან, ჯერ ვარ სანდრო სანაია და მერე - გიორგის შვილი!

"ფოტოები გახმაურებისთვის არ დამიდია, უბრალოდ მენიშნა..." - რას ამბობს "ოცნების" დეპუტატი, რომელიც "ფეისბუქზე" პოსტის გამო გააშარჟეს

"ბერი გაბრიელის საფლავზე 8 წლის ასაკში პირველად აიდგა ფეხი" - შშმ ოჯახი, რომელიც 200 ქართული ტაძრის მოლოცვას გეგმავს, მორწმუნეებს თხოვნით მიმართავს

რემონტი სახლიდან გაუსვლელად