ავტორი:

"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე

"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე

შსს-მ თამარ ბაჩალიაშილის კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გააცნო საზოგადოებას, რამაც საზოგადოებაში შექმნა იმის განცდა, რომ უწყება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. "What will happen to my Facebook account if I pass away?" - რა მოუვა "ფეისბუქის" ჩემს ანგარიშს თუ გარდავიცვლები? - ეს ერთ-ერთია იმ საძიებო ფრაზებიდან, რაც შსს-ის ინფორმაციით, ბაჩალიაშილის ლეპტოპიდან ამოიღეს. უწყების თქმით, თამარმა გაუჩინარებამდე 1 თვით ადრე რამდენჯერმე ჩაწერა სხვადასხვა საძიებო ველში შეკითხვა თვითმკვლელობის თემატიკაზე.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე - 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ "გუგლის" საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: "საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის" - წერია შსს-ს განცხადებაში. ამასთანავე, საქმეში მოულოდნელად გამოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი და კურსელი ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს მის შეყვარებულად გაეცნო. ის გამოძიებას ახალ კითხვებს უსვამს, მათ შორის იმ კომპანიასთან დაკავშირებით, სადაც თამარი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა და რომელიც, მისი თქმით, "ქართული მენტალობისთვის შეუსაბამო საქმიანობას ეწევა". მის მიმართ კითხვები აქვს ოჯახს და ადვოკატსაც. ამ საკითხების ირგვლივ ambebi.ge ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

- ბატონო დავით, რას გეუბნებათ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გოგონა "გუგლში" თვითმკვლელობის მეთოდებს ეძიებდა?

- ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, მათ ამაზე, ანუ თვითმკვლელობის ვერსიის დადგმაზე წინასწარ იზრუნეს. თამაშის მეთოდოლოგიით, იგი აქამდე მიიყვანეს. შესაძლებელია, საძიებო სისტემაში ეს ინფორმაცია ნამდვილად გოგონამ შეიყვანა, მაგრამ იმ მომენტში რაღაც ისეთი სიტუაცია შეუქმნეს, რათა მას რეალურად ეს გაეკეთებინა, განა ის, რომ თამარი რეალურად ფიქრობდა თავის მოკვლას, არაა გამორიცხული, მიზანმიმართულად მოაძებნინეს, არასერიოზული ფორმით, ისე, რომ საბოლოო ჯამში ამას ფიქრობდნენ. ხომ შეიძლება სუიციდთან დაკავშირებით კვლევა შემიკვეთოთ, მეც ავდგე და დავიწყო კვლევა. მაინც მგონია, რომ ჩასატარებელია უფრო მაღალი დონის ექსპერტიზები. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და გამოძიების უნდობლობის ხარისხიდან გამომდინარე, შსს იძულებულია ყველა მასალა გამოაქვეყნოს. ვფიქრობ, ჯერ არ გამოქვეყნებულა ისეთი მასალები, რომლის დაჯერება არ შეიძლება, მაგრამ ეს არის დასადგენი, ეს ამ სიკვდილისთვისაა განკუთვნილი, მანამდეა რაღაცისთვის გაკეთებული, თუ რა. გუშინ "მთავართან" კომპანია ZAG-ის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ის პორნოსაიტების ციფრულ მომსახურებას ეწეოდა, ანუ დადასტურდა ის, რაზეც ჩვენს ინტერვიუში ვსაუბრობდით.

კომპანია რომ ალამაზებს, კი, ეს გავაკეთე, მაგრამ მასში არ ვმონაწილეობდიო, ეს ასე არ არის. ის პორნოინდუსტრიის ნაწილი გახდა. პორნოინდუსტრია არის მსგავსი ნარკოინდუსტრიის - თუ ჩვენი არ ხარ, საერთოდ აღარ ხარ.

- საქმეში ახალი ფიგურანტი - ბაჩანა ლობჟანიძე გამოჩნდა. თქვენც ფიქრობთ, რომ ის თამარის თვითმარქვია "შეყვარებულია"? რა როლი აქვს მას ამ ყველაფერში?

- ბაჩანა ლობჟანიძე უცებ შემოიჭრა საქმეში და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის ან კონკრეტული დაინტერესებული მხარის მიერ არის შემოგდებული, ან მან კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იცის და შესაძლოა, შიშის გამო ამ განცხადებებით თავს იცავს. ძალიან საეჭვო სიტუაციაა... თითქოს ისე მიდის საქმე, რაზეც აქცენტები თავიდანვე გავაკეთე. ჩემთვის მნიშვნელოვანია არხები, რომლითაც ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გამოყენებით ინფორმაცია გადაიცემოდა. მას შემდეგ, რა განცხადებებსაც ეს ბიჭი აკეთებს, თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხული მგონია. ეს უკვე საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უარყონ, ან დაასაბუთონ. ეს ადამიანი ისეთ სიღრმისეულ განცხადებებს აკეთებს, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე საკმაოდ ცუდად მანიპულირებს.

- რომელი გარკვეული ჯგუფის მიერ შეიძლება იყოს "შემოგდებული" ლობჟანიძე?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამასახურების ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით. გემახსოვრებათ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და რომელმაც ხელი შეუწყო 2003 წლის "ვარდების რევოლუციას". როდესაც რამდენიმე კვირის წინ გვქონდა ანალოგიური შემთხვევა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით, ცალსახად შემიძლია ვიფიქრო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვერსიაზე, რომ მართლა მომხდარიყო გაბუნიას მკვლელობა სწორედ იმ მოტივით, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობები შექმნილიყო, რომელიც კონსტიტუციური წყობილების რღვევისათვის მნიშვნელოვანი პირობა გამხდარიყო.

არ არის გამორიცხული, ეს ბიჭი კონკრეტული ინტერესჯგუფის მიერ იყოს შემოგდებული, რომელიც დაკავშირებულია ამ მკვლელობასთან და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავგზა აურიოს გამოძიებას და საზოგადოებას. არ მგონია, ბაჩანა ლობჟანიძე მარტო იყოს, შესაძლოა, ის ღია ფორმით გამოვიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციაზე მუშაობენ. ვფიქრობ, ღია წყაროებში, მეტი დეზინფორმაცია წამოვა და მათ შორის, სამწუხაროდ, ამაში მასმედიაც იქნება ჩართული. სახელმწიფოს გაუჩნდა მნიშვნელოვანი საზრუნავი, გაანეიტრალოს ყველა დანაშაულის, პოლიტიკურ პროცესებში და სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანო დესტაბილიზაციაში გადაზრდის მცდელობები. დღეს ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური ფაზა მიმდინარეობს. მაინც ვფიქრობ, რომ მას მერე, რაც დამოუკიდებელი გავხდით, ეს ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც არ წამოეგო ომის პროვოკაციას, რაც საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფო(ებ)ს არ აწყობს და მაღალი ალბათობით აქცენტი გადატანილია ქვეყნის შიდა ამბოხზე.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი მაღალი მასშტაბით სადაზვერვო ნიშნების შემცველი ქმედებები პოლიტიკური პარტიების, კრიმინალური სამყაროს და ა.შ. მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ და ახლა გვაქვს გარდამავალი ეტაპი სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების დემორალიზაციისათვის. ანალოგიური ვითრება იყო შექმნილი პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლების "ძალადობრივი", ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების "მშვიდობიანი" დამხობის პერიოდშიც.

მოახლოებული არჩევნების შემდეგ, არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაზვერვას დაქვემდებარებული პოლიტიკური პარტიები, ეკონომიკური და კრიმინალური წრეები დესტაბილიზაციის ორგანიზებაზე გადავიდნენ.

- გარდაცვლილის დედას ამ ადამიანის მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა ეჭვი, რაც ის ურჩევდა, რომ საქმეში FBI-ს ჩართვა არ იყო აუცილებელი...

- ეს ბიჭი აკეთებს საპირისპირო განცხადებას - საერთოდ არ არის FBI საჭირო, თვითონ შემიძლია რაღაცეების გარკვევაო. ვფიქრობ, FBI-ს ჩართვა იქნება აუცილებელი. თუნდაც იმ მოტივით, რომ სადაზვერვო პროპაგანდით ქართული საზოგადოების სოლიდურ ნაწილს არ სჯერა გამოძიების. თუ კომპიუტერში დაფიქსირდება ინფორმაციული ნაკადი, რომელიც გარკვეულ მიმოწერასაც ეხება, რა შეკვეთებზე მუშაობდა და რა მიმართუილებით იგზავნებოდა ინფორმაცია, შეიძლება 100%-იანი დასკვნები დაიდოს.

მონაცემთა კვალის წაშლა, როგორც შესაბამისი დარგის სპეციალისტები ამბობენ, პრაქტიკულად შეუძლებელია. მაღალი ალბათობით, კომპიუტერის გამოყენებით არსებობდა ისეთი ინფორმაციული ნაკადი, რომელიც ოპერატიული საქმიანობისთვის და გამოძიებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. საჭიროა გაიშიფროს მიმოწერის არხები, რათა დადგინდეს, რაზე მუშაობდა გოგონა, საყურადღებოა საბანკო ანგარიშები, რომლითაც მას შესრულებულ სამუშაოზე თანხები ერიცხებოდა. კიდევ ერთი მომენტი. ზოგადად ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს, რომ არსებობს ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიმართულება ჰიპნოზი, რომლითაც ადამიანი შეგიძლია მიიყვანო ნებისმიერ მდგომარეობამდე. ამ ვერსიასთან ერთად, საყურადღებო იქნება, ნარკობიზნესთან და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ვერსიების გამორიცხვა, ამიტომ ვერსიის დონეზე ესეც გასათვალისწინებელია.

- ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან აქტიურია მასმედიასთან, აწყობს პრესკონფერენციებს და ზოგადად, მისი პერსონა ბევრ ეჭვსა და კითხვის ნიშანს აჩენს...

- ეს ბიჭი ძალიან აქტიურად მუშაობს მასმედიაზე, ჟურნალისტებსაც ამოწმებს იმ კუთხით, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ისინი. შესაძლოა ის იყოს შემოგდებული იმ ჯგუფის მიერ, რომელმაც ამ გოგონას მიმართ რაღაც დაგეგმა, თვითმკვლელობამდე მიიყვანა, პირობითად შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის, ფინანსური, ან კრიმინალური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც მიზანმიმართულად შეეცდებიან გარკვეული დეზინფორმაციის სივრცეში გახვიონ საზოგადოება და სულ სხვა მიმართულებით მიმართონ ისრები. უნდა დაველოდოთ ავტომანქანის ექსპერტიზასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, რაც ამ საქმეში მეცნიერ-ფსიქოლოგების, მეცნიერ-ფსიქიატრების, მეცნიერ-ნარკოლოგებისა და ოპერატიული თანამშრომლების კომბინირებულად მუშაობის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. ეს კომბინირებული სისტემა აუცილებლად უნდა არსებობდეს, აუცილებელია გაიშიფროს სხვა მიმოწერები, უნდა მოხდეს ინფორმაციების ჯვარედინი კვეთა და ის, რა მაკავშირებლები აქვთ ინფორმაციებს ერთმანეთთან, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთთან მიმოწერაში იყვნენ ჩართული. ეს არ არის მარტივი და მოკლე პერიოდის სამუშაო. ოჯახის მესმის, დანარჩენი არავისი. რაც უნდა დააჩქარო გამოძიება, წარმოიდგინეთ, რამდენი მიმოწერა შეიძლებოდა ყოფილიყო? ვფიქრობ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დარღვეულ იქნას წონასწორობა. ხელისუფლებას არაფრით აწყობს, გაჯანჯლდეს ეს პროცესი, კარზეა მომდგარი არჩევნები... რაც მეტი გამოუძიებელი საქმე იქნება, მით უფრო გამარტივდება ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც როგორც სადაზვერვო საქმიანობის პრაქტიკა აჩვენებს, ყოველთვის წინ უსწრებს სულ მცირე, არსებული წესწყობილების ძალადობრივი დამხობის მცდელობას.

"პორნო საიტისთვის პროგრამული უზრუნველყოფა გაგვიკეთებია, თუმცა პორნო ინდუსტრიასთან შეხება არ გვაქვს" - ZAG-ის დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციაზე

193 300 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბანკის 3 თანამშრომელი დააკავეს - როგორ ატყუებდნენ ბანკს ბრალდებულები

20 წლის სტუდენტის უპრეცედენტო საქმე - რა ბრალდებით დააკავეს სამი მოქმედი პოლიციელი დანაშაულიდან 3 წლის მერე? (ექსკლუზივი)

''არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ  დაგჭირდებათ გაქცევა მალე" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ემუქრებიან