ავტორი:

"შეყვარებულთან დაშორებას განიცდიდა და რიტუალი ჩაატარა" - მიიყვანა თუ არა მოზარდი თვითმკვლელობამდე ეზოთერიკოსმა, რომელსაც მოცეკვავედ იცნობენ?

"შეყვარებულთან დაშორებას განიცდიდა და რიტუალი ჩაატარა" - მიიყვანა თუ არა მოზარდი თვითმკვლელობამდე ეზოთერიკოსმა, რომელსაც მოცეკვავედ იცნობენ?

მიიყვანეს თუ არა თვითმკვლელობამდე 17 წლის არასრულწლოვანი გოგო ნათელმხილველებმა - ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. საუბარია ფაქტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. გოგონამ წერილი დატოვა და გაუჩინარდა. საბედნიეროდ, ის მშობლებმა იპოვეს და თვითმკვლელობას გადაარჩინეს.

საქმის გამოძიების მოთხოვნით, არასრულწლოვნის ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ შსს-ს 4 აგვისტოს მიმართა.

ბრალდების ადრესატი "ტაროს სახლის" დამფუძნებელი ნინო ლეჟავაა. ეზოთერიკოსი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, ტელეშოუ "ნიჭიერიდან" ახსოვდეს, სადაც მან აღმოსავლური ცეკვის ნომერი წარადგინა.

ნინო ლეჟავა ამბობს, რომ მის მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა. როგორც თავად გვიყვება, არასრულწლოვანმა მას დახმარების თხოვნით მიმართა. გასაუბრების შემდეგ კი საჭიროდ ჩათვალა საქმის კურსში სოციალური მუშაკები და სამართალდამცავი ორგანოები ჩაეყენებინა.

ლეჟავას თქმით, სწორედ ეს გახდა არასრულწლოვნის გაღიზიანების მიზეზი, რამაც მას ასეთი "შურისძიებისკენ" უბიძგა.

"გოგონამ დახმარების თხოვნით მომმართა და თავის შესახებ ყველაფერს მომიყვა. თქვა, რომ ერთ-ერთმა ნათელმხილველმა ურჩია, რომ მისი და მისი შეყვარებულის სურათები ლენტით შეეკრა და ბედნიერი ცოლ-ქმრის სასაფლაოზე დაემარხა. გოგონას სურდა, შეყვარებული შეენარჩუნებინა და ეს მითითება შეასრულა.

თუმცა შემდეგ ძალიან ნანობდა ჩადენილს და სწორედ ამიტომ მომწერა. დამეხმარე, ჩემს შეყვარებულს რამე არ მოუვიდეს, თორე ჩემს თავზე არ ვფიქრობო. და საუბარში სუიციდს ახსენებდა. ამიტომ ჩემს ადვოკატთან ერთად გადავწყვიტე, ეს ამბავი არ მიმეჩქმალა, ვშიშობდი, ფატალური შედეგით არ დასრულებულიყო. მივმართე სოციალურ მუშაკებს და პოლიციას. არასრულწლოვანი სწორედ ამან გაანაწყენა.

საიდუმლოდ რომ არ შევუნახე, რასაც მომიყვა. შემდეგ მწერდა, რომ მე მიმყავდა იგი თვითმკვლელობამდე, რომ ჩემ გამო გადაიჭრიდა ვენებს, დალევდა წამლებს და ა.შ. სინამდვილეში მის ამ ქმდების უკან დგას ერთ-ერთი ნათელმხილველი, რომელიც ჩემზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის გადაკიდებული და ვფიქრობ, მან დააწერინა ის წერილი, რომელზეც ახლა ბევრს ლაპარაკობენ", - უყვება AMBEBI.GE -ს ნინო ლეჟავა.

არასრულწლოვნის მშობლებმა იპოვეს წერილი, რომელშიც გოგონა წერდა, რომ აპირებდა თავის მოკვლას, რაც მას ნინო ლეჟავამ აიძულა. ამავე წერილში იგი ოჯახის წევრებს სთხოვდა, რომ ეზოთერიკოსი კანონის მთელი სიმკაცრით დაესაჯათ.

ნინო ლეჟავას ადვოკატი ირაკლი ბურჭულაძე AMBEBI.GE -სთან კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. ადვოკატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს წერილი არასრულწლოვანს არ დაუწერია.

"ერთია, რომ ადამიანს ადანაშაულებ რამეში, მაგრამ მეორე საკითხია, რით ადასტურებ ამას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, მიმოწერები ამ ორ პირს შორის და ა.შ. რომელსაც წარვუდგენთ გამოძიებას, ნინო ლეჟავამ თავად მიმართა პოლიციას და სოციალურ მუშაკებს, რადგან დაინახა საშიშროება, რომ ამ გოგოს შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა. მზად ვართ, გაიხსნას პერსონალური მიმოწერა, რათა საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება.

არ ვთვლით, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინეთ, პირიქით, მაქსიმალურად შევეცადეთ მისი ინტერესების დაცვა. საჯარო არ გაგვიხდია მისი არც ვინაობა და არც სხვა რაიმე დეტალი. კალიგრაფიული ექსპერტიზა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ წერილთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი დაწერილი იქნება ეს წერილი, ეს არ იქნება გასაკვირი, რადგან არასრულწლოვანმა, რომლის ფსიქიკა ხშირად არამყარია, შეიძლება ასეთი რამ ემოციურ ფონზე დაწეროს, მაგრამ ამას დასაბუთება სჭირდება" - გვეუბნება ადვოკატი.

ადვოკატი რევაზ რიჟამაძე, რომელიც არასრულწლოვანი გოგოს ინტერესებს იცავს , AMBEBI.GE -სთან სავარაუდო დანაშაულის მოტივებზე საუბრობს. უფლებადამცველის თქმით, არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ ამ საქმეში არსებობს აშკარა დანაშაულის ნიშნები, მივმართე შსს-ს. ჩავატარე რამდენიმედღიანი გამოკითხვები გოგონას ირგვლივ, გავეცანი დოკუმენტებს და დავრწმუნდი, რომ ეს არასრულწლოვანი ნამდვილად დაზარალებულია, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციით ყველას აქვს მრწამსის თავისუფლება და არავის აქვს მასში ჩარევის უფლება.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სჯერა შავი მაგიის, ეს მისი უფლება. უნივერსიტეტის სტუდენტია, საკმაოდ განათლებული გოგო და აქვს ასეთი რწმენა. მას წამს მაგიური რიტუალების და კმაყოფილიც არის შედეგებით. ერთ-ერთმა ნათელმხილველმა, რომელსაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მიმართა, ასწავლა მას რიტუალი. ეს გოგონა შეყვარებულთან იყო დაშორებული და განიცდიდა.

მას შემდეგ რაც ჩაატარა რიტუალი, რომელიც სასაფლაოსთან იყო დაკავშირებული, ცოტა შეეშინდა და ნინო ლეჟავასთან უბრალოდ გადაამოწმა, რამდენად საშიში რიტუალი იყო. აღმოჩნდა, რომ ლეჟავას პირადი მტრობა აკავშირებდა იმ ნათელმხილველთან, სასამრთლოში აქვთ დავა მათ, ამიტომ გადაწყვიტა ეს ბავშვი საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა.

იგი აიძულებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ სასამრთლოში ჩვენება მიეცა ნათელმხილველის წინააღმდეგ, რომელმაც მას მაგიური რიტუალი ასწავლა. და თუ ასე არ მოიქცეოდა, ემუქრებოდა ყველაფერს მოვუყვები შენს მშობლებსო.

სწორედ ამიტომ დამძიმდა ემოციურად არასრულწლოვნის მდგომარეობა... მაქვს მოლოდინი, რომ საქმეს გამოიძიებენ. მაინცდამაინც თვითმკვლელობა უნდა მომხდარიყო?! ჰქონდა ამ გოგონასაც გარკვეული მცდელობები. დაკარგული იყო რაღაც პერიოდი და შემდეგ იპოვეს", - გვიყვება რევაზ რიჟამაძე.