ავტორი:

"პუტინი წყობიდან იყო გამოსული, პირჯვარს იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა" - რა აქამდე უცნობ დეტალებს ყვება აგვისტოს ომზე სარკოზი მემუარებში

"პუტინი წყობიდან იყო გამოსული, პირჯვარს იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა" - რა აქამდე უცნობ დეტალებს ყვება აგვისტოს ომზე სარკოზი მემუარებში

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

მაშინ აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

სწორედ 2008 წლის მოვლენებზე წერს დეტალურად ნიკოლა სარკოზი მემუარული წიგნში Le Temps des Tempêtes (ქარიშხლების დრო). ის დეტალურად იხსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი მაშინ, როდესაც თავად პეკინის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. ავტორი მემუარულ ჟანრში ვრცლად აღწერს ომს და მოლაპარაკების პროცესში მის პირად მონაწილეობას.

გთავაზობთ ნაწყვეტს სარკოზის წიგნიდან, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბუბა კუდავამ თარგმნა:

  • 8 აგვისტო, 2008. პეკინი. ოლიმპიადის გახნის ცერემონია სტადიონზე

გაფითრებული და მკაცრი სახით მოემართება ჩემსკენ ჩემი დიპლომატიური გუნდის უფროსი და ამავდროულად "შერპა" ჟან-დავიდ ლევიტი. "ახლახან შევიტყვე უკიდურესად შემაშფოთებელი ამბავი. რუსეთის არმია საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პროცესშია. როგორც ჩანს, ქვეყნის დაპყრობა უნდათ. ახლა ვამოწმებ ამ მოვლენების სინამდვილეს".

ვლადიმერ პუტინი ჩემგან ოც მეტრში იყო. მაშინვე გავემართე მისკენ. ვთხოვე, ორმოცდარვა საათი მოეცა, ამბის ჩასაწყნარებლად. მკაცრი უარი მითხრა «Niet, niet, niet».

აქ ნამდვილად არ იყო ამგვარი დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი. თან, არ მინდოდა საჯარო სკანდალი. ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულებულიყო. ბოლოს ტრიბუნაზე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და აღვფრთოვანდი გახსნის ცერემონიის სოცარი სილამაზით. პეკინში იმ დილით ჩამოვედი და ცერემონიის დასრულებისთანავე უკან უნდა გავფრენილიყავი. ლუი მახლდა თან, ჩემი 11 წლის შვილი. დიდი სიჩქარით გადავკვეთეთ ღამის პეკინი. პრეზიდენტის თვითმფრინავში შევედით თუ არა დაღლილობისგან მოვიცელეთ. რამდენიმე წუთით ჩემს თანმხლებ გუნდს გავესაუბრე. "სამწუხაროდ, ფაქტები დასტურდება" - იყო ჟან-დავიდ ლევიტის პირველი კომენტარი.

ამ შუაღამეს არაფრის გაკეთებას ან მცდელობას აზრი არ ჰქონდა. ჩემი თვითმფრინავი ტულონში უნდა დაშვებულიყო, რომ 15 აგვისტოს უქმეები კაპ ნეგრზე გამეტარებინა, სადაც უკვე კარლა მელოდებოდა. ზუსტად დილის საუზმისთვის მივედი. ჯადოსნური დილა იყო, მზე უკვე კარგად აცხუნებდა. ჩემი ცოლი მელოდებოდა. ზღვა ფარფლებით დაფარულ ტბას გავდა, რომელზეც თვალისმომჭრელი სინათლე ბრწყინავდა. თვითმფრინავში გატარებული გრძელი ღამის შემდეგ დაღლილობა გამიქრა.

ყოველდღიურ ჯოგინგზე გავემართე. დაბრუნებულს მითხრეს, რომ პარიზში ჩასულმა ჟან-დავიდ ლევიტმა ორჯერ სცადა ჩემთან დაკავშირება. გადავურეკე უსაფრთხო კავშირით, რომელიც უკვე დააყენეს აქ. ცუდი ამბები იყო, რუსეთის არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და უარესიც, დედაქალაქ თბილისისკენ მიემართებოდა. მსოფლიო შოკში იყო.

გადავწყვიტე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევისთვის დამერეკა. ამ პირველმა გადაწყვეტილებამ დიპლომატების ცხარე კამათი გამოიწვია. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იმ დროს ნამდვილი და ერთადერთი პატრონისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის უნდა დამერეკა და ისეთები, რომლებიც პროტოკოლური წესების პატივისცემისკენ, პრეზიდენტის პრეზიდენტთან საუბრისკენ იხრებოდნენ. მე ამ მეორე შეთავაზების სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობდი რომ სხვაგვარი ქმედებით პრეზიდენტ მედვედევს დავამცირებდი, რასაც ნამდვილად არ იმსახურებდა.

და ისიც მესმოდა, რომ კრიზისის სიმწვავის გათვალისწინებით, თუ პუტინს მოუნდებოდა ჩარევა, უკან ნამდვილად არ დაიხევდა. ასე რომ, მხოლოდ მომგებიანი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე, მედვედევით დაგვეწყო. ყოველგვარი სირთულის გარეშე დავუკავშირდი. სიტუაცია მიუღებელი იყო, მაგრამ უნდა მქონოდა გულწრფელობა მეღიარებინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა მოვლენების დასაძაბად.

სწორედ ამის გამო მოგვიწია ელისეს სასახლეში ამ ქვეყნის ელჩის დაბარება რომ გაგვეფრთხილებინა, რომ ევროპა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, სამხედრო გზით არ ჩაერეოდა რუსეთის პასუხის შემთხვევაში. ბერნარ კუშნერმა დაურეკა მის ქართველ კოლეგას, რომ იგივე გზავნილი გადაეცა.აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი ქართული რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საქართველოსთვის დაახლოებით იგივეს წარმოადგენდა, რასაც ალზასი და ლოტარინგია საფრანგეთისთვის. ამას იმისთვის ვამბობ, რომ ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მგრძნობიარე თემასთან გვქონდა საქმე.

სააკაშვილს თანამოქალაქეების ეროვნულ გრძნობებზე მოქმედება სურდა, სამაგიეროდ კი მხოლოდ რუსული დათვის გაღვიძება მოახერხა. მისი ბუნაგში დაბრუნება სასიამოვნო საქმე არ იქნებოდა.სანამ მედვედევს დავურეკავდი სამპუნქტიანი გეგმა შევიმუშავე, რომლის მიზანი იყო ერთგვარ სტატუს კვო ანტეზე დაბრუნება. მან ჩვეული გულახდილობით ჩაინიშნა ჩემი წინადადებები, მაგრამ არაფერს დამპირებია. ამავე დროს, რუსული ძალები აგრძელებენ წინსვლას ქართული ტერიტორიაზე. 11 აგვისტოს, მხოლოდ 25 კილომეტრში იყვნენ თბილისიდან.

მე უარესი სცენარისთვის ვიყავი მზად, რაც ნიშნავდა რომ რუსები დაიპყრობდნენ დედაქალაქს, ჩამოაგდებდნენ სააკაშვილს და იქ დასვამდნენ პრორუსულ ხელისუფლებას.ჯორჯ ბუშმა დამირეკა და მითხრა რომ ფრანგულ გეგმას მხარს უჭერდა, მაგრამ იქვე მოითხოვდა რომ რუსები ‘’დასჯილიყვნენ", (საბედნიეროდ) სამხედრო შეტევის გარეშე. ორ ცეცხლშუა ვიყავი. რუსებს მე ქართველების მხარეს ვეგონე, ამერიკელებს და ევროპის ნაწილს კი ზედმეტად შემრიგებლად მივაჩნდი. თუ საქმეს ოპტიმისტურად შევხედავდით, ეს იმასაც შეიძლებოდა ნიშნავდა რომ მე "გაწონასწორებული" პოზიცია მეჭირა. კიდევ ორჯერ ვესაუბრე დიმიტრი მედვედევს.

ბუნდოვნად ვგრძნობდი, რომ შორს არ იყო დაეჯერებინა, ის რასაც დაუღალავად ვუხსნიდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან შორს მიდიოდა და შედეგად რუსეთის რეპუტაცია მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დგებოდა. ის მე ამას არ მეტყოდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ უფრო და უფრო ნაკლებად იყო გაჯიუტებული ოფიციალურ პოზიციაზე. ვიცოდი, რომ ის არ იყო საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ პუტინის ნდობით სარგებლობდა. გადავწყვიტე ამ ყოყმანის პერიოდით მესარგებლა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა მეცადა ბოლომდე. ჩემს თანამოსაუბრეს შევთავაზე მოსკოვში ჩავსულიყავი რეალური მოლაპარაკებისთვის.

ერთადერთი, მაგრამ უდიდესი პირობა წამოვაყენე, შეეჩერებინა რუსი ჯარების წინსვლა. უფრო ზუსტად ეს ვუთხარი: "ჩამოვალ მოსკოვში, მაგრამ როცა ჩემი თვითმფრინავის ბორბლები დასაფრენ ბილიკს შეეხება, ველოდები თქვენს ტელეგრამას, რუსეთის ჯარების შეჩერების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გადმოვალ თვითმფრინავიდან და მაშინვე უკან გავემგზავრები".

მე მჭირდებოდა ეს გარანტია, რადგან ჩემი გუნდის დიდი ნაწილი დარდობდა რომ ჩემი მოსკოვში ვიზიტი ხაფანგი იყო, რომელიც რუსებს დროის მოგების საშუალებას მისცემდა, რომ დაესრულებინათ თავიანთი სამუშაო. მიუხედავად ყველაფრისა, ვარჩიე გამერისკა და ნდობა გამომეცხადედბინა მედვედევისთვის. ასე რომ პეკინიდან დაბრუნებულები სამ დღეში მოსკოვში წავედით. გადამცემების სპეციალისტმა, რომლებიც თან მახლდა საპრეზიდენტო თვითმფრინავში, დაფრენამდე ათი წუთით ადრე გადმომდა კომუნიკე, რომლითაც რუსეთის ტანკებს უბრძანეს შეეჩერებინათ წინსვლა.

ცოტა ამოვისუნთქე. როგორც იქნა, კარგი ამბავი. ამასთან, მათი შეჩერება კარგი იყო, მაგრამ არა საკმარისი. ახლა უკან უნდა დახეულიყვნენ!მყვირალა სირენების ხმაურით გადავჭერით მოსკოვი და მივედით კრემლში. მისვლისას გამაოგნა კამერების, მიკროფონების და ჟურნალისტების შტამბეჭდავმა რაოდენობამ, დაძაბულობა ხელშესახები იყო. ვგრძნობდით სიტუაციის სიმძაფრეს. არავინ იღიმოდა და სიტყვასაც არავინ ძრავდა ჩემს მცირე დელეგაციაში. ძალიან დაძაბული ვიყავით. შინაგანად ჩემს თავს ვეკითხებოდი, თუ გავაკეთე კარგი არჩევანი. ამასთანავე, ახლა კითხვების დასმა გვიან იყო.

ბოლომდე უნდა გვებრძოლა და ვიცოდი, რომ არავინ იყო მზად სახის დასაკარგად.პრეზიდენტი მედვედევი და გაუცვეთავი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გველოდნენ. მისვლისთანავე ცალკე გამიყვანა მედვედევმა: "წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ ვლადიმერ პუტინი შემოგვიერთდეს სადილად?“ვუპასუხე: „რას ბრძანებ, პირიქით, ბედნიერი ვიქნები მისი ნახვით“. მისი გაუთვალისწინებელი დასწრება ცხადყოფდა რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ რუსები ამ საქმეს. ვფიქრობდი, რომ ეს ამოცანას გააადვილებდა, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული რომ რუსი გენერლები მედვედევს დაემორჩილებოდნენ, ხოლო პუტინს - კი. მცირედი ეჭვიც კი არ არსებობდა.

ამასობაში მოვიდა ვლადიმერ პუტინი, ლოყა ოდნავ შესიებული ჰქონდა. შემოსვლისთანავე მომესალამა და მითხრა - "კბილის ექიმისგან მოვდივარ, კბილი მტკივა და ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ". გავიფიქრე, რომ უკეთესი დასაწყისი მქონდა ნანახი. დავსხედით პატარა მაგიდის ირგვლივ. ორი რუსი მმართველი, ჟან-დავიდ ლევიტი და მე. ამ დროს, მოპირდაპირე ოთახში მეორე სადილი მიმდინარეობდა - მინისტრი სერგეი ლავროვი და მედვედევის შერპა, სერგეი პრიხოდკო, ბერნარ კუშნერი და ჩემი მრჩეველი დამიენ ლორასი.

სადილი რაც შეიძლება ყველაზე ცუდად დაიწყო. პუტინი საუბრობდა. განრისხებული იყო. სიტყვა ხელში ჩაიგდო და მონოპოლიზებული ჰქონდა მთელი თხუთმეტი წუთი. ეს იყო ძალადობრივი ბრალდებები სააკაშვილის, მისი მეთოდების, მისი პოლიტიკის, მისი პერსონის წინააღმდეგ. წყობიდან იყო გამოსული და პირჯვარსაც კი იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა. ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო. ბოლოს ისიც კი მითხრა „არ შეიძლება ის დარჩეს იმ დანაშაულებების გამო. რაც ჩაიდინაო“.

სიმშვიდე ჩემი ძლიერი მხარეც არ არის. სიბრაზე მაწვებოდა. ამ ტირადის დროს. დიმიტრი მედვედევს ხმა არ ამოუღია. ძლივს შევაჩერე ჩემი თანამოსაუბრე და ფაქტიურად ავფეთქდი :

„დღეს 11 აგვისტოა, მე კაპ ნეგრიდან იმიტომ არ ჩამოვსულვარ რომ ავიტანო შენი გინება და მუქარა გაეროს წევრი ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით. ჩამოვედი საუკეთესო განზრახვით, რომ დაგეხმაროთ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, საიდანაც მხოლოდ წაგებულები იქნებიან და შენ პირველ რიგში. შენ არაფრის გაგება არ გინდა. საკმარისი ვითმინე, მე მივდივარ“.

და გაცხარებული წამოვდექი, ჩავიცვი პიჯაკი, რომელიც მაგიდასთან დაჯდომამდე გავიხადე, და გადამწყვეტი ნაბიჯებით გავემართე კარისკენ. შეწუხებულმა პუტინმა მომაძახა - „კი მაგრამ, სად მიდიხარ?“

"აღარაფერი მესაქმება აქ. ერთ სიტყვას არ მათქმევინებ, შენ არაფრის გაგონება არ გინდა. გავალ და ვაცნობებ პრესას, რომ დავმარცხდი".

პუტინი წამოდგა, და ამჯერად უფრო მეგობრულად მთხოვა დავრჩენილიყავი და გაგვეგრძელებინა საუბარი, რომელიც მივანიშნე, რომ ჩემს თვალში, არც დაწყებულა! დავბრუნდი მაგიდასთან. უნდა ითქვას, დავმშვიდდი, რომ ეს შევძელი. პუტინმა გააგრძელა:

„ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. როცა შენი მეგობარი ბუში სადამ ჰუსეინს ჩამოახრჩობს, შენ არ აპროტესტებ. როცა მე გეუბნები რომ სააკაშვილი უნდა გავაგდოთ, წასვლა გინდა. რატომ გაქვს ასეთი განსხვავებული მიდგომა?“

ვუპასუხე: „განა შენი ცხოვრების ოცნება ეს არის რომ ბუშივით დაამთავრო, რომელიც პლანეტის ორ მესამედს სძულს? არ მეგონა რომ ეს იყო შენი მოდელი!“

პუტინმა გადაიხარხარა და კმაყოფილმა მიპასუხა: „აქ ნამდვილად ერთით ნოლს მიგებ“.

ბოლოს შევძელით და დავიწყეთ მშვიდად განხილვა. კბილის ტკივილმა გაუარა, ყოველ შემთხვევაში ჩანდა, აღარ აწუხებდა. კვლავ აღმოვაჩინე მშვიდი და გონივრული მოსაუბრე, რომელიც აქამდე მომწონდა. ჩემი მხრივ, ხანგრძლივად ვუხსნიდი როგორ შეძლო მან მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე ფეხზე დაეყენებინა თავისი ქვეყანა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო, და რა ზიანს მოუტანდა რუსეთსაც და პირადად მასაც, მთელი ამ ისტორიის შედეგი. არც კი მესმოდა სად იყო აქ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური გამოწვევა. საითაც არ უნდა გამეხედა, მხოლოდ კატასტროფის აკუმულაციას ვხედავდი. რა პრესტიჟი უნდა ყოფილიყო რუსეთისთვის ოთხმილიონიანი ქვეყნის დამარცხება? უნდა გვეცადა თავაწეული გამოვსულიყავით ამ სიგიჟიდან, რის გარეშეც ის დაასრულებდა როგორც საძულველი დიქტატორი! ოთხი საათი ვისაუბრეთ ისე, რომ ტონი არ აგვიწევია, მაგრამ მაინც ვერ მივაღწიე კრიზისიდან გამოსვლის წარმოსადგენ შეთანხმებას.

სერიოზულად დავიღალე. ჩემს ორ თანამოსაუბრეს ვთხოვე სეანსის შეჩერება, რათა საშუალება მოგვცემოდა წარმოგვედგინა სამშვიდობო გეგმა. განვმარტოვდი ჩემს გუნდთან ერთად და თავად დავწერე ექვსპუნქტიანი სამოქმედო სამშვიდობო გეგმა, რომელიც განსახილველად რუსებს გადავეცი.

მთავარი იყო რუსების სამხედრო ძალების საქართველოდან გამოყვანა, ისე რომ მათ საშუალება ეძლეოდათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დარჩენილიყვნენ. ამგვარად, საქართველოს ტერიტორიის 90% თავისუფლდებლდებოდა. ეს იდეალური არ იყო, მაგრამ უდაოდ უკეთესი იყო, ვიდრე სრული ოკუპაცია.

პუტინი დათანხმდა, როცა ვუთხარი რომ ჩემი იდეა იყო მომავალში გამართულიყო მოლაპარაკებები ჟენევაში ქართველებსა და რუსებს შორის, რათა შეთანხმებულიყვნენ ორი პატარა რეგიონის საბოლოო სტატუსის შესახებ. ვიცოდი რომ ეს დიდ დროის მოითხოვდა და ჩვენც დროს გვაძლევდა კრიზისის პიკის დასაძლევად. რუსები ხვდებოდნენ რომ ექნებოდათ შეთანხმებული უფლება დარჩენილიყვნენ ამ ორ ტეირტორიაზე, მაგრამ უნდა დაეტოვებინათ ყველა დანარჩენი.

ამის შემდეგ შევძელი პრესკონფერენცია გამემართა მედვედევთან ერთად, სადაც წარმოვადგინე საფრანგეთის მიერ შეთაავზებული და გარანტირებული გეგმა. ეს უდაო წინსვლა იყო. უარესი თავიდან იყო აცილებული.

ახლა რჩებოდა ქართველების დარწმუნება. კვლავ ჩავსხედით თვითმფრინავში, ამჯერად თბილისის მიმართულებით, სადაც ჩავფრინდით დაახლოებით 22 საათზე.

ბნელი ღამე იყო. ქვეყანა ომში იყო, ჩვენი ჩაფრენის ადგილიდან 25 კილომეტრში საოკუპაციო ჯარების ტანკები იყო განლაგებული. ატმოსფერო მწუხარე იყო აეროპორტსა და პრეზიდენტის სასახლეს შორის, სადაც სააკაშვილი გველოდებოდა. პირველად გადავკვეთე ფრონტის ხაზთან ასე ახლოს მდებარე ქალაქი. სიცოცხლის ნატამალი არ ჩანდა. სინათლეები ჩამქვრალი იყო. ხალხი თავს იმშვიდებდა, როგორც შეეძლოთ. ირგვლივ ყველგან მზაკვრული შიში სუფევდა. გამონაკლისს დედაქალაქის ერთი ადგილი წარმოადგენდა. პარლამენტი, სადაც ასევე იყო განთავსებული პრეზიდენტის სასახლე. ვგრძნობდი დიდ მღელვარებას, თითქმის ისტერიას.

ედაქალაქის ამაღლებულ ადგილას განთავსებული მკვეთრად განათებული შენობა საოცარ კონტრაქტს ქმნიდა დანარჩენ სრულიად ჩაბნელებულ ქალაქს შორის. საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა თავის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერებს, შეკრებილიყვნენ ძალაუფლების საბოლოო ადგილის გარშემო, რათა დაეცვათ იგი და მიეღოთ საბოლოო მითითებები. სადაც არ გავიხედავდი, აღელვებას, ნერვიულობას და მოუსვენრობას ვაწყდებოდი.

პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში შესულს მომესალმნენ, გულწრეფალად და უხვად გამოხატეს მადლიერება. აქ ასევე იყვნენ ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, რომელთაც მხარდაჭერა ფიზიკური დასწრებით გამოხატეს. მაშინვე, პრეზიდენტის ოთახის კუთხეში ორი კაცი შევნიშნე, ჩანდა რომ არ იყვნენ ქართველები და მოშორებით იდგნენ. ვიკითხე, რას აკეთებდნენ აქ. მიპასუხეს, რომ ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მაშინვე დაეტოვებინათ ოთახი. მე მინდოდა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან მესაუბრა, გარეშე მოწმის გარეშე, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა.

სანამ ექვსპუნქტიან გეგმაზე საუბარს დავიწყებდით, სააკაშვილმა დიდი ენთუზიაზმით მითხრა:„ასორმოცდაათი ათასი კაცია შეკრებილი სასახლის გარშემო. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები დაყენებულია. უნდა დაელაპარაკო მათ“.მისი სამუშაო ოთახის ორმაგი ფანჯარა გახსნა და მაშინვე შევამჩნიეთ უზარმაზარი ხმაური.

მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაცდური შემოთავაზება იყო, მკაცრად უარი ვთქვი ამ მოწვევაზე, რადგან სიტყვა მივეცი პუტინს, ისე როგორც მედვედევს, რომ თუ რუსეთის არმია უკან დაიხევდა, ერთ ფრაზასაც არ ვიტყოდი მათ წინააღმდეგ. მაგრამ ანთებულ და გაბრაზებულ ქართველი ხალხის მასას ჩემგან მხოლოდ რუსეთის დაუფარავი დაგმობის მოსმენა სურდა. რა თქმა უნდა, მესმოდა მათი, მაგრამ თუკი ჩემი მომლაპარაკებლის და შემთანხმებლის როლიდან გამოვიდოდი, უარს ვამბობდი მთლიან ეფექტურობაზე, რასაც აშკარა მიუკერძოებლობა აქამდე მანიჭებდა..

სასოწარკვეთილებაში მფოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოოდ სცადა შეტევაზე გადმოსვლა: „თუ არ დაელაპარაკები მათ, ყველაფერს დალეწავენ“.

„დალეწონ თუ უნდათ. მე სიტყვა მივეცი და ამას არ დავარღვევ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსულმა ტანკებმა დატოვონ თქვენი ტერიტორია რაც შეიძლება სწრაფად.“

ვიცოდი რომ ჩემი უმცირესი გამოსვლა, საჯარო იქნებოდა ეს თუ კერძო, მილიმეტრული სიზუსტით იქნებოდა მოსკოვის მიერ მიყურადებული. ერთი წამით არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩემი დილანდელი სადილის მოსაუბრეებს ყველა ტექნიკური და ადამიანური საშუალება ექნებოდათ რომ ზუსტად გაეგოთ რა ხდებოდა თბილისში. „შერპა“

მხოლოდ შუაღამის 12 საათზე გადავედით საუბრის არსზე. განვუმარტე, რომ ან ქართველები დათანხმდებოდნენ ჩემს გეგმას, ან ბრძოლები განახლდებოდა, თბილისი დაეცემოდა და დასრულდებოდა დამოუკიდებელი საქართველო. სააკაშვილმა უარი თქვა და ბოლომდე გაჭირვეულდა საერთაშორისო მოლაპარაკებების შექმნის საკითხზე, სადაც განხილული იქნებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსი. ეს მისი მხრივ შეცდომა იყო, რადგან ეს იყო ირიბი გარანტია იმისთვის რომ ამ ორი ტერიტორიის რუსეთის მიერ დე ფაქტო ოკუპაცია არ ყოფილიყო იურიდიულად აღიარებული.

ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. დილის პირველ საათზე გადავწყვიტე დამერეკა მედვედევისთვის, რათა დამერწმუნებინა რომ უარი გვეთქვა საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ამ ორი რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის არმიას შეეძლო იქ დარჩენილიყო. მან მადლობით დაიწყო იმისთვის, რასაც და როგორც ვაკეთებდი. ჩანდა, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო. ქართული სისტემა უსაზღვროდ უფრო გამტარი იყო, ვიდრე ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ.

ჩემდა გასაოცრად, ის დიდი საუბრის გარეშე დათანხმდა ჩემს თხოვნას და ამასთან დამიზუსტა, რომ ბრძანება გადასცა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოემზადონ უკან დასახევად. ეს იყო საუკეთესო და მოულოდნელი ამბავი. ამგვარად დილის ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მუდმივი ხდებოდა.

დილის სამ საათზე მქონდა პრესკონფერენცია საქართველოს პარლამენტის ბაღში. ატმოსფერო იყო უცნაური, არარეალური, ერთდროულად ეიფორული და სტრესული.

გავემგზავრე უკან კაპ ნეგრისკენ. კაბინაში შესვლისას, ტიერიმ, მეტრ დოტელმა რომელიც ყველაფერს ხელმძღვანელობდა, მითხრა:„ბედნიერები ვართ რომ მივდივართ ბატონო პრეზიდენტო. ნამდვილად არ მინდოდა უკან დასაბრუნებელ კოლონას ჩამოვრჩენოდი“.

„შეგეშინდათ?"

“მერე როგორ",მითხრა მან.

გულიანად გავიცინეთ, რადგან მტყუანი არ იყო, თუ დაფიქრდებოდი... ამასთანავე, საქმე ჯერ მთლიანად არ იყო დასრულებული. მე ჯერ ჩემი ევროპელი კოლეგები უნდა დამერწმუნებინა, რომ საუკეთესო შეთანხმებას მივაღწიეთ, შესაძლებლის ფარგლებში. თუმცა ეს არ იყო აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების ნაწილის აზრი, რომელთაც აუცილებლად უნდოდათ რუსებთან ბრძოლა და არ ეშინოდათ ცივი ომის დაბრუნების, რაც მე არაფრის ფასად არ მინდოდა.პირველ სექტემბერს მოვიწვიე ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა ბრიუსელში და ანგელა მერკელის დახმარებით დიდი ბრძოლით გავიტანეთ გადაწყვეტილება და შევძელით ევროპელი დამკვირვებლების განლაგება ქართველებს და რუსებს შორის ფრონტის ბოლო ხაზზე. ამის შემდეგ, და მე ვიტყოდი, რაც მთავარია, უნდა მიმეღწია რუსეთის ჯარების სრული გაყვანისთვის.

იძულებეული გავხდი 8 სექტემბერს კვლავ ჩავსულიყავი მოსკოვში, რათა მედვედევისგან მომეთხოვა ზუსტი და შეთანხმებული კალენდარი. საგარეო საქმეთა მინისტრ, ძალიან აგრესიულ ლავროვთან ძალადობრივი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპელი დამკვირვებლების ჩასვლიდან თხუთმეტი დღის შემდეგ რუსები გავიდოდნენ.

2008 წლის დასასრულს, საქართველომ გადაარჩინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. რუსი სამხედროები აღარსად იყვნენ, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა, მაგრამ შეგახსენებთ რომ ისინი იქ უკვე კონფლიქტამდეც იმყოფებოდნენ.ევროპამ შეძლო ერთიანობის შენარჩუნება და პირველიდან ბოლო დღემდე კრიზისის მართვის არქიტექტორობა. მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო ევროპელების და არა ამერიკელების მიერ. ეს ჩვენი გავლენის რეგიონია და არა მათი.

ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ გაართულებდა საქმეს და ქართულ კონფლიქტს რუსულ-ამერიკულ შეტაკებად გადააქცევდნენ. ისინი გვენდნენ და დაგვიჭირეს მხარი და მე ჯორჯ ბუშის მადლიერი ვიყავი ამისთვის.

და ბოლოს, და პარადოქსულად, ჩემი ნდობის ურთიერთობა რუს მმართველებთან თვალშისაცემად კონფორტული, მეტიც - გაძლიერებული გამოვიდა. პუტინმა სიტყვა შეასრულა და მედვედევის როლიც ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალო ფიგურანტისა. ჩვენ შეგვეძლო და ვალდებულიც ვიყავით ამიერიდან ნდობა გვქონოდა მათი. ჩემი შთაბეჭდილება პრეზიდენტ სააკაშვილზე უფრო ნიუანსური იყო. ეს იყო ხარისხიანი კაცი, რომელსაც ჰქონდა ნამდვილი ხედვა.

ამასთან, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოლიგლოტი, რომელიც როდესმე მინახავს. მაგრამ ის ორმაგად მოტყუვდა. პირველი, როცა წარმოიდგინა რომ ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩაებმებოდა მის დასაცავად. რამდენიმე ამერიკელმა საპასუხისმგებლო პირმა უთხრა მას ეს. კარგად რომ დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა რომ ეს მხოლოდ ზერელე სიტყვები იყო.

და შემდეგ, მას ძალიან გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა თავის ძალებზე. ორი შეცდომა ერთდროულად, ბევრი აღმოჩნდა, უდაოდ ზედმეტი! ეს იყო ჩემი პირველი ქარიშხალი ევროპის კავშირის პრეზიდენგტის რანგში. მე ბედნიერი ვიყავი ამ ახალი დიპლომატიური წარმატებით. მტკიცებულება არსებობდა, რომ როცა ევროპა მოინდომებდა, ის შეძლებდა კიდეც!

წყარო: ბუბა კუდავა

"ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე..." - ამირან გამყრელიძე

შეზღუდვები წესდება ტრანსპორტშიც - "მძღოლი გააკონტროლებს, რომ თუ ყველა ადგილი დაკავებულია, დამატებითი ადამიანის ამოყვანა არ მოხდეს"

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები იხურება