ავტორი:

ვინ არის "მარტოკაცი", რომელიც 2 კვირაში ფეისბუქ-ვარსკვლავად იქცა - "19 წელი გურიაში გავატარე, ეს ვიდეოები იმ დროის გაცოცხლებაა"

ვინ არის "მარტოკაცი", რომელიც 2 კვირაში ფეისბუქ-ვარსკვლავად იქცა - "19 წელი გურიაში გავატარე, ეს ვიდეოები იმ დროის გაცოცხლებაა"

„მარტოკაცი“ - ამ სახელწოდებით 2 კვირაა, სოციალურ ქსელში ვიდეოარტები გამოჩნდა, რომლებშიც პერსონაჟი, „მარტოკაცი“ უმეტესად გურულ კაცს განასახიერებს. ამ გვერდმა უამრავი „ფეისბუქ-მომხმარებლის“ ყურადღება მაშინვე მიპყრო და უკვე ბევრი მიმდევარიც შემოიკრიბა. „მარტოკაცი“ გურული ენაკვიმატობით გამოირჩევა, შესანიშნავად მღერის და არის არტისტულიც.

ვინაიდან მის მიმართ საკმაოდ მაღალი ინტერესი გაჩნდა, AMBEBI.GE-მ სცადა გაერკვია, თუ ვინ იყო ადამიანი, რომელიც ამ ნეგატივით სავსე ცხოვრებაში პოზიტივს გასცემს და ადამიანებს კარგ განწყობას უქმნის.

„კი, მე ვარ „მარტოკაცი“, დამიანე გორდელაძე. ამ სახელის დარქმევის იდეა ჰაერიდან არ მოსულა. მარტო კი არა, ოჯახში 8 დედმამიშვილი ვართ, მაგრამ პანდემიის დროს გვერდით არავინ მყავდა, ვისთან ერთადაც ვიმღერებდი, ყველა რაღაც დისტანცირებულად ვისხედით და ერთად სიმღერის საშუალება არ გვქონდა. ჩემი ანსამბლის, „გორდას“ წევრებიც დაჩაგრულები და დამარტოკაცებულები იყვნენ... იმის გამო, რომ სიმღერების ყველა ხმა ვიცი, ავდექი და ტექნიკის გამოყენებით, საკუთარი თავი ''გავამრავლე''. პირველი ხმაც მე ვთქვი და დანარჩენიც,“ - გვეუბნება ახალი ინტერნეტვარსკვლავი და ჩვენთან საუბარს ასე განაგრძობს:

„2 კვირის წინ პირველი ვიდეო ჩავწერე. ასე რომ, „მარტოკაცი“ სულ 2 კვირისაა... პანდემიას ბევრი უარყოფითი, თუმცა დადებითი მხარეებიც ჰქონდა. რაღაცები სხვანაირად გადავხარშეთ, მით უმეტეს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა. თურმე სიმარტოვის პერიოდში უფრო მეტის გაკეთება შესაძლებელი ყოფილა.

უცნაურია, როცა არ მყავდა პატარა შვილი და მქონდა ბევრი დრო, რადგანაც სამსახური დავკარგე და სახლში ვიჯექი, მაშინ კი არ დავიწყე ამის კეთება, მაშინ, როცა ბავშვი დაიბადა (პანდემიის პერიოდში) და თავისუფალი დრო შემიმცირდა... თუმცა ახლა ყველაფერს ვახერხებ, ძიძაობასაც ვითავსებ და ბევრი საქმის კეთებას.

- ვიდეოში მუდმივად გურული პერსნაჟის გამოჩენა რას ნიშნავს?

- ხომ გითხარით, მე ვარ დამიანე გორდელაძე გურიიდან. ოზურგეთის სოფელ ლიხაურში დავიბადე და გავიზარდე. ლიხაური ექვთიმე თაყაიშვილის სოფელია და ამიტომაც მეამაყება. მისი სახლ-მუზეუმი ჩემი სახლიდან ერთ კილომეტრშია. ასე რომ, ვიდეოებში გურული პერსონაჟი ბუნებრივია.

- „გორდა“ ახსენე და მოგვიყევი ამ ანსამბლზე...

- „გორდა“ 2016 წელს შეიქმნა, მე და ჩემმა ძმამ დავაარსეთ. ჩემი ძმა საქართველოს ეროვნული ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელია, თვითონაც ფოლკლორისტი, ორივე ბავშვობიდან ვმღერით და ეს ანსამბლიც ამიტომ შევქმენით. შემდეგ გვერდით მეგობრები შემოვიკრიბეთ - ანსამბლს 10 წევრი ჰყავს. უკვე ბევრ ქვეყანაშიც მოვასწარით გასტროლებზე წასვლა.

როგორც დამიანე გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ „ჯავახიშვილში“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის განხრით სწავლობდა, მაინც სულ მუსიკით ცხოვრობდა... ის თავის საამაყო საქმედ იმას მიიჩნევს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, საინგილოში მუშაობდა.

„იქ საპატრიარქოსგან გალობის მასწავლებლად ვიყავი მივლენილი. საინგილოს მხარეში მგალობელთა გუნდი ჩამოვაყალიბე, რომელიც მანამდე არ არსებობდა. კახში, რაიონულ ცენტრში არსებულ საკათედრო ტაძარში დღეს უკვე ქართული გალობა შესაძლებელია... ასე რომ, 2 წლის განმავლობაში, კვირის მანძილზე 2 დღე, აზრებაიჯანის ტერიტორიაზე ვიყავი, დანარჩენი დღეები - თბილისში. ამდენი საუკუნის შემდეგ, მოვახერხეთ ის, რომ იქ ახლა ქართული გუნდი გალობს, რითაც კარგი საქმე გაკეთდა და ვამაყობ. ეს იმ ადამიანებისთვის დიდი შვებაა. გუნდში ძირითადად ბავშვები არიან, რომლებსაც გალობა შევასწავლე, შემდეგ კი ერთმანეთს პანდემიამ დაგვაშორა, საზღვრები დაიკეტა. როგორც კი გაიხსნება, ჩავალ და ერთად სიმღერას და გლობას გავაგრძელებთ,“ - გვეუბნება დამიანე გორდელაძე.

- ვიდეოები, რომელსაც სოციალურ ქსელში დებ, რა არის შენთვის?

- 19 წელი გურიაში გავატარე და სწორედ იმ პერიოდის და ცხოვრების გაცოცხლებაცაა, რაშიც ვტრიალებდი და რაც გურული ბაბუა-ბებიების საუბრებიდან მესმოდა. ამასთან, ახლანდელი ცხოვრების გადმოცემაცაა, - ახლაც ასე ვცხოვრობ, ასე ვლაპარაკობ, სალიტერატურო ქართულით კი გესაუბრებით, თუმცა სახლში ჩემს პატარა ბავშვს გურულ დიალექტზე ველაპარაკები. ხომ ვამბობ, ეს არის წარსულის, აწმყოს გადმოცემა, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება, ასე უცებ ვერ შევიცვლები...

რაც მთავარია, ჩემი ყოფის ხალხისთვის გაზიარება. ისე ახლა დავიწყე ამის კეთება და პერსონაჟები ცხადია, კიდევ მოიმატებს. რაც შეეხება იმას, გურულები ასე აქტიურად თუ რატომ მყავს ვიდეოში, აქტიური ხალხი ვართ გურულები და ალბათ მიზეზიც ესაა...

- სახასიათო გარეგნობაც გაქვს...

- ულვაშს ყოველთვის ვატარებდი. ბუნებრივია, რომ ძველი გურულები სულ გაპარსულები არ დადიოდნენ, დიახ, წინაპრები წვერ-ულვაშს ატარებდნენ. თან, გურული მამაკაცი ყოველთვის აპრეხილ ულვაშებთან, ქარზიმატულ პიროვნებასთან ასოცირდება, რომელიც თუ გურულ დიალექტზე ვიტყვი, უცებ შეიძლება „გაკუჭდეს“, ანუ გაცეცხლდეს, წამიერად აენთოს... საერთოდ კი ქართველს ეშხიანი გარეგნობა აქვს - წვერი და ულვაში პეწს ჰმატებს. ქართველი მაინც სხვანაირ გარეგნობასთან ასოცირდება და ამიტომ ვცდილობ, გამოწკეპილი ევროპელივით არ გამოვიყურებოდე.

- სოციალურ ქსელში შენმა ასეთი ფორმით შემოსვლამ რა გაჩვენა - ღირს გაგრძელება?

- პანდემიამდე ისევე, როგორც ყველა ჭეშმარიტი გურული მეც აქტიურად ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, ეს ალბათ ასევე გაგრძელდება, მაგრამ მას მერე, რაც ამ საქმის კეთება დავიწყე, ერთ რამეს მივხვდი, რაც სხვათა შორის, ერთ ქართველ მსახიობს აქვს ნათქვამი - „თუ გინდა, არ მოწამლო სუფრა, არ უნდა ილაპარაკო - რელიგიაზე, ფეხბურთსა და პოლიტიკაზე“. ამ თემებზე არ ვლაპარაკობ და მხოლოდ პოზიტიური გზავნილებით ვეკონტაქტები საზოგადოებას, რომელიც კომენტარებით მპასუხობს, რომ - „კარგია, ამ უჰაერობაში ასეთი ჰაერის, პოზიტივის ჩასუნთქვა“, - დაახლოებით ასეთი შინაარსის გზავნილებს ვკითხულობ. როგორც ჩანს, ხალხს ეს სჭირდება, მით უმეტეს, ამ რთულ პერიოდში.

- მეუღლეს მოსწონს შენი ნამუშევრები და რა შეფასებებს გაძლევს?

- მეუღლე - ანა კობოზევა გახლავთ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ დავქორწინდით, გვარი შეიცვალა და ახლა საქართველოში ერთით მეტი გორდელაძეა... ერთმანეთი მოსკოვში, სრულიად შემთხვევით გავიცანით. თუ გურიაში ჩამოხვალთ, საკუთარი თვალით და ყურით დარწმუნდებით, რომ ანა ბევრ ქართველზე უკეთ მღერის ქართულ და განსაკუთრებით გურულ სიმღერებს. განათლებით მუსიკის თეორეტიკოსია და საოცარი სისწრაფით ითვისებს ახალ სიმღერას. ანა ალბათ ერთადერთია საქართველოში, რომელიც ირლანდიურ არფაზე უკრავს (კლასიკური არფის დამკვრელები ბევრნი არიან, მაგრამ ირლანდიური არფა ძალიან იშვიათი ინსტრუმენტია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში). პატარა იონას გამო, ბუნებრივია, საკუთარი თავისთვის ნაკლები დრო გვრჩება, მაგრამ ანა ყოველ მხრივ ხელს მიწყობს, რომ ვაკეთო საყვარელი საქმე. როცა რაიმეს გადაღებას ან ჩაწერას ვაპირებ, პატარასთან ერთად, სასეირნოდ მიდის, მე კი სიმშვიდეში უკეთ ვმუშაობ.

- იუმორში ვინ არის შენი კერპი?

- ალბათ ჩემი თანასოფლელები, მეზობლები, მაგალითად, ჯანიკო გორდელაძე (სოფელში, სადაც ვცხოვრობ, ყველა გორდელაძეა). გვერდითა სოფელ მაკვანეთიდან ერმილე მეფარიშვილს დავასახელებ. ესენი ის ადამიანები არიან, ვის იუმორზეც გავიზარდე. თითოეულს საოცარი ენა აქვს. ასეთი ენამოსწრებული ადამიაების გვერდით რომ იზრდები, გინდა თუ, არა, ეს შენშიც შემოდის.

- რა გეგმები გაქვს ამ მიმართულებით?

- 2 კვირის მანძილზე ძალიან დიდი გამოხმაურება მაქვს და, როგორც გითხარით, დადებითი გზავნილები. ჩემი გამომწერები ახალ ვიდეოებს ელოდებიან. ამიტომ, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება, მეტი ტექნიკური უზრუნველყოფა იქნება, რაც კიდევ მეტ სიახლეს მოიტანს. სულ ერთი ყურსასმენით და ერთი ტელეფონით ხომ არ ვიმუშავებ? შესაბამისად, ხარისხიც გაუმჯობესდება.

მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდით და თუ ამ ინტერვიუს შემდეგ, ვინმეს ჩემი ახლოს გაცნობის სურვილი გაუჩნდება, „მარტოკაცის“ არხი გამოიწერონ, ამას სიამოვნებით მივესალმები. ეს ჩემთვის სტიმული იქნება, შემდეგში კიდევ უკეთ ვაკეთო ჩემი საქმე და არ გავჩერდე.

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

"კარმენი" სცენიდან კინომდე - ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს

"8 წლის წინ უცნაურ ვითარებაში გავიცანი..." - ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილსა და კარიერაზე