ავტორი:

"თუ არ დაელაპარაკები, ყველაფერს დალეწავენო" - რატომ არ გავიდა სარკოზი 2008 წელს რუსთაველზე შეკრებილ ქართველებთან, რომლებიც "სარკოს" სკანდირებდნენ

"თუ არ დაელაპარაკები, ყველაფერს დალეწავენო" - რატომ არ გავიდა სარკოზი 2008 წელს რუსთაველზე შეკრებილ ქართველებთან, რომლებიც "სარკოს" სკანდირებდნენ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

მაშინ აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

სწორედ 2008 წლის მოვლენებზე წერს დეტალურად ნიკოლა სარკოზი მემუარული წიგნში Le Temps des Tempêtes (ქარიშხლების დრო). ის დეტალურად იხსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი მაშინ, როდესაც თავად პეკინის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. ავტორი მემუარულ ჟანრში ვრცლად აღწერს ომს და მოლაპარაკების პროცესში მის პირად მონაწილეობას.

მათ შორის იხსენებს თბილისში ვიზიტსა და პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას. ასევე ხსნის, რატომ არ გავიდა მაშინ რუსთაველზე შეკრებილ ქართველებთან, რომლებიც "სარკოს" სკანდირებდნენ.

გთავაზობთ ნაწყვეტს სარკოზის წიგნიდან, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბუბა კუდავამ თარგმნა:

"თბილისში დაახლოებით 22 საათზე ჩავფრინდით...

ბნელი ღამე იყო. ქვეყანა ომში იყო, ჩვენი ჩაფრენის ადგილიდან 25 კილომეტრში საოკუპაციო ჯარების ტანკები იყო განლაგებული. ატმოსფერო მწუხარე იყო აეროპორტსა და პრეზიდენტის სასახლეს შორის, სადაც სააკაშვილი გველოდებოდა. პირველად გადავკვეთე ფრონტის ხაზთან ასე ახლოს მდებარე ქალაქი. სიცოცხლის ნატამალი არ ჩანდა. სინათლეები ჩამქვრალი იყო. ხალხი თავს იმშვიდებდა, როგორც შეეძლოთ. ირგვლივ ყველგან მზაკვრული შიში სუფევდა. გამონაკლისს დედაქალაქის ერთი ადგილი წარმოადგენდა.

პარლამენტი, სადაც ასევე იყო განთავსებული პრეზიდენტის სასახლე. ვგრძნობდი დიდ მღელვარებას, თითქმის ისტერიას. დედაქალაქის ამაღლებულ ადგილას განთავსებული მკვეთრად განათებული შენობა საოცარ კონტრაქტს ქმნიდა დანარჩენ სრულიად ჩაბნელებულ ქალაქს შორის. საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა თავის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერებს, შეკრებილიყვნენ ძალაუფლების საბოლოო ადგილის გარშემო, რათა დაეცვათ იგი და მიეღოთ საბოლოო მითითებები. სადაც არ გავიხედავდი, აღელვებას, ნერვიულობას და მოუსვენრობას ვაწყდებოდი.პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში შესულს მომესალმნენ, გულწრეფალად და უხვად გამოხატეს მადლიერება.

აქ ასევე იყვნენ ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, რომელთაც მხარდაჭერა ფიზიკური დასწრებით გამოხატეს. მაშინვე, პრეზიდენტის ოთახის კუთხეში ორი კაცი შევნიშნე, ჩანდა რომ არ იყვნენ ქართველები და მოშორებით იდგნენ. ვიკითხე, რას აკეთებდნენ აქ. მიპასუხეს, რომ ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მაშინვე დაეტოვებინათ ოთახი.

მე მინდოდა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან მესაუბრა, გარეშე მოწმის გარეშე, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა.სანამ ექვსპუნქტიან გეგმაზე საუბარს დავიწყებდით, სააკაშვილმა დიდი ენთუზიაზმით მითხრა: "ასორმოცდაათი ათასი კაცია შეკრებილი სასახლის გარშემო. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები დაყენებულია. უნდა დაელაპარაკო მათ".

მისი სამუშაო ოთახის ორმაგი ფანჯარა გახსნა და მაშინვე შევამჩნიეთ უზარმაზარი ხმაური.მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაცდური შემოთავაზება იყო, მკაცრად უარი ვთქვი ამ მოწვევაზე, რადგან სიტყვა მივეცი პუტინს, ისე როგორც მედვედევს, რომ თუ რუსეთის არმია უკან დაიხევდა, ერთ ფრაზასაც არ ვიტყოდი მათ წინააღმდეგ. მაგრამ ანთებულ და გაბრაზებულ ქართველი ხალხის მასას ჩემგან მხოლოდ რუსეთის დაუფარავი დაგმობის მოსმენა სურდა.

რა თქმა უნდა, მესმოდა მათი, მაგრამ თუკი ჩემი მომლაპარაკებლის და შემთანხმებლის როლიდან გამოვიდოდი, უარს ვამბობდი მთლიან ეფექტურობაზე, რასაც აშკარა მიუკერძოებლობა აქამდე მანიჭებდა..სასოწარკვეთილებაში მფოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოოდ სცადა შეტევაზე გადმოსვლა: "თუ არ დაელაპარაკები მათ, ყველაფერს დალეწავენ". "დალეწონ თუ უნდათ. მე სიტყვა მივეცი და ამას არ დავარღვევ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსულმა ტანკებმა დატოვონ თქვენი ტერიტორია რაც შეიძლება სწრაფად.

"ვიცოდი რომ ჩემი უმცირესი გამოსვლა, საჯარო იქნებოდა ეს თუ კერძო, მილიმეტრული სიზუსტით იქნებოდა მოსკოვის მიერ მიყურადებული. ერთი წამით არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩემი დილანდელი სადილის მოსაუბრეებს ყველა ტექნიკური და ადამიანური საშუალება ექნებოდათ რომ ზუსტად გაეგოთ რა ხდებოდა თბილისში. „შერპა“მხოლოდ შუაღამის 12 საათზე გადავედით საუბრის არსზე. განვუმარტე, რომ ან ქართველები დათანხმდებოდნენ ჩემს გეგმას, ან ბრძოლები განახლდებოდა, თბილისი დაეცემოდა და დასრულდებოდა დამოუკიდებელი საქართველო.

სააკაშვილმა უარი თქვა და ბოლომდე გაჭირვეულდა საერთაშორისო მოლაპარაკებების შექმნის საკითხზე, სადაც განხილული იქნებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსი. ეს მისი მხრივ შეცდომა იყო, რადგან ეს იყო ირიბი გარანტია იმისთვის რომ ამ ორი ტერიტორიის რუსეთის მიერ დე ფაქტო ოკუპაცია არ ყოფილიყო იურიდიულად აღიარებული.ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. დილის პირველ საათზე გადავწყვიტე დამერეკა მედვედევისთვის, რათა დამერწმუნებინა რომ უარი გვეთქვა საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ამ ორი რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის არმიას შეეძლო იქ დარჩენილიყო. მან მადლობით დაიწყო იმისთვის, რასაც და როგორც ვაკეთებდი.

ჩანდა, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო. ქართული სისტემა უსაზღვროდ უფრო გამტარი იყო, ვიდრე ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ.ჩემდა გასაოცრად, ის დიდი საუბრის გარეშე დათანხმდა ჩემს თხოვნას და ამასთან დამიზუსტა, რომ ბრძანება გადასცა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოემზადონ უკან დასახევად. ეს იყო საუკეთესო და მოულოდნელი ამბავი. ამგვარად დილის ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მუდმივი ხდებოდა.დილის სამ საათზე მქონდა პრესკონფერენცია საქართველოს პარლამენტის ბაღში. ატმოსფერო იყო უცნაური, არარეალური, ერთდროულად ეიფორული და სტრესული.

გავემგზავრე უკან კაპ ნეგრისკენ. კაბინაში შესვლისას, ტიერიმ, მეტრ დოტელმა რომელიც ყველაფერს ხელმძღვანელობდა, მითხრა:

„ბედნიერები ვართ რომ მივდივართ ბატონო პრეზიდენტო. ნამდვილად არ მინდოდა უკან დასაბრუნებელ კოლონას ჩამოვრჩენოდი“.

„შეგეშინდათ?"

“მერე როგორ",

მითხრა მან. გულიანად გავიცინეთ, რადგან მტყუანი არ იყო, თუ დაფიქრდებოდი...

ამასთანავე, საქმე ჯერ მთლიანად არ იყო დასრულებული. მე ჯერ ჩემი ევროპელი კოლეგები უნდა დამერწმუნებინა, რომ საუკეთესო შეთანხმებას მივაღწიეთ, შესაძლებლის ფარგლებში. თუმცა ეს არ იყო აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების ნაწილის აზრი, რომელთაც აუცილებლად უნდოდათ რუსებთან ბრძოლა და არ ეშინოდათ ცივი ომის დაბრუნების, რაც მე არაფრის ფასად არ მინდოდა.

პირველ სექტემბერს მოვიწვიე ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა ბრიუსელში და ანგელა მერკელის დახმარებით დიდი ბრძოლით გავიტანეთ გადაწყვეტილება და შევძელით ევროპელი დამკვირვებლების განლაგება ქართველებს და რუსებს შორის ფრონტის ბოლო ხაზზე. ამის შემდეგ, და მე ვიტყოდი, რაც მთავარია, უნდა მიმეღწია რუსეთის ჯარების სრული გაყვანისთვის.

იძულებეული გავხდი 8 სექტემბერს კვლავ ჩავსულიყავი მოსკოვში, რათა მედვედევისგან მომეთხოვა ზუსტი და შეთანხმებული კალენდარი. საგარეო საქმეთა მინისტრ, ძალიან აგრესიულ ლავროვთან ძალადობრივი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპელი დამკვირვებლების ჩასვლიდან თხუთმეტი დღის შემდეგ რუსები გავიდოდნენ... წაიკითხეთ სრულად სარკოზის მემუარები აგვისტოს ომზე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები... ილუზია შეიქმნა, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არა, ბატონო!" - ამირან გამყრელიძის მიმართვა მოსახლეობას

"ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა: ბატონო ამირან, თურმე კოვიდი მთებში ისვენებსო" - ამირან გამყრელიძე