ავტორი:

"გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება უყურადღებოდ" - რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რას ამბობენ სპეციალისტები პირველწყაროზე

"გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება უყურადღებოდ" - რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რას ამბობენ სპეციალისტები პირველწყაროზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიაში სპეციალურ ღონისძიებებს შემოიღებენ, მათ შორის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მისივე თქმით, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ ადგილზე გაძლიერებულ ტესტირებას.

„დისტანციურად ჩართვა გვქონდა შტაბის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება გვიწევს. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არაა, დეტალურად ვმართავთ პროცესს. არანაირი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება, ემოციების საფუძველი გახდეს. ჰოსპიტალური სისტემა მზადაა, რომ თუ რაოდენობრივი ზრდა იქნება ინფიცირების, წყნარად მშვიდად, როგორც აქამდე ისე ვმართოთ ეს ციფრები. ნერვიულობის საფუძველი არაა“, - განაცხადა გახარიამ.

ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, იძულებული გავხდებით ასეთი შემზღუდავი ღონსიძიებები განვახორციელოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იმნაძე მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ადამიანებს წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა - საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს - სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში. ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. წესები გამკაცრდება, ერთადერთი შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინც მესტიის რაიონში დარჩენილია, მაქსიმალურად დაიცვან ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, ასევე დაიცვან დისტანცია მათ შორის, ღია სივრცეებშიც.

იქ, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. თუ თითოეული ჩვენგანი, ყველგან სადაც ვართ, არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც. მესტია პრაქტიკულად გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მესტიაში შესვლა-გასვლა გამკაცრდება, წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ 5 რაზმი მუშაობს, მე-6 გზაშია და ხვალიდან ერთი ამდენი დაემატება, მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, თუ ვინ არის ვირუსის პირველი წყარო, აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

„ნუ ავურევთ ერთმანეთში გაჩიანს და მესტიას, იქ გრძელდება კიდევ მუშაობა, რადგან პრობლემები მთლიანად არ არის აღმოფხვრილი და თავისთავად გრძელდება კვლევები, იქიდან ვერავინ ჩავიდოდა, მკაცრი საკარანტონო რეჟიმი იყო, ამიტომ ეს ორი თემა გავმიჯნოთ, იქ ცალკე ვმუშაობთ, აქ - ცალკე... ინფიცირების წყაროზე მოკვლევა მიმდინარეობს, თბილისშია აღმოჩენილი იმ შემთხვევასთან კავშირში მყოფი 5 შემთხვევა“, - განაცხადა იმნაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოძრაობა უკვე შეზღუდულია. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

„ამ მომენტისთვის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყება და მოძრაობა უკვე შეზღუდულია. რაც შეეხება საკარანტონო პერიოდს, ისევე როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავსი აფეთქება მოხდა, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინე პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა.

„ამ ეტაპისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ის, რაც მოწოდებულია მსოფლიო გაიდლაიენებით, 28 დღის ვალდებულება არის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, დამატებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღედ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.

რემონტი სახლიდან გაუსვლელად

სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა

ვინ არის 44 გამოჯანმრთელებული და რას ამბობენ ექიმები ახალი ინფიცირებულების წყაროს შესახებ