ავტორი:

"კიტრისა და პომიდვრის მთელი არმია მაქვს, მინდა, ყანაც მქონდეს და ვენახი ჩავყარო" - "ჩემმა მზემ" არაშენდაში ბაღ-ბოსტანი გააშენა

"კიტრისა და პომიდვრის მთელი არმია მაქვს, მინდა, ყანაც მქონდეს და ვენახი ჩავყარო" - "ჩემმა მზემ" არაშენდაში ბაღ-ბოსტანი გააშენა

ზოგჯერ ადამიანი ერთი ფრაზით ამახსოვრდებათ ისე, რომ ის ფრაზა მისი მეტსახელიც ხდება. გიორგი გილიგაშვილის მეტსახელად მისი საყვარელი ფრაზა - „ჩემმა მზემ“ იქცა. როგორც გვეუბნება, ბოლო დროს ქალაქში ცხოვრება მისთვის ცოტა მოსაწყენი გახდა და სოფლად გადასვლა გადაწყვიტა. იქ კი სოფლის საქმეებში აქტიურად ჩაერთო, რითაც დიდ სიამოვნებას იღებს.

„საერთოდ ნათქვამია, - სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო, - ეს ხალხურია, თუმცა მამა იოსებს ასეთი რამ აქვს ლექსად ნათვამი: „ყოველისშემძლეა ბედისწერა ვისაც ჰგონია,/ბედი კი არა, იმ საბრალოს ჭკუა არ ჰქონია,/ყველა თვითონ არს საკუთარი ბედის მჭედელი,/ ბედს არ უჩივის სულიერი თვალით მხედველი/. მიყვარს მამა იოსები და მისი ეს სტრიქონები... მეც მგონია, რომ თითოეული ჩვენს ბედისწერას თვითონ ვჭედავთ... მოკლედ, უფლის ნებით და არა ბედისწერით ჩემ გარშემო ამბები ასე განვითარდა: ჩავთვალე, რომ ქალაქში არაფერი ხდებოდა, თითქოს ქალაქში მუზებმაც კი მიმატოვეს. აქ პანდემიით გამოწვეულ კარჩაკეტილობას არ ვგულისხმობ, მაგ პერიოდში ბოლომდე ქალაქში ვიყავი გამაგრებული. როდესაც შეზღუდვები ცოტა შემსუბუქდა, სოფლად მაშინ წავედი. შეიძლება უფრო დიდი მოლოდინი მქონდა, ან მე ვცდებოდი, ასე უნდა ყოფილიყო.

- რას ელოდი?

- მეგონა, ერთმანეთთან განშორების მერე მეტს ვისწავლიდით და ერთმანეთს მეტად ჩავეხუტებოდით. ამის იმედი მქონდა, მაგრამ როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებში რაღაცები არ მომეწონა - უსაქმოდ, ჩახუტების გარეშე დარჩენილები და სიყვარულს მოკლებულები რაღაც სხვანაირები ვჩანდით... მერე ვიფიქრე, რადგან უფალმა ასე ინება და საკუთარ თავში ჩასახედად დრო მოგვცა, წავალ და ჩემს მამა-პაპისეულ სახლ-კარს დავუბრუნდები-მეთქი.

- და სად არის ეს სახლ-კარი?

- ჩვენ ფშავ-ხევსურეთიდან, ფხოვიდან ვართ. იქიდან გორგასალმა ჩვენი წინაპრები ჩამოასახლა, რომლებსაც გარე კახეთი და დროშა ჩააბარა. მთაზე შეფენილ, ერთ ულამაზეს ადგილას არის ჩვენი ფხოველი, ისაა ჩვენი ზედაშე სოფელი, საიდანაც უკვე ერეკლე მეფის დროს ბარში გადმოგვინაცვლებია და ის ადგილი ახლა უკვე არაშენდაა. მოკლედ, ამჟამად არაშენდაში გახლავართ. თავიდან რომ ჩავედი და ჩვენი კარმიდამო, პაპაჩემის დანატოვარი სახლ-კარი, ჩემთვის სანუკვარი ადგილი ვნახე, ძალიან შემრცხვა, რომ იქაურობა აბალახებული დამხვდა. აქამდე დრო როგორ ვერ გამოვნახე ჩამოსასვლელად-მეთქი?! მაგრამ ალბათ ასე უნდა ყოფილიყო, სანამ ცოცხალი ხარ, არასდროს არის გვიან. უფლის მადლიერი ვარ, რომ 30 წელს გადაცილებულ ადამიანს, სანამ ჯანი მაქვს, მკლავში ძალა მერჩის და მუხლი მიჭრის, საშუალება მომეცა, მამულში ჩავსულიყავი და მეშრომა.

ახლა ჩემი იქ შრომა ერთი დიდი დღესასწაულია. მაქვს დაკოჟრილი ხელები და მსიამოვნებს. ჩემი დები უღებენ ფოტოებს იქაურობას და მახალისებენ კიდეც - გიო, ნახე, როგორი იყო მანამდე და შენ როგორ გაალამაზე? მამულში ყველა რაღაცას აკეთებს - ჩემი უმცროსი ძმა, დედიკო, მამიკო, ჩემი დები, მაგრამ უმეტესად მაინც მე და ჩემი უმცროსი და გავმაგრდით.

- რას საქმიანობ?

- ვკაფავდი, ვჭრიდი, ვანგრევდი და ვაშენებდი, ახლა ვამზადებ ნიადაგს, სპეციალურად ვაფხვიერებ იმისთვის, რომ ვენახი ჩავყარო. მერე 4 წლის თავზე ყველას დაგიძახებთ გადასაღებად... ბედნიერება იქნება, ჩემს მეგობრებს, სტუმრებს - უცნობს თუ ნაცნობს ღვინით გავუმასპინძლდები. მინდა, ყანაც მქონდეს. ჩემი პურ-ღვინო რომ მექნება, პატარა სალოცავს მეც ავაშენებ. იქ რომ მამაო წირვას და ლოცვას აღავლენს, ზიარებას (ქრისტეს ხორცს და სისხლს) ჩემი პურითა და ღვინით მიიღებენ. ამაში შემდგომ შვილებიც ჩაერთვებიან... ვფიქრობ, დედამიწაზე მეტი ბედნიერება და სიხარული არ არსებობს...

- წელს ვენახის ჩაყრა ვერ მოასწარი?

- ამჯერად ჩემი ჩასვლა ვაზის გასაშენებლად დაგვიანებული იყო, მის დამუშავებას ვერ მოვასწრებდი. ახლა პომიდვრის და კიტრის მთელი არმია მაქვს, კიტრებს ცოტა წყალი დააკლდათ, თუ მეტი მოუვიდათ, ჯერ კარგად არ ვიცი, ხომ ხვდებით, თანდათან ვსწავლობ, დაკვირვების პროცესში ვარ. ზოგმა მეტი მოისხა, ზოგმა - ნაკლები, - არ ველოდი. საინტერესო პროცესია - დავყურებ ჩემს ნარგავებს და მათი ბედი მაღელვებს. ასევე დათესილი მაქვს მწვანილი. მეზობლებიც მეხმარებიან, უსაყვარლესი ნელი ბებოსგან რჩევებს ვიღებ.

- ძალიან გაუტაციხარ ამ საქმიანობას.

- კი, მაგრამ ახლა თბილისში ცოტა ხნით ჩამოვედი - ჩემი ძმაკაცი, ნიკოლოზ ხომასურიძე ფილმს „გააზიარე სიყვარული“ იღებს, სადაც მთავარი როლი მაქვს. მართლაც ასეა - ადამიანები იმიტომ ვართ, რომ სიყვარული გავაზიაროთ და ვიცხოვროთ სიკეთით.

"8 წლის წინ უცნაურ ვითარებაში გავიცანი..." - ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილსა და კარიერაზე

„ღამის სერენადები 2020“ დასრულდა

ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი დაინიშნა - ვინ არის პოპულარული ექიმის სარძლო  (ფოტოები ულამაზესი წვეულებიდან)