ავტორი:

"სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ" - რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში გამეფებულ ნეგატიურ ფონზე?

"სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ" - რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში გამეფებულ ნეგატიურ ფონზე?

ბოლო დროს ჩვენში ყველა ჩივის, რომ ნეგატიურმა ამბებმა ძალიან მოიმატა და საინფორმაციო საშუალებებიც მხოლოდ ამას აშუქებენ. ოპოზიცია ყველაფერს ხელისუფლების უსუსურობას უკავშირებს, ხელისუფლებას სხვა მოსაზრებები აქვს... ამ თემების განხილვით ასევე მოცულია სოციალური ქსელიც, რის ფონზეც ინტერნეტმომხმარებლები ურთიერთდაპირისპირებას ვერ ცდებიან...

ambebi.ge რამდენიმე ცნობილ და თავის სფეროში დამსახურებულ ადამიანს დაუკავშირდა და ჰკითხა - რა გავლენას ახდენს მათზე უარყოფითი ინფორმაციები და რით ხსნიან გარშემო ნეგატივის ასე მომრავლებას.

ლადო აფხაზავა, პედაგოგი:

- ადამიანებს პატარა ნაპერწკალიც კი ყოფნით, რომ ცუდი აზები დააფრქვიონ, ერთმანეთი მარტივად შეურაცხყონ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და მასთან ურთიერთობებია. ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ადამიანურ ღირსებებზე დაფუძნებული სწავლება შევთავაზო და ყველა შემდგომი გამოწვევისთვის მოვამზადო, თუნდაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. პროექტები გვაქვს ბულინგის წინააღმდეგ. ბულინგს სკოლაში ხშირად აქვს ადგილი და სულ იქნება, მაგრამ მისი პრევენციის გზები ყოველთვის უნდა ვეძებოთ.

პანდემიის დროს, ონლაინსწავლებისას ისე მოხდა, რომ ყველა მოსწავლის ოჯახში "შევედით" და ვნახეთ, როგორ ოჯახებში ცხოვრობენ ისინი. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ყველაფერი მანამდე არ ვიცოდით. თურმე მათთან ურთიერთობისას ბევრ შეცდომას ვუშვებდით. არადა, სკოლაში, რომელიც არის სიხარულის, სიკეთის შენობა, სადაც მოსწავლეებს ხალისიანად, თბილად უნდა ექცეოდნენ, თურმე სათანადოდ არ ვეპყრობით, თურმე ბავშვებს მეტი სიყვარული სჭირდებათ. ამიტომაცაა, რომ მათ დიდ პროცენტს სკოლაში მოსვლა არ უყვარს. რა თქმა უნდა, მასწავლებლებს სურთ, მათი მოსწავლეები წარმატებულები იყვნენ, მაგრამ ამას მოტივაციის ამაღლება სჭირდება. ამიტომ შეიძლება, ჩვენ თეორიულად ბევრი რამ ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ვაკეთებთ.

ნებისმიერი მასწავლებელი, სკოლის დირექტორი გეტყვით, რომ სწავლება მოსწავლეზეა ორიენტირებული, მაგრამ, როგორც კი, რაიმე აქტივობაა სკოლაში, იქ წინა რიგებში მასწავლებელებს ვსვამთ, ბავშვები ფეხზე დგანან. ასეთი სკოლა პრაქტიკაში მოსწავლეებზეა ორიენტირებული?! არა, რა თქმა უნდა. ნამდვილი პროცესები იქაა, სადაც მოსწავლეა მთავარი.

ამას ტელევიზიებიც უწყობენ ხელს, საინფორმაციო გამოშვებებში, თუ სიუჟეტში რაიმე აგრესია არ არის ჩადებული, რატომღაც ჰგონიათ, რომ სიუჟეტი კარგი და საინტერესო არ გამოდის.

ჩემ შემთხვევაშიც, საზოგადოებამ რომ გამიცნო, მცირე პროცენტისგან ნეგატივი წამოვიდა, ტალახი მესროლეს, მაგრამ ბევრი მეუბნება, - რომ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციო, რადგან როცა ადამიანი რაღაც წარმატებას აღწევს, ასე ხდება... ასეთი კომენტარებისთვის არ მიპასუხია.

- რა თქვეს თქვენზე?

- ლადო აფხაზავა სოროსის ლეკვიაო... არადა, თურმე ვინც ეს დაწერა, სწორედ მისი სკოლა იყო ჩართული სოროსის პროექტში და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ... სოროსის ფონდთან არანაირი კავშირი არ მაქვს, ნეტავ, კი მქონდეს.

რატომღაც ასეა, სხვისი გალანძღვით ცდილობენ, საკუთარი ლაქები ჩამოირეცხონ. საზოგადოება უნდა მიხვდეს, - თუ ვინმეს აძაგებ, თავად გჭირს კომპლექსი და ამას ააშკარავებ.

- მომავალი თაობის დიდი მეგობარი ხართ, ამდენი ახალგაზრდის თვითმკვლელობა თუ მკვლელობა ემოციურად როგორ მოქმედებს თქვენზე?

- ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნა არ შეიძლება, უმოქმედო არ უნდა იყო, რაღაც გზები უნდა დასახო. ამიტომაც ამის საწინააღმდეგოდ პროექტები შევიმუშავე - ნეგატივის საწინააღმდეგოდ, ჩემი ემოციები პროექტში გადავიტანე და მინდა, ჩემი მოსწავლეები მეტად მოვამზადო. მაგალითად, სპორტი ხომ იმას ემსახურება, რომ ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესით განავითაროს, მაგრამ ჩემი მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა სპორტს ერთ თვეში დაანება თავი, მწვრთნელს კომპეტენცია აკლდა. ბავშვებს, რომლებიც ოჯახებიდან დათრგუნულები მოდიან, ზოგჯერ ძალადობის მსხვერპლნიც არიან, სპორტში უნდათ ენერგიის დახარჯვა, სიმშვიდის მოპოვება და ამას აგრესიული პედაგოგების გამო იქაც ვერ აღწევენ... მოკლედ, პრობლემა ძალიან მრავალმხრივია.

თეა დარჩია, ქორეოგრაფი:

- ძალიან დავშორდით ღმერთს და ეს არის ყველა პრობლემის საწყისი, შედეგი, ფინალი და არსიც. ამიტომ, იმძლავრა ასე აგრესიამ და იმ საზიზღარმა მდგომარეობამ, რაშიც ვცხოვრობთ. ბოლო დროს ბოროტება იმარჯვებს, რადგანაც არ ვართ ღმერთისკენ, მაგრამ როგორც კი შევბრუნდებით, უბრალოდ, მადლობას მაინც გადავუხდით, ყველაფერი შეიცვლება...

საშინლად მოქმედებს ჩემზე ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა, ვითრგუნები, ძალიან განვიცდი, ვგრძნობ და მტკივა... მთავარი მაინც ისაა, რომ არ უნდა ავყვეთ და გავყვეთ ამ უარყოფითს. ამ ყველაფერს ისევ ერთმანეთის სიყვარულით და ღმერთისადმი მადლიერების გრძნობით მოვერიოთ. ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ, მაქსიმალურად ბევრი ბოდიში მოვუხადოთ ერთმანეთს და ბევრი ვაპატიოთ - ეს არის ჩემი მთავარი პასუხი.

ხათუნა ნოელი, ასტროლოგი:

- მართლაც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ვცხოვრობთ დროში, როცა ისტორიის ახალი ფურცელი იწერება. ალბათ შეამჩნევდით, რომ ეს პერიოდი ბევრი რამით ჰგავს თუნდაც 29-30 წლის წინანდელ ვითარებას, ანუ 90-იანი წლების დასაწყისს. როდესაც ძველი, ჩვეული ცხოვრების წესი ჩამოიშალა და ახალთან მოგვიწია შეგუება. ისტორია ხომ სპირალისებურ ციკლებად მეორდება...

- და ასტროლოგია განაპირობებს ამ ყველაფერს?

- რასაკვირველია. სამყაროში ხომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია? თუ ვნახავთ, პლანეტათა რა განლაგება განაპირობებდა იმ პროცესებს მაშინ და რა ხდება ცაზე ახლა, ანალოგიას მარტივად დავინახავთ.

მაშინაც და ახლაც, როცა მიმდინარე პროცესები დაიწყო, პლანეტა სატურნი მერწყულის ზოდიაქოში მოძრაობდა. სწორედ მისი მერწყულში ტრანზიტის დროს გვშორდება ხოლმე ყველაფერი, რაც სამყაროსეული ევოლუციის თვალსაზრისით ძველია და დრომოჭმული, ამავდროულად მკვიდრდება ახალი, შესაძლოა ექსტრაორდინარული და ზოგჯერ შოკისმომგვრელი წესები...

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ სატურნი ასტროლოგიაში დროდადრო ანგრევს იმ სისტემას, რომელიც ადრე თავადვე შექმნა.

თუმცა, რასაკვირველია, აქ მხოლოდ სატურნის ტრანზიტს არ უმუშავია, იყო კიდევ ბევრი სხვა ასტროლოგიური ფაქტორიც... თუნდაც ახლახან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები რომ ავიღოთ, მათ საფუძვლად შავი მთვარის (იგივე ლილიტის) ვერძის ნიშანში ტრანზიტი უწყობს ხელს, სწორედ ეს განაპირობებს ამდენ მომძლავრებულ აგრესიას და უბედურ შემთხვევებს.

- როგორ მოვიქცეთ, რათა შევამციროთ ასეთი ფაქტები?

- ჯერ როგორც ასტროლოგი გეტყვით, რომ ოქტომბრის ბოლომდე, ვიდრე ლილიტი ვერძის ნიშანს გადის, შევეცადოთ და მაქსიმალურად ვერიდოთ კონფლიქტებს. მართალია, ახლა ძალიან რთული პერიოდია, ფაქტობრივად, ორი ეპოქის მიჯნაზე გავდივართ და ეს არაა ხანმოკლე პროცესი... ალბათ მკითხავთ, როდის დასრულდება?

ჩემი პროგნოზი ასეთია, 2021 წელიც რთული იქნება, მაგრამ დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის და მომავალში ბევრად უკეთესი სამყარო გველის.

როგორც მოქალაქე კი, პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ალბათ განათლებას და ზოგადად აღზრდას უნდა მეტი დრო დაეთმოს...

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე - "მამის დღე" დაწესდეს - საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

თეა წულუკიანი მცხეთაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად - ფოტოები სვეტიცხოვლის ტაძრიდან

კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - როგორია 29 მაისის მონაცემები?