ავტორი:

"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რაზე ისაუბრა სოფო შევარდნაძემ პუტინთან შეხვედრის დროს?

"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რაზე ისაუბრა სოფო შევარდნაძემ პუტინთან შეხვედრის დროს?

რუსულმა გამოცემამ ქართველ ჟურნალისტთან და ტელეწამყვანთან, საქართველოს მე-2 პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილ სოფო შევარდნაძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, სოფომ პანდემიის პერიოდი საქართველოში გაატარა. სახლში ყოფნისას კი ახალი წიგნის დაწერაც მოასწრო.

შევარდნაძე ჟურნალისტთან საუბარში მედიასფეროში არსებულ სირთულეებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ყველაზე მეტად რაც მას აკლია, ამჟამად ადამიანური ურთიერთობებია.

"სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს ჟურნალისტების კატეგორიას არ მივაკუთვნებ. ჩემთვის ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის, სიცოცხლის ფასად აკეთებს სიუჟეტებს, ერთვება ცხელი წერტილებიდან და არ ეშინია იმის, რომ დემონსტრაციის შემდეგ სამართალდაცველები დაიჭერენ. მე კი კონფორმისტი, თუმცა ვარ პაციფისტი და ძალადობის წინააღმდეგი ვარ.

ამიტომ მე ვარ ინტრევიუერი. ჩემთვის ობიექტურობა საშინლად მოსაბეზრებელია. როდესაც მეუბნებიან - მოდით ვიყოთ ობიექტურებიო, ვიწყენ. სუპერსუბიექტური ადამიანი ვარ და ინტერვიუს აღების დროს, თანამოსაუბრესაც სუბიექტურს ვხდი. რესპონდენტს ვაძლევ საშუალებას ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე სუბიექტურად მიპასუხოს, ჭეშმარიტება კი სადღაც შუაში იბადება.

- თქვენ იყავით პლენარული ეკონომიკური საერთაშორისო ფორუმის წამყვანი. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა?

- როდესაც აღნიშნული შეხვედრების ხელმძღვანელობა შემომთავაზეს, თავიდან ძალიან გამიკვირდა. საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა. ჩემამდე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მოდერირებას ძირითადად უცხოელ ჟურნალისტებს ანდობდნენ. პირველი რაც ვიკითხე, იყო ის, თუ რატომ უნდოდათ შინაური, რუსი მოდერატორის ყოლა ფორუმზე. ხომ არ ელოდნენ, რომ ანგაჟირებული ვიქნებოდი? თუმცა, დამერწმუნეთ, რომ ყველანაირად მწვანე შუქი მქონდა ანთებული. ყველა ის შეკითხვა დავსვი, რაც საჭიროდ მივიჩნიე და ამაში არავინ ჩარეულა“, - იხსენებს შევარდნაძე.

ჟურნალისტმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გაცნობის დეტალები გაიხსენა.

"ფორუმის დაწყებამდე ქვეყნის ხელმძღვანელები და მოდერატორები ერთმანეთს ეცნობიან. პირველ ოთახში ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი შემოვიდა, მარტო იყო. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. მან მკითხა, - რაზე დამისვამთ კითხვებსო?

მე კი ვუპასუხე, - ყველაფერზე ცოტ-ცოტა. ყველა ჩვენი დასავლელი კოლეგა ფიქრობს, რომ რუს ჟურნალისტებს შეგვიძლია კითხვები მხოლოდ დასავლელ ლიდერებს დავუსვათ და არა თქვენ, რაც მოსაბეზრებელია -მეთქი...

"კი ბატონო. უკრაინაზე შემეკითხებით?" - მკითხა პუტინმა, რაზეც ვუპასუხე, რომ საჭიროება როგორც მოითხოვდა და ვუთხარი ისიც, - ალბათ უფრო ზელენსკიზე გკითხავთ აზრს - მეთქი. დამთანხმდა.

- ეს დიდი გამოცდილება იყო?

- ეს იყო გრანდიოზული გამოცდილება. ძალიან მიხარია, რომ ეს გამოცდაც გადავლახე. არც კი ვიცი ემოციები რას შევადარო, რაც ამ ფორუმისას გადავიტანე. ჩემი ემოციური მდგომარეობა თითქმის იგივე იყო, რაც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დროს მქონდა, მაშინაც მოვლენებს საკუთარი კამერით ვიღებდი...

სოფო შევარდნაძემ მისი ახალი გადაცემების ციკლის „SophieCo. Визионеры“-ს შესახებ ისაუბრა.

"მსოფლიო თავის პრობლემებთან ერთად ევოლუციას განიცდის. მგონია, რომ ახლა თუ არ ვილაპარაკებთ გლობალურ პრობლემებზე, ჩვენი შვილიშვილები დედამიწაზე ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ.

ჩვენი პლანეტა უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ. როდესაც მარსის კოლონიზაციაზე საუბრობენ, მეცინება. თქვენ გინდათ მარსზე ცხოვრება? - მე არა, დედამიწიდან არსად წავალ.

მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი".

სოფო შევარდნაძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვიდეოინტერვიუებს ახლა საქართველოში, შინიდან იღებს.

ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი წლების განმავლობაში პოლიტიკურ თემებს აშუქებდა, თუმცა, ბოლო დროს საზოგადოებრივ თემებს ანიჭებს უპირატესობას.

ავტორი: თეონა თამაზაშვილი

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, "ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, გართულებები ჰქონდეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზება ისევ ძალაშია