ავტორი:

სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები,  თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

სევრის სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულება

სევრი - ამ ფრანგული ქალაქის სახელი ბევრს, ალბათ, ცნობილი ფაიფურის ნაკეთობებს გაახსენებს: სევრში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერამიკის მანუფაქტურა (კომპანია), თუმცა ასევე ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ზუსტად ასი წლის წინ სევრში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელმაც ოსმალეთის იმპერიის ბედი გადაწყვიტა.

1920 წლის 10 აგვისტო. სევრში ზაფხულის პაპანაქებაა. ფაიფურის მანუფაქტურის ადმინისტრაციის შენობასთან უჩვეულო ხალხმრავლობა შეინიშნება - აქ არის უამრავი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ჟურნალისტი... დღის 12 საათისათვის შენობის წინ ავტომობილები ჩერდებიან, გადმოდიან პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტის (მოკავშირეთა) ქვეყნების ლიდერები, პოლიტიკოსები... აქვე ვხედავთ დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენლებსაც, რომლებსაც ცოტა ხნის შემდეგ შენობის დიდ დარბაზში ერთობ არასასიამოვნო დოკუმენტზე მოუწევთ ხელმოწერა - ოდესღაც ძლევამოსილი იმპერიის დაშლა-დანაწილების თაობაზე.

მაშ ასე, სევრში პირველი მსოფლიო ომის შემდგომი მცირე აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ნაწილობრივ, კავკასიის მოწყობის საკითხი წყდება... ფორმდება საზავო ხელშეკრულება გამარჯვებულს და დამარცხებულს შორის, რომელიც წარმოადგენს ვერსალ-ვაშინგტონის სისტემის ნაწილს (ანუ ასახავს იმ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც 1919 წლის 27 ივნისის ვერსალის საზავო ხელშეკრულებით ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ).

  • ხელშეკრულების სუბიექტები

ერთი მხრივ - ანტანტის წევრები და მათი სატელიტი ქვეყნები (საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ბელგია, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთ-ხორვატეთ-სლოვენეთის სამეფო, ჰიჯაზის სამეფო, ჩეხოსლოვაკია); მეორე მხრივ - ოსმალეთის იმპერია (თურქეთი),

დოკუმენტს ხელს აწერენ ანტანტის ქვეყნების მეთაურები, პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეზე მებრძოლი ქვეყნების (ბრიტანეთის დომინიონების) წარმომადგენლები, სულთან მეჰმედ VI-ის ნდობით აღჭურვილი პირები ჰაადი-ფაშა და რიზა თევფიკ-ბეი, აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკის დაშნაკური მთავრობის თავმჯდომარე ავეტის აგარონიანი.

  • ხელშეკრულების საფუძველი

ა) ინგლის-საფრანგეთ-რუსეთის (ე.წ. „საიქს-პიკოს“) საიდუმლო შეთანხმება, რომელიც დაიდო 1916 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო მრჩევლის მარკ საიქსის და საფრანგეთის გენერალური კონსულის ფრანსუა ჟორჟ-პიკოს მოლაპარაკების შედეგად ბეირუთში. ბეირუთის შემდეგ მოლაპარაკება გაგრძელდა პეტერბურგში. დოკუმენტი ითვალისწინებდა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიების გადანაწილებას. საფრანგეთი იღებდა იმპერიის სამხრეთ-ღმოსავლეთ ნაწილს, ჩრდილოეთ ერაყს, სირიასა და ლიბანს. ინგლისი იღებდა იმ ტერიტორიას, რომელზეც თანამედროვე იორდანია, ერაყის სამხრეთი ნაწილი და ისრაელი მდებარეობს. პეტერბურგში გამართული მოლაპარაკების დროს გათვალისწინებული იქნა რუსეთის მთავრობის ინტერესები: ოსმალეთზე გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი იღებდა ბოსფორ-დარდანელის სრუტეებს, კონსტანტინოპოლს (სტამბოლს), დასავლეთ სომხეთს და ქურთისტანის ჩრდილოეთ ნაწილს.

შენიშვნა: რადგანაც რუსეთში 1917 წელს კომუნისტური (ბოლშევიკური) გადატრიალება („ოქტომბრის რევოლუცია“) მოხდა, საბჭოთა მთავრობამ უარი განაცხადა ანტანტის წევრობაზე და მისი შემადგენლობიდან გავიდა. შესაბამისად, რუსეთი არ მონაწილეობდა სევრის ხელშეკრულების ხელმოწერაში.

ბ) სან-რემოს (იტალია) 1920 წლის 19-26 აპრილის კონფერენციის (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრების, აგრეთვე იაპონიის ელჩის მონაწილეობით) გადაწყვეტილებები ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიების მართვის თაობაზე ერთა ლიგის მანდატით. ოსმალეთის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის (ტრაპიზონი, ართვინი, ერზერუმი) ბედის გადასაწყვეტად სან-რემოს კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც, საქმე ეხებოდა ბათუმის ნავსადგურით ერთობლივ სარგებლობას, რკინიგზის მშენებლობას ყარსიდან ბათუმამდე, მდინარე ჭორიხის ხეობის გავლით. სამწუხაროდ, თბილისსა და ერევანს შორის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება-შეთანხმება შეუძლებელი გახდა. როგორც ცნობილი ქართველი დიპლომატი, სან-რემოს მოლაპარაკების მონაწილე ზურაბ ავალიშვილი წერს თავის მემუარებში "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში", სომხები ითხოვდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე (ართვინის ოლქში) აგებული რკინიგზა მათ საკუთრებაში ყოფილიყო, ასევე სურდათ მისი ერთ-ერთი განშტოება ბათუმიდან რიზეს ნავსადგურშიც გასულიყო, ანუ ისინი ბათუმით არ კმაყოფილდებოდნენ და რიზეში საკუთარი დიდი პორტის შექმნა სურდათ. მოკლედ, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციების შეთანხმება ვერ მოხერხდა.

  • ხელშეკრულების მიზანი და პირობები

სევრის ხელშეკრულების მიზანი იყო ოსმალეთის იმპერიის (თურქეთის) პერსპექტივა - მისი საერთაშორისო სტატუსი, ტერიტორიების გადანაწილება ანტანტის წევრებს შორის და დაყოფა მართვის (გავლენის) ზონებად.

დოკუმენტის პირობების მიხედვით განისაზღვრა ოსმალეთის არმიის რაოდენობა - 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, ოსმალეთის (თურქეთის) ფინანსებზე წესდებოდა საერთაშორისო კონტროლი. გარდა ამისა, ოსმალეთი კარგავდა ტერიტორიებს:

ა) ევროპულ ნაწილს - აღმ.თრაკიას, ადრიანოპოლს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს - რომლებიც საბერძნეთს გადაეცა. საბერძნეთმა მიიღო აგრეთვე სმირა (დღევანდელი იზმირი);

ბ) ალბანეთი ცხადდებოდა იტალიის პროტექტორატად;

გ) კონსტანტინოპოლი და შავი ზღვის სრუტეები ცხადდებოდა დელიმიტარიზებულ ზონად. როგორც ითქვა, ოსმალეთის ეს ნაწილი რუსეთს უნდა გადაცემოდა, მაგრამ რადგანაც საბჭოთა რუსეთის ანტანტიდან გავიდა, ქალაქზე და სრუტეებზე საერთაშორისო მართვა გამოცხადდა;

დ) სირიისა და ლიბანის მართვის მანდატი გადაეცა საფრანგეთს;

ე) პალესტინისა და მესოპოტამიის მართვის მანდატი - დიდ ბრიტანეთს;

ვ) ოსმალეთი (თურქეთი) კარგავდა ჩრდილოეთ აფრიკას (სირიას, ტუნისს, ეგვიპტეს), არაბეთის ნახევარკუნძულს (სადაც ცხადდებოდა ჰიჯაზის სამეფოს დამოუკიდებლობა). ყველა მათზე პროტექტორატს იღებდა დიდი ბრიტანეთი;

ზ) ოსმალეთი აღიარებდა სომხეთს "თავისუფალ და დამოუკიდებელ" სახელმწიფოდ. "თურქეთი და სომხეთი თანხმდებოდნენ, რომ მათ შორის საზღვარი (ვანის, ბითლისისა, ერზერუმის, ტრაპიზონის ვილაითებთან მიმართებით) და სომხეთისთვის შავ ზღვაზე გასასვლელი დადგინდებოდა საერთაშორისო არბიტრაჟით, აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის ხელმძღვანელობით. ასევე ორივე მხარე აცხადებდა, რომ აღიარებდა არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. სომხეთთან მომიჯნავე ოსმალეთის ტერიტორიები ცხადდებოდა დელიმიტარიზებულ ზონად“ (მუხლი 89).

"სომხეთის საზღვრები აზერბაიჯანთან და საქართველოსთან (ტერიტორიის კუთვნილების გასარკვევად) დადგინდება დაინტერესებული ქვეყნების საერთო თანხმობით. თუ რაიმე შემთხვევის გამო დაინტერესებული ქვეყნების თანხმობა არ მოხდება, მაშინ საზღვარს დადგინდება მთავარი მოკავშირე სახელმწიფოების შუამავლობით, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ადგილზე გატარებას" (სტატია 92).

"ბათუმის პორტის მეშვეობით შავ ზღვაზე თავისუფალი დაშვების უფლება ეძლევათ საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სპარსეთს. პორტით სარგებლობისათვის მათ აქვთ ტერიტორიებზე თავისუფალი ტრანზიტის უფლება" (მუხლი 350). ეს ნიშნავს, რომ სომხეთს, აზერბაიჯანს და სპარსეთს ეძლეოდათ საქართველოს ტერიტორიით თავისუფლად სარგებლობის უფლება - ტვირთების გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად..

შენიშვნა: "ახალი თურქეთის“ მთავრობამ მუსტაფა ქემალის ხელმძღვანელობით, უარი განაცხადა სევრის ხელშეკრულების პირობების აღიარებაზე. შესაბამისად, დიდ ეროვნულ კრებას (პარლამენტს) მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

  • აშშ-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და სომხეთის ბედი

1920 წლის 22 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა მოკავშირეებს განსახილველად წარუდგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით თურქეთი სომხეთს გადასცემდა 103 ათას 599 კვ.კმ. ფართობის ტერიტორიას, მათ შორის ვანისა და ბითლისის ვილაიეტების ორ მესამედს, თითქმის მთლიანად ტრაპიზონის ვილაიეთს, ტრაპიზონის ნავსადგურის ჩათვლით. ანუ სომხეთი ერთიანდებოდა და იღებდა გასასვლელს შავ ზღვაზე. თუმცა ამ გადაწყვეტილებას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა...

1920 წლის სექტემბრის დასაწყისში, სევრის ხელშეკრულებით უკმაყოფილო ახალი თურქეთის ქემალისტური მთავრობის არმიამ სომხეთს შეუტია და ხელში ჩაიგდო ჯერ ყარსი, შემდეგ კი ალექსანდროპოლი (ყოფ. ლენინაკანი, დღევანდელი გიუმრი), თურქები დაიმუქრნენ ერევნის დაპყრობითაც. 1920 წლის ნოემბერში სომხეთის სახელმწიფო განადგურების წინაშე აღმოჩნდა. 1920 წლის 2 დეკემბერს ქალაქ ალექსანდროპოლში დაიდო ხელშეკრულება, რის მიხედვით სომხეთმა უარი თქვა ყარსის ოლქზე და სურმალის მაზრაზე არარატის მთასთან ერთად. ამასობაში სომხეთში წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ, დაშნაკთა მთავრობა დაემხო. მოგვიანებით ალექსანდროპოლის ხელშეკრულების პირობები განმეორდა 1921 წლის მარტ-ოქტომბერში დადებულ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებში.

  • იყო თუ არა ალტერნატივა?

სომეხი მკვლევარების აზრით, რადგანაც ქემალისტურმა თურქეთმა სევრის ხელშეკრულების პირობების აღიარებაზე უარი განაცხადა, სომხეთს ტერიტორიების მიერთება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეეძლო, მაგრამ მის 30-ათასიან არმიას წინ 50 ათასიანი ქემალისტთა არმია ეღობებოდა. ამ სიტუაციაში სომხეთი წარმატებას მიაღწევდა მხოლოდ საქართველოსთან კავშირში, მაგრამ ორ მეზობელ სახელმწიფოს ურთიერთობაში საკმაო პრობლემები არსებობდა და მათი გადალახვა ვერ მოხერხდა. თურქული დიპლომატია უკეთესად მუშაობდა: 1920 წლის 8 სექტემბერს მუსტაფა ქემალის დავალებით თბილისში თურქეთის დელეგაცია გაემგზავრა (ხელმძღვანელი - იუსუფ ქემალ-ბეი, მინისტრი) და საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება გამართა.

  • სევრის ხელშეკრულების მნიშვნელობა

ა) სომხეთისათვის:

შეიძლება ითქვას, რომ სევრში ხელმოწერილი დოკუმენტი სომხების საუკუნო ოცნების განხორციელებას წარმოადგენდა: იქმნებოდა "დიდი სომხეთის" კონტურები დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით, რაც იმდროინდელ დიპლომატიაში "სომხური საკითხის" სახელით იყო ცნობილი. სევრის ხელშეკრულების პირობების რეალიზებით, ბუნებრივია, სომხეთის ამბიციები კიდევ უფრო გაიზრდებოდა როგორც თურქეთის, ასევე კავკასიური მეზობლების მიმართ. შავ ზღვაზე გასასვლელი და მნიშვნელოვანი ნავსადგური სომხეთს საშუალებას მისცემდა განევითარებინა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები დასავლეთის სახელმწიფოებთან..

ბ) საქართველოსათვის

ზურაბ ავალიშვილი თავის წიგნში სევრის ხელშეკრულებას "ბედნავსს" უწოდებს, რომელიც "დასავლეთ ევროპის კოლექტიური "ველიკოდერჟავული" თვალსაზრისის ნაყოფს წარმოადგენს". სევრის ხელშეკრულების სუბიექტი (ანუ ხელმომწერი) საქართველოს წარმომადგენელი არ ყოფილა, თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დოკუმენტის რიგი მუხლები საქართველოს ნამდვილად ეხებოდა. გარდა ამისა, არის რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც წინ უძღოდა სევრის ხელშეკრულებას:

ერთი მხრივ, როცა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსათვის აჭარის (ბათუმის ოლქის) დაბრუნება გადაწყვიტა, 1920 წლის 28 ივნისს ბათუმში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის კონცესიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სომხეთიდან (ყარსიდან) რკინიგზის გაყვანას შავ ზღვამდე, მდინარე ჭოროხის ხეობის გავლით. ანუ დიდი ბრიტანეთი სომხეთზე ზრუნავდა და საქართველოს აიძულებდა ტერიტორია რკინიგზის მშენებლობისთვის დაეთმო. მეორე მხრივ - თუ გავითვალისწინებთ სომხეთის იმდროინდელ აგრესიულ პოლიტიკას, მეზობლის გაძლიერება საქართველოსთვის მაინცდამაინც სასიკეთო არ უნდა ყოფილიყო.

არის მესამე მომენტიც: სევრის ხელშეკრულების გამო დაწყებული თურქეთ-სომხეთის ომით საქართველომ, შეიძლება ითქვას, გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური დივიდენდები მიიღო: გააფართოვა კონტროლირებული ტერიტორიის არეალი არტაანის ოლქში (ჩრდილის ტბის ზონაში) და ჯარები შეიყვანა ლორის ნეიტრალურ ზონაში (სომხეთთან შეთანხმებით).

  • სევრის ხელშეკრულების შემდეგ: ლოზანა

სევრის ხელშეკრულების რატიფიცირება ვერც ანტანტის სახელმწიფოებმა და ვერც სომხეთმა ვერ მოასწრეს, შესაბამისად, დოკუმენტის პირობებს იურიდიული ძალა არ შეუძენია. თურქულმა დიპლომატიამ მიაღწია იმას, რომ სევრში დადებული ხელშეკრულების პირობები განეიტრალებულიყო. 1923 წლის 24 ივლისს ლოზანაში (იტალია) გამართული მოლაპარაკების შედეგად გაფორმდა მრავალმხრივი დოკუმენტი, რომელიც ისტორიაში "ლოზანის ხელშეკრულების" სახელით შევიდა: მასზე ხელი მოაწერეს ერთი მხრივ - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, საბერძნეთის, რუმინეთისა და სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს და მეორე მხრივ - თურქეთის წარმომადგენლებმა.

1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებამ, ფაქტიურად, 1920 წლის სევრის ხელშეკრულება ჩაანაცვლა: ჩამოაყალიბა თანამედროვე თურქეთის საზღვრები, იურიდიულად გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. ხელშეკრულებამ გამოაცხადა ზავი თურქეთსა და ანტანტის სახელმწიფოებს შორის. თურქეთმა შეინარჩუნა აღმოსავლეთი თრაკია, იზმირი, ვანი, ბითლისი, ერზერუმი, ტრაპიზონი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც დაკარგა სევრის ხელშეკრულების შედეგად. იმავდროულად თურქეთმა უარი თქვა არაბეთზე, ეგვიპტეზე, სუდანზე და სხვა გავლენის სფეროებზე.

1923 წლის 23 აგვისტოს თურქეთმა მოახდინა ლოზანის ხელშეკრულების რატიფიკაცია, რომელიც საბოლოოდ იურიდიულ ძალაში შევიდა 1924 წლის 6 აგვისტოდან, როდესაც მისი რატიფიკაცია ყველა ხელმომწერმა სახელმწიფომ განახორციელა.

  • სევრის ხელშეკრულება და თანამედროვე სომხეთი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სომხეთისათვის სევრში დადებული ხელშეკრულება "სომხური საკითხის" გადაწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.

სომხეთში, თურქეთ-აზერბაიჯანთან დამოკიდებულების პერიოდული გამწვავების ფონზე, სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები, რომ სევრის ხელშეკრულებას სომხეთისთვის ძალა არ დაუკარგავს. სომეხი საერთაშორისო სამართალმცოდნეების არგუმენტები ასეთია:

ა) ლოზანის ხელშეკრულებაში არ არის ნათქვამი, რომ სევრის ხელშეკრულება გაუქმებულია;

ბ) მართალია, სევრის ხელშეკრულების რატიფიცირება არ მომხდარა, მაგრამ ამით აშშ-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სამართლებრივი მნიშვნელობა არ შეცვლილა, ანუ ის დღესაც ძალაშია და სომხეთი, გარკვეული პირობების შემთხვევაში, შეეცდება მის რეალიზებას.

გ) ლოზანის ხელშეკრულებაში თურქეთისა და სომხეთის საზღვრები მითითებული არ არის, შესაბამისად, იურიდიულად, თურქეთს სომხეთის კუთვნილი ტერიტორიები უკანონოდ აქვს დაკავებული.

დ) რაც შეეხება მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვით სომხეთ-თურქეთის საზღვრები დადგინდა, არც ის დოკუმენტები არ არიან სრულყოფილნი, რადგან მათი ხელმოწერის დროს თურქეთის და რუსეთი საერთაშორისო სამართალსუბიექტებად არ იყვნენ აღიარებულნი.

  • სევრის ხელშეკრულება და თანამედროვე თურქეთი

თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, განსაკუთრებით კი პირადად პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი სევრის ხელშეკრულებას იძულებით და თავსმოხვეულს უწოდებს, რომლის შედეგად თურქეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის შელფიც. იგი არასრულყოფილად თვლის ლოზანის ხელშეკრულებასაც, რომლის თანახმად, თურქეთმა ნაწილობრივ მაინც აღიდგინა სევრით დაკარგული ტერიტორიები. რეჯეფ ერდოღანმა ასეთი განცხადება 2016 წლის სექტემბერში გააკეთა. მოგვიანებითაც პრეზიდენტმა რამდენჯერმე მიანიშნა თავის უკმაყოფილო დამოკიდებულება ასი წლის წინანდელი ხელშეკრულების მიმართ.

თურქულმა მასმედიამ პრეზიდენტის გამონათქვამი რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალის ირიბ კრიტიკად შეაფასა - პირველი პრეზიდენტი, ათა-თურქი ("თურქა მამა") ხომ ლოზანის ხელშეკრულებას თავის გამარჯვებად მიიჩნევდა, რის შედეგადაც სევრის ხელშეკრულების პირობებმა იურიდიული ძალა დაკარგა.

  • სევრის ხელშეკრულება და თანამედროვე საქართველო

საქართველოსთვის სევრის ხელშეკრულებას დღეისათვის რაიმე იურიდიული და ფაქტიური მნიშვნელობა არ აქვს (თურქეთთან ჩვენი საზღვარი ყარსის ხელშეკრულებითაა დადგენილი), თუმცა ის გარემოება, რომ თურქეთისა და სომხეთის პოზიციები დოკუმენტის მიმართ საკმაოდ კონფრონტაციულია, მაინც ბადებს გარკვეული შეშფოთების საფუძველს უსაფრთხოების თვალსაზრისით. კავკასიაში ხომ ოფიციალური პირების ყოველი განცხადება ტერიტორიების კუთვნილებისა თუ საზღვრების გადასინჯვის თაობაზე სიტუაციის დაძაბვას იწვევს.

შეიძლება მტკიცედ ითქვას, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სევრის ხელშეკრულების ირგვლივ ისეთი არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება, რაც რეგიონში ვითარებას მკვეთრად გააუარესებს (ანკარა-ერევნის უკმაყოფილების სიტყვიერი გამოხატვის მიუხედავად). აქედან გამომდინარე, საქართველოს რაიმე რეალური პოლიტიკური პრობლემები არ შეექმნება. ეს ჰიპოთეტურადაც წარმოუდგენელია დღევანდელ ეტაპზე. რაც შეეხება სომხეთს და თურქეთს, ყველასათვის ცნობილია მათი სენსიტიური დამოკიდებულება უახლესი ისტორიის დოკუმენტების მიმართ. შესაბამისად, საქართველოსთვის მათი სიტყვიერი-შეხლა-შემოხლის გაგრძელება მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუმცა, რასაკვირველია, მოვლენებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.

ავტორი: სიმონ კილაძე

"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში" - ამირან გამყრელიძე

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს

"წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია" - ამირან გამყრელიძე