ავტორი:

გასროლა ოხურეისთან...  როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი

გასროლა ოხურეისთან...  როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი

28 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 20 000-30 000 ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000 დევნილად იქცა. გთავაზობთ სტატიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

  • "საქართველოს რკინიგზაზე, ძირითადად აფხაზეთის მონაკვეთზე, იყო ტვირთების განუკითხავი ძარცვა. აგვისტოს დასაწყისისთვის დათვლილი იყო 12 მილიარდი მანეთის ზარალი, საიდანაც 4 მილიარდი ღირებულების ტვირთი სომხეთს ეკუთვნოდა."თენგიზ სიგუა, სამხედრო საბჭოს წევრი, 1992 წ.
  • "იმ დროს ძარცვის ბევრი ფაქტი იყო, მაგრამ ყველა მათგანს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონში, აფხაზეთის, უფრო ზუსტად, გალის რაიონის ტერიტორიაზე ძარცვის ერთი-ორი შემთხვევა აღირიცხა, ყველა დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა. ეს ყველასთვის ნაცნობი სტატისტიკაა. ასე რომ, რკინიგზა მხოლოდ საბაბი იყო, საბრძოლო შვეულმფრენებით და ტანკებით რკინიგზას არავინ იცავს".სერგეი შამბა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, 2007
  • "საქართველოს პოლიცია ყველა ღონეს იხმარს, წელს ზევით გავშიშვლდებით, შიშვლები შევვარდებით და ამ ბანდფორმირებებს აფხაზეთში შავ დღეს დავაყრით."რომან გვენცაძე, შინაგან საქმეთა ექსმინისტრი,1992 წლის აგვისტო

1989 წლის ივლისში სოხუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა...

სოხუმის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტობა მარტში მიღებულ ლიხნის დეკლარაციას (დეკლარაცია აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას მოითხოვდა) აპროტესტებდა, რის გამოც უნივერსიტეტი აფხაზი ნაციონალისტების გახშირებული თავდასხმის ობიექტი გახდა, ივლისში უნივერსიტეტში, მისაღები გამოცდების დროს, ქართველ აბიტურიენტებს ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ, რამდენიმე დღეში მღელვარება დაპირისპირებაში გადაიზარდა და 1989 წლის 17 ივლისს სოხუმში ქართველ მოსახლეობასა და აფხაზ ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის დროს დაიღუპა 16, დაიჭრა 140 კაცი, მათი უმრავლესობა ქართველები იყვნენ.იმ დროისთვის საბჭოთა საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, ამიტომ სოხუმში ქართველ მოსახლეობაზე თავდასხმებმა სტაბილური ხასიათი მიიღო. 1992 წელს აფხაზეთში სიტუაცია უკვე აფეთქების ზღვარზე იდგა. საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ივლისში ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს, 1992 წლის 23 ივლისს ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა.

მძიმე სიტუაცია იყო დასავლეთ საქართველოშიც - დამშეული მოსახლეობა პერიოდულად რუსეთიდან მომავალ მატარებლებს აყაჩაღებდა და ტვირთს იტაცებდა. სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების დატაცებით ხელს ითბობდნენ შეიარაღებული სამხედრო ფორმირებებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში მრავლად იყვნენ. გარდა ამისა, აქ გააქტიურდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები - ისინი ზუგდიდს აკონტროლებდნენ. სომხეთის მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა საქართველოს რკინიგზაზე შექმნილი მდგომარეობის გამო. საქართველოს სახელმწიფო საბჭომ მიიღო რკინიგზის დაცვის გადაწყვეტილება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახერხა დაერწმუნებინა არძინბა, რომ მას აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად ქართული პოლიციის 300-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი შეეშვა.თბილისში უკვე ლაპარაკობდნენ სახელმწიფო საბჭოს ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზანსა და საფრთხეებზე.”

"11 აგვისტოს შემატყობინეს, რომ მიღებული იყო ამგვარი გადაწყვეტილება. ვუსაბუთებდი, ყველას ვუხსნიდი, მათ შორის სამხედრო ხელმძღვანელობასაც, - ცხინვალმა დაგვანახა, რომ ძალით ტერიტორიული მთლიანობის პრობლებას ვერ გადავჭრით. აუცილებლად Mმოხდება კონფლიქტის ესკალაცია, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას სამხედრო კონფლიქტის დაწყება მოჰყვება, ხოლო ამას, ცხინვალის მსგავსად, უპირობოდ მოჰყვება რუსული ჯარის სამშვიდობოდ შემოსვლა".გიორგი ყარყარაშვილი, 2007 წ.

1992 წლის 14 აგვისტოს, დილით, ვლადისლავ არძინბამ დაურეკა გალის რაიონის გამგებელს, რუდიკ ცატავას და გააფრთხილა, - დახვედროდა ქართულ შეიარაღებულ შემადგენლობას და ოჩამჩირემდე გაეცილებინა, სადაც კოლონას უკვე ოჩამჩირის გამგებელი დახვდებოდა.მაგრამ მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა... გაგრძელება

ავტორი: ნინო ბურჭულაძე

ოპოზიციის მემორანდუმი -  ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბს პაატა დავითაია უხელმძღვანელებს

შატილის გზაზე მომხდარ შემზარავ ავარიას ხელისუფლებაში ეხმიანებიან და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)