ავტორი:

პარიზი კვლავ "წითელ ზონად" გამოცხადდა - საფრანგეთში შეზღუდვების მოიხსნიდან 2 თვის თავზე ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებია

პარიზი კვლავ "წითელ ზონად" გამოცხადდა - საფრანგეთში შეზღუდვების მოიხსნიდან 2 თვის თავზე ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებია

საფრანგეთის მთავრობამ დედაქალაქი პარიზი და მარსელის გარშემო ბუშ-დიუ-რონის ტერიტორია კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ საფრანგეთის მთავრობის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავრობის განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ხელისუფლებას ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის, საზოგადოებრივი და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვისა და იმ დაწესებულებების დახურვის უფლებას აძლევს, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.

აღნიშნული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო 2 კვირის მანძილზე „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიიღეს.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთიც დაუმატა. შეზღუდვა ძალაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შევა და მისი მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

გუშინ საფრანგეთში კოვიდ 19-ის 2 524 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის მაისიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არასწორი მიმართულებით იხრება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 209 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 30 300-ს აჭარბებს.