ავტორი:

20 წლის სტუდენტის უპრეცედენტო საქმე - რა ბრალდებით დააკავეს სამი მოქმედი პოლიციელი დანაშაულიდან 3 წლის მერე? (ექსკლუზივი)

20 წლის სტუდენტის უპრეცედენტო საქმე - რა ბრალდებით დააკავეს სამი მოქმედი პოლიციელი დანაშაულიდან 3 წლის მერე? (ექსკლუზივი)

სამი წლის წინ kvirispalitra.ge -მ გამოაქვეყნა 20 წლის სტუდენტის ირაკლი ხოფერიას ინტერვიუ, რომელშიც ის სამართალდამცავებს მის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა. მის ცემა-წამებას ადასტურებდა ის ფოტომასალაც და ექსპერტიზის დასკვნაც, რაც ოჯახს ხელთ ჰქონდა. კადრებში აშკარად ჩანდა დაზიანების კვალი და ოჯახი თავიდანვე ჩიოდა, როგორც გენინსპექციაში, ასევე პროკურატურაში და დამნაშავე პოლიციელების დაკავებას ითხოვდა.

ამონარიდი ინტერვიუდან:

"2017 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე უნივერსიტეტიდან შინისკენ მივდიოდი, უკვე ბახტრიონზე ვიყავი და სახლამდე რამდენიმე მეტრი მქონდა დარჩენილი, როდესაც ორმა მამაკაცმა გამაჩერა, ერთს პოლიციელის ფორმა ეცვა. გიორგიო, - დამიძახეს, - გიორგი არ მქვია, ირაკლი ვარ-მეთქი. აბა, პირადობა მაჩვენეო, ვაჩვენე და მაშინ მითხრეს, უნდა გავარკვიოთ და განყოფილებაში წამოდიო. ჩამსვეს ოპერატიულ მანქანაში და მიმიყვანეს ხილიანზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში. ოთახში როგორც კი შემიყვანეს, მაშინვე სახეში ხელი მომხვდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. მირტყამდნენ გამეტებით, ისე მირტყეს, გონებაც დავკარგე. მეუბნებოდნენ თითქოს 15 თებერვალს, დილის 10 საათზე ვიღაცას წავართვი მობილური ტელეფონი და მერე დავალომბარდე. ვეუბნებოდი ეს ტყუილია, მე ლექციაზე ვიჯექი იმ დროს, შეგიძლიათ ჩემს ჯგუფელებთან და უნივერსიტეტში გადაამოწმოთ-მეთქი, მაგრამ უფრო გამეტებით მირტყამდნენ. შემდეგ დამადეს ხელბორკილები, ჩამიყვანეს სარდაფში და ითხოვდნენ მეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო. ცხვირის წამალი, ნავტიზინი მედო ჯიბეში და მეუბნებოდნენ, ამ წამალზე ხომ არის შენი ხელის ანაბეჭდი, ეს ანაბეჭდი გადავა იმ ნარკოტიკზე, რომელსაც ჩაგიგდებთ და მერე ამტკიცე, რომ შენი არ არისო. ვეუბნებოდი ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს, დამარეკინეთ-მეთქი, ამაზეც დამცინოდნენ...

"მაშინ საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რევაზ აჭარაძე ჩაერთო, ახლა ირკვევა, ადვოკატს და დაზარალებულს 3 წელიწადნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ დამნაშავე პოლიციელები განსასჯელის სკამზე აღმოჩენილიყვნენ.

ეს წლები ქვეყნის შიგნით სამართალს რომ ვერ მიაღწიეს, საქმე სტრასბურგში გააასაჩივრეს. ამჯერად უკვე ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდა საქმე ევროსასამართლოში. არაადამიანური მოპყრობისთვის და პოლიციელების დაუსჯელობისთვის სახელმწიფოსგან ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვენ. სტრასბურგმა საქმე დასაშვებად ცნო და როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებასაც მოსთხოვა ამ ბრალდებებზე თავისი არგუმენტების წარდგენა. ადვოკატი რევაზ აჭარაძე დარწმუნებულია, რომ სტრასბურგში საქმის განხილვამ განაპირობა, რომ პროკურატურამ თაროზე შემოდებული საქმე ჩამოიღო და 3 მოქმედ პოლიციელს 28 ივლისს ბრალი წაუყენა.

დღეს განსასჯელის სკამზე ზის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების მაშინდელი პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ერთი ოპერატიული მუშაკი. სამივე დამნაშავის ამოცნობა დაზარალებულმა შეძლო, მართალია ისინი დანაშაულს არ აღიარებენ, მაგრამ გლდანის ციხეში გამოკეტილები ახლა სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან.

რატომღაც პროკურატურას მოქმედი პოლიციელების დაკავების ფაქტიც არ გაუხმაურებია. ადვოკატი რევაზ აჭარაძე ამ გაუხმაურებელი საქმის დეტალებზე გვესაუბრება. ამბობს, რომ უპრეცედენტო შემთხვევაა, ამ ბრალდებით მოქმედი პოლიციელების დაკავება.

ადვოკატი რევაზ აჭარაძე:

- 2017 წლის 16 თებერვალს ირაკლი ხოფერია მას მერე, რაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, სრულიად უდანაშაულო წაიყვანეს, ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ბიჭს ოთახში შეყვანისასვე, განყოფილების უფროსის მოადგილემ პირდაპირ დაარტყა სახეში ისე, რომ არანაირი სიტყვიერი გასაუბრება მათ შორის არ ყოფილა. ოთახში ექვსი კაცი იყო ირაკლის ჩათვლით, 5 პოლიციელიდან 4-მა მასზე იძალადა, მხოლოდ ერთი ფორმიანი პოლიციელი არ ძალადობდა. ისე სცემეს, გონებაც დაკარგა, სისხლიც წამოუვიდა, დასისხლიანებული იყო, ხელსახოცები მისცეს და უთხრეს, მოიწმინდე სისხლიო და სისხლიანი იატაკიც კი მოაწმენდინეს. შემდეგ ხელბორკილები დაადეს და სურათებზეც კარგად ჩანს ცემის კვალი. არაერთი დაზიანება ჰქონდა, რაც როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ, ასევე სამხარაულის ექსპერტიზამაც დაადგინა.

დაზიანებები შეესაბამებოდა ხანდაზმულობით იმ პერიოდს და მიყენებული იყო ბლაგვი საგნით. ასევე ძალადობდნენ მასზე ფსიქოლოგიურადაც. სხვა გზა არ რჩებოდა, გარდა იმისა, ეღიარებინა ის, რასაც თხოვდნენ... მერე ტახტზე დასვეს, წინ დაუდგეს სკამი, რომელზეც მორიგეობით ჯდებოდა ხან ერთი და ხან მეორე პოლიციელი და როგორც ფიზიკურად ძალადობდნენ, ასევე ფსიქოლოგიურადაც ახდენდნენ ზემოქმედებას და ეუბნებოდნენ თუ არ აღიარებ წინა დღეს ვიღაც პიროვნებას ტელეფონი წაართვი და დაალომბარდე, იცოდე ნარკოტიკს ჩაგიგდებთო.

ამ დროს შემოვიდა ერთი თანამშრომელი ქალბატონი, რომელსაც წაკითხული ჰქონდა დაზარალებულის ჩვენება და უთხრა პოლიციელებს, მგონი შეგეშალათო, ეს არ ემთხვევა დაზარალებულის აღწერილობასო. იმასაც იხსენებს, ეს რომ გაიგო ერთმა პოლიციელმა, თავში ხელი შემოირტყაო… შემოიტანეს პლანშეტი, სადაც ვიდეოშიც ჩანდა, რომ ის პირი ნამდვილად არ იყო ირაკლი. ამის შემდეგ გააკეთეს ვითომ ამოცნობა, თვალებზე ააფარეს ხელი ირაკლის, დაზარალებულმა თქვა ვითომ, ეს ის არ არისო და მოუწიათ მისი გამოშვება. სათვალთვალო კამერებზე დაფიქსირდა პოლიციიდან მისი გამოსვლის დრო, იქვე გააჩერა ნაცემმა ბიჭმა ტაქსი და სახლში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავიდა.

5 წუთში, ფაქტობრივად, შინ იყო. ეს ძალიან დაგვეხმარა ჩვენი სიმართლის დამტკიცებაში. მაშინვე ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო, ესეც ადასტურებდა, რომ ბიჭი ნაცემი იყო. ყველა პოლიციელი ამბობდა, არანაირი დაზიანება არ ჰქონდა მიყენებული, როცა გავუშვითო, მაგრამ ისეთ მოკლე დროში, მაქსიმუმ 10 წუთში ასეთი დაზიანებებით სხვაგვარად ნიუჰოსპოტალში რომ ვერ აღმოჩნდებოდა ადამიანი, უდაო იყო.

მივმართეთ პროკურატურას საქმე აღეძრა. როგორც სჩვევიათ, ქვემდებარეობით გადაუგზავნეს იმ პოლიციის განყოფილებას, რომელსაც ვუჩიოდით. ეს ფაქტი დროის გაწელვას ემსახურებოდა, შემდეგ კი თბილისის პროკურატურა აწარმოებდა გამოძიებას, არაერთხელ დაიკითხა ირაკლი, ჩვენი ინიციატივით ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, მაგრამ დაზარალებულადაც კი არ გვცნეს. მხოლოდ სასამართლოს გზით მივაღწიეთ პირის დაზარალებულად ცნობას. ასევე ძალიან საინტერესო ჩვენება აქვს მიცემული ერთ პირს, ის ადასტურებს, ხელი რომ ააფარეს ირაკლის და ისე მოხდა ვითომ ამოცნობა, თუმცა მეორედ როცა დაიკითხა თქვა, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია, ისე მომეჩვენა ვითომ თვალებზე ხელი ააფარესო. წესით ეს ადამიანიც უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ ჩვენებისთვის. ვინც დაზარალებული იყო, ის პოლიციის მუშაკია. ეტყობა უნდოდათ მალე გამოეძიებიათ მისთვის ტელეფონის წართმევის საქმე, მაგრამ გამოვიდა ისე, რეალურად დამნაშავეში უდანაშაულო ადამიანი შეეშალათ. ისე იყო ბიჭი ნაცემი, თავიდან ისიც კი არ ახსოვდა, ოქმზე ხელი რომ მოაწერინეს. მერე არგუმენტად ჰქონდა თბილისის პროკურატურას, შენ ხელს აწერ ჩვენებაზე, სადაც წერია, რომ ბრალს არ აღიარებ და არაფერს შესწრებიხარო, ეს ოქმი ფორმალურად შედგა, რომ გაეშვათ განყოფილებიდან და ეთქვათ ტყუილად არ მოვიყვანეთო.

უცნაური ის იყო, რომ თბილისის პროკურატურამ რამდენიმე თვეში 2017 წელს, ამ საქმეზე გამოძიება დანაშაულის არარსებობის მოტივით შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი სამხილი. დადგენილებაში ეწერა, არ დადასტურდა რომ პოლიციელებმა სცემეს ირაკლი ხოფერიაო. ბუნებრივია, ეს გავასაჩივრეთ სასამართლოში და ძალიან მარტივი იყო იმაზე მსჯელობა, რომც არ ეცემათ პოლიციელებს, მაშინ ის მაინც უნდა დაედგინათ, ვინ მიაყენა დაზიანებები. ესეც გავასაჩივრეთ და იმდენად ცალსახად ჩანდა ჩვენი სიმართლე, სასამართლომ უკან დაუბრუნა თბილისის პროკურატურას საქმე გამოსაძიებლად და მიუთითა საგამოძიებო მოქმედებები ამოწურული არ გაქვთ და არ არის დადგენილი ვინ მიაყენა მას დაზიანებებიო. ამის შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ საქმე გენერალურ პროკურატურას გადაცემოდა. 2 დღეში ქალაქის პროკურორის მოადგილემაც დაწერა განცხადება და მიმართა გენერალურ პროკურატურას თქვენ გამოძიეთ ეს საქმე, რადგან ჩვენ შევწყვიტეთ და ჩვენს მიმართ შეიძლება არ იყოს ნდობაო.

- ვერც იქ მიაღწიეთ ამდენი წელი სამართალს?

- კიდევ სამი წელი უკვე გენერალურ პროკურატურაში ვიბრძოდით სიმართლის დასამტკიცებლად. რამდენიმე გამომძიებელი გამოვიცვალეთ. ერთმა გამომძიებელმა კარგი მტკიცებულებები შემატა საქმეს, მან გამოითხოვა "სმარტ ლოჯიკიდან" ინფორმაცია ელექტრონულ სისტემებზე და იქიდან მიღებული დასკვნიდანაც ჩანდა, რომ ირაკლი ყველაფერს სიმართლეს ამბობდა. ყველა პოლიციელი თავის ჩვენებაში ამბობდა, რომ მოვიყვანეთ, შევადგინეთ მაშინვე გამოკითხვის ოქმი, მაგრამ ამის შემდეგ გვეხვეწებოდა ირაკლი, დაგვეხია ეს ოქმი და ამ დროის განმავლობაში მას ვაწყნარებდითო. არადა, ირაკლი ცალსახად ამბობდა, ჯერ მცემეს სასტიკად და მერე წამოსვლის წინ შეადგინეს ოქმიო. "სმარტ ლოჯიკიდან" მოვიდა ინფორმაცია ირაკლი რომ უთითებდა, სწორედ იმ დროს იყო რეალურად ოქმი შედგენილი.

- ვიდეოკამერებში არ იყო ასახული რაიმე სამხილი პოლიციის წინააღმდეგ?

- კურიოზულია ეს საკითხიც, 8 კამერა აქვს განყოფილებას, აქედან 7 არის პერიმეტრზე რას აკვირდებიან, რა არის დასაცავი პერიმეტრზე, არ ვიცი. ერთი კამერაა შესასვლელ კარზე, პრობლემა ისიც იყო რომ მეორე კარიც აქვს პოლიციის ამ განყოფილებას და როცა შს სამინისტროს მოვთხოვეთ ინფორმაცია ამაზე, მოგვწერეს, არის მეორე კარი, მაგრამ იმ კარს არავინ იყენებსო. მოცემულობა იყო ასეთი, პოლიციელები სიმართლეს არ ამბობდნენ. ამბობდნენ, ოქმი შვიდ საათზე შევადგინეთო და "სმარტ ლოჯიკის" ინფორმაციით დადგინდა, რომ 10 ის ნახევარზე შედგა რეალურად ეს ოქმი. ეს უკვე ორი მტკიცებულება იყო და მინიმუმ სამსახურებრივი სიყალბეს რომ ჰქონდა ადგილი, თუნდაც ამ მუხლით და ცრუ ჩვენებისთვის უნდა მიეცათ ისინი პასუხისგებაში. არადა ჩვენებებში ამბობდნენ, თითქოს პოლიციის უფროსი და მოადგილე თავზე უსმევდნენ ხელს ირაკლის და ეუბნებოდნენ, არ შეიძლება ჩვენება რომ მოგვეცი, იმას ვერ დავხევთო. როდის შეიყვანეს და როდის გამოვიდა ეს კარის კამერაზე ფიქსირდებოდა, ამას ვერ გაექცეოდნენ. გაგვიმართლა იმითაც რომ ირაკლის ტაქსის ფული არ ჰქონდა და დედამისმა ტაქსის მძღოლს ტელეფონის ანგარიშზე ჩაურიცხა მომსახურების თანხა, ამითაც ფიქსირდებოდა ტაქსით გაადგილების დრო. დაიკითხა ტაქსის მძღოლიც და ისიც ამბობდა, მანქანაში რომ მეჯდა გულმკერდზე იკიდებდა ხელს და ცუდად ყოფნა ეტყობოდაო. სახლში მისვლისთანავე ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და სადავო არაფერი იყო. უშედეგოდ ვითხოვდით კონკრეტულ პირებს ბრალი წარდგენოდათ, ჩატარდა ამოცნობა, ირაკლიმ ამხილა და ამოიცნო ის პირები, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა. კერძოდ სამი პირი ამოიცნო, ხოლო მეოთხე ვერ ამოიცნო. უამრავი მტკიცებულება იყო, სხვას ვერ მოიპოვებდით, რადგან პოლიციის განყოფილებაში მოხდა დანაშაული. მაგრამ ვერა და ვერ დადგა მათი პასუხისმგებლობა.

იძულებულები გავხდით მიგვემართა სტრაბურგისთვის, რადგან ამდენი წელი არავის წაუყენეს ბრალი. წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლმა უჩივლა სახელმწიფოს, მივუთითეთ გამოძიება, რომ გაჭიანურებული იყო და არ სჯიდნენ დამნაშავე პოლიციელებს. ევროსასამართლოში ძალიან სწრაფად გავიარეთ საქმის დასაშვებითობის ეტაპი, რაც იშვიათად ხდება, იქიდან მომართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოითხოვეს მათი არგუმენტაციები და დოკუმენტები. ვფიქრობ, სწორედ სტრასბურგიდან მიღებული წერილების შედეგად მიხვდა პროკურატურა, რომ ქვეყანას მოუწევდა პასუხისგება ამის გამო და იძულებული გახდა დამნაშავე პოლიციელებისთვის ბრალი წარედგინა. არადა, ამდენი ხანი თაროზე ჰქონდათ საქმე შემოდებული და როგორც კი სტრასბურგიდან მოვიდა შეტყობინებები, ისინი დააკავეს. 28 ივლისს დაგვიკავშირდა პროკურატურა და გვითხრა, რომ სამი მოქმედი პოლიციელი დაკავებული ყავდათ.

- კონკრეტულად ვინ არიან დაკავებულები?

- დაკავებულია ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების იმჟამინდელი უფროსი, მისი მოადგილე და ერთი ოპერმუშაკი, სამივეს ამხელს დაზარალებული ხოფერია. ახლაც მოქმედი პოლიციელები იყვნენ, ორი მათგანი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა ამჟამადაც, ოღონდ სხვა რაიონში. ბრალს არ აღიარებენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ საკმარისზე მეტი მტკიცებულებებია.

24 სექტემბერს არის პროცესი ჩანიშნული და დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. მართალია გამოძიება ეს წლები ადამიანის წამების მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ რატომღაც დაკავებულებს ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ღირსების შელახვა. აღნიშნული მუხლი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წამების მუხლით რომ წარემართათ საქმე, მაშინ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ და ვითხოვთ ამ მუხლით საქმის გადაკვალიფიცირებას. ადამიანი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც მან ჩაიდინა. დაასწრო ამით სახელმწიფომ სტრასბურგს, რადგან არ უნდოდათ წაეგოთ სტრასბურგში ისეთი საქმე, სადაც მითითებული იქნებოდა რომ პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან იყო ჩადენილი დანაშაული. ეს იყო პრესტიჟის შელახვა ქვეყნისთვის. იძულებულები გახდნენ და ჩამოიღეს თაროზე შემოდებული საქმე. სტრასბურგამდე რომ არ წასულიყო ეს საქმე, ალბათ იდებოდა თაროზე ისე, როგორც არაერთი ასეთი საქმე დევს.

3 წელიწადნახევრის შემდეგ აღდგა სამართალი და ეს პირები დღეს ციხეში არიან, თუმცა ვთვლით, რომ მეოთხე პირის გამოვლენაც უნდა მოხდეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. საიას არ ჰქონია ასეთი შემთხვევა, როცა მოქმედი პოლიციელები მოქალაქეზე ძალადობის მუხლით გაასამართლეს. თუ არ ჩავთვლით 20-21 ივნისის საქმეზე პირების პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ იქ სულ სხვა სიტუაცია იყო. თითქმის ერთი თვეა ეს ხალხი დაკავებულია და ფაქტიც კი არ გაუხმაურებია პროკურატურას. ახლა ველოდებით სასამართლოს ვერდიქტს.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა

"თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა

როდის დაფუძნდა და ვის მიერ ბარი, რომლის თანამშრომლებიც მტკვარში გარდაცვლილები ნახეს