ავტორი:

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი:  "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე არაერთ რეჟისორს უმუშავია. ამჯერად გიორგი კიკალეიშვილი მუშაობს სრულმეტრაჟიან ფილმზე - "ზღვის ორი ნაპირი", როგორც გვეუბნება, თავდადაა პროექტის ავტორი და მიაჩნია, რომ ამ თემაზე ახლა სურათის გადაღება სწორედაც რომ დროულია. სცენარის ივა ფეზუაშვილს ეკუთვნის და გვარწმუნებს, რომ ის გადამღებ ჯგუფთან ერთად, ძალიან საინტერესო თემაზე მუშაობს.

"დღეს ყველა თავის მხრივ, ამ მიმართულებით ცდილობს, რაღაც გააკეთოს, ჩვენ ჩვენსას ვეცადეთ და გადაღებები უკვე დავიწყეთ. მგონია, რომ ჩვენ და აფხაზები ერთნი ვართ. ამ პროექტით კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ამას და აქცენტებს ამ მიმართულებით ვაკეთებთ. ფილმის გადასაღებად ლოცვა-კურთხევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოგვცა, ასევე გვეხმარება და კონსულტაციას გვიწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო და კიდევ არაერთი სამთავრობო სტრუქტურა. ამ პროცესში ყველანი, შესაბამისად, ჩართულები არიან, რადგანაც აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება,“ - აღნიშნავს გიორგი კიკალეიშვილი.

- სცენარი როგორია?

- თემა არის ასეთი: რუხში გადმოდის აფხაზი ბაბუა და სამკურნალოდ შვილიშვილი გადმოჰყავს, რადგანაც იქ მისი დაავადების მკურნალობა ვერ მოხერხდა. რუხის საავადმყოფოში ბიჭს ექთანი გოგონა შეუყვარდება - თემა მათი სიყვარულით იწყება.

ომში როგორც ხდება, ბავშვობის მეგობარს, შემთხვევით მეგობარი - კლასელი შემოკვდომია. ესეც რომ არ ყოფილიყო, იქ ხომ ყველა ერთმანეთს იცნობდა. ფილმში ეს სენტომენტალური ეპიზოდი თამაშდება. მოკლედ, ირკვევა, რომ ის მეგობრები ამ შეყვარებული წყვილის მშობლები იყვნენ. თუმცა ვის ვინ (ქართველს აფხაზი თუ პირიქით) შემოაკვდა, ამაზე ხაზგასმა არაა. ფაქტი ის არის, რომ შეყვარებულები ომის შვილები აღმოჩნდებიან... მათ სიყვარულს ოჯახებში შუღლი მოჰყვება, რადგანაც ერთ-ერთს მამის მკვლელის შვილი ჰქვია... საბოლოოდ კი, ყველაფერი შერიგებით სრულდება.

ჩვენი მესიჯი ისაა, რომ ყველაფერს სიყვარული გადაარჩენს და ყველა პრობლემას ის დაამარცხებს. აფხაზები და ქართველები ერთად ვიყავით და ამ შემთხვევაშიც, ერთად უნდა ვიყოთ.

გადაღებები არის რუხში, ბათუმსა და ბლოკპოსტთან.

- ფილმისთვის მუსიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინ არის მუსიკის ავტორი?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საუნდტრეკი ვალერი მელაძემ გაგვიკეთა და გვითხრა, რომ მისთვის ამ ფილმში მონაწილეობა დიდი პატივია.

- როგორ მოხვდა ვალერი მელაძე ამ ფილმში?

- მასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. როგორც კი პანდემიის თემა ჩაივლის, საქართველოში მისი კლიპი უნდა გადავიღოთ. ეს ვალერის კეთილი ნებაა, როგორც საქართველოს მოქალაქის, რომელმაც ეს სტატუსი ახლახან მიიღო. ამ ფილმისთვის მუშაობა კი ერთგვარი მისი პოზიცია.

ასე რომ, ფილმის პირველი ეპიზოდი უკვე გადაღებულია და ახლა ზუგდიდში მივდივართ... პროექტს მთლიანად 25 სექტემბერს მოვრჩებით. მნიშვნელოვანია, რომ დიდი პრემიერისთვის და საფესტივალოდაც ვემზადებით - ასე რომ, ჩვენი გზავნილები შეიძლება ბევრ ქვეყანაში მოხვდეს...

სიყვარულს სიყვარულით ვპასუხობთ და ომის თემას - რუსებს, აფხაზებს არ ვეხებით - ეს აშკარაა. მაქსიმალურად გვინდა, ჩვენს ძმებს აფხაზებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს.

ფილმში საუკეთესო მსახიობები მონაწილეობენ - ზაზა კოლელიშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურა შარია, მანანა სურმავა, ბუბა ჭიღოშვილი, ჯაბა კილაძე, ირაკლი მაქაცარია (მისთვის ამ ფილმში კინოდებიუტია), გიორგი ხურცილავა, ნინუცა ჩარგეიშვილი, თამთა ბაქრაძე. ეს ადამიანები ენერგიას არ იშურებენ, რომ კარგი ნამუშევარი გამოვიდეს და პროექტი შედგეს.