ავტორი:

"ნინია კაკაბაძეს და ნინო ჯანგირაშვილს რა უნდათ, - დავბრუნდე? ჩამოყალიბდნენ, ვერ ძლებენ უჩემოდ?" - აპირებს თუ არა კახეთის გუბერნატორობას ვასილ მაღლაფერიძე

"ნინია კაკაბაძეს და ნინო ჯანგირაშვილს რა უნდათ, - დავბრუნდე? ჩამოყალიბდნენ, ვერ ძლებენ უჩემოდ?" -   აპირებს თუ არა კახეთის გუბერნატორობას ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა და ამის შესახებ საზოგადოებამ მის მიერ გავრცელებული მიმართვიდან შეიტყო. გაჩნდა ვერსია, რომ მისი ეს ნაბიჯი საპარლამენტო სიას უკავშირდებოდა, თუმცა ambebi.ge-სთან საუბარში ვასილ მაღლაფერიძე მის პოლიტიკურ ამბიციებთან დაკავშირებულ მოარულ ხმებს არ ადასტურებს, ამბობს, რომ პროექტ "ტელესკოლაში" რჩება.

"იმის გამო, რომ ვინმემ არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - წერს განცხადებაში ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც არხს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ვასილ მაღლაფერიძე:

- მოდით, წინასწარ გეტყვით - ტრადიციულ კითხვებს თუ მოგიხსნით, რომ პარლამენტში არ მივდივარ, მაინც გაქვთ კითხვები? არც პარლამენტში წავალ და არც მინისტრი ვიქნები. მოდით, შევთანხმდეთ, რომ არ ვიქნები!

- არც კახეთის გუბერნატორი? იყო ასეთი ვერსიაც, რომ გუბერნატორობა გინდათ...

- რისი? კახეთში, კაცო? ნიშნავენ კი არა, უნდაო? ისე, კახეთში სახლი მაქვს, მაგრამ რომ იცოდეთ, კახეთის გუბერნატორობაზე აქამდე არ მიფიქრია.

- კარგით, მაშინ რა პოზიციაზე დარჩებით მაუწყებელში?

- პოზიცია? რა საჭიროა ასეთი მეცნიერული სიტყვები? ტელესკოლაში ორ პროექტს ვაკეთებ, რომლებიც ძალიან მიყვარს. ესაა გია მურღულიასთან ერთად “ლიტერატურული ფრაგმენტები” და მეორე - “ჩვენი საქართველო”. დიოკლეტიანეს არ შევადარებ თავს, მაგრამ მესმის ქართული საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც კითხვებს სვამს, ვერ არის ჯანსაღად და ჰგონიათ, სიაში მიხილავენ და პარლამენტში წავალ. ისე გემრიელად ვარ ამ გადაცემებში, რა გითხრათ... ახლა ჩემს გვერდით სხედან მეგობრები და მეუბნებიან, რა პროექტი, წადი კახეთშიო.

- წინასაარჩევნოდ თქვენი ეს ნაბიჯი კითხვებს და ეჭვებს რომ გამოიწვევდა, გასაკვირია?

- მე რომ ასე არ გადავმდგარიყავი, პირველ არხს სასწაული რომ გაეკეთებინა, მაინც ასე იტყოდნენ. რაც მე წავიკითხე, სულხან სალაძეს, ნინია კაკაბაძეს და ნინო ჯანგირაშვილს რომ კითხვები გაუჩნდათ, მე ამის გამო არ მიცხოვრია და არც მიმუშავია. თუ რა უნდათ, უნდა დავბრუნდე? ჩამოყალიბდნენ, რა, ვერ ძლებენ ჩემ გარეშე?

- რას იზამთ, ყველას თავისი ვერსია და მოსაზრება აქვს...

- ტელესკოლაში წავედი და ორ პროექტს ვაკეთებ. მართლა ვეღარც ვიცლიდი და დანარჩენი რა ვქნა? პარლამენტის სია ხომ გამოქვეყნდება და იქ რომ არ ვიქნები, მერე? ჯერ ერთი, ახლა რომ ელოდებიან სანუკვარად, ამ პარლამენტში ორჯერ არჩევით შევედი და ერთხელ - დღემდე არ ვიცი, როგორ. ისტორია შეაფასებს ამას. პარლამენტში პირველად “ვარდების რევოლუციის” მერე შევედი და არ არის ეს საქმე ჩემთვის ძალიან პატივსაცემი. ღმერთმა გაუმარჯოს მომავალ პარლამენტს და არ არის ჩემი ოცნების მწვერვალი, ტყუილად ჰგონიათ, პარლამენტში შევალ.

- არა მარტო პარლამენტს და სიას, "მაუწყებელში" აუდიტის შესვლასაც დაუკავშირეს თქვენი წასვლა...

- ეს კარგი კითხვაა. როცა ვინიშნებოდი, იქ აუდიტი ნამდვილად იყო შემოსული, ძალიან საინტერესო დასკვნაა და მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებებში არიან და ჭკუას ისწავლებიან. მათთან დაკავშირებით დასკვნაში არც თუ სასიამოვნო რაღაცეები წერია, ფინანსებთან დაკავშირებით... ჩემი ცხოვრების სტილი არ არის და არასდროს ეს თემა არ ამიწევია. ახლა ჩვენთან არ შემოსულა აუდიტი და შემოვიდეს, მანდაც კრისტალივით სუფთა ვარ. მიშას ხელისუფლებიდან მოყოლებული, ჩემთვის მილიონი რაღაცა დაუბრალებიათ, მაგრამ კორუფცია - არასოდეს. შემოვიდეს, მერე, რას ნახავს? ისედაც ღიაა ჩვენი ყველაფერი.

- და მაინც, ასე ცამოწმენდილზე, რატომ გადაწყვიტეთ გადადგომა?

- რაც უნდა მეთქვა და გამეკეთებინა, მაინც უცებ არ იქნებოდა? რაღაც ასე მომინდა, რომ ცამოწმენდილზე გადავმდგარიყავი და მომესმინა თუნდაც ერთი აზრი. მე დავინახე ის, რომ ვინც სულელია, ნამდვილად სულელია, ვინც ჭკვიანია - ჭკვიანი. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ პარლამენტზე და კახეთში გუბერნატორობაზე ვიფიქრებ. კარგია კახეთი... კიდევ იცით, რა მითხრეს? თურმე მარეგულირებელში მივდივარ, წყალკანალის უფროსად და განათლების მინისტრადაც... ყველა თანამდებობაზე გამიშვეს.

- ვინ იქნება თქვენი შემცვლელი, თუ იცით, ვისზე შეაჩერებს არჩევანს სამეთვალყურეო საბჭო?

- ომში და მთაში არასოდეს მითქვამს ვინმესთვის, უნდა წამოხვიდე-თქო. გამიხარდება, რომ შიგნიდან იყოს ვინმე. მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო ჩემი გადაწყვეტილება და ვინც მაგარია და ვინც მოინდომებს, ის იყოს. თავისუფალ საზოგადოებაში ამას როგორ ვიტყვი. ვიღაცას აწყობს, ვიღაცას - არა. თვითონ უნდა გადწყვიტოს და აიღოს პასუხისმგებლობა და მერე საზოგადოება უნდა ენდოს მას. ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, თუმცა ბევრია ღირსეული, ბევრი – უღირსი, რომლებმაც უკვე წამოყვეს თავი. დარწმუნებული ვარ, რომ სამეთვალყურეო საბჭო უღირსს არ აირჩევს. ჩემი პრინციპი, რატომაც წავედი, ის არის, რომ ლიდერი თვითონ გამოიკვეთოს. ეს ჩემი და თქვენი სურვილით არ იქნება, ვინც ძლიერია, ის დაიკავებს პოსტს.

- "ვინმემ რომ არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - ამაში რას გულისხმობთ?

- არის რამდენიმე ორგანიზაცია და მისი წარმომადგენელი, რომლებიც განუწყვეტლივ იმით ირჩენდნენ თავს, რომ რაღაც ტიპის ეჭვებს ავრცელებენ. სხვათა შორის, დღეს ყველა გამოეფინა, სამწუხაროდ, ისინი მაინც ახდენენ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე. პირდაპირ გეტყვით, რომ მათ აქვთ ძალიან დაბალი გემოვნება.

- ვის გულისხმობთ?

- ვინც დღეს გამოვიდა და ბევრს ლაპარაკობდა. ეს ის ადამიანებია, ვინც მედია ექსპერტობა დაიბრალეს - სულხან სალაძე, კუპრაშვილი, კაკაბაძე... აბა, ერთი ჰკითხეთ ნინია კაკაბაძეს, თვითონ რა გააკეთეს ბორდის წევრობაში ხელფასს რომ იღებდნენ? თითი თითზე არ დაუკარებიათ და მავნებლობის გარდა არაფერი გაუკეთებიათ. ამას არა ერთგზის აღვნიშნავდი. წავედი ახლა და რა უნდათ? ხომ უნდოდათ, რომ არ ვყოფილიყავი და რა უნდათ, მოვბრუნდე?

- დანებდით, ბატონო ვასილ?

- დავნებდი კი არა, კვატი! პირიქით, მგონია, რომ გავიმარჯვე იმიტომ, რომ ეს ტელევიზია არის შეუქცევადად განვითარებადი. ეს ტელევიზია იყო ჭაობში ჩარჩენილი, გაჭედილი და ტრაგიკულ ინერციაში. კაციშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" არ ლაპარაკობდა. ზოგი ფინანსურად იყო დაინტერესებული, ზოგი - პოლიტიკურად. ლაზღანდარები და ვიგინდარები ამ ტელევიზიას თავისი გავლენების ქვეშ ვეღარ მოაქცევენ. დღეს მედიაბაზარზე, ტელევიზიებში მაუწყებელი არის გამორჩეულად თავისუფალი. არ იტრაბახონ იმ ტელევიზიებმა, სადაც ჟურნალისტები იძულებულნი არიან ზოგი უგუნურებით, ზოგი - იძულებით, მითითებები ასრულონ. ასე რომ, სრულიად სამართლიანად, თავს გამარჯვებულად ვთვლი.

- ანუ "მაუწყებელს" თქვენს აუსტერლიცად თვლით?

- ისტორია გყვარებიათ, კარგია... არ ვიტყოდი, რომ აუსტერლიცი მაქვს, იმიტომ, რომ აუსტერლიცს - გამარჯვებას ვატერლოო - მარცხი მოჰყვება. აუსტერლიცია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ვატერლოო არ იქნება, რადგან გადავდექი.

- ვატერლოო აიცილეთ, გვარწმუნებთ, რომ არანაირი პოლიტიკური მიზანი არ გაქვთ. სამომავლო გეგმებზე რას იტყვით, ეს პროექტები ოდესმე ხომ დასრულდება?

- ახალ წლამდე კონტრაქტი მაქვს ტელესკოლასთან, იქ ვიქნები და დანარჩენი დამიტოვეთ, ღმერთს მივანდოთ, მერე შევხედოთ, რა იქნება. ახლა, რა ისეთი საინტერესო პიროვნება ვარ საქართველოში, იმას მოვყვე, ახალი წლის მერე და შემდეგი 20 წელი რა იქნება? კახეთის გუბერნატორობა მომეწონა... კახეთში ისედაც ვცხოვრობ და გუბერნატორობა რად მინდა, მინდა მე პრობლემა?!

პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე

გომისმთაზე ჩარჩენილი სამი ადამიანი მაშველებმა იპოვეს - როგორია მათი მდგომარეობა?

როგორ შევცვალოთ ძველი სანომრე ნიშანი - მომსახურების სააგენტო მძღოლებისთვის აქტუალურ კითხვებს პასუხობს