მარკ ტვენი - "ტომ სოიერის თავგადასავლიდან" "ბებრულ მარაზმამდე"

მარკ ტვენი - "ტომ სოიერის თავგადასავლიდან" "ბებრულ მარაზმამდე"

როგორც მაშინდელი ამერიკელი მწერლების უმეტესობამ, მარკ ტვენმაც ლიტერატურული მოღვაწეობა ჟურნალისტობით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 10-11 წლისა სტამბაში ასოთამწყობის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 17 წლისა უკვე თავისი პროვინციული ქალაქის პროვინციულ გაზეთში კორესპონდენციებს წერდა, ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, წერა-კითხვა მისი საქმე მაინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბედმა და თანდაყოლილმა ნიჭმა სხვაგვარად ინება.

ჯერ კიდევ მომავალი მწერლის დაბადებამდე, მამამისმა, ისედაც მიყრუებული ტენესის შტატის კიდევ უფრო მიყრუებულ და მიუვალ კუთხეში ვეებერთელა მიწის ნაკვეთი - 75 ათასი აკრი (დაახლოებით 30 ათასი ჰექტარი) იმ დროისათვის დიდ ფულად - 400 დოლარად იყიდა და დარწმუნებული იყო, რომ ხე-ტყით, საძოვრებით, წიაღისეულითა და ნადირ-ფრინველით სავსე მიწა სამუდამოდ უზრუნველყოფდა მის ოჯახსაც და შთამომავლობასაც, მაგრამ 1834 წლის ე.წ. "დიდი ფინანსური კრახის" შემდეგ, რომელმაც მდიდრები მთელი ამერიკის მასშტაბით გააღარიბა, მაშინ ჯერ კიდევ არდაბადებული მწერლის მამასაც გაუმეოთხედა ქონება - არადა, მას, იმ თვალუწვდენელი მიწების გარდა, 3.500 დოლარი ფულად ჰქონდა შენახული (დღევანდელი მსყიდველუნარიანობით, ალბათ, ამ რიცხვს სამი ნული უნდა მიეწეროს).

ფენტერსის ოლქის ერთ დროს ყველაზე მდიდარ და ამაყ მოქალაქეს ნაცნობ-მეგობრების თანაგრძნობით სავსე სახეების ყურება არ უნდოდა, ჰოდა, ამიტომაც აიბარგა თავისი დიდი ოჯახიანად და დასავლეთისაკენ გასწია. ქალაქი ფლორიდა, მონროს ოლქი, მისურის შტატი - ეს იყო მისი ახალი მისამართი და რაც მთავარია, მისი უმცროსი ვაჟის, სემუელ ლენგჰორნ კლემენსის, შემდგომში დიდი მარკ ტვენის დაბადების ადგილი (არ აგვერიოს ფლორიდის შტატში, რომელთანაც საერთო მხოლოდ სახელწოდება აქვს). ამ ქალაქში კლემენსების ოჯახმა მხოლოდ ხუთი წელი იცხოვრა და მიუხედავად იმისა, რომ თანხის დაბანდება იქაურ სავაჭრო ობიექტებშიც სცადეს, "ერთადერთი, რაშიც მამაჩემს გაუმართლა, ჩემი დაბადება იყო", - ირონიულად აღნიშნავს თავის ვრცელ ავტობიოგრაფიაში მარკ ტვენი.

1839 წელს ოჯახი კიდევ ერთხელ აიყარა და მისისიპის ნაპირზე მდებარე ქალაქ ჰანიბალში გადაბარგდა - აქ კი მართლაც, საქმე უკეთ წაუვიდათ: ოჯახის უფროსი საპატიო და კარგად ანაზღაურებად პოსტზე - მომრიგებელ მოსამართლედ აირჩიეს და სიკვდილამდე ამ თანამდებობაზე დარჩა, თანაც მუდმივად ჰქონდა იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, ტენესიში დარჩენილი მიწა (რომელიც 75 კი არა, 100 ათასი აკრი აღმოჩნდა) ფასს დაიდებდა და დიდკაცურად იცხოვრებდა. თუმცა, პარტნიორის ღალატის გამო, მან უკანასკნელი "გროშებიც" დაკარგა და ჰანიბალის მომრიგებელი მოსამართლე ღატაკად მოკვდა...

ქალაქი ჰანიბალი ოქროს ასოებით შევიდა ისტორიაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ მარკ ტვენი იქ აღიზარდა, არამედ იმიტომ, რომ შესავალში ნახსენები პერსონაჟების პროტოტიპების გარდა, თვით ეს ქალაქი იყო ტომ სოიერის მშობლიური სანქტ-პეტერბურგის პროტოტიპი, თავისი მისისიპითა და სანაპიროთი, საკვირაო სკოლითა და ეკლესიით, ინდიელი ჯოთი, ბეკი ტეთჩერით, მოსამართლითა და დეიდა პოლით, რომელიც ფაქტობრივად, მწერლის დედის - ჯეინ ლემპტონ კლემენსის პორტრეტს წარმოადგენს...

მიუხედავად იმისა, რომ მარკ ტვენმა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა (25 მოზრდილი ტომი შეივსო და ზოგი რამ ჯერაც არ გამოქვეყნებულა), არავინ დაობს, რომ სწორედ "ტომ სოიერის თავგადასავალი" და "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" წარმოადგენს მისი შემოქმედების გვირგვინს. ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით: სწორედ ისაა ამ ორი რომანის გენიალობის მთავარი საფუძველი, რომ მასში სიმართლეა აღწერილი და რაც მთავარია, აღწერილია გენიალური თვითმხილველის მიერ, რომელსაც სინამდვილის შელამაზებაც ზომიერად, პროფესიულად შეეძლო, რითაც სიტუაციას კიდევ უფრო "ანამდვილებდა".

ტომ სოიერის დეიდის, პოლისა და მწერლის დედის მსგავსება ვახსენეთ, ჰოდა, არ შეიძლება, მისის ჯეინ კლემენსის პიროვნებაზე არ შევჩერდეთ, რომელსაც მარკ ტვენი თავის საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე დედა-შვილი სულ უფრო იშვიათად ხედავდა ერთმანეთს და მხოლოდ წერილებით ურთიერთობდნენ. სუსტი ფიზიკური აღნაგობისა და ჯანმრთელობის მქონე ჯეინზე ყველა ამბობდა, - 40 წელს ვერ მიაღწევსო; თურმე, ეს სემსაც არაერთხელ გაუგონია და არაერთხელ უტირია ბალიშში თავჩარგულს, მაგრამ მერე თავად დედას დაუმშვიდებია: - ნუ გეშინია. სანამ შენ არ მოგწყინდები, შენთან ვიქნებიო. მართლაც, იმ "ნაწინასწარმეტყველებ" 40 წელს კიდევ 48 "დაემატა" და ყველას გასაკვირვებლად, ღრმა სიბერემდე იცოცხლა. სწორედ დედასთან არის დაკავშირებული ყველაზე შთამბეჭდავი "ფოტო" მარკ ტვენის მეხსიერებიდან: "მე 8 წლისა, ჩემი 10 წლის ძმის საწოლთან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, დედაჩემის გვერდით დაჩოქილი, რომელსაც საოცარი ძალით აქვს ჩემთვის ხელი ჩაჭიდული... ცრემლი და უსიტყვო გმინვა - დასტური მისი უსაზღვრო უბედურებისა, ყველაზე დიდი "ფოტოა" მილიონობით გამქრალ "ფოტოს" შორის" (პატარა ქალაქ ჰანიბალში ფოტოგრაფიას ჯერ არ ჩაეღწია და ეს მილიონობით "ფოტო" მხოლოდ მწერლის მეხსიერებაში არსებობდა, მაგრამ შთამომავლობას ნებისმიერ ფირსა თუ ქაღალდზე მკაფიოდ დაუტოვა მაშინდელი ამერიკის სინამდვილე).

დედის გარდაცვალების შემდეგ, მარკ ტვენი წერდა: "ბოლოს მივხვდი, რაშიც იყო დედაჩემის ძალა: მის პატარა სხეულში ძალიან დიდი გული იდო - ყველას ბედსა თუ უბედობას უპოვიდა ადგილს და რაც მთავარია - ცხოვრების ბოლო წუთებამდე ქვეყნად ყველაფერი აინტერესებდა და არ შეეძლო რაიმეს ნახევრად კეთება ან ნახევრად ცოდნა!" ვფიქრობთ, საუკეთესო დახასიათებაა და მიუხედავად იმისა, რომ თავის ავტობიოგრაფიაში მშობელზე კიდევ უამრავი რამ აქვს მოთხრობილი, ეს ერთი წინადადებაც კარგად აღწერს იმ ადამიანს, ვინც პატარა სემის პიროვნებად და მწერლად ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა.

შესაძლოა, მარკ ტვენის ბავშვობაზე საუბარი გაგვიგრძელდა, მაგრამ სურათის შესავსებად არ შეიძლება არ ვახსენოთ ბიძამისის - ჯონის ფერმა, თავის მკვიდრებიანად. სემი იქ ყოველი წლის 2-3 თვეს ატარებდა და ჯონიც, მისი ცოლიც, მათი უამრავი შვილიცა და მონა ზანგებიც "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის" ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდების პერსონაჟებად იქცნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სემუელ კლემენსი პატარა მონა სენდისთანაც მეგობრობდა და "ძია დენიც" ცხოვრების ბოლომდე მეგობრად მიაჩნდა (ბავშვობაში ნამდვილ ბიძაზე მეტადაც უყვარდა), თვითონაც და უკეთილშობილესი, ყველას ჭირის გამზიარებელი დედამისიც, თვით მონა-ზანგებიც კი მიიჩნევდნენ, რომ მონობა "ღვთისგან დადგენილი" მდგომარეობა იყო და ქრისტიანული საქციელი მათი გათავისუფლება კი არა, მათდამი "კარგად მოპყრობა" იქნებოდა, რაც, ძირითადად, სამხრეთის პლანტაციებში გასაყიდად არგამეტება იყო, სადაც მართლაც, აუტანელ შრომას ორიოდე წელს თუ უძლებდნენ ჯანმრთელი მონებიც კი... მონობის არსებობა არათუ სწორად მიაჩნდა, არამედ ამ საშინელების დასაცავად იარაღით ხელშიც კი იბრძოდა - კონფედერატების მხარეს, სამოქალაქო ომში, მაგრამ როცა "ჭკუაში ჩავარდა", უკვე ფედერალური არმიის რიგებში ჩადგა და მონობის გაუქმებაში წვლილი შეიტანა.

იარაღი იარაღად და მისმა კალამმა უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენა მონობას, ვიდრე ნებისმიერმა ომმა თუ მონათა წინააღმდეგობამ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აღიარება საკმაოდ გვიან მოვიდა...

სკოლაში სემი საკმაოდ კარგად სწავლობდა. მასწავლებლები, ისევე, როგორც ტომ სოიერს, მისი სიცელქის გამო საყვედურობდნენ დედას, თუმცა ენამწარე მწერალი მოგვიანებით სარკასტულად აღნიშნავდა: "ყოველთვის ვცდილობდი, რომ სკოლაში მეცადინეობას ხელი არ შეეშალა განათლებაში..." კოლეჯში და მით უმეტეს, უნივერსიტეტში სწავლა მისთვის მიუღწეველი ოცნება იყო (ტენესის მიწები ხომ არ იყიდებოდა) და ამიტომაც, ამის კომპენსირებას თვითგანათლებით ცდილობდა - როცა სტამბაში ასოთამწყობის შეგირდად მოეწყო, არათუ წიგნს, ნაბეჭდი ქაღალდის ნაგლეჯსაც არ გაუშვებდა წაუკითხავს და მიუხედავად იმისა, რომ სკოლაზე ასეთი ქილიკით წერდა, ცხოვრების ბოლომდე მაინც განიცდიდა, "თვითნასწავლი" რომ იყო.

17 წლისა პირველად "აიტანა წერამ" და ჰანიბალის ადგილობრივ გაზეთში დაიწყო პატარ-პატარა წერილების გამოქვეყნება, მაგრამ მწერლობის პირველმა "შემოტევამ" მალევე გადაუარა - "გაზრდილმა და დადინჯებულმა" გადაწყვიტა, ჟურნალისტობით ფული დაეგროვებინა, სამდინარო გემის მართვა ესწავლა და სამხრეთ ამერიკაში, მდინარე ამაზონის გამოსაკვლევად გამგზავრებულიყო. ამ მიზნით წავიდა ჯერ ნიუ-იორკში და შემდეგ - ფილადელფიაში. ის ძმასთან ერთად, აიოვაში საკუთარ გაზეთსაც კი გამოსცემდა (უფრო სწორად - ძმის კუთვნილ გაზეთში მუშაობდა, რადგან თვითონ ხელფასს იღებდა, ძმა კი გაზეთის მოგება-წაგებას განაგებდა, რაც ბოლოს დიდ წაგებად იქცა და მანაც, ისევ მამისეულ მიწებს მიაპყრო იმედის თვალი) და 22 წლისა მშობლიურ მდინარეზე ლოცმანის შეგირდად, თანაშემწედ მოეწყო. ორ წელიწადში სამდინარო გემის "მართვის მოწმობაც" მიიღო და ამაზონზე ოცნებაც თითქოს, რეალობად იქცა, მაგრამ სემუელ კლემენსმა ცხადად იგრძნო, რომ ამ დიდი მდინარის - მისისიპის გადაუხდელი ვალი ჰქონდა: ყველაფერი მან ასწავლა, ბავშვობიდან გამოზარდა და ამიტომაც ვერ მოშორდებოდა ვალის გადაუხდელად... თანაც, იმ პერიოდში სხვადასხვა გაზეთში გაგზავნილმა წერილებმა (ძირითადად, სატირულმა სვეტებმა) საკმაოდ პოპულარულ ჟურნალისტად აქცია და ამაზონის ჯუნგლებიც წარსულის ოცნებად დარჩა.

სემუელ კლემენსი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მარკ ტვენი, საბოლოოდ დაუბრუნდა ჟურნალისტიკას, ხოლო მისისიპისა და სამდინარო ნაოსნობას მადლობა იმით გადაუხადა, რომ ფსევდონიმად სწორედ სანაოსნო ტერმინი აირჩია: BY THE MAAA-ARK, TVAIN! - ასეთი საგანგაშო შეძახილი ისმოდა გემზე, როდესაც სიღრმის გაზომვისას, მანძილი გემის ძირსა და მდინარის ფსკერს შორის სახიფათო - ორფუტიან ნიშნულს გასცდებოდა.

მარკ ტვენი პოპულარულ ჟურნალისტად იქცა - ერთდროულად რამდენიმე გაზეთისთვის წერდა, მაგრამ პირველი წიგნი მხოლოდ 34 წლისამ გამოსცა, რადგან ოფიციალური განათლების არქონის გამო, საკუთარ თავს სრულფასოვან მწერლად არ მიიჩნევდა; პირველი რომანი კი სულაც, 1874 წელს, 39 წლისამ დაწერა და თანაც, სხვისი თანაავტორობით.

არადა, მაშინ ყველაზე პოპულარულ გაზეთებს მარკ ტვენზე "ტაციაობა" ჰქონდათ და მას საუკეთესო პირობებს სთავაზობდნენ: 1864 წლიდან ორი წელი კალიფორნიაში, უფრო ზუსტად, ყველაზე მრავალტირაჟიანი კალიფორნიული (სან-ფრანცისკოს) გაზეთის - "იუნიონის" კორესპონდენტად მუშაობდა ჰავაის კუნძულებზე, ამის შემდეგ სამთვიანი ლექციების ტურნე გამართა და მთელი ამერიკა მოიარა; შემდეგ სხვა კალიფორნიულმა გაზეთმა - "ალტა კალიფორნიამ" - სამივლინებო კრუიზით ხმელთაშუა ზღვაში გაუშვა, რომელსაც საჯარო ლექციების ასევე დიდი ტურნე მოჰყვა. ამასობაში, სემუელს უამრავი მასალა დაუგროვდა, მომავალი წიგნებისთვის.

გარდა იმისა, რომ ამ ორმა მოგზაურობამ პროფესიონალად ჩამოაყალიბა, სწორედ ხმელთაშუა ზღვის გემ "კვაკერ-სიტიზე" გაიცნო ჩარლზ ლენგდონი - ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ელმაისიდან, დაუმეგობრდა და რაც მთავარია, 1870 წლის თებერვალში მის დაზე, ოლივიაზე იქორწინა, ერთ წელიწადში კი საცხოვრებლად კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ჰართფორდში გადასახლდნენ, სადაც ყველაზე ბედნიერი 20 წელიწადი გაატარა.

რაც შეეხება პირველ მხატვრულ ნაწარმოებს, მან ბავშვობის მეგობარ ჩ. უორნერთან ერთად სცადა ბედი და საკმაოდ წარუმატებლადაც - ყოველ შემთხვევაში, იმ რომანს ("მოოქრული საუკუნე"), რომელიც საკმაოდ ტრაფარეტული აღმოჩნდა, მისი სახელისთვის არაფერი შეუმატებია. სახელი კი უკვე მთელი ამერიკის მასშტაბით ჰქონდა განთქმული, ოღონდ, როგორც ჟურნალისტს, უებრო ორატორსა და ე.წ. "ზეპირი პუბლიცისტიკის" ოსტატს - მის ლექციებზე ტევა არ იყო, ხოლო ხსენებული ორი მოგზაურობის შედეგად გამოცემულმა შთაბეჭდილებების წიგნებმა (განსაკუთრებით - "უბირთა მოგზაურობა უცხოეთში") რამდენიმე გამოცემას გაუძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის მეგობართან შეხვედრა და პირველი ლიტერატურული მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ამან შედეგი მაინც მოიტანა - მარკ ტვენს ბავშვობა, დედა, ქალაქი ჰანიბალი, მისისიპი გაახსენა და ორ წელიწადში ანუ 1876 წელს "ტომ სოიერის თავგადასავალი" გამოქვეყნდა! ეს იყო ნამდვილი ფურორი - მთელმა ამერიკამ და ინგლისურენოვანმა სამყარომ, თვით კონსერვატიულმა ინგლისმაც ცამდე აიყვანა ქებით! მან ეს ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ ვეებერთელა "ტვირთიც აიკიდა" - მისგან მეტს ელოდნენ!!! მალევე, ორ წელიწადში ჩაიფიქრა და დაიწყო "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი", მაგრამ "დიდების ტვირთი" მძიმე აღმოჩნდა: წერდა და შლიდა; ხევდა და თავიდან იწყებდა; საერთოდ "ივიწყებდა", სხვა რამეს წერდა და აქვეყნებდა. ამ "სხვა რამეებმა" კი ბევრს ათქმევინა, - "ტომ სოიერი" "შემთხვევითი გასროლა" იყო, კარგი ჟურნალისტი კარგი მწერალი ვერასოდეს გახდებაო... არადა, იმ "სხვა რამეებს შორის" იყო "უფლისწული და მათხოვარი", მაგრამ მწერლისგან მხოლოდ ჭეშმარიტად გენიალურ ნამუშევარს ელოდნენ და ეს ლოდინი რვა წლის შემდეგ, ფანტასტიკური შედეგით დაგვირგვინდა: 1884 წელს "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" ანუ ის ნაწარმოები გამოაქვეყნა, რომელმაც, როგორც ერთმა მაშინდელმა ევროპელმა კრიტიკოსმა დაწერა, საბოლოოდ მოუპოვა ამერიკას უფლება, რომ სრულფასოვან ქვეყანად მოიხსენიებოდეს!

ამის შემდეგ კვლავ იყო წარუმატებელი, თუმცა საინტერესო ცდები უკვდავი პერსონაჟების დაბრუნებისა ("ტომ სოიერი მაძებარი", "ტომ სოიერი საზღვარგარეთ"), მაგრამ მარკ ტვენისთვის აღარავის უწოდებია "შემთხვევითი მსროლელი" - ბუნებრივიცაა, როდესაც XIX საუკუნის ამერიკელი და XXI საუკუნის ქართველი ბავშვი თუ დიდიც ერთნაირად, "თავის ამბად" მიიჩნევს ტომისა თუ ჰეკის თავგადასავალს, ამას "ბრმად ვერ გაისვრი"...

ას წელზე მეტი გავიდა, ბევრჯერ ასი კიდევ გაივლის და ჩვენი შთამომავლები, როგორი ტექნოლოგიური მიღწევებითაც უნდა სარგებლობდნენ, მაინც ამ პატარა ბიჭების თავგადასავლებიდან ისწავლიან მეგობრობას, ურთიერთგატანას, სიმამაცესა და სიყვარულს...

მარკ ტვენმა 75 წლამდე იცოცხლა და ასი წლის წინ - 1910 წელს გარდაიცვალა. ბოლოს, როგორც ამბობენ, "ბებრული მარაზმიც" აწუხებდა (უფრო სწორად, სხვებს აწუხებდა ამით) და თავისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდის გამოქვეყნება 100 (ანუ მიმდინარე წლის ბოლოს), 150 და ზოგისაც - 500 წლის შემდეგ ბრძანა, მაგრამ დღეს ჩვენთვის, მკითხველისთვის რა მნიშვნელობა აქვს მის წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს ბიზნესში, მის რთულ ურთიერთობას შვილთან, მეგობრებთან თუ საყვარელთან, გაუთავებელ დავას მის ქონებასა და ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე?.. ჩვენთვის მთავარი და მუდმივი ერთია: ასი წლის წინ გარდაიცვალა მწერალი, რომლისნაირებზეც საუკუნის მერე, მისმა ქართველმა კოლეგამ თქვა: მათი ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ხდები იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე - წაკითხვამდე იყავი...

 

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

 

 

 

 

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს