ავტორი:

ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებას ითხოვდა  - ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი და საქართველოსადმი დამოკიდებულება

ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებას ითხოვდა  - ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი და საქართველოსადმი დამოკიდებულება

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში ჩასული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. ნავალნი ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, სამშობლოში პირველად ჩავიდა.

ნავალნის დაკავებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო არენაზე და დასავლელი პოლიტიკოსები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამბავს ქართველებიც აქტიურად ეხმიანებიან სოციალურ ქსელში და არც არის გასაკვირი, რადგანაც ის მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოპოზიციონერ ფიგურად მიიჩნევა.

  • რატომ არის ნავალნი მნიშვნელოვანი დღევანდელი რუსეთისთვის?

ამის მინიმუმ, სამი მიზეზი არსებობს.

პირველია მისი, როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის როლი. 2008-2010 წლებში, ნავალნი თავის პოპულარულ Livejournal-ის ბლოგს იყენებდა, რათა ის მექანიზმები გამოევლინა, რომელთაც კორუმპირებული თანამდებობის პირები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კორპორაციებიდან მილიარდობით დოლარის გასაფლანგად იყენებდნენ. საკუთარი გამოძიებების გაფართოების შემდეგ, მან მმართველი პარტიის, "ედინნაია რასიას" აღსანიშნად გამოიგონა ფრაზა: "კრიმინალების და ქურდების პარტია"

"მათი გენშტაბი უნდა ავაფეთქოთ, აფხაზეთი კი..." - რა დამოკიდებულება აქვს მოწამლულ ალექსეი ნავალნის საქართველოსთან

ნავალნიმ მოახერხა ახალგაზრდა აქტივისტების მიზიდვა თავის "ფონდში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის". დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ისინი ნათელს ჰფენდნენ მმართველი ელიტის კორუფციაში ჩართულობას, ოფშორულ აქტივებს, კრიმინალურ კავშირებს და ა.შ. პუტინის უახლოესი წრის წევრებს, როგორიც იყვნენ მინისტრები, დუმის დეპუტატები, უსაფრთხოების წარმომადგენლები, პროკურორები და რეჟიმის პროპაგანდისტები, რეპუტაცია შეელახათ - მათი ავტორიტეტი შესუსტდა აღნიშნული ფონდის გამოძიებებით, რომელიც "იუთუბზე" თავსდებოდა. მათ შორის, 2017 წელს ერთ-ერთი გამოძიება მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის სასახლეების, ქონებისა და იახტების დაფინანსებას შეეხებოდა. გამოძიებამ ინტერნეტში 35 მილიონი ნახვა მოაგროვა და საქვეყნო მასშტაბის პროტესტი გამოიწვია.

მეორე მიზეზი, თუ რატომაა ნავალნი მნიშვნელოვანი, არის მისი უნარი, შეაკავშიროს ერთმანეთისგან დაშორებული ლიბერალები და ნაციონალისტები. მიუხედავად იმისა, რომ აქტივიზმი მემარცხენე ლიბერალურ „იაბლოკოს“ პარტიაში დაიწყო, ნავალნის ბევრი ნაციონალისტი სერიოზულად აღიქვამს. 2007 წელს ის პირველი იყო, ვინც ლიბერალებისა და ნაციონალისტებისგან პრო-დემოკრატიული კოალიციის შექმნა სცადა.

მესამე მიზეზი ისაა, რომ მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის ავტორიტარული სისტემის სტაბილურობა, რომელიც პუტინის ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის ფართოდ მანიპულირებულ არჩევნებზეა დაფუძნებული. ნავალნიმ ხალხს 2011 წლის დეკემბრის არჩევნებში ხმის მიცემის ისეთი სტრატეგია შესთავაზა, როომელიც ნებისმიერი კანდიდატის შემოხაზვას ითვალისწინებს, "კრიმინალებისა და ქურდების პარტიის" გარდა. შედეგად, მმართველი პარტიისადმი ხმების შემცირებამ რუსეთი მასიურ საარჩევნო გაყალბებამდე და საპროტესტო აქციებამდე მიიყვანა.

პირადად ნავალნის ელექტორალური პოტენციალი 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც მან მოსკოვის მერობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მისი საარჩევნო კამპანიის შეფერხებისა, მან ხმების 27% დააგროვა. პრეზიდენტობაზე მის ამბიციებს ხელი ფალსიფიცირებულ საქმეებზე სისხლისსამართლებრივმა დევნამ შეუშალა.

თუმცა, ოპოზიციის ლიდერმა აქტივისტების ქსელი გამოიყენა, რათა ხელი შეეწყო სტრატეგიისთვის - "ჭკვიანი ხმის მიცემა", რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა, ისეთი კანდიდატებისთვის დაეჭირათ მხარი, ვისაც მმართველი პარტიის დამარცხების ყველაზე კარგი შანსი ჰქონდათ. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი წარმატება 2019 წლის რეგიონულ არჩევნებში, ხაბაროვსკში გამოჩნდა, რომელიც ამჟამად ანტიკრემლური პროტესტის კერას წარმოადგენს.

  • რატომ უნდა სურდეს პუტინს ნავალნის თავიდან მოშორება?

უკანასკნელი წლების განმავლობაში, რუსეთის ოპოზიციაში ნავალნის უდავო ლიდერობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტაბილურობის ერთგვარი ნიშანი გახდა. მაშინ, როდესაც რუსეთის რეჟიმის შეუცვლელი ლიდერი პუტინია, ნავალნი ოპოზიციის შეუცვლელ ლიდერად მოიაზრება.

უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, რომ თუ ამჟამად რუსეთის მთავრობამ ნავალნის მოშორება გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ის სხვა, ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას აშენებს, რომელშიც საერთოდ არანაირი ოპოზიცია აღარაა საჭირო.

ნავალნისთვის შხამი უცნობი რამ არ არის. სამი წლის წინ, კრემლისადმი ლოიალურმა პირებმა მას სახეში ქიმიური ნივთიერება ტრიარილმეთანის საღებავი ესროლეს, რამაც მხედველობა ერთ თვალში სამუდამოდ დაუზიანა.

რაც შეეხება კლასიკურ პოლიტიკურ მკვლელობებს, ბოლო წლებში ამგვარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს უკავშირდება. 2015 წელს ნემცოვი მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს.

  • "ეს ადამიანი" და პუტინის სამუდამო ძალაუფლება

ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, რუსეთის ოპოზიციაში ნავალნი ერთადერთ და ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერად დარჩა. მის განსაკუთრებულ სტატუსს კრემლიც აღიარებდა. ამ აღიარების ერთ-ერთი ყველაზე გროტესკული ნიშანი იყო ის, რომ პუტინი და მისი ხალხი ნავალნის სახელით არასდროს მოიხსენიებენ, არამედ ამბობენ: "ეს ადამიანი". ამ უცნაური "ფობიის" შესახებ კითხვაზე, პრეზიდენტის პრესმდივანმა 2017 წელს განმარტა: "დიახ, ის ამას არ აკეთებს, რაც ჩვენც შევნიშნეთ. როგორც ჩანს, ეს მის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულების გამო ხდება". პუტინის მღელვარება იმის შესახებ, "ვისი სახელიც არ ითქმის", რუსეთის პოლიტიკაში ნავალნის უნიკალურ როლზე მეტყველებს.

ნავალნი პოლიტიკურ კონკურენციაში საკმაოდ წარმატებულია მაშინ, როდესაც პუტინს არასდროს ჩაუთვლია საჭიროდ, ოპონენტთან დებატები გაემართა. როგორც ბლოგერი და უამრავი ინტერნეტპროექტის ავტორი, ნავალნი პირველი იყო, რომელმაც პუტინის პროპაგანდის აპარატის გამოწვევა ინტერნეტის მეშვეობით გადაწყვიტა.

მისთვის რიგ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებში დაუდიათ ბრალი, თუმცა, სასჯელი ციხეში არასდროს მოუხდია და არც ისეთი ფორმით დაუსჯიათ, რაც პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობას წაართმევდა.

თუ ნავალნი მოკვდება, პუტინი მის მთავარ ოპონენტს, სისტემა კი ბალანსს დაკარგავს. თუმცა მშვიდობა და სტაბილურობა ის ღირებულებები არ არის, რასაც კრემლი ყველაფერ სხვაზე წინ აყენებს. იანვარში, პუტინმა კონსტიტუციური ცვლილებები შემოიღო, რომელიც არსებითად ცვლის სახელმწიფოს სტრუქტურას და თავად მას საშუალებას აძლევს, მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს პრეზიდენტად.

რამდენიმე წლის განმავლობაში, თავისი უნიკალური მონოპოლიით ოპოზიციაზე, ნავალნის მართლაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა პოლიტიკურ სისტემაში. თუმცა ახლა პუტინის სამუდამო ძალაუფლება ახალ პირობებს მოითხოვს. რეჟიმის კრიტიკოსებმა უნდა დაუშვან, რომ ისინი არა მანდატს თუ თავიანთ თავისუფლებას, არამედ სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ.

პრობლემა ისაა, რომ სისტემა, რომელშიც ან პუტინის მხარდამჭერი ხარ, ან - კვდები, წესით უფრო არასტაბილური იქნება, ვიდრე მანამდე იყო. პოლიტიკური ტერორი პოლიტიკური სტაბილურობის შესაძლებლობას გამორიცხავს. შესაბამისად, ნავალნისგან თავისუფალ რუსეთში კომფორტის ზონაში ყველაზე ნაკლებად თავად პუტინი უნდა იყოს.

  • ალტერნატიული მოსაზრება - კოშმარი კრემლისთვის

თუმცა, უცხოურ მედიაში გვხვდება მოსაზრებები იმის შესახებაც, თუ რატომ შეიძლება, პუტინს ნავალნის გადარჩენა უნდოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მტრების ამგვარი დევნა რუსეთის პრეზიდენტისთვის უცხო არ არის და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციონერი და ანტიკორუფციული აქტივისტი კრემლის მთავარი გამღიზიანებელი დიდი ხნის განმავლობაში იყო, ქუჩის საპროტესტო აქციებს უწევდა ორგანიზებას და რუსული მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულობას ფარდას ხდიდა, ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ იმ მოსაზრებას, თითქოს მისი მკვლელობა პუტინის ინტერესებში შედის.

ერთ-ერთი ექსპერტის, ტატიანა სტანოვაიას თქმით, რამდენიმე წლის წინ მას უთხრეს, რომ ნავალნის მკვლელობა კრემლში კოშმარულ სცენარად აღიქმებოდა - ერთგვარ სახიფათო პროვოკაციად, რომელიც საპროტესტო აქციების ტალღის აგორებას გამოიწვევდა.

ინციდენტის შერჩევის დრო თითქოს პუტინის "ბრძანების" თეორიას აბათილებს - კრემლი კორონავირუსის მასშტაბურ აფეთქებას ებრძვის, მეზობელ ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი ესკალაციის ფაზაშია, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონ ხაბაროვკსში არეულობაა.

ექსპერტების თქმით, ნავალნიმ უკანასკნელ წლებში საკმაოდ ბევრი მტერი გაიჩინა და შესაძლოა, მის მოწამვლაში სწორედ ამგვარი ოპონენტის ხელიც ერიოს. თუმცა, ისინი დასძენენ, რომ ასეა თუ ისე, მთავარი ხაზი, რაც ამბავს გასდევს, ისაა, რომ პუტინი ლიდერია ქვეყნის, სადაც ოპოზიციონერებს რეგულარულად კლავენ და წამლავენ, სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობა. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, მთლიანი პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება.

  • ნავალნი და საქართველო

საქართველოში ნავალნის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, რაც რუსი ოპოზიციის ლიდერის სხვადასხვა განცხადებითაა გამოწვეული. ამბობენ, რომ მან ქართველებს - "გრუზინებს" მღრღნელები - "გრიზუნები" უწოდა, 2008 წლის 8 აგვისტოს კი თავის ბლოგზე დაწერა, - რუსეთმა, როგორც მინიმუმ, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგასო:

"1) სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აღმოუჩინოს სერიოზული სამხედრო და ეკონომიკური დახმარება;

2) გამოაცხადოს სამხრეთ ოსეთი ფრენებისთვის დაკეტილ ზონად და დაუყოვნებლივ ჩამოაგდოს ყველა თვითმფრინავი, რომელიც ამ ზონაში შევა;

3) გამოაცხადოს საქართველოს სრული ბლოკადა და გაწყვიტოს მასთან ყველანაირი კომუნიკაცია;

4) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გამოაძევოს საქართველოს ყველა იქ მყოფი მოქალაქე";

მიუხედავად ნაციონალიზმისა, ნავალნი უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. 2017 წელს მან ყირიმზე საუბრისას, აფზახეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შედარებისას განაცხადა, რომ სიტუაცია საქართველოში "განსხვავებული" იყო: "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რეგიონებია, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ცხინვალსა და სოხუმში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, იქ, ფაქტობრივად, ომი იყო".

რუსი ოპოზიციონერი გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსაც, მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისს მომხდარზე მან "ტვიტერზე“ დაწერა: "პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ იქ ქუჩებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ბევრი რუსი ვეღარ შეძლებს შედარებით იაფად და ხარისხიანად დასვენებას. ისმის კითხვა: რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტისთვის?"

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეა თუ ისე, ნავალნის გამო საქართველოსთვის ბევრი არაფერი იცვლება. თუმცა, ნათელია, რომ შხამების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება თავად მოწამლულ პოლიტიკურ სისტემაზე მეტყველებს, რაც საქართველოს ჩრდილოეთით უფრო და უფრო ექსტრემალურ სახეს იძენს.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ციმბირის ქალაქიდან, ტომსკიდან ბრუნდებოდა, სადაც მან ოპოზიციის კანდიდატებთან ადგილობრივ არჩევნებამდე შეხვედრა გამართა. გზაში ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. მალევე გავრცელდა შემაძრწუნებელი ვიდეო - როგორ ყვირის რუსი ოპოზიციონერი გაუსაძლისი ტკივილისგან. თვითმფრინავი დაუყოვნებლივ დაეშვა ქალაქ ომსკში. ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის კომაში ჩავარდა. პირველივე წუთებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ის მოწამლეს. მოგვიანებით ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია ამის გაგებით" - დედოფლის პირველი განცხადება ჰარისა და მეგანის სკანდალურ ინტერვიუზე

უკრაინამ ჩინური Sinovac-ის ვაქცინა დაამტკიცა

დამლაგებლობიდან NASA-მდე და "პერსევერანსის“ ფრენის დირექტორობამდე - ამერიკაში 300 დოლარით ჩასული გოგონას გზა მარსის საიდუმლოებისკენ