ავტორი:

"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

11 წლის შვილზე ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას, ფრიდონ აბჟანდაძეს 26 აგვისტოს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყოლია. თავად ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ შვილის სიკვდილში დამნაშავე არ არის. 49 წლის ფრიდონ აბჟანდაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ცამდე მართალია. პროკურატურა კი ამბობს, რომ მამაკაცი მოზარდს ავიწროვებდა, სცემდა, აშინებდა და ბავშვი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამ შემზარავი ტრაგედიის შემდეგ ირკვევა, რომ ბავშვზე ძალადობის ფაქტები ცნობილი იყო ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის, ბავშვი ყველას დახმარებას სთხოვდა, მაგრამ იმის შიშით, რომ ფრიდონ აბჟანდაძე მათაც დაუპირისპირდებოდა, ბავშვს ყველამ ზურგი აქცია.

ტრაგედიის შემდეგ ნათესავებმა ისიც თქვეს, რომ ძალადობაზე ინფორმაცია პოლიციასაც ჰქონდა და რეაგირება არ მოახდინა. მამის დამნაშაულში დარწმუნებულია ბავშვის ბებია, რომლის თქმითაც, სიძე მის ქალიშვილსა და შვილიშვილებზე წლების განმავლობაში ძალადობდა და ცოლს მოკვლითაც ემუქრებოდა. მაშინაც პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს, იარაღიც ამოიღეს მათი სახლიდან, თუმცა ფრიდონ აბჟანდაძეს ხელწერილით უშვებდნენ და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არც მაშინ დამდგარა. ბებია იმასაც არ გამორიცხავს, რომ მამამ შვილი მოკლა და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.

ახლა სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ, რეალურად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ 10 წელია ემიგრაციაშია ბავშვის დედა, ნესტან აბჟანდაძე, მან პატარა ავთო წლინახევრის დატოვა და სამუშაოდ წავიდა. გარდაცვლილის და ამბობს, რომ დედა იძულებული იყო ქვეყნიდან წასულიყო, რადგან ოჯახს პურის ფული არ ჰქონდა და უკიდურეს სიღარიბეში იყვნენ. ქალი იქიდან არჩენდა ოჯახს. 2 წელია ემიგრაციაში წავიდა გარდაცვლილის და, ნათია აბჟანდაძეც. ის დედასთან ერთად საბერძნეთში მოხუცს უვლის. ტრაგედიის შემდეგ დედა, ნესტან აბჟანდაძე საბერძნეთიდან წამოსვლას აპირებს, მაგრამ საზღვარზე აღმოაჩინა, რომ პასპორტს ვადა აქვს გასული, ამიტომ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებს. საქართველოში მყოფი ახლობლები კი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც გაირკვა, მოზარდის დედას სამშობლოში ჩამოსვლაში საბერძნეთში საქართველოს საკონსულო დაეხმარება და დედის ჩამოსვლამდე მოზარდს არ დაკრძალავენ.

ტელევიზიით მომხდარზე კომენტარები ბავშვის დედამ და ემიგრაციაში მყოფმა დამ გააკეთეს და მომხდარში მამა, ფრიდონ აბჟანდაძე დაადანაშაულეს, ისინი მის უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ. "სიმართლე მინდა, დაისაჯოს მამამისი. რამდენჯერ არის მილიციაში საბუთები შეტანილი, ხალხნო, დაისაჯოს სამუდამოდ", - აცხადებდა ბავშვის დედა და შვილთან ბოლო საუბარი გაიხსენა, როდესაც ბავშვი მთელი დღის განმავლობაში დახმარებას სთხოვდა. მიზეზი ნასვამი მამის მხრიდან აგრესია იყო. ბოლო საუბრის დროს კი შვილმა ჰკითხა, უგზავნიდა თუ არა მამას ფულს. დედამ კარგად გაიგო, რომ ამ კითხვას შვილს მამა ასმევინებდა, ოთახში მამის ჩურჩული მოისმინა და ისიც გაიგო, როგორ დაემუქრა მეუღლე, - თუ ფულს არ გამოგზავნი, შვილს ვეღარასდროს ნახავო... სწორედ ამიტომ, დედა ქმრის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ისიც ცნობილია, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ემიგრაციაში მყოფ დას დაუკავშირდნენ საქართველოდან და სთხოვეს პოლიციისთვის შეეტყობინებინა, რადგან მათი სახლიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. ნათია აბჟანდაძე აცხადებს, რომ დახმარება საქართველოში მყოფ თავის მეორე დას სთხოვა და სწორედ მან გამოიძახა პოლიცია, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

იქ მისულ ძალოვანებს ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ. დედის და ბებიის ინტერვიუებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა და ახლა საზოგადოება მომხდარში ოჯახის სხვა წევრებს, მეზობლებს და ნათესავებსაც ადანაშაულებს. როგორც ჩანს, დედას უცნობი ადამიანები ცუდი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან, რაც მის ქალიშვილს, ნათია აბჟანდაძეს ძალიან აღელვებს და ხალხს მოუწოდებს გამწარებული და განადგურებული დედის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ.

ambebi.ge ნათია აბჟანდაძეს საბერძნეთში დაუკავშირდა.

გარდაცვლილის და, ნათია აბჟანდაძე:

- დედა წამოსულია საქართველოში, მაგრამ საბუთის არ ქონის გამო ჯერ საზღვარს ვერ კვეთს. მე და დედა ერთად ვიყავით საბერძნეთში, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ორივეს წამოსვლა, არ გვქონდა ამხელა ფინანსები, ამიტომ მარტო მიდის. მერე აღმოაჩინა, რომ პასპორტს ვადა ჰქონია გასული.

- ნათია, რა პირობებში იზრდებოდით, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე?

- ჩემი ძმა ჩემი გაზრდილია, ყველაზე დიდი წვრილი მის გაზრდაში მე მიმიძღვის და ძალიამ განადგურებული ვარ. 3 დას ერთი ძმა გვყავდა. რატომ აფარებენ მამას ხელს ვერ ვხვდები. ბევრი ჩვენ გვადანაშაულებს, ჩვენ გვწყევლის, თუ რატომ, ვერ გამიგია. ისეთი მესიჯები მომივიდა გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ნუთუ ამ ხალხს გული არ აქვს. ისედაც განადგურებულები ვართ. შვილმკვდარ დედას ცხოველს ეძახიან, ვისაც შვილი ჰყავს, თუ დედები ხართ, როგორ არ გესმით როგორ გამწარდა დედაჩემი...

არავინ იცის ხვალ ვინ გამწარდება და ნუ ილანძრებით, ხალხო. იმის მაგივრად რომ შვილმკვდარ დედას სამძიმარი და გვერდში დგომა გამოუცხადონ, გვლანძღავენ. იციან დედამ რა პირობებში დაგვტოვა მაშინ? სახლში რომ მიდიან, ოჯახსაც ხომ ეტყობა ახალი დამთავრებულია სახლის რემონტი, ახალი ავეჯი შეიტანეს. პირობებს უწყობდა დედა ჩემს ძმას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა. თვენახევრის დამთავრებული აქვს ზედა სართულის რემონტი, შემდეგ ეზოში ჭაც გათხარეს, ყველაფერი მოაწესრიგეს. რისთვის გვეჩქარებოდა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი ძმა მომკვდარიყო? დედა შვილის მომავალზე ფიქრობდა და ეს ამბავი, ძალიან განადგურებულები ვართ. სად არის სამართალი, სად არის პოლიცია. რომ მოდიოდა და ხელწერილებს აწერინებდა, ახლა რატომ აყალბებენ ამბებს. ვინ აყალბებს და ვის უნდა მამაჩემი გირაოთი გამოვიდეს და ჩემი ძმის მკვლელები არ დაისაჯონ.

10 წელია დედაჩემი, რაც საბერძნეთშია. მე ორი წელია, რაც ჩამოვედი. ჩემი დები საქართველოში არიან, დაოჯახებულები თავიანთ სახლებში ცხოვრობენ. სახლში მამა, ბებია და ჩემი ძმა ცხოვრობდნენ.

- რა გიამბოთ ბებიამ, რა მოხდა იმ დღეს?

- ბებია არ მესაუბრება. მამის მხარე არავინ დამლაპარაკებია. ყველა ჩუმად არის.

- როგორც ჩანს, კონფლიქტები გქონდათ სახლში?

- როცა დედა საქართველოში იყო, მამა ძალადობდა დედაჩემზე. ჩვენ პატარები ვიყავით, მაშინ ჩემი ძმა დაბადებულიც კი არ იყო... სამი გოგოები ვყავდით და ბიჭი უნდოდა ძალიან, რომ დაიბადა ავთო, მამაჩემი რაც შეეძლო, ყველანაირ სურვილს უსრულებდა ჩემს ძმას. ბოლოს რა მოხდა, არ ვიცი. ჩემს ძმასა და მამას შორის ორი დღე დაძაბული სიტუაცია იყო. მანამდე ჩემი და იყო ჩვენს სახლში, და გათხოვილია ტყიბულში და იქ რომ წავიდა, ჩემი ძმაც წაუყვანია სტუმრად. 4 დღე იყო იქ, მიაკითხეს ნასვამმა მამაჩემმა და ბიძაჩემმა და წამოიყვანეს სახლში. ჩემი და ამბობს, ავთოს წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მაინც წაიყვანეს, ვერ ვჩერდებით მის გარეშეო. ავთოს ჩემი დისთვის უთქვამს, - დაიკო, არ გამიშვაო, მაგრამ რადგან მამა ითხოვდა, უთქვამს, - მერე მამა იყვირებს, ატეხავს ერთ ამბავს და ჯობია წახვიდეო, უთქვამს ჩემს დას და ისიც წაჰყოლია.

ჩემი ერთი და ტყიბულშია დაოჯახებული, მეორე ზესტაფონში... მე დეიდაჩემმა დამირეკა, ბებიაშენი კივის, ისეთი ამბავია სახლში, ჩხუბობენ, როგორც ჩანს და პოლიცია გამოიძახეო. ვკითხე, თქვენ რატომ არ იძახებთ - მეთქი, - ხომ იცი მერე ჩვენ დაგვერევაო. მე რა მექნა, ისიც არ ვიცოდი საბერძნეთიდან მილიციაში როგორ დამერეკა, წუთი არ დამიკარგავს, მაშინათვე ტყიბულში ჩემს დასთან დავრეკე და მან გადარეკა პოლიციაში, მაგრამ პოლიცია რომ მოვიდა უკვე დაგვიანებული იყო. ჩემი ძმა ცოცხალი აღარ იყო.

- ჟურნალისტებთან თქვით, შეიძლება მამამ მოკლა ჩემი ძმაო, ეს ეჭვი ისევ გაქვთ?

- ეს სიტუაცა იყო. ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ველაპარაკეთ ჩემს ძმას, ფულს ითხოვდა მამა, დედამ უარი რომ უთხრა, გავიგონეთ მე და დედამ მამა რომ გვითხრა, ვეღარც ავთოს ხმას გაიგონებთ და ვეღარც ნახავთო. ამის შემდეგ გაწყდა ავთოსთან კავშირი, მესენჯერით ველაპარაკებოდით ხოლმე, მაგრამ ჩვენ რომ ვრეკავდით, აღარ პასუხობდა. დიდი დრო არ გასულა, სადღაც ალბათ ნახევარი საათი დეიდამ რომ დაგვირეკა, პოლიცია გამოიძახეთო და მერე ბიძაჩემმაც დარეკა, ავთო ცოცხლალი აღარ არისო.

- ამბობთ, საზოგადოება გაკრიტიკებთ იმის გამო, მოძალადე მამასთან რომ დატოვეთ მოზარდი, მამა ხშირად ძალადობდა მასზე?

- მამა რომ დათვრებოდა, საშინელი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ნემსს ვუკეთებდით, რომ არ დაელია, რომ გაიკეთებდა, შემდეგ ნორმალურ ფორმაში იყო. ახლა რამდენიმე დღეა დალევა დაიწყო და ეს ფაქტიც მოხდა, სიმთვრალის გამო მოხდა ყველაფერი.

- ბრალდებული მამა ამბობს, ცამდე მართალი ვარო, ამაზე რას იტყვი?

- ჩემმა ძმამ თავი თვითონ თუ მოიკლა, მაშინ მაინც ის არის დამნაშავე და გამოდის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. აბა, რომელი 11 წლის ბავშვი იფიქრებს თავი მოიკლაზე, თუ სიმშვიდეში ცხოვრობს.

როგორც მითხრეს, ფანჯრის წინ, ალუბლის ხეზე იყო ჩამოკიდებულიო, ან იმ პატარა ტოტზე როგორ ჩამოკიდა თავი, ან რანაირად ვერ შენიშნეს, იქვეა ოთახის ფანჯარა, ისე ძალიან წვიმდაო და ბავშვი თურმე სველიც არ იყო. მამაჩემს ჩამოუხსნია, როცა პოლიცია მისულა, დახვედრიათ ასეთი სიტუაცია - მისაღებ ოთახში გაშლილ დივანზე იწვა თურმე ჩემი ძმა, გვერდზე მიწოლილი იყო მთვრალი მამაჩემი, რომელსაც ჩაძინებია. თურმე პოლიციას კარი რომ შეუღია და მამა-შვილი დაუნახავს დივანზე, უთქვამთ, რა ამბავი ატეხეთ, - სძინავთო, მამაჩემი გაუღვიძებიათ და რომ მოკიდეს ჩემს ძმას ხელი, უკვე გარდაცვლილი იყო. ისეთი მთვრალი იყო ეტყობა, გონება გათიშული ჰქონდა და მიუწვა თავის შვილს, არ ვიცი ფსიქიკურად აიჭრა თუ არა, ვერ გეტყვით იქ რა მოხდა.

- თუ ბებია კიოდა გამწარებული საშველად არავინ შევიდა?

- არავინ მისულა. პოლიციის მისვლის მერე შესულან შიგნით. ბიძაჩემი იქვე ცხოვრობს, მესამე სახლია. მამა რომ ძალადობდა ავთოზე, ბავშვი ბიძასთან გაიქცა, იფიქრა ალბათ ბიძია დამეხმარებაო, მაგრამ ბიძაჩემმა მითხრა, - იქაც მოვარდა ფრიდონი, კარს ფეხებს ურტყამდა, კარის შემომტვრევას აპირებდა, ამიტომ გავაღე კარი, გავატანე ავთო, რა მექნა, კარებს დალეწავდაო. მერე მალევე მოხდა ეს ამბავიც.

- რა თანხას ითხოვდა მამათქვენი? მოთამაშე ხომ არ არის?

- თანხა რისთვის სჭირდებოდა, არ ვიცი. დედას ახალი გაგზავნილი ჰქონდა ფული. ორჯერ იღებს ნაწილ-ნაწილ ხელფაასს და ორჯერ აგზავნიდა ფულსაც. თვის დასაწყისში და თვის ბოლოს. ასე იყვნენ ცოლ-ქმარი მორიგებულები. ესმოდა დედას ავთოს რომ ჩურჩულით უთხრა, ფული მომცესო. დედამ უარი რომ უთხრა, მაშინ ავთომ უთხრა დედას, კარგი, თუ ვერ უგზავნი ფულს, ტრაქტორს გაყიდისო. იმ მუქარის მერე ისევ ავთოს "ფეისბუქზე" ვრეკავდით. მერე დეიდაჩემმა დარეკა, წივილ-კივილის ხმა გამოდის და დარეკეთ პოლიციაშიო. მთელი სანათესაო იქვე ახლოს ცხოვრობს, დეიდაც იქვე ცხოვრობს და მამის ძმაც, მაგრამ არავინ გამოიძახა პოლიცია.

- თუ იცოდა ბავშვს მამა ეჩხუბებოდა, დეიდამ მაინც რატომ არ წაიყვანა ბავშვი?

- დეიდასთვისაც დაურეკავს ავთოს, - დეიდა მამამ თუ იყვირა, პოლიციას დაუძახეო. დედაჩემი ამბობს, - ვუთხარიო თუ იყვირა, მაშინვე გამოიქეცი, მე გიშველიო. მაგრამ ვერავინ უშველა ჩემს ძმას. ყველამ იცოდა რაც ხდებოდა.

- ტელევიზიით ამბობდით, რომ მამა ძალადობდა შვილზე, თუმცა ახლა ამბობთ, სისტემატურად არ ძალადობდაო...

- ადრე მასზე ძალადობა არ გაგვიგია და რომ ჩემს ძმას უჭირდა. მამაჩემი იჯდა სახლში და დედაჩემი უგზავნიდა ფულს, აქედან არჩენდა. დედა ეტყოდა ხოლმე მამას, მიხედე ავთოს, მე თქვენი არაფერი მინდა, ბავშვს არაფერი მოაკლოო. ბოლო დღეები რა ხდებოდა, არ ვიცი, დალევა რომ დაიწყო და რომ დათვრა, ისევ აურია ალბათ. ბებიაჩემი სახლში იყო, იმას ეცოდინება, მაგრამ ხმას არ იღებს. სავარაუდოდ, ბებია დაინახავდა თუ სცემდა მამა. ბებია სხვა დროს იცავდა ძალიან შვილიშვილს, ჩვენც, გოგონებსაც გვიცავდა, როცა იქ ვცხოვრობდით. ახლა როგორ ვერავინ ვერ დაეხმარა ავთოს. საოცრად მხიარული ბავშვი იყო, არ უყვარდა მოწყენა, სულ გაღიმებული სახით დადიოდა, ძალიან თბილი იყო. საოცარი და ძმობა გვქონდა, ძალიან მიყვარს. ჩემი გაზრდილია. წლის და თვეების იყო დედა სამუშაოდ რომ წავიდა, მას მერე მე მომეკედლა, შვილივით ვზრდიდი. ბაღში დამყავდა, ერთად ვიზრდებოდით. მე ვარ 23 წლის, ის 11 წლის იყო, ჩემი უფროსი და 26 წლის არის, შუათანა 25 წლის. დედის წასვლის შემდეგ პირველი მე შევქმენი ოჯახი, მერე დაოჯახდნენ ჩემი დები. ტყიბულში გავთხოვდი, მაგრამ ჩემს ძმას მაინც არ მოვცილებივარ დიდი ხნით. ან იქ ვიყავი, ან ის იყო ჩემთან. ბედნიერი ლაღი და თავისუფალი ბავშვი იყო. დედა იძულებული იყო სამუშაოდ წასულიყო. ბოსელს ცეცხლი წაეკიდა და რაც გვყავდა საქონელი, დაგვეწვა. არადა, თავს მაგით ვირჩენდით სოფელში.

4 ბავშვი დავრჩით ლუკმა-პურის გარეშე.

მამა არსად მუშაობდა, გვეხმარებოდნენ მეზობლები, ბებიაჩემი, ბავშვებს არ მოვაკლოთ საჭმელიო და გვაწვდიდნენ საჭმელს, მაგრამ როდემდე უნდა ვყოფილიყავით სხვის კმაყოფაზე. მაშინ მამიდაჩემი იყო საბერძნეთში წასული და შესთავაზა მამას, წავიყვან მირანდას (ბავშვის დედა - ავტ.) იმუშავებს აქ, იყიდით საქონელს ისევ, ბავშვებს რჩენა ხომ უნდათ, სხვა სანამდე დაგეხმარებათო. ამის გამო გადაწყვიტა დედამ საბერძნეთში წასვლა და ჩვენი დატოვება მოუწია. გვიჭირდა დედის გარეშე, რადგან დედა ყველა ასაკში გჭირდება ადამიანს, მით უფრო ჩვენ ხომ პატარები ვიყავით. ჩვენც დავრჩით მამასთან. მამა უკვე აღარ ძალადობდა, რადგან ალკოჰოლის საწინააღმდეგო 2-წლიან ნემსს ვუკეთებდით. როცა ფხიზელი იყო, სახლში ყველაფერს აკეთებდა. დედა იქიდან აგზავნიდა ფულს, ჩვენც გვერდში ვედექით მამას და ასე მოვიწყვეთ ისევ პირობები. იმ სახლში მარტო კედლები არ აუშენებია დედას, დანარჩენი ყველაფერი დედაჩემის შრომით არის გაკეთებული... მაგრამ ახლა ვისთვისაც წვალობდა, არ გვყავს, ჩვენი ავთო. ექსპერტიზას ველოდებით, ამან უნდა გასცეს პასუხი და გაირკვეს თავი მოიკლა თუ მოკლეს.... თუ მოიკლა მაინც გამოდის რომ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.

დედაჩემი ეუბნებოდა მამამაჩემს, უკვე ვეღარ ვჩერდები, მეტი აღარ შემიძლია, ჩამოსვლა უნდოდა, მამა პასუხობდა, ერთი წელი კიდევ გაუძელიო. ცოტა ვალები ჰქონდათ რემონტის გამო, ესეც გაისტუმრე და მერე წამოდიო. ერთ წელიწადში დაბრუნდებოდა საქართველოში. ისევ წინსვლაზე და ოჯახური პირობების მოწყობაზე იყო ლაპარაკი და უცებ ეს ტრაგედია მოხდა. დედამ ახლახანს ავთოს ძვირიანი მობილური უყიდა, მანამდე ველოსიპედი გაუგზავნა, ჩემმა ძმამ სთხოვა კვადრო ეყიდა და ისიც უყიდა. სულ ფიქრობდა მონატრებული შვილი გაეხარებინა. ავთოსაც უხაროდა ყველაფერი რომ კეთდებოდა. ჩაკეტილი ბავშვი არ იყო, ეს ორი დღე რა მოხდა, არ ვიცი. ველოდებით გამოძიებას. იქნებ ხელისუფლება დაგვეხმაროს, რომ დედას საბუთები დროზე გაკეთდეს და 10 წლის უნახავი, მონატრებული მკვდარი შვილი მაინც დაიტიროს.

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა

აბორტი საქართველოში შესაძლოა, აიკრძალოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს

"გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან" - კომპანია ZAG განცხადებას ავრცელებს