ავტორი:

"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ და ეკრძალებათ თუ არა ასეთ პაციენტებს ქვეყნის დატოვება

"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ და ეკრძალებათ თუ არა ასეთ პაციენტებს ქვეყნის დატოვება

„ერთ ძველ ახლობელს, წინა საუკუნეში, ავარიის შემდეგ ფეხში პლატინა ჩაუდგეს, ერთი წლის გავლის შემდეგ კი, ხელახალი ოპერაცია ჩატარდა იმისთვის, რომ ის ძვირფასი მეტალი ამოეღოთ. ერთი წლის განმავლობაში მას ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქონდა“ - ეს გახლავთ ამონარიდი ერთ-ერთი ქალბატონის საუბრიდან. საერთოდაც კი, ასეთი აზრი არსებობდა, რომ რთული მოტეხილობის შემთხვევაში, ძვლის ფრაგმენტების შესახორცებლად, ძვირფასი მეტალის გამოყენება იყო საჭირო და ასეთ მეტალად, ხალხში მოარული ხმებით, პლატინა იყო მიჩნეული. რეალურად რასთან ჰქონდათ საქმე, იყო თუ არა მართლაც ის პლატინა, რა პერიოდში უდგამდნენ ამ უცხო სხეულს პაციენტებს, ამ თემაზე მალხაზ ფირფილაშვილი, „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გესაუბრება: „არის მოტეხილობა მოტეხილი ფრაგმენტების შეცილების გარეშე, მათ ოპერაცია არ სჭირდება. უბრალოდ კიდური უნდა იყოს მოსვენებულ მდგოარეობაში და სხვადასხვა ნახვევი დაიდოს. ადრე ძირითადად თაბაშირი გამოიყენებოდა, ახლა შეიძლება იმობილიზებული (ძვლის ფრაგმენტების მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა) ე.წ. ორტეზითაც იყოს. ის პლასტმასისგან წინასწარ მომზადებული მოწყობილობაა, რომელიც ამა თუ იმ სეგმენტისთვის (მხრისთვის, წინა მხრისთვის, ბარძაყისთვის, წვივისთვის და ა.შ.) არის განკუთნილი. თუ თაბაშირისა და ორტეზის ნახვევი იქნება, მკურნალობის პროცესში, მოსვენებულ მდგომარეობაში მოტეხილი ფრაგმენტები ერთმანეთს აღარ შეცილდება და ადვილად შეხორცება. არის შემთხვევები, როცა წინასწარ, ქარხნული წესით დამზადებული მოწყობილობა არ ემთხვევა კონკრეტული კიდურის ზომებს, მაშინ თაბაშირსაც ვიყენებთ, ანუ ერთი მეორეს ენაცვლება, მაგრამ თუ კიდური სტანდარტული ზომისაა, ორტეზის გამოყენება უფრო მარტივია“ - გვეუბნება ტრავმატოლოგ-ორთოპედი.

მისი თქმით, ასევე არის მოტეხილობა, როდესაც პაციენტს ოპერაცია ესაჭიროება. ოპერაცია მაშინ კეთდება, თუ მოტეხილი ფრაგმენტები ისეა დამსხვრეული, ერთმანეთს შეცილებული, რომ კუნთების დაჭიმვის გამო მაინც შეცილდება, ამიტომ ასეთ დროს ძვლების გასწორების ბოლო ეტაპი ოპერაციაა და ფრაგმენტების დასაკავშირებლად საფიქსაციო მეტალი გამოიყენება. ის უშუალოდ ძვლის ღრუში თავსდება, ან ძვალზე, ღეროებიც ამის მიხედვითაა და ფირფიტებს სხვადასხვა კონსტრუქცია აქვს.

- საფიქსაციო მეტალი ამ შემთხვევაში პლატინაა?

- ამ ფირფიტას ხალხი რატომღაც პლატინას ეძახის, რაც არასწორია. პლატინა ძალიან ძვირფასი მეტალია, მაგრამ ამ პროცედურისთვის ძალიან რბილი, ამიტომ მისი სიძვირე ვერ აკომპენსირებს სიმტკიცეს, არ გვადგება, არც იხმარება.

- საერთოდ, მედიცინაში საფიქსაციო საშუალებად არ გამოიყენება?

- არა, ამასთან, არც ოქრო და არც ვერცხლი... ადრე სპეციალურად სამედიცინო მიზნებით მიღებული უჟანგავი ფოლადი გამოიყენებოდა, ის სპეციალური კომპონენტების შენადნობი გახლდათ (რკინა, კობალტი ქრომი გარკვეული პროცენტული შემადგენლობით). უჟანგავი ფოლადი, როგორც ადრე, ახლაც გამოიყენება. მას ბოლო დროს ტიტანიც მიემატა, ანუ მისგან დამზადებული იგივე კონსტრუქციები. ფოლადს ისეთი სამედიცინო პარამეტრები და მახასიათებლები აქვს, რომ ორგანიზმთან კონფლიქტში არ შედის, არ იჟანგება, ტიტანიც ასეთივე თვისების მქონეა, მის შემთხვევაში, დამატებით კიდევ ისაა, რომ ინფექციის მიმართ მეტი ამტანობა ახასიათებს, არის უფრო მსუბუქი, უჟანგავი ფოლადი - მძიმეა. ისე ბოლო დროს მეტად მაინც ტიტანის ნაკეთობებზე გადავდივართ.

- რატომ?

- ოპერაციის შემდეგ რენტგენით კონტროლი რომ გვჭირდება, უჟანგავი ფოლადი, ტიტანი პრობლემას არ ქმნის, მაგრამ თანამედროვე კვლევის მეთოდების - მაგნიტორეზონანსული გამოკვლევისას, კომპიუტერული ტომოგრაფიისას, როგორც დამაგნიტებადი მეტალები, გამოსახულებას ხელს უშლის, აზიანებს. რაც შეეხება ტიტანს, არ აქვს ეს მაგნიტური თვისებები და მისი გადაღება თავისუფლად შეიძლება.

- ე.ი. ორი პლუსი აქვს - ერთი, რომ ინფექციის მიმართ შემგუებელია და მეორე - თანამედროვე კვლევის მეთოდები მისთვის მისაღებია... პლატინაზე გავრცელებულ მითებზე, ხალხში ასეთი აზრიც არსებობდა, რომ ამ ადამიანებს ქვეყნის დატოვება არ შეეძლოთ...

- ადრე ჩვენს პაციენტებს აწუხებდათ - თვითმფრინავით მგზავრობისას, აეროპორტში გამშვები პუნქტის გავლისას, პრობლემები არ შეჰქმნოდათ. იმ დროს ცნობების გაცემა გვიწევდა, მაგრამ მსოფლიოში ამ ტიპის ოპერაცია უკვე იმდენ ადამიანს აქვს ჩატარებული, იმდენს აქვს ენდოპროთეზი... წარმოგიდგენიათ, ამდენი ადამიანის გამგზავრება და მიღება?! ეს მოძრაობას შეაფერხებდა. ამიტომ, იქ კონტროლი ისეა გაკეთებული, რომ მხოლოდ იმ მეტალს აფიქსირებს, რომელიც კანის გარეთაა და არა იმას, რაც რბილ ქსოვილებში ღრმადაა ჩამალული. ასე რომ, მგზავრი ნებისმიერ შემთხვევაში, თავისუფლად გადის გამშვებ პუნქტს და ცნობების გაცემაც აღარ გვჭირდება.

- ისიც მსმენია, რომ მეტალს, რომელიც ოპერაციის შედეგად უსვამდნენ, ერთ წელიწადში, როდესაც თავის ფუნქციას შეასრულებდა, ხელახალი ოპერაციები კეთდებოდა, რომ მეტალი იქედან ამოეღოთ... ეს რატომ იყო საჭირო?

- ამ ამოღებას თავისი ჩვენება ჰქონდა და აქვს. პირველი თაობის (70-იან წლებამდე) ფოლადი კოროზიას მაინც განიცდიდა, მაგრამ უჟანგავი ფოლადი რომ შემოვიდა, ის ინერტულია, ორგანიზმში არაფერს აშავებს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, არსებობს მისი ამოღების ჩვენება. ამოეღება შეიძლება, როცა შეხორცების პროცესი დამთავრებულია, ანუ ფიქსატორმა თავისი ფუნქცია შეასრულა, ბავშვებში მისი ამოღება აუცილებელი იმიტომაა, რომ საქმე მოზარდ ძვალთან გვაქვს, ფიქსატორი კი ძვალს ზრდაში ხელს უშლის და უმეტესად ამოსაღები ხდება. ამოსაღებია ასევე, როცა მოტეხილობა სახსრებთან ახლოსაა, ამ მიდამოებში რბილი ქსოვილები მცირეა, უძრაობა მეზობელ ძვლებს შორის ინტენსიურად ხდება, მეტალი კი, როგორც მექანიკური სხეული, ხელს უშლის. არსებოს ასევე პაციენტების რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ ხელს უშლის, აქ უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, ვიდრე სხვა რამ, მაგრამ თუ უშლის, უნდა ამოვიღოთ, ისე, თუ მეტალის ამოღება პაციენტს არ სჭიდება, თავს ვიკავებთ, რომ მეორე ოპერაცია არ გავუკეთოთ, რაც თავისთავად გარკვეული დისკომფორტია.

- რა ღირს ეს კონსტრუქციები?

- ფასი მისი დამზადების სირთულისგან წარმოიქმნება. გააჩნია, რა კონსტრუქციაა, შეიძლება, ერთი და იგივე მასის მქონე ფირფიტა იყოს ტიტანისგან, ფოლადისგან დამზადებული. ტიტანი ოდნავ ძვირი ღირს, რადგანაც მისი დამუშავება რთულია, შრომატევადი პროცესია. ძვირია განსაკუთრებით, მისი პროთეზი. არის სხვადასხვა ზომა და უამრავი ფორმა. საქართელოში რაც შემოდის, 250-დან 8.000 ლარამდეა. ზომა მართლაც უამრავია, თითოეული ძვლის, მიდამოზე, ადამიანის სიმაღლის, სისქის მიხედვითაა. ანატომიური ნუანსები გათვალისწინებულია და ფასს ესეც აძვირებს. არის შემთხვევა, როცა ძვლის სიმსივნის ამოკვეთა გვიწევს და ამ დროს ონკოლოგიურ პროთეზს ვსვამთ. ვინაიდან არც ეს არის სტანდარტული სიტუაცია და ინდივიდუალურად ყველას შესაბამისი კონსტრუქცია სჭირდება და ამ დროს მისი დამზადებაც გვიწევს.

- ხელოვნური სახსრების ჩასმისას რა ხდება?

- უჟანგავ ფოლადს და ტიტანს, როგორც გითხარით, ძვლების შესაერთებლად და დასამაგრებლად ვიყენებთ, ანუ ოსტეოსინთეზისთვის, თუმცა ხელოვნური სახსრების ჩანაცვლება, ენდოპროთეზირებაც ხდება. მისი მეტალის ნაწილი ტიტანია, ანუ შემხები ზედაპირები, შუაში პლასტმასი იდება, რომ ხახუნი შემცირდეს. ეს სპეციალური პლასტმასია, რომელსაც დიდი მდგრადობა აქვს ცვეთის მიმართ და ნეიტრალურია ორგანიზმისთვის.

- მოკლედ, გაგვიფანტეთ წარმოდგენა პლატინისა და ძვლის „თანაცხოვრების“ შესახებ...

- ვიმეორებ, ამ მეტალს პლატინას ხალხი ეძახდა. ალბათ იმიტომ, რომ ეთქვათ, უბრალო მეტალი კი არა, პლატინა ჩავიდგი. რამდენისთვის მითქვამს, - ნუ ამბობთ ასე, არ არის პლატინა, მაგრამ ყოველგვარი დარწმუნების მიუხედავად, მაინც პლატინას ეძახდნენ. ის კი არა, ამან ბევრი წლის წინ ერთი უბედური შემთხვევაც კი გამოწვია, პაციენტს, რომელსაც ოპერაციის შემდგომ ტიტანი ჰქონდა ჩასმული, პლატინად მოიხსენიებდა და სამწუხაროდ, იმისთვის, რომ ის „პლატინა“ ხელში ჩაეგდოთ, სასიკვდილოდ გაიმეტეს... ვინაიდამ ეს აზრები დღემდე, ძველ დროიდან მოყოლებული კვლავაც არსებობს, კარგია, რომ ამ თემით დაინტერესდით.