ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ სექტემბრის ნომერი #6 (114), რომელშიც წაიკითხავთ:

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში

თავის დროზე მსოფლიოში გახმაურდა ამბავი, როგორ გახდა ერთი ქალი, “ტიფიანი მერი” მთელი ქვეყნისთვის საფრთხის წყარო და როგორ შერაცხეს ის ყველაზე საშიშ ქალად ამერიკაში. მას შემდეგ 100 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს ნიშანდობლივი ისტორიაა იმ არსებით საკითხთან დაკავშირებით, თუ სად გადის ზღვარი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასა და თითოეული მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვას შორის.

ირლანდიელი მერი მალონი 1884 წელს აშშ-ში წავიდა ემიგრანტად, როცა 15 წლის იყო. ჯერ ნათესავებთან ცხოვრობდა, შემდეგ მზარეულად დაიწყო მუშაობა. დიდი ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ ის ტიფის გავრცელებას უწყობდა ხელს. მერი 1908 წელს ნიუ-იორკში “ნულოვან პაციენტად” მიიჩნიეს. 1915 წლის შემდეგ კი მან საზოგადოებისაგან იზოლირებულმა, კარანტინში გაატარა დარჩენილი სიცოცხლე – მთელი 23 წელიწადი!

სანიტარიული ინსპექტორ-გამომძიებელი ჯორჯ სოპერი პირველი მიხვდა, რომ მალონს კავშირი ჰქონდა ტიფით დაავადების ფაქტებთან. სოპერს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ასახსნელად – როგორც ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთათვის, ისე საზოგადოებისთვის და მით უფრო, თვით მერისთვის, რომ იგი სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა. იმ ეპოქაში კონცეფციას “სენის ჯანმრთელი მატარებლის” შესახებ არათუ ფართო საზოგადოება, არამედ მედიცინის მუშაკებიც არ იცნობდნენ. ამ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ მერი ერთ-ერთი იყო იმ ათასობით ადამიანიდან, ვინც მის მსგავსად ჯანმრთელი კი იყო, მაგრამ სენს ატარებდა და ჩრდილოეთ ამერიკაში ავრცელებდა...

ლაზთა საკითხი ბრიტანულ პერიოდიკაში

მეცნიერთა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა პროექტზე “ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ”. ითარგმნა XVI-XIX საუკუნეების საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი ისტორიული წყარო, რომელთა შორის დიდი ადგილი უკავია ლაზეთსა და ლაზებთან დაკავშირებულ ცნობებს. მასალა, რომელიც პირველად შემოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში, უაღრესად საინტერესოა როგორც ლაზეთის ისტორიის, ისე მისი ეთნოგრაფიის შესასწავლად. ხშირ შემთხვევაში პუბლიკაციები ტენდენციურია, რადგან რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878) ინგლისი რუსეთის იმპერიის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ამიტომ ლაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხს ხშირად წარმოაჩენენ რუსეთთან გულმხურვალე მებრძოლებად, თუმცა ტენდენციურობასთან ერთად, ბევრ საკითხში ხაზგასმულია საყურადღებო გარემოებები, რომლებიც მანამდე ქართველი მეცნიერების შესწავლის ან ყურადღების საგანი არ ყოფილა. 1878 წლის 18 ივნისს The Times-ი წერდა: “ლაზები საკმაოდ თვითმყოფადი ხალხია და ვერ ეგუებიან ოტომანთა ჩარევას შიდა საქმეებში... თავისუფლების მოყვარულ მთიელებს მუსლიმანური სიმბოლოების – ვარსკვლავისა და ნახევარმთვარის ქვეშ არსებობა სიამოვნებთ და ამის რუსულ მმართველობაში გაცვლის არავითარი სურვილი არა აქვთ”.

მასალები ცხადყოფს, რომ ისტორიულ სამშობლოსთან საუკუნეების განმავლობაში გაწყვეტილმა კონტაქტმა და რუსეთის აგრესიულმა იმპერიულმა პოლიტიკამ ლაზური მოსახლეობა იმდენად დააფრთხო, რომ მათ საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად ცხოვრება მიუღებლად მიაჩნდათ. ეროვნულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდ არ არის შესწავლილი ის ფაქტიც, რომ ამ კონფლიქტში ლაზური დელეგაცია მათ სამოსახლო ტერიტორიებზე ინგლისის პროტექტორატის დაწესებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ითხოვდა, ამ მხრივ ნიშანდობლივია ლაზეთის საზოგადოების წარმომადგენელთა წერილი, რომელიც The Times-ში 1878 წელს გამოქვეყნდა.

უილიამ უოლესი და შოტლანდიის “ოქროს ხანის” დასასრული

შოტლანდიელი ხალხის ბრძოლა ინგლისის წინააღმდეგ XIII-XIV საუკუნეებში წარმოადგენს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს. ეს თემატიკა აისახა როგორც ლიტერატურასა და კინოხელოვნებაში, ისე ისტორიულ მეცნიერებაში. დიდია შემეცნებითი ინტერესიც, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, რა პოლიტიკური მოვლენები უძღოდა წინ ამ დაპირისპირებას, რა დაედო საფუძვლად ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ხანგრძლივ სამხედრო კონფლიქტების სერიას.

ინგლისის მეფეების პრეტენზიას შოტლანდიაზე საფუძველი XI საუკუნეში ჩაეყარა, როდესაც შოტლანდიის მეფე მალკოლმ II-მ ლენური, ანუ ვასალური დამოკიდებულება აღიარა 1031 წელს ინგლისის, დანიისა და ნორვეგიის მეფე კნუდ დიდის მიმართ. ეს დამოკიდებულება კნუდ დიდის გარდაცვალებამდე გაგრძელდა, თუმცა შემდგომში ის კვლავ აღადგინა მეფე მალკოლმ III-მ ინგლისის ნორმანი მეფის, უილიამ დამპყრობლის წინაშე დადებული ერთგულების ფიცით 1071 წელს. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით აცხადებდნენ ინგლისელი მეფეები პრეტენზიას შოტლანდიის გვირგვინზე საუკუნეების განმავლობაში. დაპირისპირებამ განსაკუთრებით მასშტაბური სახე XIII საუკუნის ბოლოს მიიღო – შოტლანდიის მეფე ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ. ის შოტლანდიის ისტორიაში გამორჩეული მეფე იყო. მისი მეფობის პერიოდს “ოქროს ხანის” სახელით მოიხსენიებენ, შოტლანდია იყო დამოუკიდებელი, ერთიანი და საკმაოდ ძლიერი სამეფო. კრიზისის მიზეზი კი მემკვიდრეობის საკითხი გახდა. შოტლანდიის ტახტის ერთადერთ მემკვიდრედ რჩებოდა მეფის შვილიშვილი, ანუ ნორვეგიის მეფის ქალიშვილი, მაგრამ მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ შოტლანდიის სამეფო უდიდესი პრობლემების წინაშე დააყენა.

თხინვალის წმინდა გიორგი

თბილისის შემოგარენში არის გამორჩეული ისტორიული კომპლექსი, რომლის შესახებ ალბათ ბევრს არ სმენია. ლისის ტბიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ თხინვალის დასავლეთით, ტყეში დგას გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ისტორიული სასახლე.

ქართული ხელოვნების ისტორიის დიდმა მკვლევარმა ვახტანგ ბერიძემ ეს ერთნავიანი ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების ერთ-ერთ განსაკუთრებულად გამორჩეულ და არქიტექტურულად საინტერესო ნაგებობად მიიჩნია. იგი აგურით არის ნაგები, გარედან მოხილვისას სადა და ერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებს. სრულიად საპირისპირო, შთამბეჭდავად მრავალფეროვანია ტაძრის ინტერიერი. შიდა სივრცე ბევრად მაღალი და მასშტაბურია, ვიდრე ის გარედან აღიქმება. შეისრული კამარით გადახურული დარბაზი განსხვავდება ეკლესიის ინტერიერისგან. გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, შენობა-ნაგებობების გაფორმებაში მრავლად გვხვდება აღმოსავლური, სპარსული მოტივები, თუმცა ეს “მოდური” ტენდენცია, რელიგიურ ნაგებობებში უფრო მოკრძალებული და სიმბოლურია. თხინვალის ეკლესიაში კი მთლიანი სივრცე შეისრული თაღებით არის გაფორმებული.

ტაძრის კანკელი მიემსგავსება დავითგარეჯული სკოლის კანკელებს. ჩვენში ამ ტიპის მაღალი, სახატეებად დანაწევრებული კანკელები იმ პერიოდიდან ჩნდება, როდესაც ღრმავდება ურთიერთობები რუსეთთან და შემოდინებას იწყებს კულტურული მოტივები. ტაძრის ინტერიერი კი, როგორც აღვნიშნეთ, მკვეთრად სპარსული მოტივებით არის შედგენილი. მასში კიდევ ერთი განსხვავებული კულტურულ-ესთეტიკური მოტივის შემოსვლა ქმნის მეტად ეკლექტიკურ, შერეულ გარემოს და მფლობელთა (დამკვეთთა) საერთაშორისო ინტერესებზეც უდავოდ მეტყველებს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები. ტალინის ეკლესია 76 წელიწადს იყო მსოფლიოს უმაღლესი შენობა
  • მოკლე ამბები. ძველი დიდების ნაშთი შოტლანდიაში
  • როგორი თანამიმდევრობით განაგებდნენ ბაგრატიონები ქართლის სამეფოს. ქართლის ბაგრატოვან მმართველთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისთვის (XVI-XVIII სს.)
  • დიდი სახელმწიფო მოღვაწეები. გიორგი ჭყონდიდელი
  • ეთნოლოგია. ნალია-ბეღლები საქართველოს ტრადიციულ ყოფაში
  • ეთნოლოგია. დარ-ავდრის მითოლოგია
  • სადაზვერვო თამაშები. “მოკალით სტალინი!” (ნაწილი I)
  • კინოს ისტორიიდან. გასეირნება ნიუ-იორკში

31 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ბიბლიის განმარტებების მე-13 ტომია ხელმისაწვდომი

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი 21-ე)

ქართული ინტერაქციული წიგნის, „ფენიქსის“ ოთხი ალტერნატიული დასასრული უკვე წიგნის მაღაზიებშია!