ავტორი:

"წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ" -  ნადირობა საქართველოში არსებულ სტალინის საიდუმლო ღვინის საცავზე

"წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ" -  ნადირობა საქართველოში არსებულ სტალინის საიდუმლო ღვინის საცავზე

ბრიტანული გაზეთი "დეილი მეილის" («Daily Mail») ავსტრალიურ ვერსიაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ნადირობა იოსებ სტალინის ღვინის საცავზე: როგორ ხდებოდა სიდნეელი როკ-პრომოუტერი საბჭოთა დიქტატორის ათმილიონ დოლარად ღირებული ღვინის საცავის მფლობელი, რომელიც მიწაში 60 წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა" (ავტორი - სტივენ გიბსი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 1980-იანი წლების პოპულარულმა მუსიკალურმა პრომოუტერმა ჯონ ბეიკერმა 1990-იანებში პროფესია შეიცვალა და ღვინით მოვაჭრე გახდა. ამას წინათ მან წიგნი გამოსცა სახელწოდებით "იოსებ სტალინის ღვინის სარდაფი", რომელშიც გადმოცემულია თუ როგორ მოხვდა იგი სიდნეიდან საქართველოში - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - და როგორ უნდა გამხდარიყო მრავალმილიონ დოლარად შეფასებული ღვინის საცავის მფლობელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მთელ მსოფლიოში. წიგნი დაწერილია მელბურნელ ჟურნალისტ ნიკ პლეისთან ერთად, რომელიც რომანისტი და ღვინის მადიდებელია. "წაართვეს მეფეს, დაუმალეს ჰიტლერს, იპოვა სიდნეელმა ღვინით მოვაჭრემ“, - ასეთი იყო წიგნის რეკლამა.

ჯონ ბეიკერი

1990-იან წლებში, როცა ჯონ ბეკერი, თავის საქმიან პარტნიორ კევინ ხოპკოსთან ერთად, ღვინის ბიზნესში ჩაერთო, მან ბევრი რამ წაიკითხა ღვინის უძველესი კოლექციების შესახებ. ძველ ღვინოებს ხომ ბევრი მყიდველი ჰყავს, მათ შეუძლიათ 150 წლის ღვინით სავსე ბოთლში ათეულ ათასობით დოლარი გადაიხადონ. კანადელმა კევინ ხოპკომ ამ საქმეში ძალიან დიდი პროფესიონალიზმი გამოავლინა...

1998 წლის სექტემბერში ჯონ ბეიკერმა და კევინ ხოპკომ თავიანთი ერთ-ერთი კომპანიონისაგან - ჰარი ცუკორისაგან ფაქსით შეტყობინება მიიღეს საქართველოში არსებული ღვინის საოცარი მიწისქვეშა საცავის თაობაზე, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ძველი ღვინოები ინახებოდა, 1725 წლიდან დაწყებული.

როგორც გაირკვა, ღვინის საცავი ოქროს საბადოს გვერდით მდებარეობდა და რადგანაც ჰარი ცუკორის ნაცნობმა, სახელად ნევილმა ოქროს მაღარო შეიძინა, მის გაფართოებას შეუდგა და იქვე მდებარე საცავის ყიდვაც გადაწყვიტა... შეიქმნა ოთხმხრივი პარტნიორული კომპანია. ეს ღვინო რომ საზღვარგარეთ გატანილიყო - ლონდონში ან ნიუ-იორკში, აუქციონზე დიდ მოგებას მოიტანდა. მოკლედ, მალე ჯონ ბეიკერმა შეიტყო, რომ ღვინო რუსეთის იმპერიის უკანასკნელ მმართველს, იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს ეკუთვნოდა, შემდეგ საცავი კრემლის ბინადარს იოსებ სტალინს ემსახურებოდა... არსებობს ვერსია, რომ იოსებ სტალინმა ნიკოლოზ მეორის ღვინოების კოლექციაის ნაწილი მასანდრაში (იალტაში, ყირიმი) გაგზავნა, მცირე ნაწილი კი - საიდუმლოდ, მშობლიურ საქართველოში, თბილისთან ახლოს მდებარე ერთ ნაკლებად ცნობილი ღვინის ქარხნის საცავში...

ნევილის თქმით, მან თავისი ქართველი ნაცნობისაგან გაიგო, რომ საცავში თავდაპირველად 200 ათასი ბოთლი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი დაიკარგა, ღვინის ბოთლებიანი თაროები ჩაინგრა, საცავი გაჩანაგდა. ბოლო შეფასებით, საცავში 30 თუ 50 ათასი ბოთლიღა იყო დარჩენილი. თუმცა მაინც შეიძლებოდა ამ ღვინის უცხოეთში გატანითა და გაყიდვით საკმაო ფულის შოვნა.

საქართველო იმ დროს ახლად შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩრდილში რჩებოდა. ის მოგვიანებით ტურიზმის ცნობილი ქვეყანა გახდება, მაგრამ იმ დროს იქ ბევრი ნეგატიური ფაქტი ხდებოდა... ასე იყო თუ ისე, ჯონ ბეიკერი და კევინ ხოპკო საქართველოში 1999 წლის ივლისში ჩაფრინდნენ, სადაც მათ გიორგი არამიშვილი და კიდევ ერთი პიროვნება, სახელად ნინო დახვდათ.

მეორე დღეს მათ ღვინის ქარხანა დაათვალიერეს. გიორგიმ მათ ზურაბი გააცნო, დაცვის უფროსი, რომელსაც პისტოლეტი ქამარში ჰქონდა გაჩრილი. კიდევ ერთი დღის შემდეგ ავსტრალიელი სტუმრები გიორგიმ ნახევრად ბნელ სარდაფში შეიყვანა, სადაც თაროებზე აბლაბუდით მოსილი ასწლოვანი ღვინით სავსე ბოთლები ელაგა. ეს რომ დაინახა, ჯონ ბეიკერი კინაღამ გაგიჟდა, თან ფიქრობდა, ვაითუ რაღაცაში მატყუებენ, შეიძლება ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული აფერა არისო...

ჯონ ბეიკერი ჩაფიქრდა: არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მხოლოდ ცოტა ნამდვილი ღვინო გვაჩვენეს, შესაძლოა დანარჩენი გაყალბებულია. მაგრამ თუ ეს ყველაფერი ფალსიფიკაციაა, განა ქართველები ყველაფრის გაყალბებას შეძლებდნენ? - ძველი აღწერილობის, ეტიკეტების, ბოთლების ჩათვლით?

"საბოლოო ჯამში მე დავრწმუნდი, რომ ყველაფერი რეალური იყო, ჩვენ პლანეტის ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური ვიპოვეთ", - წერს წიგნში ჯონ ბეიკერი.

ახლა მთავარი იყო, როგორ გაეტანათ ეს ღვინო საზღვარგარეთ. საქართველოს მთავრობას შეიძლებოდა თავისი პრეტენზია წაეყენებინა საკუთრებაზე და იმის მტკიცება დაეწყო, რომ ღვინის საცავი მისი ეროვნული კულტურის ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. შეიძლებოდა საბაჟოს დაეკავებინა და ღვინო აუქციონზე გასაყიდად ვერ გავიდოდა.

საბოლოოდ, ჯონ ბეიკერი და კევინ ხოპკო საქართველოდან ავსტრალიაში დაბრუნდნენ და თან 12 ბოთლი ღვინო წაიღეს - პარიზში ტესტის ჩასატარებლად. დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ ეყიდათ დარჩენილი ღვინოც. როგორც კევინ ხოპკომ გამოთვალა, მიწისქვეშა საწყობში დაცული ღვინის ფასი იმდროინდელი კურსით დაახლოებით 7 მილიონი დოლარი ღირდა (დღევანდელ კურსზე გადაანგარიშებით - 9 764 370 აშშ დოლარი).

სამწუხაროდ, ღვინისქარხნელ გიორგისთან კონტაქტები ხშირად წყდებოდა, ზოგჯერ თვეები გადიოდა და იგი კავშირზე არ გამოდიოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ღვინის ქარხანა თავისი საცავით თითქოსდა თვითონ ნევილს უყიდია. იგი იმ 12 ბოთლსაც ითხოვდა - ავსტრალიაში რომ წაიღეთ, უკან დააბრუნეთო

გავიდა წლები. ჯონ ბეიკერს საცავზე არაფერი აღარ გაუგია. მან თავისი მაღაზია გაყიდა და რესტორნების კონსულტაციები დაიწყო, შემდეგ კი ფრანგული "ბორდოს" იმპორტი დაიწყო.

2003 წელს ჯონ ბეიკერმა შემთხვევითი კავშირების საშუალებით გიორგისთან კონტაქტები აღადგინა. მან უთხრა, რომ ნევილისათვის საცავის მიყიდვის მოლაპარაკება ჩაიშალა და სარდაფი ისევ მყიდველს ელოდებაო. ამჯერად ჯონი იურიდიული თვალსაზრისით საფუძვლიანად მოემზადა კონტრაქტის დასადებად, მაგრამ გიორგი რამდენიმე თვით თვალსაწიერიდან ისევ გაქრა... ბოლოს გაისმა საგანგაშო სატელეფონო ზარი: გიორგი სთხოვდა, რომ თუ ყიდვა სურდა, გადაწყვეტილების მიღება დაეჩქარებინა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ გიორგის ბეიკერისთვის აღარ დაურეკავს.

თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ისტორიაში ბოლოს ღვინის ქარხნის დაცვის უფროსი ზურაბიც გამოჩნდა... მან ჯონ ბეიკერს და კევინ ხოპკოს ურჩია საქართველო და ღვინის საცავი დაევიწყებინათ. ორივემ ზურაბის ნათქვამი მკაცრ გაფრთხილებად მიიღო - მათ სიცოცხლეს შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა, თუ ისინი საცავით დაინტერესებას გააგრძელებდნენ.

ფაქტია, რომ სტალინის ღვინის საცავი ბაზარზე არ გასულა. როგორც ჯონ ბეიკერი ვარაუდობს, ის შეიძლება ისევ იმ ქართულ ქარხანას ეკუთვნის.

ამჟამად ბეიკერი რიგ პროექტებში მონაწილეობს, მათ შორის ზეთისხილის ბიზნესში, რომელიც ღვინის ბიზნესთან შედარებით უსაფრთხოა - ყოველ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობისათვის. ჯონ ბეიკერი იმედოვნებს, რომ წიგნი მკითხველებისთვის სასიამოვნო წასაკითხი იქნება - როგორ უცნაურად იმოგზაურა "ძველ მსოფლიოში" უმაღლესი კლასის ღვინის საძებნად და დასაუფლებლად...

"მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ღვინოზეა ლაპარაკი, თანაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღირშსესანიშნავ ღვინოზე, ეს მაინც ბევრად ჰგავს განძზე ნადირობას, რკინის ფარდის მიღმა, იოსებ სტალინის საიდუმლო საგანძურის დასაუფლებლად", - ამბობს ჯონ ბეიკერი, - ამ ღვინის ისტორია ზღვაში ჩაძირული გემიდან ამოღებული ოქროს ზოდების ან მღვიმეში საგულდაგულოდ დამალული ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენას ჰგავდა, რომელსაც დრო ვერ ცვლის“.

ავტორი: სიმონ კილაძე