ავტორი:

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

„ცხოვრებაში, რამდენჯერაც პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე, ხელოვნების სფეროს გვერდი ვერც ერთხელ ავუარე. მივხვდი, რომ ეს არის მთავარი მამოძრავებელი, სასიცოცხლო ძალა, რომელთან ყოფნაც ბედნიერებაა და რთულიც“ - გვეუბნება ნათია ბერიძე, ადამიანი, რომელსაც ხელოვნება უზომოდ უყვარს. ამასთან, ამ საინტერესო გოგონას ზოგადოებისთვის წარდგენა რამდენიმე მიმართულებით შეიძლება, მაგრამ მისი ფოტოპროექტი მაინც გამორჩეულად მნიშვნელოვანი მგონია. ნათია ბერიძე იმ ადგილების მოძიებითაა დაინტერესებული, სადაც სხვადასხვა დროს ამა თუ იმ ქართული ფილმის ესა თუ ის ეპიზოდია გადაღებული. პოვნის შემდეგ კი ძველსა და ახალ კადრებს შესადარებლად აჯგუფებს, რომ ფილმში ასახული ადგილების დღევანდელი მდგომარეობა გვაჩვენოს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ამ ყველაფერს დიდი ინტერესით და მონდომებით აკეთებს.

„ქართულ კინოფილმებთან დაკავშირებული ფოტოებისა, თუ სხვა საინატერესო მასალების მოძიება-შეგროვება ბებიასგან მომყვება - ის აგროვებდა იმ პერიოდში გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებს, ღია ბარათებს და ყველაფერს, რაც ქართულ ფილმსა და მსახიობებს უკავშირდებოდა. ამიტომ, ქართული კინო და თეატრი ჩვენი ოჯახის დიდი სიყვარულია. წლების შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი, ბებოს არქივის მნიშვნელოვნად გასამდიდრებლად, ეს საქმე გამეგრძელებინა... 15 წელზე მეტია, ვაგროვებ ნებისმიერ მასალას, იქნება ეს პრესა, კინოაფიშები, თუ ფოტოები. ხშირად დავდივარ ძველ თბილისში და ვიღებ უძველესსა და უნიკალურ შენობა-ნაგებობებს, ქუჩებსა და ეზოებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ძველ თბილისსა და მის ესთეტიკურ ფენომენს უკავშირდება. ქართულ კინოფილმებში გადაღებული ესა თუ ის ადგილიც ასე ვიპოვე, ზოგი დაგეგმილად, უმეტესობა კი - სპონტანურად. წარმოიდგინეთ, შედიხარ თითქოს ჩვეულებრივ თბილისურ ეზოში, მაგრამ სახლის კიბის დანახვისთანავე ხვდები, რომ გასულ საუკუნეში თენგიზ აბულაძე ფილმს: „სხვისი შვილები“ იღებდა. ზოგადად, ქართულ კინოში თბილისი, მისი ეთნოსოციალური და მულტიკულტურული სივრცით, მნიშვნელოვან პერსონაჟად მიმაჩნია. ის არაერთ კინორეჟისორს შემოქმედებით იმპულსს აძლევდა.

- არ არის ადვილი, ასე გულდაგულ იარო და ეძებო ეს ადგილები, მით უფრო, რომ თითოეული ფილმის გადაღებიდან დღემდე რამდენიმე ათწლეულია გასული...

- ნამდვილად რთულია, დიდ დროსა და ენერგიასაც მოითხოვს. ნაპოვნი ადგილების უმეტესობა დღეს საგრძნობლად შეცვლილია, ზოგიერთი მათგანი გადაუდებელ რესტავრაციასაც საჭიროებს, რადგან რამდენიმე წელში შესაძლებელია აღარც იარსებოს... მიხეილ კობახიძის გენიალური ფილმის „ქორწილი“ ყველა ადგილი ვიპოვე და გადავიღე. დარჩენილი მქონდა მხოლოდ სადარბაზოს ეპიზოდები, დიდხანს ვეძებე. შემდეგ ამ სახლში მცხოვრები ქალბატონი დამიკავშირდა და მიმასპინძლა. უძველესი სახლის ისტორიასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ამბებიც მიამბო. განსაკუთრებით ის მახარებს ხოლმე, როცა ეზოს გადასაღებად შევდივარ და მეუბნებიან - „იცით, ჩვენს ეზოშია გადაღებილი „ვერის უბნის მელოდიები“, ან „დღე უკანასკნელი დღე პირველი“, „ფეოლა“, „ჩვენი ეზო“ და ა.შ.

- გადაღებას როგორ გეგმავ, ფილმში ირჩევ ადგილებს და მერე მიდიხარ მათ მოსაძებნად?

- ხან როგორ, ხან - როგორ... მაგალითად: თემურ ფალავანდიშვილთან როცა ვსწავლობდი (მოგეხსენებათ „მზე შემოდგომისა“ ბატონი თემურის ფილმია), ხშირად ვსაუბრობდით ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით. მაშინ მითხრა იმ სახლის მისამართი, ფილმის მთავარი გმირები საცხოვრებლად რომ გადადიან. ასევე ძალიან მაინტერესებდა და ვეძებდი თენგიზ აბულაძის ფილმის „მონანიება“ - ფინალურ კადრს, სადაც დიდი ვერიკო ანჯაფარიძის გმირი მიდის, მერე დახმარება მერაბ ნინიძეს ვთხოვე და ვნახეთ კიდეც, სადაც ფოტოებიც გადავიღეთ. ქალბატონი მაგდა მჭედლიძის დახმარებით მოვძებნე სახლის ეზო, სადაც ჩემი უსაყვარლესი რეჟისორი ნანა მჭედლიძე არაჩვეულებრივ ფილმს - „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ იღებდა. მაგალითად, როდესაც სახლს და ზოგადად უბანს ვეძებდი, სადაც „ღიმილის ბიჭებია“ გადაღებული და მთაწმინდაზე სახლთან ერთად, კედელზე ფილმის პერსონაჟთა სახელებით წარწერა აღმოვაჩინე. მართალია ცუდად იკითხება (გადაღებიდან 50 წელია გასული და ბუნებრივია), მაგრამ ეს ისტორიული ფაქტი ჯერ კიდევ არსებობს... მოკლედ, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს იმ დგილების პოვნა, სადაც ჩვენი ძვირფასი რეჟისორები დაუვიწყარ ფილმებს იღებდნენ. დღესდღეობით ათობით ფილმის ადგილი მაქვს ნაპოვნი და არამარტო თბილისში.

- გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას განიჭებს, სხვა რაიმე მიზანს ხომ არ ემსახურება? ან იქნება სხვა უფრო მასშტაბური პროექტისთვის ემზადები?

- ამ ყველაფრის მოძიება-გადაღება დღეს მხოლოდ პირადი ინტერესია, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება ეს მასალები მნიშვნელოვან კინოდოკუმენტად იქცეს. დიდი სურვილი მაქვს, ამ ადგილებს მეტი ყურადღება დაეთმოს. კარგი იქნებოდა საინფორმაციო დაფებიც განთავსდეს და ჩვეულებრივ გამვლელსა, თუ ტურისტს ჰქონდეს შესაძლებლობა, მეტი გაიგოს თბილისის, როგორც კინოქალაქის შესახებ.

- რაც შეეხება ძველ უნიკალურ ფოტოებს, მას როგორ მოიპოვებ?

- ფოტოებს ხან ძველი კოლექციონერებისგან ვიძენ, სხვადასხვა უცხოურ საიტებზეც ხშირად ვპოულობ, ან საჩუქრად მიძღვნიან ნაცნობი, თუ უცნობი ადამიანები. მსახიობებისა და რეჟისორების ოჯახის წევრებიც ხშირად მანებივრებენ ძვირფასი ფოტოებით და მეც ანალოგიურად, რაც მაქვს არქივში, ან რასაც ვპოულობ, აუცილებლად ვუგზავნი და ასე ვახარებთ ერთმანეთს. საკუთარი კინოარქივის ბაზაზე, 6 წლის წინ დავაფუძნე კინოგვერდი - „მათ შექმნეს ეპოქა“, რომელსაც დღეს ათობით ათასი მომწონებელი ჰყავს. მიხარია, ქართული კინოს ამდენი ქომაგის გაერთიანება.

- ნათია, პროფესიით ვინ ხარ და კიდევ რა გიტაცებს?

- სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და კულტურის მენეჯმენტის ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით დავამთავრე. სტუდენტობიდანვე ჩართული ვარ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობაში. ამ მიმართულებით პანდემიამდე აქტურად ვმუშაობდი, ძირითადად თვიდასაქმებით... რამდენიმე წლის წინ სარეჟისორო მიმართულებითაც ვცადე ბედი და კინო-ტელერეჟისურაზე ჩავაბარე. სპეციალობას მასწავლიდნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები, რეჟისორები და ადამიანები - თემურ ფალავანდიშვილი და მიხო ბორაშვილი. ძალიან მიყვარს დოკუმენტალისტიკა, ხშირად ვკითხულობ დოკუმენტურ პროზას. წლების წინ დოკუმენტური ვიდეოჩანახატი - „თუშეთობა“ გადავიღე. ამასთან, მიტაცებს ფოტოგრაფია, განსაკუთრებით კი, ქუჩის ფოტოგრაფია. ხშირად დავდივარ ძველ თბილისში, საკუთრივ ჩემი თბილისის აღმოსაჩენად. ვეძებ გარემოს, სადაც სიძველის ესთეტიკის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. თუმცა ჩემს ცხოვრებაში პირველად იყო სიმღერა - ბავშვობის ბნელი 90-იანები ამის გამო ყველაზე ნათელ პერიოდად მახსენდება. სკოლის დამთავრებამდე სცენაზე ვიდექი - იყო კონცერტები, მუსიკალური კონკურსები და სხვა შემოქმედებითი აქტივობები. მუსიკალური მიმართულება არც დიდობაში მიმიტოვებია. პერიოდულად ხან ფორტეპიანოზე დაკვრას ვასწავლიდი მომავალ თაობას, ხან - სიმღერას. ასეთი გამონათქვამია: „თუ გინდა იდგე, უნდა ირბინო,“ - ჰოდა, მეც ეს სიტყვები ავირჩიე ჩემი ცხოვრების მთავარ მოტივად.

- რა გეგმები გაქვს?

- არაერთი საინიციტავიო წინადადება და პროექტი მაქვს, როგორც სატელევიზიო გადაცემებთან, ისე კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დღეს ტელესივრცეს ჰაერივით სჭირდება ამ მიმართულების გადაცემები, რომ ამდენი უარყოფითი ამბის ფონზე, ცოტათი მაინც გვქონდეს მოდუნებისა და კარგი განწყობის შესაძლებლობა. ამ ყველაფრის რეალიზება, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემს კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული და თუ განხორციელების საშუალება მომეცემა, დარწმუნებული ვარ, ეს მაყურებელს უზომოდ გაახარებს.

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო