ავტორი:

"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში

"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში

„ძველმა თბისელებმა ქორწილიც და გლოვაც ორიგინალური იცოდნენ, საქართველოში თავისი საქმიანობით თბილისელი მაჭანკლები გამოირჩეოდნენ და პროფესიულ ფენასაც ქმნიდნენ. ქალის გასინჯვა ხშირად გოგირდოვან აბანოებშიც ხდებოდა. წარმატებულ მაჭანკოლობას ნიშნობა მოსდევდა, ნიშნობას - ქორწილი, ქორწილს - მზითევი, მზითევს - ძეობა, ძეობას ნათლობა“ - აღნიშნავს ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი, რომელთან ერთადაც ამჯერად ძველ თბილისში ქორწინებისა და ქორწილის წესებისა და ტრადიცების თემას განვიხილავთ.

მზითევი

გასულ საუკუნეებში მზითევი ოჯახის შექმნის საკითხში მართლაც რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, XIX საუკუნის თბილისში მზითევმა დამახინჯებული ფორმა მიიღო, რადგანაც ბურჟუაზიული ურთიერთობები, ვაჭრული სული, ამ სფეროშიც აისახა, მაგალითად, მზითევის წაღება იოსებ გრიშაშვილს ასე აქვს აღწერლი: „წინ ზურნა მიდის, მერე პატარა ბიჭი, რომელსაც გულზე მისვენებული სარკე მიაქვს, ამ სარკის ბიჭს ორ-ორი ჭაბუკი მისდევს, რომლებსაც თავზე უწყვიათ წყვილ-წყვილი ბალიში ფურფუშებიანი... შემდეგ მოდის მუთაქები (ესეც წყვილ-წყვილი)... თითოეულ მუთაქას თან ახლავს კოხტად დაკეცილი საბანი. შემდეგ სამურაბე ტაშტი (ლაგანი) ხელის ყუთი თავის საწვრილმანოთი, შკაფი, კამოდი, მაფრაშა და წყვილი „პოდნოსის კრაოტი“... ეს დასანახად გამოტანილი მზითევი იყო, რომელიც „ნეფის“ ოჯახში შედიოდა, დანარჩენი კი სიის მიხედვით, ბოხჩაში და სკივრში ლაგდებოდა...

ქორწინების ასაკს და დროს ქალისა და ვაჟის მშობლები განსაზღვრავდნენ, რადგან ქორწინება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მისი მომზადება მხოლოდ დიდი ოჯახის მესვეურებს შეეძლოთ.... სანამ საქმე ქორწინებამდე მივიდოდა, უნდა სავალდებულო წინაპირობები შესრულებულიყო. პირველ რიგში უნდა გამორცხუილიყო წყვილებს შორის 7-9 თაობამდე ნათესაური კავშირები - ასევე მკაცრად იცავდნენ სოციუალურ სტატუსს. დაუშვებელი იყო, თავადაზნაურს ცოლად გლეხის ქალი მოეყვანა, - ყველა სოციალურად, წოდებრივად თანასწორს ეძებდა.

რეგიონებს თავისებური აკრძალვები ჰქონდა, - მთაში მიუღებელი იყო თანასოფლელებს შორის ქორწინება. ასევე არ შეიძებოდა ერთი ხატის წარმომადგენლების დაწყვილება... საქორწინოდ მომზადებული ქალ-ვაჟის შეთვისება ძირითადად ხატობაზე, სახალხო დღესასწაულებზე, ქორწილებში ხდებოდა. დიდ ქალაქებში კი - იქ არსებულ სანახაობებზე: კრივი, ჭიდაობა, ყაბაყი და სხვ. მას შემდეგ, რაც „საბედო“ შეირჩეოდა, იწყებოდა საპატრაძლოს „გაჩხრეკვა“, ანუ მთელი მისი „ჯიშისა“ და „ჯილაგის“ შემოწმება. არკვევდნენ, ჰყავდა თუ არა ახლო სანათესაოში თანდაყოლილი ფიზიკური თუ სულიერი ნაკლის მქონე ადამიანი. ეს იმისთვის, რომ მათი შთამომვალი ჯანსაღი დაბადებულიყო. შემდეგ ხდებოდა უშუალოდ საპატარძლოს შემწმება ფიზიკური, ასაკობრივი, მორალური, მატერიალური, ხასიათისა და უნარ-ჩვევების მიხედვით. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდებოდა, რომ ოჯახს შემდეგში დამოუკიდებად რჩენა შეძლებდა და სხვაზე დამოკიდებული არ ყოფილიყო. თუ სარძლო დაბალი წრის წარმომადგენელი იყო, თავისივე წრის სასიძოს ურიგებდნენ. მაშინ აქცენტი მის ფიზიკურ ძალაზე, ამტანობასა და სამეურნეო უნარ-ჩვევებზე კეთდებოდა. მშობლები შვილებს ურჩევდნენ, ფიზიკურად ძლიერი, ჯანმრთელი ქალი შეერთო: „შვილო, - ხშირად ეტყოდა მამა თავის ვაჟსა, ისეთი ქალი უნდ შეირთო, რომ ლოგინში არ დაგეკარგოსო“.

მაღალი წლის საზოგადოების წარმომადგენლების შეფასება კი სხვა ნიშნების მიხედვით ხდებოდა. არისტოკრატიულ ოჯახებში ვაჟის აღზრდას - მის სპორტულ და სამხედრო წვრთნას მეტ ყურადღებას აქცევდნენ. კიდევ უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა მაღალი წრის ქალის აღზრდას.

ნატალია (ნატო) გაბუნია-ცაგარელი ხანუმას როლში

მაჭანკლობა

როდესაც ოჯახი „განჩხრეკვის“ ანუ გაკითხვის შემდეგ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა, სარძლოს სათხოვნელად შუამავლის შესარჩევად ზრუნვას იწყებდა. ხშირად ამ მოვალეობას ვაჟის ახლო ნათესავები - ბიძები, მამიდები, დეიდები, უფროსი ძმები და ნათლიები ასრულებდნენ. შუამავლად შერჩეული პირები გარეგნულად, მჭევრმეტყველებითა და სოციალური მდგომარეობით გამორჩეული უნდა ყოფილიყვნენ. ასეთ პიროვნებას სარძლოს ოჯახი ანგარიშს უწევდა. შუამავლის ფუნქციას მთაში - მამაკაცი ბარში ქალი ასრულებდა.

XIX საუკუნის შუა ხნიდან კი პროფესიონალმა „მაჭანკალმა“ („მარჯაკალმა“) შეცვალა. შემდეგში „მაჭანკლები“ კარგად გარიგებული საქმისათვის სარფიან შემოსავალს იღებდნენ. დასაწყისში მათი ანაზრაურება ნატურით ხდებოდა - მამაკაცისთის ხარის ტყავი, ქალისთის - ჭრელი საკაბე. მოგვიანებით უკვე ფულადი ანაზრაურებით დაიწყეს საქმეებს მოგვარება.

ქალის გასინჯვა

ქალის გასინჯვის თბილისური წესებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი გარეგნობის შემოწმების ზოგიერთი ისეთი ჩვეულება, რომელიც საქართველოს სხვა ადგილებში მოქმედი წესი არ არის და მხოლოდ თბილისისთვისაა ნიშანდობლივი. ესაა აბანოში პატარძლის წაყვანისა და მაჭანკლების მიერ მისი გასინჯვა-შემოწმების წესი, რაც გამსინჯველთა გემოვნების და მიღებული გასამრჯელოს შესაბამისად, საქმის დადებთად თუ უარყოფითად გადწყვეტის საწინდარი იყო. თბილისის აბანოებში არამარტო შერჩეული საპატარძლოს ფიზიკური შემოწმება ხდებოდა, არამედ დეტალური დათვალიერება, ტუჩ-კბილისა და პირის რღუსაც უმოწმებდნენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებდნენ. აბანოშივე ხდებოდა საპატარძლოს შერჩევა, რაზეც იოსებ გრიშაშვილი წერს: „რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას, ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა იქ. ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი“ გაბედნიერებულა და ფიზიკური ნაკლი აღმოსჩენია გატიტვლებულ ქალს“.

შეცვლილი წესები

მას შემდეგ, რაც საქართველოში სამეფო ხელისუფლება რუსული მმართველბით შეიცვალა, ქართულ ყოფაშიც ბევრი რამ სხვაგვარად დალაგდა. ეს ცვლილებები განსაკუთრებით თბილისს შეეხო. ასე რომ, რუსეთთან შეერთებას მანამდე არსებული არაერთი ტრადიცია შეეწირა. თბილისელთა ცხოვრებაში შემოჭრილმა ახალმა ყოფამ პატარძლის გამზითვების ტრადიციაზეც იმოქმედა და მახინჯი ფორმა მიიღო. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დაბალი ფენის ოჯახებში. გასათხოვარი ქალის მთავარი შეფასების კრიტერიუმი მისი მატერიალური შესაძლებლობა იყო. XIX საუკუნის 80-იან წლებში ნიკო ნიკოლაძე ასე მიმართავდა საცოლე ვაჟებს: „ცოლის შერთვის დროს უფრო ხასიათსა და ზნეს მიჰხედეთ, ვიდრე - მზითევს“. მაგრამ იმდროინდელი ვაჟები მატერიალურ კეთილდღეობას უფრო ელტვოდნენ. მზითევის სიები დროის და წოდების მიხედვით განსხვავდებოდა. მაღალი წრის ქალებს ძვირფასეულობასთან ერთად, ყმა-გლეხებსაც ატანდნენ. იოსებ გრიშაშვილი აღნიშნავს, რომ სიაში დაფიქსირებული იყო წიგნები: „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ცხოვრება“, „სიტყვის კონა“, „ქილილა და დამანა“, „ანბანთქება“, „ღრამატიკა“, „რიტორიკა“, „დიალექტიკა“ და სხვ.

მზადება ქორწილისთვის

მხარეების შეთანხმებისა და მზითევის საკითხის მოგვარების შემდეგ, სასიძო საცოლეს ბეჭედს ან სხვა ნივთს უგზავნიდა. ეს იყო ქალის დაწინდვის ნიშანი. საპატარძლოს სანახავად კი საჩუქრებით მიდიოდა. ქალის დაწინდვისა და გარკვეული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ორივე მხარე საქორწილო სამზადისს იწყებდა. ამ სამზადისში მონაწილობდნენ მექორწინე ოჯახების წევრები, მეზობლები, მეგობრები, ახლო ნათესავები. ქორწილის საკითხების მოგვარება ვაჟის მხარის ვალდებულება იყო. ამ საპატიო მისიას „ნეფე“ მეჯვარეს, ან ნათლიას ანდობდა. ქორწილი უმეტესად ვაჟის ოჯახში იმართებოდა. ოჯახი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებდა ეზო-კარის მოწესრიგება-დასუფთავებას. თუ სტუმართა რაოდენობა ბევრი იყო, მაშინ თბილისში არსებულ დარბაზს ვაჟის ოჯახი გარკვეული დროით ქირაობდა.

ვანო ხოჯაბეგოვის ნახატი - ნეფის ცეკვა მამის საფლავზე

დაბალი წრის წარმომადგენლეთა ქორწილი 1-2 დღეს გრძელდებოდა, დიდგვაროვნების - მთელი კვირა. საქორწინო დროდ შემოდგომა მიიჩნეოდა, კვირის დღეებიდან კი - შაბათ-კვირა. ქორწილის წინა დღეს ქალსა და ვაჟს თავიანთი ახლო მეგობრები, მეჯვარეები აბანოში მიჰყვებოდენ და ეხმარებოდნენ განბანვა-მოწესრიებაში. ქორწილში ეპატიჟებოდნენ როგორც წერილობით, ისე დაძახებით. 1840-იან წლებში შეძლებული და პრივილეგირებული ოჯახები სტუმრებს სპეციალური ბილეთებით ეპატიჟებოდნენ. საყურადღებო იყო ერთი ჩვეულებაც - თუ „ნეფის“ მამა გარდაცვლილი იყო, საქორწინო ლხინში მონაწილე ახლობლები მის საფლავზე მიდიოდნენ, სადაც „ნეფის“ ცეკვა იმართებოდა. ამის შესახებ ცნობებს კვლავ ძველი თბილისის მეხოტბე იოსებ გრიშაშვილი გვაწვდის.

ჯვრისწერა იყო ქალაქური ქორწილის ცენტრალური აქტი. XIX საუკუნის პირელ ნახევარში ჯვირწერა შუაღამისას იმართებოდა, ამას ადგილობრივი ხელისუფლება უარყოფითად უყურებდა, რის გამოც მაშინდლ მთავარმართებელს 1827 წელს მიტროპოლიტ იოანესთან წერილით მიუმართავს, რომ 9 საათზე გვიან ჯვრისწერა აღარ ჩაეტარებინათ, გამონაკლისის შემთხვევაში კი, პოლიციისთვის შეეტყობინებინათ. მექორწილეები, განსაკუთრებით ყარაჩოღლები და აშუღ-მუსიკოსები საქორწილო ლხინს მტკვარზე მოცურავე ტივებზე აგრძელებდნენ. ეს ყველაფრი კი საბოლოოდ გოგირდოვანი აბანოებით მთავდებოდა.