ავტორი:

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

ლისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს, ირაკლი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. სიტყვით არ უსარგებლია თავად ბრალდებულს, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ადვოკატს ეთანხმებოდა.

დაცვის მხარის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების ფაქტი ფარავს ყველაფერს, რომ მათ რაიმე საშეღავათო პირობა მოითხოვონ. ადვოკატის თქმითვე, ვერცერთი სასჯელი ვერ ეთანადება იმას, რაც ამ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა. ყავლაშვილის თქმითვე, ირაკლი ცომაია წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და დაცვის მხარეს ალტერნატიული შემოთავაზება არ აქვს.

ირაკლი ცომაიას საქმის პროკურორის, გიორგი ლობჟანიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი დაშვებული სიჩქარით იმოძრავებდა, დამუხრუჭების გზით მას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

როგორც გიორგი ლობჟანიძე განმარტავს, ირაკლი ცომაიამ მოძრაობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფა ვერ მოახდინა.

„მოცემულ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რაც გამოიხატა იმაში, რომ თუკი, მძღოლი შესაბამის ზომებს მიიღებდა დამუხრუჭების გზით, მას ქვეითზე შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში, სადაც მოძრაობა ნებადართულია 60 კმ/სთ სიჩქარით. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დაშვებული სიჩქარით იმოძრავებდა და საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ავტომანქანის გასაჩერებლად ზომებს მიიღებდა დამუხრუჭების გზით, მას შეეძლო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება", -განაცხადა ლობჟანიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ირაკლი ცომაიას ბრალი საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარუდგინა.

"აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით გაიხსნა დანაშაული" - რა იციან ავჭალაში მოკლულის ოჯახმა და ადვოკატმა მაღაზიის მეპატრონეზე, რომელსაც პოლიცია ეძებს?

ინციდენტი ციხეში - გიორგი რურუას ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

სროლა ბათუმში - მოქალაქეების თქმით, ორმა პირმა ვულკანიზაციის მიმართულებით ისროლა