ავტორი:

"ვინც ბრუნდება აჭარიდან, მოვუწოდებ, მიმართონ თვითიზოლაციას" - ტიკარაძე სასტუმრო "ოაზისსა" და ბათუმის კლუბებში არსებულ ვითარებაზე

"ვინც ბრუნდება აჭარიდან, მოვუწოდებ, მიმართონ თვითიზოლაციას" - ტიკარაძე სასტუმრო "ოაზისსა" და ბათუმის კლუბებში არსებულ ვითარებაზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სასტუმრო „ოაზისში“ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაწყებულია და შედეგების მიხედვით მოხდება სასტუმროში მყოფი 400-მდე ექიმის კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადანაწილება.

მისივე განცხადებით, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მისი მოადგილის ჩასვლა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადაიდო.

„დღესდღეობით მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, რომ სასტუმროში დაფიქსირდა ვირუსი.

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ჩვენ ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა შესაბამისი პროტოკოლით მოხდეს მათი გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში “, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა, ვირუსი დაუფიქსირდა ერთ-ერთ ექიმს, რომელიც „ავერსის“ ქსელის კლინიკიდან არის.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უკავშირდება ამ ეტაპზე „ავერსის“ კლინიკაში რაიმე ინფექციის გავრცელებას. ამ ეტაპისთვის წყარო არის დადგენილი, მაგრამ ჩვენ გამოკვლევა მყისიერად დავიწყეთ „ოაზისის“ სასტუმროში იმისთვის, რომ ვიცოდეთ თუ რა მასშტაბის იყო გადადება სასტუმროში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო. იცით, რომ დღეს დაფიქსირდა კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა, აქედან 22 შემთხვევა ბათუმშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა ვთხოვო ჩვენ მოსახლეობას, ისეთივე პასუხისმგებლობით დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ ნიღაბი, როგორც ეს მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა.

აჭარის ტერიტორიაზე, ბათუმში დასასვენებლად მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მიმართონ იმ წერტილებს, სადაც ჩვენ გვაქვს განთავსებული კარვები და ამბულატორიები ტესტირებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ ეპიდემიოლოგებს, ვმართოთ ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ქვეყანაში.

მათ, ვინც ბრუნდება აჭარიდან საცხოვრებელ სახლებში, მინდა მოვუწოდო, რომ მიმართონ თვითიზოლაციას, ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე, 112-ში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, "რაც ბათუმში კლუბებში ხდება, მნიშვნელოვნად შესაზღუდია". მისივე თქმით, ხდება კლუბების და მსგავსი დაწესებულებების დამატებითი მონიტორინგი და ასევე, სასტუმროებში შრომის ინსპექციის მიერ დამატებითი კონტროლი განხორციელდება.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში ეპიდვითარება საყურადღებოა. მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა და პასუხისმგებლობის ამაღლება. ვგულისხმობ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანცირებას. ის ყოველივე, რაც ბათუმში კლუბებში ხდება, არის მნიშვნელოვნად შესაზღუდი. ჩვენ ამ ეტაპზე დამატებით მონიტორინგს და გაფრთხილებას ვახორციელებთ დაწესებულებების, სადაც მსგავსი ღონისძიებები იმართება. ასევე, მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის ჩართულობა სასტუმროებთან მიმართებაში, სადაც გავამკაცრებთ ღონისძიებებს, იმ კუთხით, რომ დამატებითი მონიტორინგი განხორციელდება.

აჭარის რეგიონში დავამატეთ კარვები და ამბულატორიული სერვისები, რათა მოსახლეობას ტესტირების საშუალება მიეცეთ და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის დამყოლობა, რადგან ეს არის ნებაყოფლობითი ამ ეტაპზე და გეგმაში არ გვაქვს, იძულებით წესებს მივმართოთ. ჯანდაცვის სიმძლავრეებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელს საქართველოში ვაძლიერებთ, ამბულატორიული სექტორი დღეს სრულიად მზადაა მოქალაქეებს ყველანაირი საჭირო დახმარება გაუწიონ.

რა თქმა უნდა, არ ვართ ქვეყნის ჩაკეტვის მომხრე, ვინაიდან ეს ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რა ქონებას ფლობს ეკატერინე ტიკარაძე მინისტრობიდან 1 წლის თავზე - ჯანდაცვის მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - სტუმრები: მიხეილ რამიშვილი, გიგი უგულავა და ბადრი ჯაფარიძე

LIVE - "რეზიუმეს" სტუმარია კახა კოჟორიძე