ავტორი:

"როგორც ღატაკებს ისე დაგვირიგეს სურსათი...თავს ქაცვის გაყიდვით ვირჩენთ", - როგორ ცხოვრობს ვლადიკავკაზში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს

"როგორც ღატაკებს ისე დაგვირიგეს სურსათი...თავს ქაცვის გაყიდვით ვირჩენთ", - როგორ ცხოვრობს ვლადიკავკაზში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ძმა ალეკო ივანიშვილი ჯერ კიდევ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე გაეხვა სკანდალში, მაშინ, როცა მედიაში დაიბეჭდა ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები მზია ხინჩაგაშვილის ინტერვიუ, ქალი ამბობდა, რომ მას წლების წინ ალეკო ივანიშვილისგან გოგონა, თეონა შეეძინა. ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალეკო ივანიშვილმა შვილი ოფიციალურად არ აღიარა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, დედა-შვილს წლების განმავლობაში ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად აღიარებას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა.

სასამართლო წლები გაგრძელდა და საბოლოოდ, 2020 წლის მარტში თეონა ხინჩაგაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 12 მარტს ქართულმა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა და თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი(ალეკო) ივანიშვილის კანონიერ შვილად ცნეს და ივანიშვილის გვარი მიიღო, ახლა ის ორივე გვარს ატარებს.

ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალეკო ივანიშვილი

დედა-შვილი ვლადიკავკაზში ცხოვრობს. თეონას ქმარი ხაშურიდან არის. ცნობილი ოჯახის კანონიერი მემკვიდრე ორ ვაჟს ზრდის. როგორ შეიცვალა დედა-შვილის ცხოვრება მას შემდეგ, რაც თეონამ მამის გვარი მიიღო, ამის შესახებ თავად გვიამბეს:

მზია ხინჩაგაშვილი:

- ვლდაკავკაზში ვცხოვრობთ, ვცდილობთ, რომ კარგად ვიყოთ, მაგრამ ძალიან გვიჭირს. საუბარს ასე დავიწყებ - თეონა რომ კანონიერ შვილად ეღიარებინა ალეკო ივანიშვილს, პირდაპირ სასამართლოში არ გავქცეულვართ. ჩვენ შესახებ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ჟურნალის საშუალებით მივაწვდინე ხმა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. როდესაც ჩემი შვილის არსებობის შესახებ გაიგო, მას შემდეგ ყოველთვის გვეხმარებოდა. ჟურნალამდეც ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ გაიგო ჩვენი არსებობის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის საშუალებით დამიკავშირდა. შევხვდით ერთმანეთს, სურათები ვაჩვენე, რამდენიმე კითხვა დამისვა. მათთვის გასაგები გახდა, რომ არ ვტყუოდით და ბიძინა ივანიშვილმა დახმარება დაგვინიშნა.

ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი ბებიასთან ერთად

შემდეგ ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრი გახდა და 2015 წლის იანვრიდან შეწყდა ჩვენი დაფინანსება. მანამდე, როცა გვეხმარებოდა, ჩვენთვის ჩუმად ვცხოვრობდით, არსად არ ვიღებდით ხმას, ველოდებოდით, რომ მამა აუცილებლად ნახავდა თეონას, რისი იმედიც ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვცა. თეონასთვის დახმარების შეწყვეტის შემდეგაც პირდაპირ ტელევიზიებში კი არ გავიქეცით, მივდიოდით "ქართუ" ბანკში, ოფისში, ვეხვეწებოდით, რომ თუ ვინმეს შეეძლო, ბატონი ბიძინასთვის და ალეკოსთვის დახმარების შეწყვეტაზე ამბავი მიეტანათ.

თეონამ ივანიშვილის გვარი 2020 წლის მარტში, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო

გაუბედურებული ქალი ვარ, ჯანმრთელობით განახევრებული. ჩემი შვილი პატრონიანია, მაგრამ უპატრონოდ დარჩენილი. სხვათაშორის, ანზორ ჩუბინიძესთანაც ვიყავით და გვითხრა, მამამისს, ალეკოს მიაკითხეთო. როდესაც ალეკოს მივაკითხეთ, ისტერიკაში ჩავარდა, რა შვილი, რის შვილიო, ჩხუბი დაიწყო. სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩა და მივაკითხეთ სასამართლოს. ორი წლის განმავლობაში ჩვენი ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე დასდევდა ალეკოს, რომ სასამართლოს უწყება ჩაებარებინა და მართლა იძულებით მივიდა სასამართლოში. მორალზეც მინდოდა მეჩივლა, მაგრამ მორალის არმქონე კაცს, ამაზე როგორ ვუჩივლო?! ეკლესიაში რომ შედის, როგორ არ სცხვენია?!

- ჩივილის შემდეგ როგორ გაგრძელდა საქმე?

- სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, თეონა 99.9999%-ით ალეკოს შვილია. სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება და სამართლიანობამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ, ალეკომ ორჯერ გვიჩივლა, ჩემი შვილი არ არისო. ყველა ინსტანციაში გავიმარჯვეთ. მადლობა სამხარაულის ექსპერტიზას და სასამართლოს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ივანიშვილების მიერ კიდევ ერთხელ გადაგდებულ და მიტოვებულ შვილს ადვოკატმა ლია ხუციშვილმა და ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა კონსულტაციები გაუწიეს. ლია ხუციშვილმა, ჩვენმა ადვოკატმა, "კაპიკი" არ აიღო, მას შემდეგ მეშინია, პრობლემები არ შეექმნას ქალბატონ ლიას.

თეონას დედა, მზია ხინჩაგაშვილი

სასამართლომ ფულადი დახმარება ვერ დაუნიშნა თეონას, რადგან ალიმენტის ასაკი გასულია. ახლა გვემუქრებიან, მერე რა, გვარი რომ მიიღო, ქონებიდან მაინც ვერაფერს მიიღებსო. ჩასახვის დღიდან მიატოვა ალეკომ შვილი... ქაცვს ვარჩევთ და მისი გაყიდვით ვირჩენთ თავს.

შარშან თეონას ფეხი ჰქონდა სამგან მოტეხილი და ძალიან ცუდად იყო, საავადმყოფოში იწვა. ნათესავებმა შეგვიკრიბეს ფული და ისე გავუკეთეთ ოპერაცია. ბატონ ბიძინას რომ გაეგო, სიკვდილის პირას არ მიატოვებდა თავის ობოლ ძმისშვილს. ალეკომ გაიგო, მაგრამ არ დაგვეხმარა.

- საქართველოში ხომ არ აპირებთ ჩამოსვლას?

- რისთვის ჩამოვიდე, რა აზრი აქვს, რომ ვიჩივლე, იმასაც ვნანობ. ყველანაირად გამანადგურეს, რის ფასად დაგვიჯდა ეს გვარი. მეგონა, მადლობას მეტყოდნენ, ეს რა შვილი გაზარდეო. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, მას ბევრი არასწორი ინფორმაცია მისდის. გვარი კი მიიღო თეონამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ არ მჯერა, რომ ბატონ ბიძინას საავადმყოფოში მიეტოვებინა ძმისშვილი. ვერ დავიჯერებ ამას, ატყუებენ მას. მინდა, მივმართო ალეკოს პირად ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს, ყოფილ პროკურორს, ასე როგორ მოგვექეცით?! გვეუბნებოდა კიდევ ჩავაბაროთ ანალიზიო, ყველაფერში ვეთანხმებოდით. ყველამ იცის ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ რისი გამყალბებელი ვიყავით?!

ფოტოზე - თეონას ბებია

პანდემიის დროს, აქ, როგორც ღატაკებს, ისე დაგვირიგეს სურსათი და სურათები გადაგვიღეს. ალეკოს ეს სურათებიც გაუგზავნეს და რეაქცია არ ჰქონია. თეონა დაოჯახებულია, ორი ბიჭი ჰყავს, პატარა სასწაულად ჰგავს ბატონ ბიძინას, დედაჩემი ბიძინას ეძახის. ჩემი სიძე ქართველია, ხაშურიდან, აქ ჩამოდიოდა ბებიასთან და შეუყვარდათ ერთმანეთი.

ალეკო ივანიშვილის სიყვარულისა და ერთგულებისთვის სულიერად გავნადგურდი ამ ცხოვრებაში. ალეკო ივანიშვილო, იქნებ ოდესმე შენც აგო პასუხი ღმერთის წინაშე, თუმცა ღმერთიც თქვენი მოსყიდულია.

თეონა ხინჩაგაშვილ-ივანიშვილი

- მინდა, იმ ხალხს მივმართო, ვისაც ჰგონია, რომ რადგან ივანიშვილები მდიდრები არიან, ამიტომ ვითხოვდი გვარს და აღიარებას. აქამდე ალეკოსგან არაფერი მიმიღია, მხოლოდ ბიძაჩემმა, ბიძინა ივანიშვილმა მიპატრონა და 32 წლამდე ხინჩაგაშვილებმა მომიყვანეს და ახლაც ასე ვარ. რომ მცოდნოდა ასეთ დღეში ჩამაგდებდნენ, სულ დავივიწყებდი, რომ ივანიშვილი ვარ და ხმას არ ამოვიღებდი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დავამთავრე და ხუთი წლის განმავლობაშო ხმა არ ამომიღია, ვისი შვილი ვიყავი.

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია

"ასე მგონია, რომ ნუცა დაბრუნდა" - ვინ არის მხატვარი, ვინც მაია ასათიანი ქალიშვილთან ერთად დახატა

YouTube-ი ახალ სერვისს ჩაუშვებს, რომელიც TikTok-ის ანალოგი იქნება