ავტორი:

"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა

"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა

ჩეხ გოგონაზე უნდა გიამბოთ, რომელიც საქართველოში გათხოვდა და მალე რაჭა მის სიყვარულადაც იქცა. ნატა მესიარიკოვასა და გეგი გურგენიძის ამბავი ნამდვილად მოგაგონებთ ცნობილი ფილმის სიუჟეტს, რომელსაც წინ უსწრებდა 80-იანი წლების პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ქართველი გოგონასა და ჩეხი ბიჭის სიყვარულის შესახებ... ნატა სწორედ მათი ქალიშვილია. მე ის რაჭაში გავიცანი.

ნატა: - დედაჩემმა, რუსუდან იმნაძემ და მამაჩემმა ლადისლავ მესიარიკმა ერთმანეთი მოსკოვში, დოქტორანტურაში სწავლისას გაიცნეს. მამას დედა შეუყვარდა, სწავლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოაკითხა და ხელი სთხოვა. არადა, მაშინ იშვიათი იყო ქართველი ქალის საზღვარგარეთ, თუნდაც საბჭოთა ქვეყანაში გათხოვება, მაგრამ სამი თვის შემდეგ დედამ მაინც მოიპოვა ჩეხოსლოვაკიაში გამგზავრების უფლება. მამა იხსენებდა, არ იყო ადვილი ჩვენი დაოჯახება, მაგრამ სიყვარულმა ყველა დაბრკოლება გადაგვალახვინაო.

დედა ყოველთვის დიდი სიყვარულით მიამბობდა საქართველოზე, ცდილობდა ქართული ენა ესწავლებინა ჩვენთვის, წლების შემდეგ კი აქაურობა ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ხშირად ჩამოვდიოდით თბილისში, მძიმე 90-იანების შემდეგ კი მხოლოდ 15 წლისამ მოვახერხე ჩამოსვლა. მას შემდეგ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი, მეგობრებიც გავიჩინე და ჩემი ქართულიც ნელ-ნელა დაიხვეწა.

2013 წელს გავიცანი გეგი... უკვე დიდი გოგო ვიყავი და ამიტომ ვიქირავე ბინა, მანამდე აქ ბებიასთან ჩამოვდიოდი. ახლა კი ბებიას და დეიდას დავუმალე და ვუთხარი, რომ მეგობართან ვიცხოვრებდი. სწორედ ამ ბინაში მოვინდომე ინტერნეტის დამონტაჟება, გამოვიძახე სპეციალისტი და მოვიდა გეგი. მაშინვე მომეწონა. გეგი ამბობს, მეცო... ერთმანეთს ვხვდებოდით, მერე კი ვირტუალურად გავაგრძელეთ ურთიერთობა. ზაფხულში რომ ჩამოვედი, ჯერ ზღვაზე გავემგზავრეთ, მერე ნიკორწმინდაში ჩავედით. გეგის, როგორც ყველა რაჭველს, ძალიან უყვარს რაჭა. მეც დიდი მონდომებით მაწონებდა, მაგრამ განა შეიძლებოდა აქაურობა არ მომწონებოდა?! რაჭაში ლამაზი დღეები გავატარეთ და დაოჯახებაც გადავწყვიტეთ. ერთი თვე დამჭირდა, რომ ჩემს სამშობლოში ყველა წამოწყებული საქმე დამემთავრებინა. ჩემი გადაწყვეტილებით ყველა გაოგნებული იყო...

- რაჭველი კაცები კარგი მეოჯახეები არიანო. ეთანხმებით?

- ვეთანხმები!.. მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო? მომწონს ერთმანეთის მიმართ ყურადღებისა და სითბოს გამოხატვა, ღამის 12 საათზე მილოცვა, ხშირი მისვლა-მოსვლა. მომწონს, ბავშვი რომ იბადება და უამრავი ახლობელი იკრიბება სამშობიაროს ეზოში... ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება. საქართველოში ყველაფერი სხვანაირად უხარიათ...განაგრძეთ კითხვა