ავტორი:

"მანანა არჩვაძემ მუშებს ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა" - ვინ გაკაფა კოლხური კოშკის ეზოში ცოტნე გამსახურდიას მიერ ჩაყრილი ვაზი?

"მანანა არჩვაძემ მუშებს ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა" - ვინ გაკაფა კოლხური კოშკის ეზოში ცოტნე გამსახურდიას მიერ ჩაყრილი ვაზი?

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში”, ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცოტნე გამსახურდიას მიერ კოლხური კოშკის ეზოში ჩაყრილი ვაზი გაკაფეს და მერე ცეცხლი წაუკიდეს. ამ ვანდალური აქტის ავტორად, არც მეტი, არც - ნაკლები, ცოტნეს დედას მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ასახელებენ. ambebi.ge-ს ცოტნე გამსახურდიას მეზობელი უყვება:

"ცოტნემ კოლხური კოშკის ეზოში გასული წლის ნოემბერში ჩაყარა ვაზი, გორის მწვანე და კახური მწვანე. ისე ელოლიავებოდა, სულ თავს დასტრიალებდა პატარა ვენახს. მოგეხსენებათ, რომ მან ბოლო წლებში მეღვინეობას მიჰყო ხელი და დიდი სიყვარულით ეკიდებოდა ამ საქმეს, რაშიც მისი მეგობარი მეღვინეებიც ეხმარებოდნენ.

ცოტნე ვაზზე და ღვინოზე "ფეისბუქის" პირად გვერდზეც ხშირად წერდა და ფოტოებსაც აქვეყნებდა. ფოტო მისი გვერდიდან:

რაც ცოტნე დაჭრეს და სამკურნალოდ ჯერ თურქეთში, შემდეგ კი გერმანიაში წაიყვანეს, მეგობრები მოდიოდნენ და ისინი უვლიდნენ ვაზს და ღვინოსაც. კოშკის გასაღები მხოლოდ გიორგის, მის ძმას ჰქონდა და ცოტნეს უნახავდა.

რაც ამ ქალბატონმა ჩაიდინა, ესაა ვანდალიზმი, თანამედროვე შაჰ-აბასია. ორი-სამი თვე იბრძოდა კოშკში შესაღწევად, სულ აქ წრიალებდა. ადრე მოვიდა, პოლიცია გამოიძახა და ეუბნებოდა, გატეხეთ კარები, უნდა შევიდეო, მათ უთხრეს, არ გვაქვს ამის უფლებაო. უბნელებს ცოტნე ისე უყვართ, თვალში რომ ჩაუვარდეთ, ხელს არ ამოისვამენ, ამიტომ მანანა მაინც ერიდებოდა უბანს, ეშინოდა წყრომის. ივლისის ბოლოს ვიღაცეები მოიყვანა, საკეტი გაატეხინა და ასე შეაღწია კოშკში, თან ვიღაც მუშები მიიყვანა. ჯერ იტრიალა იქ, მერე უცებ ეზოდან ცეცხლი ამოვარდა. კოლხური კოშკი ერთხელ უკვე დაიწვა და ყველას შეგვეშინდა, სახანძრო გამოიძახეს, აქვეა, გალის ქუჩაზე და 5 წუთში მოვიდა. მათ ნახეს, რომ მანანა რაღაცეებს წვავდა. კოლხური კოშკის ეზო სევასტოპოლის ქუჩიდან ხელისგულივით ჩანს და მეზობლებმა აგვისტოს დასაწყისში დაინახეს, რომ ცოტნეს დარგული ვაზი აღარ არსებობდა.

ხალხი მერე მიხვდა, რა ჩაიდინა ქალბატონმა, იგივე, რასაც შაჰ-აბასი საქართველოში აკეთებდა. გუშინწინ ცოტნეს მეგობრები მოვიდნენ ვაზის მისახედად და დაუნახავთ, რომ არც ერთი ძირი ვაზი აღარ იყო, სულ გაუკაფავთ. როგორც ჩანს, ქალბატონი იმ მიზნით შეიჭრა ეზოში, რომ ეს ვანდალური აქტი ჩაედინა - მუშებს ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა. მას შემდეგ მანანა სულ აქაა, კოშკში დაბინავდა. ივლისის ბოლოს კონსტანტინეს დაბადების დღე იყო და კოშკში თავისი სექტის გარდა, არავინ შეუშვა.

მეზობლებმა კი ვიცოდით, მაგრამ არ ვამხელდით, ცოტნეს ყურამდე რომ არ მისულიყო და არ გართულებოდა მდგომარეობა. მისი მეუღლისთვისაც არაფერი გვითქვამს, რომელიც თურმე ცოტნეს უამბობს, რომ მის კარ-მიდამოსა და ვაზს მეგობრები უვლიან. ამის გამგონეს თურმე სიხარულით უბრწყინავს თვალები. ეს რა არის, უარესები აქვს ჩადენილი, ვაზი ვაზია, მაგრამ შვილი? თურქეთის კლინიკიდან რისთვის გამოაგდეს ექიმებმა? შვილი დედისგან იყოს დასაცავი და დედა შვილის პალატიდან ვინმეს გამოეგდოს, ასეთი რამ გსმენიათ?”

P.S. ცოტნე გამსახურდია ამჟამად ჰაიდელბერგის კლინიკაში იმყოფება, სადაც მას სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსი უტარდება. მართალია, მას ჯერ ჟესტიკულაციის ენაზე შეუძლია კომუნიკაცია, თუმცა არის წინსვლა და გერმანელ ექიმებს მისი სრულად გამოჯანმრთელების იმედი აქვთ.

ავტორი: ანა გიორგაძე