ავტორი:

"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა შეეცადა შეერბილებინა რუსეთსა და სერბეთს შორის მომხდარი სკანდალის სიმწვავე, რომელიც "ფეისბუქში" მის მიერვე გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა: მარია ზახაროვამ სერბეთის პრეზიდენტის პოზა, თეთრ სახლში მისი ვიზიტის დროს, შერონ სტოუნის გმირის პოზას შეადარა ფილმიდან "ძირითადი ინსტიქტი", როცა მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

შაბათს მარია ზახაროვამ "ფეისბუქში" ფოტოკოლაჟი განათავსა, რომელზეც ვაშინგტონში სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის შეხვედრის მომენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეცვლილია ქეთრინ ტრამელის დაკითხვის ცნობილი კადრით (მის როლს შერონ სტოუნი ასრულებს).

რუსეთის მთავარი დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა კოლაჟს ასეთი წარწერა წაუმძღვარა: "თუ თქვენ თეთრ სახლში დაგიძახეს, ხოლო სკამი ისე დაგიდგეს, თითქოს დაკითხვაზე ხართ, მაშინ ვინც არ უნდა იყოთ, დაჯექით ისე, როგორც მეორე ფოტოზე ქალი ზის. უბრალოდ, დამიჯერეთ".

პარასკევს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ალექსანდრე ვუჩიჩი დონალდ ტრამპს შეხვდა, სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სერბეთ-კოსოვოს შეთანხმებას ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. დოკუმენტზე თავის ხელმოწერა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა აბდულა ხოტიმაც დატოვა.

"პრიმიტივიზმი და გაუბრალოება"

მარია ზახაროვას კომენტარმა ალექსანდრე ვუჩიჩის მრისხანე რეაქცია გამოიწვია: "ქვეცნობიერება ძალიან ბევრად განსაზღვრავს თვით იმ ადამიანის ქცევას, რომელიც ვინმეს წარმოჩენას ცდილობს. მარია ზახაროვამ ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა. ასეთი პრიმიტივიზმი და გაუბრალოება ყველაზე მეტად მიანიშნებს იმ ადამიანზე, ვინც ეს გამოაქვეყნა", - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ტელეეთერით გამოსვლისას.

ალექსანდრე ვუჩიჩმა დაამატა, რომ დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკების დროს იგი, სხვათა შორის, რუსეთის ინტერესებსაც იცავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას მოსკოვი ვერ ხედავს ან ხედავს და არ აფასებს:

"ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საწყენია იმიტომ, რომ მე იქ თეთრ სახლში რუსეთთან ჩვენს ურთიერთობასაც ვიცავდი და უარი ვთქვი თხევადი ბუნებრივი გაზის უფრო ძვირად შესყიდვაზე, ვიდრე ეს თავდაპირველ დოკუმენტში იყო, - თქვა სერბეთის პრეზიდენტმა, - რუსეთში ზოგიერთები არ აფასებენ იმასაც, რომ სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოიღო. არ აფასებენ იმას, რომ სერბეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური სახელმწიფოა და ნატოში გაწევრებას არ ცდილობს და კიდევ - სერბეთი ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთისაგან ბუნებრივ გაზს და იარაღს ყიდულობს“.

პრეზიდენტის განცხადებამდე უფრო მკვეთრად ილაპარაკა სერბეთის მთავრობაში არსებული კოსოვო-მეტოხიის საქმეების კანცელარიის დირექტორმა მარკო ჯურიჩმა:

"თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ იმაზე, რომ პრეზიდენტს რუსეთის მისამართით ერთი ცუდი სიტყვა არ უთქვამს, თვით თეთრ სახლშიც კი, - დაწერა მან "ტვიტერში", - თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ იმაზე, რომ როცა მოსკოვში ჩვენი პრეზიდენტი საათნახევარი ელოდა ვლადიმირ პუტინს, მისთვის სპეციალურად სკამიც კი არ შეუთავაზებიათ, მაგრამ მას საყვედურიც არ დასცდენია... თქვენ კი რას აკეთებთ... ნებას არ მოგცემთ სერბეთის სიამაყე შელახოთ! როგორ არ გრცხვენიათ!“.

მარია ზახაროვას კომენტარი დაგმო აგრეთვე სერბეთის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე ვულინმა: "მარია ზახაროვამ შეურაცხყო ყველა, ვინც კი რუსეთისა და სერბეთის ინტერესებს იცავს უფრო დაძაბულ ადგილებში, "ფეისბუქთან" შედარებით... დღეს სერბეთის და რუსეთის მტრებს ზეიმი აქვთ მარია ზახაროვას მიერ გამოვლენილი ბოროტებით. პრეზიდენტ ვუჩიჩის უკან საქმეები ჩანს, ზახაროვას უკან კი ბოროტული ქცევა, რის გამოც მას უნდა რცხვენოდეს!", - განაცხადა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის საუბარი ალექსანდრე ვუჩიჩთან

კვირა დღეს მარია ზახაროვამ "ფეისბუკში" თავისი პოსტი განაახლა და განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებულ-აღქმული. "პატიებას გთხოვთ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჩემი პოსტი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული! ერთადერთი, რაც მასში ჩანს, ისაა, რომ მიუღებელია ქედმაღლური დამოკიდებულება "რჩეულების" მხრიდან. ამერიკელი ჩინოვნიკები რეგულარულად სარგებლობენ საოქმო პროცედურებით, რომ თავიანთი "განსაკუთრებულობა" და "გამორჩეულობა" აჩვენონ, რაც მიუღებელია", - დაწერა მარია ზახაროვამ.

იმადროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სერბეთის პრეზიდენტის კანცელარიამ განაცხადეს, რომ სერგეი ლავროვმა და ალექსანდრე ვუჩიჩმა ტელეფონით ისაუბრესო. რუსული დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ცნობაში მარია ზახაროვასთან დაკავშირებულ ინციდენტზე არაფერია ნათქვამი, თუმცა, რუსეთის სააგენტო «ТАСС»-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა (სერბეთის ლიდერის პრესსამსახურზე დაყრდნობით), "საუბრის დროს ალექსანდრე ვუჩიჩმა სინანული გამოხატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადების გამო".

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მარია ზახაროვას მიერ "ფეისბუქში" გაკეთებული პოსტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ შესაძლოა "ზოგიერთ ფორმულირებასთან მიმართებით გარკვეული გაუგებრობა მოხდა... როგორც ვიცი, ჩემმა კოლეგამ უკვე ბოდიში მოიხადა“, - თქვა დიმიტრი პესკოვმა.

რაზე მოილაპარაკა ალექსანდრე ვუჩიჩმა ვაშინგტონში

სერბეთის პრეზიდენტმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად, ხელი ორი შეთანხმებაზე მოაწერეს, რადგან სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

შეთანხმებაში ბალკანეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ის, რომ კოსოვომ გადაწყვიტა შეუეერთდეს "მინი-შენგენს", ანუ უვიზო ზონას, რომლის შესახებაც უფრო ადრე სერბეთმა, ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ მოილაპარაკეს. ამ ზონის შექმნის მიზანს აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადება წარმოადგენს.

სერბი ლიდერის თქმით, მომავალი წლის განმავლობაში პრიშტინა არ შეეცდება საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებას, ბელგრადი კი, თავის მხრივ, იმავე პერიოდში, შეაჩერებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

კიდევ რა თქვა ალექსანდრე ვუჩიჩმა

სერბეთის ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა განმარტა, თუ რა სიტუაციაში იქნა გადაღებული ის ფოტოსურათი, რომელიც მარია ზახაროვამ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა. "მე დავჯექი სკამზე, ვისაუბრეთ გულახდილად... საუბრის დროს მე ვიცავდი ჩვენს ურთიერთობას ჩინეთთანაც კი, - ციტირებს პრეზიდენტის ნათქვამს რუსული სააგენტო, - განა ამ დროს ასე უნდა მეთქვა დონალდ ტრამპისათვის, რომ მისმინე, მე რატომ არ მაქვს ისეთივე სიმაღლის სავარძელი, როგორც შენ, ამერიკის პრეზიდენტს? გამოდის, რომ სკამის გამო უნდა წამოვსულიყავი შეხვედრიდან? არ მიფიქრია არც სკამზე და არც "ძირითად ინსტინქტზე“.

"პრობლემა საკუთარი ფანტაზიების თაობაზე როგორც გსურთ, ისე გადაწყვიტეთ... მე კი სკამზე იმიტომ დავჯექი, რომ სერბეთის პრობლემები მომეგვარებინა და მისი ინტერესები დამეცვა. საჭირო რომ გამხდარიყო, ფეხზეც დავდგებოდი, ან სადმე უბრალოდ ჩამოვჯდებოდი. არ ვიცი, რა ვუპასუხო ზახაროვასნაირ პიროვნებებს. სკამებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ, ისინი იმ ადამიანებზეც იტყოდნენ რამეს, ვინც მათზე ზის", - დაამატა ვუჩიჩმა. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას "შოკისმომგვრელს“ უწოდებს" - მარია ზახაროვა

"ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი, თვითმფრინავის გატაცების შემთხვევა" - Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი

კოვიდის გამოვლენა უკვე "ჩასასუნთქი ტესტით" შეიძლება - როგორ მუშაობს და რამდენად ზუსტია ტესტი, რომლის გამოყენებაც სინგაპურში დაუშვეს