ავტორი:

"ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის ცხოვრება 19 წლის შემდეგ - მანანა მაისურაძის ხილნარი, ბოსტანი და ოჯახური მეურნეობა

"ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის ცხოვრება 19 წლის შემდეგ - მანანა მაისურაძის ხილნარი, ბოსტანი და ოჯახური მეურნეობა

მანანა მაისურაძე პირველი ადამიანია, რომელმაც 2001 წელს ქართული შოუების მაყურებლის ეჭვი გაფანტა და დაამსხვრია სტერეოტიპი - "შოუში დიდ თანხას ვინ მოგაგებინებს". მან საუკეთესო თამაშით დაამტკიცა, რომ ინტელექტუალურ პროექტში 20 ათასი ლარის მოგება შესაძლებელია. "ამ გამარჯვების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში საინტერესო ეტაპი დაიწყო. უპირველესად, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა... ადამიანებმაც დამინახეს, გზა გამეხსნა, თბილისში სახლი ვიყიდე", - გვეუბნება ქალბატონი მანანა.

პროფესიით ფილოლოგი, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ჰყავს მოსწავლეები, რომლებსაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამზადებს, მაგისტრანტებს კი ანალიტიკურ წერაში. ამის გარდა, უვლის საკუთარ ეზო-კარს და თავისი ოჯახის სამყოფი ხილი და ბოსტნეული მოჰყავს. ამჯერად სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ.

- კერძო სახლი ეზოში მცენარეებისა და ხეხილის გახარების საშუალებას გაძლევთ. გვიამბეთ ამაზე.

- ნაძალადევის რაიონში სახლი და პატარა ეზო მაქვს, რა თქმა უნდა, მცენარეებიც, ხეხილი - კარალიოკი, ტყემალი, კაკლის ხე, ასევე ხეივანი. სამწუხაროდ, ბოსტნისთვის სულ 50 კვმ-ია, თუმცა ჩემთვის სამყოფი მაინც მომყავს. მცენარეების მოვლა საოცრად მამშვიდებს. ჩემთვის ყოველთვის სასწაულია, როცა მიწიდან გაღივებული თესლი ამოდის, რომელსაც შემდეგ მოვლა სჭირდება. მცენარე ვერ შემოგჩივლებს, რომ წყალი, კვება, გაფხვიერება უნდა, შენ უნდა მიხედო.

- სამაჩაბლოდან ბრძანდებით. ალბათ, ბუნების, მიწის სიყვარული და გარემოზე ზრუნვა იქიდან მოგყვებათ. რას გაიხსენებთ იმ წლებიდან?

- სამაჩაბლოში უფრო მეტი მიწა გვქონდა და ყველაფერი მოგვყავდა - ბოსტნეულიც და ხილიც. ამ გაზაფხულზე ყველამ დაინახა, რა კარგი ყოფილა მცენარეების თუ ხეხილის მოვლა, პანდემიამ ხალხი მიწას დაუახლოვა. მიწის სიყვარული მართლაც სამაჩაბლოდან გამომყვა. მიწის ძალა, ენერგია ადამიანს ძალიან სჭირდება.

- როგორც შევიტყვე, საკუთარი ტექნოლოგიით ჩირსაც აკეთებთ და თავადვე შექმენით ხილის საშრობი.

- ეს ცოტა გადაჭარბებით ნათქვამია. ხილს ყოველთვის გარეთ აშრობდნენ და მწერები ეხვეოდნენ. ამიტომ დავამზადებინე რამდენიმეთაროიანი საშრობი, რომელიც ბადით შემოვღობე. არის სპეციალური აპარატიც, მაგრამ ზაფხულში თბილისში დიდი სიცხეა და დაახლოებით 60 კგ ხილის გაშრობა შეიძლება.

- რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება?

- ჯერ ერთი, ჩირი ძალიან ძვირია, ასე გამომშრალი კი ხუთჯერ იაფი ჯდება, ელექტროენერგია არ გეხარჯება. ამასთან, საკვები დანამატებისა და კონსერვანტებისგან თავისუფალი ტკბილეულია.

- გარდა ჩირისა, ცუკატებსაც ამზადებთ...

- ცუკატები მშრალი მურაბაა. განსაკუთრებით კარგი ალუბლის გამოდის. უკეთესი ჩირი დგება, თუ თავდაპირველად ორჯერ მაინც გადაადუღებ სიროფში. კარალიოკს ცოტა სხვანაირად ვჩირავ. გათლილი ძნელად გასახმობია, ამიტომ ფირფიტებად ვჭრი. ამ ყველაფერს ოჯახისთვის ვამზადებ, დიდი რაოდენობით ხილი რომ მომყავდეს, გასაყიდადაც გავაკეთებდი.

- რა შეცვალა ბოლო 20-მა წელიწადმა თქვენს ცხოვრებაში მას მერე, რაც ტელეშოუში 20.000 მოიგეთ?

- 1991 წელს სამაჩაბლოში სახლი დაგვიწვეს და დევნილებად გვაქციეს. სახელმწიფოს დღემდე არ მოუცია დამწვარი სახლის კომპენსაცია. დავრჩით უსახლკაროები, უმუშევრები, იმ გამარჯვებამ კი კვლავ ადამიანად მაგრძნობინა თავი.

- რით ხსნით დღეს ქვეყანაში გაჭირვებას? რა მიგაჩნიათ გამოსავლად?

- ერთ სოფელში ცხოვრობს ორი ძმა, ერთს 22 ძროხა ჰყავს, მეორეს - 1 და ისიც შიმშილით უკვდება. სოციალური დახმარების იმედად არის და იმასაც სასმელში ხარჯავს. თუმცა ისეთებიც ვიცი, თავდაუზოგავად რომ მუშაობენ და მაინც ვალები აქვთ. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ვერაფერს გავხდებით. როცა ქართველ გლეხს მიწა ჰქონდა, კარგად იცოდა, რა უნდა მოეყვანა, საბჭოთა კავშირმა კი მას მიწები წაართვა და ცენტრალური კომიტეტიდან კარნახობდა, სად რა უნდა დაეთესა. 70 წელი საკმარისია, რომ ადამიანმა მიწასთან კავშირი დაკარგოს. გაჭირვების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. ასე რომ, საქმის კეთება არ უნდა დაიზარონ.

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone” უკვე ონლაინშია

მაშველებმა ხანძრის დროს სახლში მყოფი მწოლიარე ქალი გადაარჩინეს - ფოტოები გორიდან

გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გადაკოცნისა და ჩახუტებისგან თავი შეიკავონ - "მოდით, დავძლიოთ ემოციები..."