ავტორი:

შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი

შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი

ჩვენ კიდევ შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, როდესაც სიტუაციის ლოკალიზება უნდა მოხერხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

გაბუნიას განმარტებით, თუ ორი კვირის შემდეგ ესკალაცია კვლავ იქნება, მაშინ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ვირუსის ლოკალიზება ვერ მოხერხდა. იქამდე კი ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, აჭარაში სიტუაციის ლოკალიზება შესაძლებელია.

„აჭარაში სიტუაციის ლოკალიზება სრულად შესაძლებელია. ამდენად ჩვენ კიდევ შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, როდესაც სიტუაციის ლოკალიზება უნდა მოხერხდეს. თუ შემდგომი ესკალაცია აღინიშნა, შემდეგ უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეპიდემიის გავრცელება მოხდა მეტად და კუპირება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჯერჯერობით შემდეგი ორი კვირა არის ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც ჩვენ კიდევ გვაქვს კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სიტუაციის კუპირება და ლოკალიზება აჭარაში მოხდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, პირბადის გარეშე სიარული უნდა გახდეს სოციალურად მიუღებელი საქციელი.

„ამ შემთხვევაში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა გაძლიერდეს. ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ყველას დაჯარიმებით ყველანაირ სიტუაციაში მიიღოს ის შედეგი, რაც ამგვარ სიტუაციაში გვინდა, რომ მივიღოთ. ამდენად, აქ ახლა ჯარიმების იმედი ნუ გვექნება, რომ პირბადეს არ გაიკეთებს, დავსაჯეთ და მერე გაიკეთა. ეს არ არის სწორი მიდგომა. ამგვარად, ამ ტიპის ადმინისტრირების მექანიზმი ვერ მიგვიყვანს იმ შედეგზე რაც გვინდა. აუცილებელია, მოსახლეობის თვითშეგნება გაძლიერდეს, რადგან ეს დაავადება არის ქცევითი და მედიცინას ყველაზე მეტად უჭირს ქცევით დაავადებებთან ბრძოლა. პირბადე უნდა გამოვიყენოთ და პირბადის გარეშე სიარული უნდა გახდეს გარკვეულწილად სოციალურად მიუღებელი საქციელი და ამდენად, რაღაცნაირად ერთმანეთის ხელშეწყობაც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, რომ ადმინისტრირება არ მოხდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს აქტიურად მიმდინარეობს ბათუმში მოგზაურობის ისტორიის მქონე მასწავლებლების ტესტირება, რადგან მისი შეფასებით, ისინი რისკ - ჯგუფს წარმოადგენენ. ამასთანავე, გაბუნიას შეფასებით, სკოლაში ინფექციის გავრცელება სერიოზულ დამაზიანებელ შედეგს გამოიწვევს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში განაცხადა.

„ზოგადად სკოლების გახსნა მარტო ჩვენთვის არა, ბევრი ქვეყნისთვის არის გამოწვევა და ყოველთვის ითვლება, რომ რისკის შეფასების საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, ჩაითვალა ეპიდემიური ანალიზის საფუძველზე, რომ ჩვენ გვაქვს კრიტიკული მომდევნო ორი კვირა და ეს გადავადება მოხდა პირველ ოქტომბრამდე. ჩვენ დღეს აქტიურად ვაკეთებთ ბათუმში ნამოგზაურები მასწავლებლების ტესტირებას იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჯგუფი რისკის. ამ შემთხვევაში, სკოლაში ინფექციის გავრცელება გამოიწვევს სერიოზულ დამაზიანებელ შედეგებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა პირველი ოქტომბრიდან არ განახლდეს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეპიდემია დინამიური პროცესია და ერთ კვირაში ამ კითხვაზე უფრო ნათელი პასუხი იარსებებს.

„ეპიდემია დინამიური პროცესია. ჩვენ გარანტირებულად გვქონდა იმის იმედი, რომ 15 სექტემბერს დავიწყებდით სწავლას საკლასო ოთახებში. დავიწყებთ სწავლას საკლასო ოთახებში რიგ რეგიონებში, მაგრამ უნდა დავიცადოთ სხვა რეგიონებში და დავაკვირდეთ. დღეს ჩემგან იმის თქმა, ეს რამდენად რეალისტურია ან არ არის რეალისტური, არასერიოზული იქნება. უნდა დაველოდოთ, რადგან ახლა ვართ ძალიან აქტიურ ფაზაში ინფექციის კონტროლის. ამდენად, დავიცადოთ ახლა და უფრო უკეთესი პასუხი შეიძლება ერთ კვირის თავზე გვქონდეს თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?

მთიანაჭარაში ევროპული დონის ველობილიკი მოეწყობა

“ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე”– Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო