ავტორი:

"ერთეულ უსიმპტომო ინფიცირებულშიც გამოვლინდა ფილტვების დაზიანება" - რას ნიშნავს უსიმპტომო პაციენტი და რატომ შეიძლება ვიყოთ თოთოეული ჩვენთაგანი ინფექციის წყარო

"ერთეულ უსიმპტომო ინფიცირებულშიც გამოვლინდა ფილტვების დაზიანება" - რას ნიშნავს უსიმპტომო პაციენტი და რატომ შეიძლება ვიყოთ თოთოეული ჩვენთაგანი ინფექციის წყარო

მას მერე, რაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსი გავრცელდა, მალევე გახდა ცნობილი, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, არსებობენ ასევე უსიმპტომო პაციენტები, თუმცა ეს საკითხი მაშინაც და ახლაც უამრავ კითხვას იწვევს. რას ნიშნავს ასიმპტომური პაციენტი, რა იწვევს ამას, ტოვებს თუ არა ვირუსი ასეთ პაციენტებში რაიმე გართულებას? - ამ კითხვებზე Ambebi.ge-ს ეპიდემიოლოგები პასუხობენ.

"COVID-19 შესაძლოა, მიმდინარეობდეს ასიმპტომურად, მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ. უსიმპტომო პაციენტი ესაა ახალი კორონავირუსის ინფექციაზე დადებითი ადამიანი, რომელსაც არანაირი სიმპტომი აქვს, ანუ კლინიკურად ჯანმრთელია. მიზეზი, თუ რატომ იწვევს ეს ვირუსი ზოგ ადამიანში მძიმე დაავადებას, ზოგში კი - მინიმალურ სიმპტომებს ან უსიმპტომო მიმდინარეობას, დღეისათვის უცნობია... თუმცა, ფაქტია, რომ ასაკოვან და გარკვეული ქრონიკული დაავადების მქონე პირებში მას მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ხოლო ბავშვებსა და ჯანმრთელ ახალგაზრდებში - უსიმპტომო ან მსუბუქი", - გვეუბნება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნინო მჭედლიშვილი.

თუკი უსიმპტომო პაციენტმა დაინფიცირების შესახებ ვერც კი გაიგო და ეს ვირუსი ''ფეხზე გადაიტანა'', რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს COVID-19-მა მის ორგანიზმში მომავალში? - ამ კითხვაზე პასუხი კი ასეთია:

"დღეისთვის მყარი მტკიცებულება არ მოიპოვება იმის თაობაზე, ტოვებს თუ არა ვირუსი გართულებებს უსიმპტომო ინფიცირებულებში. გართულებები ე.წ. გამოჯანმრთელების შემდეგ აღინიშნება ძირითადად დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს. თუმცა უსიმპტომო ინფიცირებულში, ერთეულ შემთხვევებში, მაინც დაფიქსირდა ფილტვების სურათის ცვლილება ანუ ფილტვების დაზიანება. ალბათ მეტი დროა საჭირო, რომ პასუხი გაეცეს აღნიშნულ კითხვას, კერძოდ, რა გართულებებს ტოვებს ვორუსი უსიმპტომო პაციენტებში", - აღნიშნავს ნინო მჭედლიშვილი.

- თუკი ადამიანმა, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ აქვს, არაფერს უჩივის და ამ საყოველთაოდ დაძაბულ სიტუაციაში მისი სურვილით ტესტირების ორივე ფორმა გაიარა და კოვიდ-დადებითი აღმოჩნდა, მკურნალობის კურსი ენიშნება და ბოქსირებულ პალატაში მაინც უნდა მოთავსდეს?

ნინო მჭედლიშვილი:

- უსიმპტომო ინფიცირებული პირი, რომელსაც ლაბორატორიული მონაცემები ნორმის ფარგლებში აქვს, მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა საჭიროა დაკვირვება, მდგომარეობის მონიტორინგი, რადგან წინასწარ არ ვიცით, ეს ადამიანი უსიმპტომოა, თუ პრესიმპტომური, რადგან COVID-19 -ს ახასიათებს მდგომარეობის თანდათანობითი, ნელ-ნელა დამძიმება. გარდა ამისა, უსიმპტომო ინფიცირებულსაც შეუძლია ინფექციის გავრცელება და ამდენად, აუცილებელია, აღნიშნული პირის იზოლაციაში ყოფნა...

არსებული კვლევების შედეგები და მტკიცებულებები მიუთითებს, რომ უსიმპტომო პაციენტები ნაკლებად არიან ინფექციის გამავრცელებლები, ვიდრე სიმპტომურები. თუმცა, მაინც წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების პოტენციურ წყაროს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ეს პაციენტი ტესტირების გარეშე საკუთარ სტატუსს ვერც დაადგენს და აგრძელებს სოციალურ აქტივობებს, რაც გარშემომყოფებს ინფიცირების საფრთხეს უქმნის.

- ამ თვეების განმავლობაში რაზე შეჯერდა სამედიცინო საზოგადოება - სიმპტომების რა ნუსხა შეიკრა - რა აწუხებთ COVID-19 -ის მქონე პაციენტებს?

- ჩვენს ეროვნულ გაიდლაინში შეტანილი COVID-19 -ის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია: ცხელება, ზოგადი სისუსტე, უმადობა, ყელის ტკივილი, ხველა, ყნოსვის დაკარგვა, გემოს ცვლილება, კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით ბეჭის და წელის მიდამოში), თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), სახსრების/კუნთების ტკივილი, ზეწოლა/ტკივილი გულმკერდის არეში, სურდო, დიარეა, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, გაბრუება/ცნობიერების დაბინდვა, აგზნებადობა/გაფანტულობა, ციანოზი, კონიუნქტივიტი, გამონაყარი...

ჩვენს კითხვებს ასევე პასუხობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ეკატერინე ქარქაშაძე:

- საქართველოში COVID-19 -ის გავრცელების პირველ ეტაპზე ამბობდნენ, რომ ის ვერაგი ინფექციაა და მის დასამარცხებლად იყო ყველა და ყველაფერი მომართული. ეს მაშინ, როცა დღეში თითზე ჩამოსათვლელი კოვიდინფიცირებული ემატებოდა საერთო რაოდენობას. ახლა დღეში 150-ზე მეტი შემთხვევაა და ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს... რატომ? მუტაცია განიცადა ინფექციამ და აღარ არის ლეტალური?

- მტკიცებულება, რომ ვირუსის ვირულენტობა შემცირდა და ნაკლებ ლეტალური გახდა, არ არსებობს. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით, მსუბუქი ფორმების წილი ახლა სჭარბობს, ვიდრე ეს იყო პანდემიის დასაწყისში. ერთი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ამ ვირუსზე და დაავადებაზე დღეს მეტად არიან ინფორმირებული მედიკოსები და მისი მართვა ისწავლეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად მომზადებულია უკვე საზოგადოება ვირუსთან საბრძოლველად, ვიდრე გუშინ იყო. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ჩემი აზრით, ახლა ეპიდემია გავრცელების ფაზაშია და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს... როდესაც ამბობენ, საპანიკო არაფერია, ალბათ იგულისხმება, რომ აღნიშნული რაოდენობის მართვა ამ ეტაპზე შესაძლებელია...

- როგორია თქვენი რეკომენდაცია უსიმპტომო პაციენტებისთვის - რა საპრევენციო ზომებს უნდა მიმართონ?

- ჩემი რეკმენდაცია დღეს იქნება მაქსიმალური სიფრთხილე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, როგორიცაა - ნიღაბი და განსაკუთრებით, სასურველია მისი სწორად ტარება, რაც ცხვირის დაფარვასაც გულისხმობს - ამ დროს გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავს ვიცავთ და სხვასაც. სასურველია ასევე, თავი ავარიდოთ ხალხმრავალი შეკრებების მოწყობას და მასზე დასწრებასაც. გვახსოვდეს დისტანცირებაც.

რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, ბუნებრივია, მათი გამოვლენა ტესტირების გარეშე შეუძლებელია. ალბათ ჯობია, განვიხილოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება წარმოადგენდეს ამ ინფექციის წყაროს და დავიცვათ ის მარტივი რეკომენდაციები, რასაც ჩვენი ექიმები გვაწვდიან ყოველდღიურად და რაც უკვე ჩამოვთვალე.

(ფოტოზე: ეკატერინე ქარქაშაძე და ნინო მჭედლიშვილი)

შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა" - რას ამბობენ უფლებადამცველები ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობაზე

„16 500 ლარი ფასდაკლება Mazda-ს ავტომობილებზე“- მაზდა ცენტრი „თეგეტაში“ დიდი ფასდაკლება დაიწყო